ბიბლიის თვალსაზრისი | ღვთის სამეფო
ღვთის სამეფო
არის ღვთის სამეფო ადამიანის გულში?
„შორს არა ხარ ღვთის სამეფოსგან“ (მარკოზი 12:34).
რას ამბობს ხალხი.
ბევრს სჯერა იმის, რასაც ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი წამყვანი რელიგია აცხადებს: „ღვთის სამეფო არის ღვთის მმართველობა ადამიანის გულში და თავად ამ პიროვნების ცხოვრება“.
რას ამბობს ბიბლია.
სამეფო არის რეალური ხელისუფლება და არა უბრალოდ იმის განმსაზღვრელი მეტაფორა, რომ ადამიანი თავის გულში ღმერთს ემორჩილება. ღვთის სამეფო მთელ დედამიწაზე იმმართველებს (ფსალმუნი 72:8; დანიელი 7:14).
მაშ, რას ნიშნავს იესოს განაცხადი: „ღვთის სამეფო თქვენ შორისაა“? (ლუკა 17:21) იესო იმას არ გულისხმობდა, რომ სამეფო თავისი მსმენელების გულებში იყო. რატომ შეგვიძლია ამის ასე გადაჭრით თქმა? იმიტომ რომ, იმ კონკრეტულ სიტუაციაში იესოს მსმენელები ფარისევლები იყვნენ. მათზე კი იესომ თქვა, რომ ვერ შევიდოდნენ ღვთის სამეფოში, რადგან მათი თვალთმაქცობის გამო ღვთისთვის მიუღებელი იყო მათი მსახურება (მათე 23:13). მეორე მხრივ, იესო სიმართლეს ამბობდა, როცა თქვა, ღვთის სამეფო თქვენ შორისააო. რადგან იესო, როგორც მომავალი ღვთის სამეფოს მეფე, მათ წინაშე იდგა.
რა არის ღვთის სამეფო?
„მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:10).
რას ამბობს ბიბლია.
სამეფო არის ღვთის მიერ დამყარებული რეალური ხელისუფლება, რომელსაც სათავეში იესო ქრისტე უდგას (მათე 28:18; 1 ტიმოთე 6:14, 15). ამ სამეფოს მიზანია, ღვთის ნება შესრულდეს ცაშიც და დედამიწაზეც (მათე 6:10). ამგვარად, სამეფოს მეშვეობით ღმერთი გადაჭრის საკაცობრიო პრობლემებს. ღვთის ხელისუფლება იმას გააკეთებს, რისი გაკეთებაც ადამიანის ძალებს აღემატება.
ღვთის სამეფოს მმართველობის დროს ადამიანები სამოთხედქცეულ დედამიწაზე მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იცხოვრებენ; ღმერთი არავის მოაკლებს ხვავსა და ბარაქას (ფსალმუნი 46:9; ესაია 35:1; მიქა 4:4). ავად არავინ გახდება, ავადმყოფობა და სიკვდილი აღარ იარსებებს (ესაია 33:24; გამოცხადება 21:4). სიბერის პროცესიც კი, ასე ვთქვათ, უკუღმა დატრიალდება. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია: „განუახლდეს ხორცი ახალგაზრდობის დროინდელზე მეტად და დაუბრუნდეს ახალგაზრდული ძლიერება“ (იობი 33:25).
რის გაკეთება შეგიძლიათ?
ეროვნული თუ კულტურული სხვაობის მიუხედავად, ყველას შეუძლია გახდეს ღვთის სამეფოს მოქალაქე, თუ შეასრულებს ღვთის მოთხოვნებს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მაშინ პეტრემ გახსნა ბაგე და თქვა: „ახლა მართლა ვხედავ, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35).
ადამიანთა მცდელობის შედეგად დამყარდება ღვთის სამეფო?
„ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა“ (დანიელი 2:44).
რას ამბობს ხალხი.
ზოგს სჯერა, რომ ღვთის სამეფოს დედამიწაზე ადამიანები დაამყარებენ. ეს შესაძლებელი გახდება ადამიანების ერთ სარწმუნოებაზე მოქცევით ან მსოფლიო მშვიდობისა და ერთიანობის მიღწევით.
რას ამბობს ბიბლია.
სამეფოს ღმერთი ამყარებს და არა ადამიანი (დანიელი 2:44). ამ სამეფოსთან დაკავშირებით ღმერთმა განაცხადა: „მე, მე დავაყენე ჩემი მეფე“ (ფსალმუნი 2:6). ადამიანები ვერ დაამყარებენ ღვთის სამეფოს და მას ვერც წინ გადაეღობებიან, რადგან სამეფო ზეციდან იმეფებს მთელ დედამიწაზე (მათე 4:17).
რატომ უნდა გვაინტერესებდეს?
ბუნებრივია, ყველას გსურს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ნანატრმა მშვიდობამ და ერთიანობამ დაისადგუროს. შესაძლოა, თავი არ დაგიზოგავთ ამ მიზნის მისაღწევად, მაგრამ იმედგაცრუებული დარჩენილხართ. იმის ცოდნა, რომ სამეფო მხოლოდ და მხოლოდ ღვთის ძალით დამყარდება, დაგეხმარებათ, მხარი დაუჭიროთ ღვთის სამეფოს. ამგვარად, თქვენი ძალისხმევა უშედეგოდ ნამდვილად არ ჩაივლის.