არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიის თვალსაზრისი

ძალადობა

ძალადობა

კაცობრიობის ისტორია სავსეა ძალადობით. ნუთუ ეს უსასრულოდ გაგრძელდება?

რას ფიქრობს ღმერთი ძალადობაზე?

რას ამბობს ხალხი:

ბევრის, მათ შორის მორწმუნეთა აზრით, ძალადობა გამართლებული საპასუხო რეაქციაა პროვოკაციაზე. მილიონობით ადამიანი ტელეგადაცემებსა თუ ფილმებში ასახულ ძალადობას მისაღებ გართობად მიიჩნევს.

რას ამბობს ბიბლია:

ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ მოსულთან ახლოს შემორჩენილია ერთ დროს მსოფლიო იმპერიის, უძველესი ასურეთის დედაქალაქის, ნინევეს, ნანგრევები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალაქი დიდად ყვაოდა, ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, რომ ღმერთი გააპარტახებდა მას (სოფონია 2:13). ნინევე იყო „სისხლისმღვრელი ქალაქი“, ამიტომ ღმერთმა მასზე თქვა: „სანახაობად გაქცევ“ (ნაუმი 1:1; 3:1, 6). ფსალმუნის 5:6-დან ვიგებთ, რომ „სძულს იეჰოვას . . . სისხლისმღვრელი“ ხალხი. ნინევეს ნანგრევები იმის უტყვი მოწმეა, რომ ღმერთმა თავისი სიტყვის თანახმად იმოქმედა.

ძალადობის თავი და თავი ღვთისა და ადამიანების მტერი სატანა ეშმაკია, რომელსაც იესომ კაცისმკვლელი უწოდა (იოანე 8:44). უფრო მეტიც, რადგანაც „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“, მისი გავლენა დღევანდელ საზოგადოებაში აშკარად იგრძნობა, რაც ტელეგადაცემებსა თუ ფილმებში ასახული ძალადობის სიყვარულში გამოიხატება (1 იოანე 5:19). ღმერთს რომ ვასიამოვნოთ, უნდა შევიძულოთ ძალადობა და შევიყვაროთ ის, რაც მას უყვარს. * შესაძლებელია ამის გაკეთება?

„ძალადობის მოყვარული სძულს მის [იეჰოვას] სულს“ (ფსალმუნი 11:5).

შესაძლებელია მოძალადე ადამიანის შეცვლა?

რას ამბობს ხალხი:

ძალადობა არის ადამიანის ბუნების ნაწილი, რისი შეცვლაც შეუძლებელია.

რას ამბობს ბიბლია:

მოიშორეთ „რისხვა, ბრაზი, ბოროტება; თქვენი პირიდან ნუ ამოვა ლანძღვა და უწმაწური სიტყვები . . . გაიხადეთ ძველი პიროვნება მისი საქმეებითურთ და შეიმოსეთ ახალი პიროვნებით“ (კოლოსელები 3:8—10). ძალიან ბევრს ხომ არ ითხოვს ღმერთი ჩვენგან? არა, რადგან ადამიანის შეცვლა შესაძლებელია. * მაგრამ როგორ?

პირველი ნაბიჯი ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნის მიღებაა (კოლოსელები 3:10). როდესაც ადამიანი წრფელი გულით ეცნობა შემოქმედის მიმზიდველ თვისებებსა და ნორმებს, უყვარდება ის და სურვილი უჩნდება, ასიამოვნოს მას (1 იოანე 5:3).

მეორე ნაბიჯი კარგ საზოგადოებასთან ურთიერთობაა. „ნუ იმეგობრებ მასთან, ვინც ადვილად რისხდება, და ფიცხ კაცთან ნუ დაიჭერ საქმეს, რათა მის ბილიკებს არ შეეჩვიო და შენს სულს მახე არ დაუგო“ (იგავები 22:24, 25).

მესამე ნაბიჯი წვდომის უნარის განვითარებაა. ეს უნარი გვეხმარება, დავინახოთ, რომ ძალადობისკენ მიდრეკილება სერიოზული სისუსტეა, რაც თავშეკავების ნაკლებობით გამოიხატება. მშვიდობისმყოფელობა კი შინაგანი სიძლიერის მაჩვენებელია. იგავების 16:32-ში ვკითხულობთ: „რისხვაში ნელი კაცი ძლიერს სჯობია“.

„ისწრაფეთ, რომ ყველასთან მშვიდობიანი ურთიერთობა გქონდეთ“ (ებრაელები 12:14).

მოეღება ბოლო ძალადობას?

რას ამბობს ხალხი:

ძალადობა ყოველთვის იყო და იქნება.

რას ამბობს ბიბლია:

„კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი . . . თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:10, 11). თვინიერთა და მშვიდობისმყოფელთა სახსნელად, ღმერთი ისევე გაანადგურებს ძალადობის მოყვარულთ, როგორც ერთ დროს უძველესი ქალაქი ნინევე გაანადგურა. ამის შემდეგ დედამიწაზე აღარავინ დაარღვევს მშვიდობას (ფსალმუნი 72:7).

„რბილი ხასიათისანი . . . დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (მათე 5:5)

სწორედ ახლაა იმის დრო, რომ გავხდეთ მშვიდობისმყოფელები და ღვთის მოწონება დავიმსახუროთ. 2 პეტრეს 3:9-ში ვკითხულობთ: „იეჰოვა . . . მომთმენია თქვენდამი, რადგან არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“.

„ისინი თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს“ (ესაია 2:4).

^ აბზ. 7 ღმერთი უშვებდა, რომ ისრაელებს თავიანთი ტერიტორიების დასაცავად ებრძოლათ (2 მატიანე 20:15, 17). თუმცა მდგომარეობა მაშინ შეიცვალა, როდესაც ღმერთმა ისრაელთან დადებული შეთანხმება გააუქმა და ჩამოაყალიბა ქრისტიანული კრება, რომელსაც არა აქვს საზღვრები.

^ აბზ. 11 იმ ადამიანების მაგალითები, რომლებმაც შეიცვალეს ცხოვრების წესი შეგიძლიათ წაიკითხოთ „საგუშაგო კოშკის“ რუბრიკაში „ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“.