მთავარი თემა
იმედი უსახლკაროებისა და ღარიბებისთვის
ჯო, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, სამხედრო ვეტერანია. ცხოვრებაში დატრიალებულმა ტრაგედიებმა ის თითქმის 18 წელი უსახლკაროდ დატოვა. ბოლოს მან ადგილობრივ საჯარო ბიბლიოთეკაში დაიწყო სიარული, სადაც დროდადრო ბიბლიოთეკართან საუბრობდა. ამ საუბრებმა ჯოს ცხოვრება შეცვალა.
მარტინი, ახალგაზრდა არგენტინელი კაცი, სულიერ სიცარიელეს განიცდიდა. მას ცხოვრების აზრი და ხალისი ჰქონდა დაკარგული. სიცოცხლის აზრის ძიებაში ის სახლიდან წავიდა და ბოლოს იქამდე მივიდა, რომ სანაპიროზე ათევდა ღამეს. თავის კითხვებზე პასუხები ვერსად რომ ვერ იპოვა, ღრმა დეპრესიაში ჩავარდა. ის ღმერთს ცრემლებით ევედრებოდა: „ღმერთო, თუ არსებობ, მაპოვნინე შენი თავი“. მოგვიანებით გავიგებთ, უპასუხა თუ არა ღმერთმა მის ლოცვებს.
ადამიანები უსახლკაროდ სხვადასხვა მიზეზის გამო რჩებიან. ზოგი, ჯოს მსგავსად, ცხოვრებაში დატრიალებული ტრაგედიების გამო მიდის ამ მდგომარეობამდე. ზოგი კი, მარტინის მსგავსად, უარს ამბობს, ეგრეთ წოდებულ, ნორმალურ ცხოვრებაზე, რადგან ეს ყველაფერი უაზრობად ეჩვენება. სხვები უსახლკაროდ სიღარიბის, სტიქიური უბედურებების, ოჯახური ძალადობის, ნარკოტიკებსა თუ ალკოჰოლზე დამოკიდებულების, ფსიქიკური მოშლილობის, უმუშევრობის ან იმის გამო რჩებიან, რომ ვერ იხდიან ბინის გადასახადს.
უსახლკარობა არ არის მხოლოდ განვითარებადი, ეკონომიკურად სუსტი ან ომგამოვლილი ქვეყნების პრობლემა. „ეს უმეტესი განვითარებული ქვეყნების ძირითად სოციალურ პრობლემას წარმოადგენს“, — აღნიშნავს ფსიქოლოგიის პროფესორი პოლ ტორო. * ხელშემწყობ ფაქტორებად შეიძლება ჩაითვალოს მთავრობების პოლიტიკა გაჭირვებული ოჯახების დახმარების საკითხში და მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებული მზარდი უფსკრული.
მრავალს აშინებს ხვალინდელ დღეზე ფიქრი. თუმცა მომავალთან დაკავშირებით ბიბლიის თვალსაზრისის გაგების შემდეგ
ზოგი იმდენად აღარ წუხს ამაზე. ბიბლიას შეუძლია დღესვე დაგვეხმაროს, თუ გამოვიყენებთ მასში ჩაწერილ ბრძნულ პრინციპებს. ბიბლიური რჩევების დახმარებით შევძლებთ, გავიუმჯობესოთ როგორც ემოციური, ისე ფინანსური მდგომარეობა. ჯო და მარტინი ამის შესანიშნავ მაგალითს გვაძლევენ.ბიბლიამ მისი ცხოვრება შეცვალა
„ეტყობოდა, რომ ჯო განათლებული, თავაზიანი და მოკრძალებული კაცი იყო“, — ამბობს ბიბლიოთეკარი სინდი, რომელიც ხშირად ხედავდა ჯოს ბიბლიოთეკაში. სინდი იეჰოვას მოწმეა. მან ჯოს ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ მისცა და იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე დაპატიჟა. მას იქ იმდენად კეთილად და პატივისცემით მოეპყრნენ, რომ გადაწყვიტა, მოწმეების შეხვედრებს რეგულარულად დასწრებოდა. ჯომ ერთ იეჰოვას მოწმესთან ბიბლიის შესწავლაც დაიწყო.
ჯოს შვებას ჰგვრიდა ის, რასაც ბიბლიიდან იგებდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ცვლილებების მოხდენა მოუწევდა, მან ცხოვრებაში ღვთიური პრინციპების გამოყენება დაიწყო. მაგალითად, ჯომ გაიგო, რომ სიცოცხლე ღვთის ძღვენია, რომელიც უნდა დავაფასოთ და რომ სიგარეტი ბილწავს სხეულს (ფსალმუნი 36:9). ამიტომ მიატოვა ეს მავნე ჩვევა, რითაც გაითვალისწინა 2 კორინთელების 7:1-ში ჩაწერილი პრინციპი: „განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცს“. ჯოს გადაწყვეტილება სასიკეთოდ აისახა არა მარტო მის ჯანმრთელობაზე, არამედ მის ფინანსურ მდგომარეობაზეც.
ბიბლიური რჩევა, რომელიც საკუთარი თავის სარჩენად მუყაითი შრომისკენ მოგვიწოდებს, ჯოს გულს ძალიან შეეხო და სამუშაოს ძებნას შეუდგა (1 თესალონიკელები 4:11, 12). * „კაცისთვის იმაზე უკეთესი არაფერია, რომ ჭამოს, სვას და სულს აამოს თავისი გარჯით“, — ვკითხულობთ ეკლესიასტეს 2:24-ში. პატიოსანი შრომით საკუთარი თავის რჩენა ღირსების გრძნობას გვმატებს, რაც დიდ სიხარულს გვანიჭებს და ამავდროულად, გაჭირვებულთა დახმარების საშუალებასაც გვაძლევს (ეფესოელები 4:28).
გულწრფელობის გამო „კრების წევრებს ძალიან შეუყვარდათ ჯო, — იხსენებს სინდი. — ძმების დახმარებით მან სახელმწიფოსგან შესაფერისი საცხოვრებელი ფართი და სხვა საჭირო დახმარება მიიღო“. ჯომ სულიერად წინ წაიწია და მალე მოინათლა, როგორც იეჰოვას მოწმე. ახლა პირადი გამოცდილებით სხვებს ეხმარება ღვთიური სიბრძნის შეძენაში (იგავები 3:13, 14).
მან სიცოცხლის აზრი იპოვა
მარტინი 20 წლის იყო, როცა სიცოცხლის აზრის ძებნა დაიწყო. ის იხსენებს: „ვიკვლევდი რელიგიებს და სხვადასხვა ფილოსოფიურ სწავლებებს; ნარკოტიკების მიღებაც დავიწყე იმ იმედით, რომ ეს შინაგან სიცარიელეს შემივსებდა“. ის ცოტა ხანი კალიფორნიაში (აშშ) ცხოვრობდა და შემდეგ ჰავაიზე გადავიდა. მარტინი ამბობს: „მეგონა, სამოთხე ვიპოვე“. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ლამაზმა ხედებმა მას სიცარიელე ვერ შეუვსო. ის განაგრძობს: „ისეთ ღრმა დეპრესიაში ჩავვარდი, რომ თვითმკვლელობაზეც კი ვფიქრობდი“. ეს მარტინის ცხოვრებაში იმდენად მძიმე პერიოდი იყო, რომ ზოგჯერ ცრემლებს ვერ იკავებდა და ღმერთს ევედრებოდა: „ღმერთო, თუ არსებობ, მაპოვნინე შენი თავი“.
ერთხელაც მარტინს გაახსენდა აბრა, რომელზეც ეწერა: „იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი“. მან იქ წასვლა და ქრისტიანულ შეხვედრაზე დასწრება გადაწყვიტა. ის ამბობს: „იქ რომ მივედი, დიდი წვერი და გრძელი თმა მქონდა, თანაც რამდენიმე თვის გაურეცხავი ტანსაცმელი მეცვა. მიუხედავად ამისა, მოწმეებმა თბილად მიმიღეს“. მარტინმა იეჰოვას მოწმეებთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა. ის სანაპიროდან, „თავისი სახლიდან“, ქალაქის ცენტრში, სკვერში, დადიოდა ბიბლიის შესასწავლად.
როგორც იქნა, მარტინმა იპოვა დამაკმაყოფილებელი პასუხები თავის კითხვებზე. შედეგად, მან დაძლია დეპრესია და იგრძნო ის სიხარული, რომელზეც იესო მათეს 5:3-ში საუბრობს: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“.
„გაოცებულები მიყურებდნენ, როცა ხედავდნენ, როგორ ვიცვლებოდი“
მარტინმა ცხოვრებას სხვა თვალით შეხედა, რაც იმით გამოვლინდა, რომ იმ ბიბლიური პრინციპების გამოყენება დაიწყო, რომლებიც ზემოხსენებულ ჯოს დაეხმარა ცხოვრების მოწესრიგებაში. მარტინმა მოიწესრიგა გარეგნობა. მან მოწმეების დახმარებით სამუშაოც იპოვა და საცხოვრებელი ადგილიც. ის ამბობს: „ადრე ისე მიცნობდნენ, როგორც უსახლკარო კაცს სკვერიდან, ბოლოს კი გაოცებულები მიყურებდნენ, როცა ხედავდნენ, როგორ ვიცვლებოდი“.
მოგვიანებით მარტინი არგენტინაში დაბრუნდა, სადაც მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა. ახლა ის თავად ეხმარება სულიერს მოწყურებულ ადამიანებს უმნიშვნელოვანეს კითხვებზე პასუხების მიღებაში.
როდესაც უსახლკარობა და სიღარიბე აღარ იქნება
იერემია, ღვთის ძველი დროის მსახური, დიდი გაჭირვების დროს ცხოვრობდა. ულმობელმა დამპყრობლებმა მისი სამშობლო დაიპყრეს და თანამემამულეების უმეტესობა ტყვედ წაასხეს (გოდება 1:3). საკუთარი სიცოცხლის გარდა, იერემიამ ყველაფერი დაკარგა, რაც ებადა. ღრმა მწუხარებაში მყოფი ღმერთს სთხოვდა: „გახსოვდეს ჩემი გაჭირვება და უსახლკარობა“ (გოდება 3:19).
ასეთი გასაჭირის მიუხედავად, იერემია სასოწარკვეთას არ მისცემია. რატომ? ის დარწმუნებული იერემია 1:8). გარდა ამისა, ის იკვლევდა წმინდა წერილებს, სადაც ნაწინასწარმეტყველებია იმ დროის შესახებ, როცა სიღარიბე და ტანჯვა აღარ იარსებებს და ყველგან ნამდვილი მშვიდობა და უსაფრთხოება დამყარდება (ფსალმუნი 37:10, 11).
იყო, რომ იეჰოვა არ მიატოვებდა (ეს მოხდება არა ადამიანის ძალით, არამედ სრულყოფილი ხელისუფლების — ღვთის სამეფოს მეშვეობით (დანიელი 7:13, 14). ამ სამეფოს მეფე იესო ქრისტეა. ის დედამიწაზე ყოფნისას დიდ თანაგრძნობას ავლენდა ღარიბების მიმართ (ლუკა 7:22; 14:13). როგორც ბიბლია ამბობს, მისი მმართველობისას: „აყვავდება მართალი და იქნება დიდი მშვიდობა . . . ის დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს, დაჩაგრულს და მას, ვისაც შემწე არა ჰყავს. ჩაგვრისა და ძალადობისგან გამოისყიდის მათ“ (ფსალმუნი 72:7, 12, 14).
იესოს ქადაგების მთავარი თემა სწორედ ღვთის სამეფო იყო (ლუკა 4:43). მან ხალხს ასწავლა ელოცათ ამ სამეფოზე: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:9, 10). როგორი ცხოვრება იქნება მაშინ, როცა ღვთის სამეფო მთელ დედამიწაზე იმმართველებს? წმინდა წერილები ამაზე ნათელ წარმოდგენას გვიქმნის. მაგალითად, ღვთის სამეფოს ქვეშევრდომებზე ბიბლია ამბობს:
-
„ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში, გააშენებენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად . . . სრულად მოიხმარენ თავიანთ ნახელავს ჩემი რჩეულები“ (ესაია 65:21, 22).
-
„თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ძირში იჯდება და არავინ დააფრთხობს მათ, რადგან ლაშქართა ღვთის, იეჰოვას ბაგე ლაპარაკობს ამას“ (მიქა 4:4).
ეს სარწმუნო იმედი განსაცდელებს გადაგვატანინებს. ამავდროულად, ბიბლიური პრინციპების გამოყენებით დღესვე შეიძლება გვქონდეს აზრიანი და კმაყოფილების მომტანი ცხოვრება. ფაქტობრივად, ამის გარანტიას ჩვენი შემოქმედი, იეჰოვა ღმერთი, გვაძლევს, რომელიც გვეუბნება: „ის, ვინც მისმენს, უსაფრთხოდ იცხოვრებს; უბედურების შიში არ შეაწუხებს მას“ (იგავები 1:33). დაე, თქვენს შემთხვევაშიც გამართლდეს ეს სიტყვები!
^ აბზ. 6 კონფლიქტების, ძალადობისა და დევნის გამო მილიონები იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლები და გადახვეწილიყვნენ სხვა ქვეყანაში ან გამხდარიყვნენ იძულებით გადაადგილებული პირები საკუთარ ქვეყანაში. ეს საკითხი განხილულია 2002 წლის თებერვლის „გამოიღვიძეთ!“-ში.
^ აბზ. 11 ზოგს მუშაობის სურვილი აქვს, მაგრამ ინვალიდობის, ავადმყოფობის ან ასაკის გამო ამის საშუალება არ ეძლევა. ღმერთი არ იწონებს მათ, „ვისაც მუშაობა არ უნდა“ (2 თესალონიკელები 3:10).