არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 რჩევები ოჯახებს | ქორწინება

როგორ წავიდეთ დათმობაზე

როგორ წავიდეთ დათმობაზე

პრობლემა

თქვენ და თქვენს მეუღლეს განსხვავებული შეხედულება გაქვთ რაღაცაზე. რეალურად, სულ მცირე, სამი არჩევანი გაქვთ:

  1. ჯიუტად დაიჟინოთ და თქვენი აზრი გაიტანოთ.

  2. ყოველგვარი კამათის გარეშე დაჰყვეთ მეუღლეს.

  3. ორივე წახვიდეთ დათმობაზე.

შეიძლება თქვათ: „მე არ მომწონს დათმობაზე წასვლის იდეა, რადგან გამოდის, რომ ვერც ერთი ვერ მივიღებთ იმას, რაც გვინდა“.

დათმობაზე წასვლა არ ნიშნავს იმას, რომ ორივე წაგებული დარჩებით. უბრალოდ, უნდა იცოდეთ, როგორ გააკეთოთ ეს სწორად. სანამ იმას გავიგებთ, როგორ დავთმოთ, ვიმსჯელოთ ამ მნიშვნელოვანი თვისების რამდენიმე მხარეზე.

რა უნდა იცოდეთ

დათმობისთვის საჭიროა ერთად მსჯელობა. დაქორწინებამდე ალბათ მიჩვეული იყავით გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას. მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა და ორივემ პირად ინტერესებზე წინ უკვე ქორწინება უნდა დააყენოთ. ეს ქორწინების ნაკლად კი არ ჩათვალოთ, არამედ დადებით მხარედ. „როცა ორი ადამიანის აზრი ერთმანეთს ეთავსება, უფრო უკეთეს გამოსავალს ვპოულობთ, ვიდრე ცალ-ცალკე“ — ამბობს ალექსანდრა.

დათმობისთვის საჭიროა საღი აზრი. „აუცილებელი არ არის, რომ მეუღლეს ყველაფერში დაეთანხმოთ, რასაც ამბობს და რისიც სჯერა, მაგრამ მზად უნდა იყოთ, მხედველობაში მიიღოთ მისი შეხედულება. როცა მეუღლე პრობლემის გარშემო მსჯელობს, თქვენ კი დოინჯშემოყრილი ზიხართ და უარის ნიშნად თავს აქნევთ, საუბარი შედეგს ვერ გამოიღებს“ *, — აღნიშნავს ჯონ გოტმენი, კონსულტანტი ოჯახურ საკითხებში.

დათმობისთვის საჭიროა თავგანწირვის სული. არავის სიამოვნებს ისეთი მეუღლის გვერდით ყოფნა, რომელიც ასეთი პრინციპით ცხოვრობს: „ჩემი სიტყვა კანონია“. გაცილებით უკეთესია, როცა ორივე, ცოლიც და ქმარიც, ავლენს თავგანწირვის სულს. ერთი ქალბატონი, სახელად ჯუნი ამბობს: „ჩემს ქმარს რომ ვასიამოვნო, ზოგჯერ მე მივდივარ დათმობაზე, მაგრამ არის მომენტები, როდესაც ის თმობს ჩემი გულისთვის. ქორწინებაში ასეც უნდა ხდებოდეს — მარტო მიღებაზე კი არ უნდა იფიქრო, არამედ გაცემაზეც“.

 რის გაკეთება შეგიძლიათ

დაიწყეთ სწორად. საუბარი როგორი ტონითაც იწყება, ხშირად ისეთივეთი მთავრდება. თუ საუბარს უხეში სიტყვებით დაიწყებთ, ნაკლები ალბათობაა იმისა, რომ მშვიდ ნოტაზე დაამთავროთ. ამიტომ გაითვალისწინეთ ბიბლიური რჩევა: „შეიმოსეთ . . . თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით“ (კოლოსელები 3:12). ასეთი თვისებები თქვენ და თქვენს მეუღლეს დაგეხმარებათ, თავიდან აირიდოთ კამათი და ყურადღება პრობლემის გადაჭრაზე გადაიტანოთ (ბიბლიური პრინციპი: კოლოსელები 4:6).

იპოვეთ აზრების გადაკვეთის წერტილი. იმ დროს, როცა კომპრომისზე წასვლას ცდილობთ, მაგრამ მხოლოდ გაცხარებულ კამათში გადადიხართ, ესე იგი, ყურადღება იმაზე გადაგაქვთ, რაშიც თქვენი შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვევა. ნაცვლად ამისა, იმას ჩაეჭიდეთ, რაშიც ეთანხმებით ერთმანეთს. ამაში შემდეგი რამის გაკეთება დაგეხმარებათ:

ორივემ აიღეთ ფურცელი და გაყავით ორ სვეტად. პირველ სვეტში ჩამოწერეთ ის მხარეები, რაშიც მოცემულ სიტუაციაში არავითარ შემთხვევაში არ წახვიდოდით კომპრომისზე. მეორე სვეტში კი ჩამოწერეთ, რას დათმობდით. შემდეგ ორივემ ერთმანეთში იმსჯელეთ იმაზე, რაც დაწერეთ. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ უფრო მეტ რამეში ეთანხმებით ერთმანეთს, ვიდრე გეგონათ, იმ საკითხებშიც კი, რომლებშიც ფიქრობდით, რომ თქვენი აზრები შეუთავსებელი იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში დათმობაზე წასვლა ძალიან რთული აღარ იქნება. მაშინაც კი, როდესაც თქვენი აზრები საერთოდ არ ემთხვევა ერთმანეთს, ჩამოწერილი მხარეები ორივეს დაგეხმარებათ საკითხის უკეთ დანახვაში.

ერთად ეძებეთ გამოსავალი. ზოგი საკითხი შედარებით ადვილი მოსაგვარებელია, ზოგი — რთული. ამიტომ რთულ სიტუაციებში მეუღლეებმა გამოსავალი ერთად უნდა ეძებონ და შესაძლოა მათ ისეთ გამოსავალს მიაგნონ, რასაც დამოუკიდებლად ვერც ერთი ვერ გააკეთებდა. საკითხისადმი ასეთი მიდგომა განამტკიცებს ცოლ-ქმრულ კვანძებს (ბიბლიური პრინციპი: ეკლესიასტე 4:9).

მზად იყავით აზრის შესაცვლელად. ბიბლია მოგვიწოდებს: „თითოეულ თქვენგანს ისე უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი, ცოლი კი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს“ (ეფესოელები 5:33). როდესაც ცოლ-ქმარი ერთმანეთის მიმართ პატივისცემასა და სიყვარულს ავლენს, ორივეს უადვილდება ერთმანეთის აზრის გათვალისწინება და დათმობაზე წასვლაც კი. კამერონი ამბობს: „ზოგჯერ არ გინდა რაღაცის გაკეთება, მაგრამ ცოლის ხათრით აკეთებ და ბოლოს გიყვარდება ის საქმე“ (ბიბლიური პრინციპი: დაბადება 2:18).

^ აბზ. 12 ამონარიდი წიგნიდან (The Seven Principles for Making Marriage Work).