არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 რჩევები ოჯახებს | ქორწინება

როგორ მოვერიდოთ შეურაცხმყოფელ საუბარს

როგორ მოვერიდოთ შეურაცხმყოფელ საუბარს

პრობლემა

წარმოიდგინეთ ოჯახი, სადაც ყოველთვის, როცა უთანხმოება წამოიჭრება, მეუღლეები კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ ერთმანეთს. შეურაცხმყოფელი საუბარი იმდენად ხშირ სახეს იღებს, რომ ის უკვე ჩვეულებრივი რამ ხდება.

თუ თქვენს ოჯახშიც მსგავსი სიტუაციაა, ამ პრობლემის მოგვარება ნამდვილად შეგიძლიათ. თავდაპირველად უნდა დაფიქრდეთ გამომწვევ მიზეზებზე და იმაზე, თუ რატომ იქნება კარგი ცვლილებების მოხდენა.

რატომ ხდება

აღზრდა. ბევრი ისეთ ოჯახში აღიზარდა, სადაც შეურაცხმყოფელი საუბარი ჩვეულებრივი მოვლენა იყო. დაოჯახების შემდეგ ისინი შესაძლოა ისეთივე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავენ მეუღლეებს, როგორსაც მშობლებისგან ისმენდნენ.

გართობა. ფილმები და იუმორისტული გადაცემები ხშირად უხეშად ნათქვამ სიტყვებს ხუმრობად წარმოაჩენს და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ასეთი გამოთქმები უწყინარი და სასაცილოც კია.

კულტურა. ზოგიერთ კულტურაში „ნამდვილ მამაკაცად“ ითვლება ის, ვინც დომინანტია; ქალი კი სუსტი რომ არ გამოჩნდეს და არავინ დაჩაგროს, აგრესიული უნდა იყოს. ასეთი შეხედულების მქონე წყვილები კონფლიქტის დროს ერთმანეთს მეტოქეებად მიიჩნევენ და არა მოკავშირეებად. ამიტომ ისინი ისეთი სიტყვებით მიმართავენ ერთმანეთს, რომლებიც კი არ კურნავს, არამედ გულს სტკენს.

რაც უნდა იყოს უთანხმოების გამომწვევი მიზეზი, ერთი რამ ცხადია: შეურაცხმყოფელმა საუბარმა შეიძლება ადამიანს სერიოზულად დაუზიანოს ჯანმრთელობა და ოჯახი განქორწინებამდე მიიყვანოს. ზოგი იმასაც ამბობს, რომ სიტყვებს მეტი ტკივილი მოაქვს, ვიდრე ფიზიკურ შეურაცხყოფას. მაგალითად, ერთი ქალი, რომელსაც ქმარი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, ამბობს: „ჩემთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა უფრო ძნელად ასატანი იყო, ვიდრე ფიზიკური. მერჩივნა დაერტყა, ვიდრე ასეთი შეურაცხმყოფელი რამ ეთქვა“.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ შეურაცხმყოფელი საუბრების გამო თქვენს ქორწინებას საფრთხე ემუქრება?

 როგორ შეგიძლიათ მოიქცეთ

იყავით თანამგრძნობი. თავი მეუღლის ადგილას წარმოიდგინეთ და იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ მოქმედებს მასზე თქვენი სიტყვები. გაიხსენეთ კონკრეტული სიტუაცია, როცა თქვენმა ნათქვამმა მეუღლეს გული ატკინა. ყურადღებას თქვენს სიტყვებზე ნუ გადაიტანთ; იმაზე იფიქრეთ, რა გრძნობა დაეუფლა მეუღლეს თქვენი ნათქვამის მერე. შეგიძლიათ დაფიქრდეთ, რომელი თბილი სიტყვების თქმა შეიძლებოდა შეურაცხმყოფელი სიტყვების ნაცვლად? ბიბლიაში ვკითხულობთ: „მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს, მწარე სიტყვა კი რისხვას იწვევს“ (იგავები 15:1).

დააკვირდით სამაგალითო წყვილებს. თუ ხედავთ, რომ თქვენი საუბრის მანერაზე ვინმეს ცუდი მაგალითი ახდენს გავლენას, ეძებეთ კარგი მაგალითი. მოუსმინეთ იმ წყვილებს, რომლებიც ერთმანეთს პატივისცემით ეპყრობიან და რომელთა მიბაძვაც ნამდვილად ღირს (ბიბლიური პრინციპი: ფილიპელები 3:17).

გაიხსენეთ გრძნობები, რომლებიც ერთ დროს გაკავშირებდათ. ხშირად ადამიანი გულსატკენ სიტყვებს იმიტომ არ ამბობს, რომ ცუდი ენა აქვს. ამის მიზეზი უფრო გულის მდგომარეობაა. ამიტომ ეცადეთ, რომ მეუღლეზე დადებითად იფიქროთ, რაც კარგ გრძნობებს აღგიძრავთ. გაიხსენეთ ის საქმეები, რისი ერთად კეთებაც სიამოვნებას განიჭებდათ. დაათვალიერეთ ძველი სურათები. გაიხსენეთ სასაცილო მომენტები და ის, თუ რომელი თვისებები გხიბლავდათ მასში (ბიბლიური პრინციპი: ლუკა 6:45).

ილაპარაკეთ საკუთარ თავზე. ნაცვლად იმისა, რომ მეუღლე დაადანაშაულოთ, აუხსენით მას, როგორ იმოქმედა თქვენზე მისმა ნათქვამმა ან მოქმედებამ. ნურასოდეს ეტყვით მეუღლეს: „შენ ყოველთვის ასე იქცევი. გადაწყვეტილებებს ისე იღებ, რომ არასოდეს მეკითხები“. მეუღლეზე დადებითად იმოქმედებს, თუ მას ასეთ რამეს ეტყვით: „როცა გადაწყვეტილებებს ჩემ გარეშე იღებ, ასე მგონია, რომ შენთვის ჩემი აზრი არაფერს ნიშნავს“ (ბიბლიური პრინციპი: კოლოსელები 4:6).

იცოდეთ, როდის გაჩერდეთ. თუ ამჩნევთ, რომ მდგომარეობიდან გამოდიხართ და სიტყვებს ვეღარ აკონტროლებთ, უკეთესი იქნება, თუ საუბარს გადადებთ. არაფერია ცუდი იმაში, თუ კამათს თავს აარიდებთ და დროებით იქაურობას გაეცლებით, პრობლემას კი მაშინ გადაჭრით, როცა დამშვიდდებით (ბიბლიური პრინციპი: იგავები 17:14).

ხშირად ადამიანი გულსატკენ სიტყვებს იმიტომ არ ამბობს, რომ ცუდი ენა აქვს. ამის მიზეზი უფრო გულის მდგომარეობაა