ინტერვიუ | გუილერმო პერესი
ქირურგი-კონსულტანტი მოგვითხრობს თავის რწმენაზე
ექიმი გუილერმო პერესი არცთუ ისე დიდი ხანია, რაც პენსიაზე გავიდა. ის 700-საწოლიანი საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე გახლდათ სამხრეთ აფრიკაში. წლების მანძილზე ის ევოლუციის თეორიას იზიარებდა. მაგრამ მოგვიანებით დარწმუნდა, რომ ადამიანი ღვთის შემოქმედების შედევრი იყო. ჟურნალმა „გამოიღვიძეთ!“ მას რამდენიმე კითხვა დაუსვა.
რატომ გწამდათ ევოლუციის თეორია?
მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკედ აღვიზარდე, მიჭირდა, მერწმუნა ღმერთი. მაგალითად, ვერ ვიჯერებდი, რომ ღმერთი ადამიანებს ჯოჯოხეთის ცეცხლში აწამებდა. ამიტომ, როდესაც უნივერსიტეტის პროფესორები მასწავლიდნენ, რომ ცოცხალი ქმნილებები ევოლუციის გზით გაჩნდა, დავიჯერე ეს შეხედულება და ჩავთვალე, რომ საამისოდ ფაქტებიც არსებობდა. სხვათა შორის, ჩემი ეკლესია არ უარყოფდა ევოლუციას და ამბობდა, რომ განვითარების პროცესებს ღმერთი წარმართავდა.
რატომ მიიპყრო ბიბლიამ თქვენი ყურადღება?
ჩემმა მეუღლემ, სუსანამ, ბიბლიის შესწავლა დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან, რომლებმაც ბიბლიიდან უჩვენეს, რომ ღმერთი არ ტანჯავს ადამიანებს ჯოჯოხეთის ცეცხლით. * მათ აგრეთვე ამოუკითხეს ღვთის დანაპირები, რომ ღმერთი ჩვენს პლანეტას სამოთხედ გადააქცევს. * ბოლოს და ბოლოს, ვიპოვეთ ის, რაც ჭეშმარიტად საღ აზრს და ლოგიკას ექვემდებარებოდა. 1989 წელს ჩემთან ხშირად მოდიოდა ერთი მოწმე, სახელად ნიკი. სიცოცხლის წარმოშობასა და ადამიანის სხეულის აგებულებაზე საუბრისას, გავოცდი, რა მარტივი სიტყვებით ხსნიდა ბიბლია ამ საკითხს ებრაელების 3:4-ში. „ყოველი სახლი ვიღაცის აშენებულია, ყოველივეს ამშენებელი კი ღმერთია“.
დაგეხმარათ ადამიანის ანატომიის შესწავლა, გერწმუნათ შემოქმედი?
ცხადია. ჩემზე ძალიან იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ ადამიანის სხეულს აქვს თვითაღდგენის უნარი. ავიღოთ თუნდაც ჭრილობის შეხორცება, რაც ოთხ ფაზას მოიცავს. თითოეული ფაზა ჩემთვის იმის შეხსენება იყო, რომ ჩვენ, ქირურგები, უბრალოდ ვმუშაობთ სხეულთან, რომელსაც აღდგენა-განახლების სისტემა გააჩნია.
გვითხარით, როგორ ხდება ჭრილობის შეხორცება.
პირველი ფაზა, რომლის მიზანია სისხლდენის შეჩერება, წამებში იწყებს მოქმედებას. მიმდინარეობს საკმაოდ რთული და ამავდროულად ეფექტური პროცესები. გარდა ამისა, ჩვენი სისხლის მიმოქცევის სისტემაც, რომლის სიგრძეც 100 000 კმ-ს შეადგენს, ისეა მოწყობილი, რომ აქვს უნარი წარმოქმნას საცობი სისხლდენის შესაჩერებლად და თავად აღადგინოს სისხლძარღვთა კედლის დაზიანებული უჯრედები. ასეთი სისტემის წყალგაყვანილობის ინჟინრებსაც კი შეშურდებოდათ.
რას მოიცავს ჭრილობის შეხორცების მეორე ფაზა?
რამდენიმე საათში სისხლდენა ჩერდება და იწყება ანთება, რასაც თან სდევს მთელი რიგი საოცარი პროცესები. უპირველესად, თუ თავიდან სისხლძარღვები ვიწროვდებოდა, რათა სისხლის დანაკარგი მინიმუმამდე დასულიყო, ამჯერად საპირისპირო რამ ხდება. სისხლძარღვები ფართოვდება და დაზიანებულ უბანს დიდი რაოდენობით სისხლი მიეწოდება. ამის შემდეგ პროტეინებით მდიდარი სითხის მიწოდების შედეგად ეს უბანი შუპდება. ეს სითხე ძალიან მნიშვნელოვანია ინფექციასთან საბრძოლველად, ტოქსინების კონცენტრაციის შესამცირებლად და მკვდარი ქსოვილების მოსაცილებლად. თითოეული ნაბიჯისთვის, რომელიც მრავალ პროცესს მოიცავს, საჭიროა ამა თუ იმ სახის მილიონობით მოლეკულისა თუ უჯრედის წარმოქმნა. სხვათა შორის, ამ პროცესებიდან ზოგი მომდევნო ფაზის სტიმულაციას უწყობს ხელს, რის შემდეგაც თავად წყვეტს მოქმედებას.
როგორ გრძელდება განკურნების პროცესი?
რამდენიმე დღეში ჩვენი სხეული იწყებს დაზიანებული ნაწილის აღსადგენად საჭირო მასალის წარმოქმნას, რითაც იწყება მესამე ფაზა, რომელიც დაახლოებით ორი კვირა გრძელდება. ჭრილობის გარშემო ბოჭკოვანი ქსოვილიდან უჯრედები დაზიანებული უბნისკენ გადაინაცვლებს და მრავლდება. გარდა ამისა, ამ უბანზე ჩნდება და იზრდება სისხლის ახალი კაპილარები, რომლებიც ჭრილობას ამარაგებს დამატებითი საკვები ნივთიერებებით და აცილებს ნარჩენებს. სხვა რთული პროცესების დროს წარმოიქმნება სპეციალური უჯრედები, რომლებიც აწებებს ჭრილობის კიდეებს.
მაინც რამდენი ხანი სჭირდება ჭრილობის ბოლომდე შეხორცებას?
საბოლოო ფაზა შეიძლება თვეები გაგრძელდეს. გატეხილი ძვლები აღიდგენს თავის ფორმასა და სიმტკიცეს, დაზიანებული რბილი ქსოვილის გარშემო განლაგებული ბოჭკოების ადგილას ჩნდება უფრო მყარი ქსოვილი. საერთო ჯამში, ჭრილობის შეხორცება საოცარი მაგალითია იმისა, თუ რა მაღალ დონეზეა დაპროგრამებული ორგანიზმში მიმდინარე პროცესები.
შეგიძლიათ გაიხსენოთ შემთხვევა, რომელმაც განსაკუთრებით განგაცვიფრათ?
აღფრთოვანებული ვიყავი ორგანიზმის თვითაღდგენის უნარით
მახსოვს 16 წლის გოგონას ვმკურნალობდი, რომელიც საშინელ ავტოკატასტროფაში მოჰყვა. პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რადგან ელენთა დაფლეთილი ჰქონდა და შინაგანი სისხლდენა აღენიშნებოდა. წლების წინ ასეთ შემთხვევაში ოპერაციას გავაკეთებდით და ელენთას ამოვკვეთდით ან მის აღდგენას შევეცდებოდით. დღეს კი, ექიმები უფრო მეტად არიან დაიმედებული ორგანიზმის თვითაღდგენის უნარზე. ამიტომ მეც გადავწყვიტე, მიმეხედა ინფექციისა და ანემიისთვის, ტკივილი დამეყუჩებინა და მეზრუნა სითხის აღდგენაზე. რამდენიმე კვირის შემდეგ სკანირებამ აჩვენა, რომ გოგონას ელენთა აღდგენილი ჰქონდა. ნანახმა ძალიან გამაოცა, აღფრთოვანებული ვიყავი ორგანიზმის თვითაღდგენის უნარით, რამაც უფრო მეტად დამარწმუნა, რომ ღმერთმა შეგვქმნა.
რამ მიგიზიდათ იეჰოვას მოწმეებისკენ?
მოწმეები ჩემს შეკითხვებს ყოველთვის ბიბლიიდან პასუხობდნენ. ისინი ძალიან მეგობრულები არიან. მომხიბლა აგრეთვე მათმა გაბედულმა ქადაგებამ და იმან, თუ რა გულმოდგინედ ცდილობენ, ხალხს ღმერთი გააცნონ.
გეხმარებოდათ რწმენა, როგორც ექიმს?
დიახ. როგორც იეჰოვას მოწმეს, რწმენა მეხმარებოდა, დამეძლია ემოციური გადაღლილობით გამოწვეული სტრესი. როგორც წესი, მედ-პერსონალს ხშირად უწევს შეხება მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებთან, რაც დამთრგუნველად მოქმედებს და ძალას გვაცლის. გარდა ამისა, ზოგჯერ იმის შესაძლებლობაც მეძლეოდა, ჩემს პაციენტებთან მესაუბრა ღვთის დანაპირებზე, რომ მალე ის ბოლოს მოუღებდა ავადმყოფობასა და ტანჯვას * და დადგებოდა ისეთი დრო, როცა აღარავინ იტყოდა, „ავად ვარო“. *