არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

ესპანეთი

მეცნიერთა ერთი ჯგუფი ფიქრობს, რომ სამხრეთ ესპანეთის ქალაქ ლორკაში 2011 წელს მომხდარ მიწისძვრაში ადამიანის ხელი ურევია. ამ სტიქიის დროს ათეულობით ადამიანი დაშავდა, ცხრა კი გარდაიცვალა. გეოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ მიწისძვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდებოდა მიწიდან დიდი რაოდენობით წყლის ამოქაჩვა, რომელსაც სარწყავად იყენებდნენ.

ჩინეთი

ჩინელმა ტურისტებმა 2012 წელს მსოფლიოში სამოგზაუროდ 102 მილიარდი დოლარი დახარჯეს. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თანახმად, ისტორიაში ჩინეთმა პირველად გაუსწრო გერმანიასა და შეერთებულ შტატებს. ამ ორი ქვეყნის საერთაშორისო ტურისტებმა ცალ-ცალკე გასულ წელს დაახლოებით 84 მილიარდი დოლარი დახარჯეს.

იაპონია

„ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალმა“ გამოაქვეყნა იაპონიაში 68 000 ადამიანზე 23 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგები. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ 1920—1945 წლებში დაბადებულმა ქალებმა, რომლებმაც თამბაქოს მოწევა 20 წლამდე ასაკში დაიწყეს, 10 წლით ნაკლები იცოცხლეს, ვიდრე არამწეველმა ქალებმა; მამაკაცებმა კი — 8 წლით ნაკლები.

მავრიტანია

ამ ქვეყანაში ზღვისა და ხმელეთის ცხოველების გადასარჩენად აიკრძალა პოლიეთილენის პარკების იმპორტი, წარმოება და გამოყენება. პარკების გადაყლაპვის შედეგად ცხოველები იღუპებიან. მთავრობა მხარს უჭერს პოლიეთილენის პარკების ჩანაცვლებას ბიოლოგიურად შლადი პარკებით.

მსოფლიო

სტიქიის გამო სადაზღვევო კომპანიებს წელიწადში საშუალოდ 50 მილიარდი დოლარის გადახდა უწევთ დაზარალებულთათვის. 1980-იანი წლებიდან ინფლაციის გამო ყოველ ათ წელიწადში სადაზღვევო კომპანიების გადასახადი ორჯერ და კიდევ უფრო მეტად იზრდება.