ინტერვიუ | ფენგ-ლინგ იანგი
მიკრობიოლოგი მოგვითხრობს თავის რწმენაზე
ფენგ-ლინგ იანგი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია ტაივანის დედაქალაქ ტაიბეიში. მისი ნაშრომები სამეცნიერო ჟურნალებში იბეჭდება. ადრე მას ევოლუციის თეორიის სჯეროდა, მაგრამ მოგვიანებით თვალსაზრისი შეიცვალა. ჟურნალმა „გამოიღვიძეთ!“ მას რამდენიმე კითხვა დაუსვა.
მოგვიყევით თქვენს წარსულზე.
ჩემი მშობლები ძალიან ღარიბები იყვნენ, დედამ კითხვა არ იცოდა. ტაიბეისთან ახლოს მდებარე ერთ დასახლებაში ვცხოვრობდით, სადაც ხშირად იცოდა წყალდიდობები. ღორებს ვზრდიდით და ბოსტნეული მოგვყავდა. მშობლებმა შრომის ფასი მასწავლეს და ისიც, რომ სხვებს დავხმარებოდი.
რელიგიურ ოჯახში აღიზარდეთ?
ჩემი ოჯახის წევრები დაოსიზმის მიმდევრები იყვნენ. ჩვენ მსხვერპლს ვწირავდით „ცის ღმერთს“, მაგრამ არაფერი ვიცოდით მის შესახებ. ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ ვიტანჯებოდით და რატომ იყვნენ ადამიანები ეგოისტები. ვკითხულობდი წიგნებს დაოსიზმისა და ბუდიზმის შესახებ, აგრეთვე ვეცნობოდი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ისტორიას. რამდენიმე ეკლესიაშიც კი ვიარე, მაგრამ ჩემს კითხვებზე პასუხი ვერსად ვიპოვე.
რატომ გადაწყვიტეთ მეცნიერი გამხდარიყავით?
მიყვარდა მათემატიკა და მაოცებდა, როგორ იმართებოდა სამყარო ფიზიკური და ქიმიური კანონებით. ნებისმიერი რამ, უზარმაზარი სამყაროდან დაწყებული პაწაწინა მიკრობებით დამთავრებული, ისეა აგებული, რომ კანონებით იმართება. მინდოდა ეს კანონები შემესწავლა.
რატომ გჯეროდათ ევოლუციის თეორიის?
ევოლუციის თეორიის საპირისპიროს არაფერს მასწავლიდნენ. სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც ყველაფერს ევოლუციის თეორიით ხსნიდნენ. მოგვიანებით კი, როგორც ცოცხალი სამყაროს მკვლევარს, ევოლუცია უნდა მეღიარებინა.
როგორც ცოცხალი სამყაროს მკვლევარს, ევოლუცია უნდა მეღიარებინა
რამ აღგძრათ ბიბლიის კითხვისკენ?
1996 წელს ასპირანტურაში სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში გადავედი. მომდევნო წელს გავიცანი ერთი ქალი, სახელად სიმონი. ის იეჰოვას მოწმე იყო. მან ჩემს კითხვებს ბიბლიიდან უპასუხა. როცა ბიბლიიდან დამანახა, თუ რა იყო სიცოცხლის აზრი, ძალიან დავინტერესდი. ყოველ დილას ხუთის ნახევარზე ვდგებოდი და ერთი საათი ბიბლიას ვკითხულობდი. შემდეგ სასეირნოდ გავდიოდი და წაკითხულზე ვფიქრობდი. ერთ წელიწადში მთელი ბიბლია წავიკითხე. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბიბლიური წინასწარმეტყველებების სიზუსტემ. თანდათან დავრწმუნდი, რომ ბიბლია ღვთისგან იყო.
რას ფიქრობდით სიცოცხლის წარმოშობასთან დაკავშირებით?
1990-იანი წლების ბოლოს, როცა ამ საკითხზე სერიოზულად დავიწყე ფიქრი, მოლეკულური ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკები იმ დასკვნამდე მიდიოდნენ, რომ ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარე ქიმიური პროცესები იმაზე ბევრად რთული იყო, ვიდრე ადრე წარმოედგინათ. რა თქმა უნდა, მეცნიერებმა დიდი ხნით ადრე იცოდნენ, რომ ცოცხალ უჯრედში შემავალი ცილები ქიმიური თვალსაზრისით ყველაზე რთული მოლეკულები იყო სამყაროში. მაგრამ ახლა უკვე ხედავდნენ, როგორ იყო ცილების მთელი გროვა ისე ორგანიზებული, რომ შეექმნა მოძრავი ნაწილაკებისგან შემდგარი მექანიზმები. მოლეკულური მექანიზმი შეიძლება შეიცავდეს 50-ზე მეტ ცილას. უმარტივეს უჯრედსაც კი სჭირდება სხვადასხვა მექანიზმების ერთობლიობა იმისათვის, რომ წარმოქმნას ენერგია, გაიმეოროს ინფორმაცია და აკონტროლოს, რა შედის მემბრანაში.
რა დასკვნამდე მიხვედით?
საკუთარ თავს ვეკითხებოდი: ვინ დააპროექტა ასე კარგად მოლეკულური მექანიზმები? უჯრედის წარმოუდგენლად რთულმა აგებულებამ იმ დროისთვის არაერთ მეცნიერს გაუჩინა მსგავსი კითხვა. შეერთებულ შტატებში ბიოქიმიის ერთმა პროფესორმა გამოაქვეყნა წიგნი, რომელშიც დაწერა, რომ ცოცხალ უჯრედებში არსებული მოლეკულური მექანიზმები იმდენად რთულია, რომ შეუძლებელია ისინი შემთხვევით გაჩენილიყო. ამ მოსაზრებას მეც ვიზიარებდი. ვფიქრობდი, რომ სიცოცხლეს აუცილებლად უნდა ჰყოლოდა შემოქმედი.
საკუთარ თავს ვეკითხებოდი: ვინ დააპროექტა ასე კარგად მოლეკულური მექანიზმები?
რატომ გახდით იეჰოვას მოწმე?
ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ სიმონი მიუხედავად სუსტი ჯანმრთელობისა, ყოველკვირა 56 კილომეტრს გადიოდა, რომ ჩემთან მოსულიყო და ბიბლია ესწავლებინა. გავიგე, რომ ნაცისტური რეჟიმის დროს, ბევრი მოწმე საკონცენტრაციო ბანაკებში იმყოფებოდა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გამო. მათმა გაბედულებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. იმის გაგებამ, თუ როგორ უყვარდათ მოწმეებს ღმერთი, აღმძრა, მეც მათთვის მიმებაძა.
რა კურთხევები მოგიტანათ ღვთის რწმენამ?
ჩემი კოლეგები ამბობენ, რომ ახლა უფრო ბედნიერი ვარ. ჩემი წარმომავლობის გამო უღირსობის გრძნობა მქონდა. ამიტომ არასდროს ვსაუბრობდი ჩემს მშობლებზე და იმაზე, თუ სად გავიზარდე. მაგრამ ბიბლიიდან გავიგე, რომ ღვთისთვის მნიშვნელობა არა აქვს სოციალურ მდგომარეობას. იესოც ხომ ისეთივე ღარიბ ოჯახში გაიზარდა, როგორშიც მე. ახლა სიამოვნებით ვზრუნავ ჩემს მშობლებზე და მათ ჩემს მეგობრებსაც ვაცნობ.