არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პლატონი

პლატონი

წარსულის სახეები

პლატონი

პლატონი (ძვ. წ. 427—347) გახლდათ წარმართი ბერძენი ფილოსოფოსი. ის ქვეყანას ათენში არისტოკრატთა ოჯახში მოევლინა და საკმაოდ კარგი განათლებაც მიიღო. მასზე უდიდესი გავლენა იქონიეს ცნობილმა ფილოსოფოსმა სოკრატემ და ფილოსოფოსისა და მათემატიკოსის პითაგორას მიმდევრებმა.

ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში მოგზაურობისა და სიცილიის კუნძულზე ბერძნულ ქალაქ სირაკუსეს პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობის შემდეგ პლატონი ათენში დაბრუნდა, სადაც სკოლა-აკადემია დააარსა. ეს აკადემია, რომელსაც ხშირად ევროპის პირველ უნივერსიტეტად მოიხსენიებდნენ, მათემატიკოსთა და ფილოსოფოსთა კვლევით ცენტრად იქცა.

რატომ იპყრობს ჩვენს ყურადღებას?

პლატონის სწავლებებმა სერიოზული გავლენა მოახდინა მილიონობით ადამიანის რელიგიური მრწამსის ჩამოყალიბებაზე, მათ შორის ქრისტიანებზეც, რომლებიც არასწორად ასკვნიან, რომ ეს სწავლებები ბიბლიას ეფუძნება. პლატონის სწავლებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მოძღვრება სულის უკვდავების შესახებ, რაც იმაში მდგომარეობს, რომ სხეულის სიკვდილის შემდეგ სული სიცოცხლეს განაგრძობს.

პლატონს ძალიან აინტერესებდა, რა ხდებოდა სიკვდილის შემდეგ. წიგნში „სხეული და სული უძველეს ფილოსოფიაში“ აღნიშნულია, რომ „სულის უკვდავება პლატონის ერთ-ერთი საყვარელი თემა იყო“. ის ღრმად იყო დარწმუნებული, რომ „სხეულის სიკვდილის შემდეგ სული ტოვებდა ხორცს, რათა საიქიოში სათანადოდ დაჯილდოებულიყო ან პირიქით — დასჯილიყო“, რაც იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რა ცხოვრებას ეწეოდა ადამიანი სააქაოში. *

როგორ გავრცელდა პლატონის შეხედულებები?

პლატონის აკადემიამ, რომელიც საკმაოდ პრესტიჟულ და ავტორიტეტულ საგანმანათლებლო ცენტრად ითვლებოდა, ცხრა საუკუნე იარსება, ძვ. წ. 387 წლიდან ახ. წ. 529 წლამდე. პლატონის იდეები სწრაფად გავრცელდა საბერძნეთისა და რომის გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებში. მისი მოძღვრებები შეისისხლხორცეს იუდეველმა ფილოსოფოსმა ფილონ ალექსანდრიელმა და ქრისტიანული სამყაროს ბევრმა წინამძღოლმა. შედეგად, იუდაური და ქრისტიანული სწავლებები გაიჟღინთა წარმართული ფილოსოფიური მოძღვრებებით, რომელთაგან ერთ-ერთი იყო სწავლება უკვდავი სულის შესახებ.

ერთ ბიბლიურ ლექსიკონში (The Anchor Bible Dictionary) აღნიშნულია: «ყველა ქრისტიანული თეოლოგია რაღაც დოზით მაინც თანამედროვე ბერძნულ ფილოსოფიაზეა დამოკიდებული, უმთავრესად პლატონიზმზე. ზოგი ქრისტიანი მოაზროვნე . . . იმდენად მოექცა პლატონის სწავლებების გავლენაში, რომ სათანადოდ იმსახურებს „ქრისტიანი პლატონისტის“ სახელს». შევადაროთ პლატონისა და ბიბლიის სწავლებები ერთმანეთს.

პლატონი ამბობს: „[სიკვდილის დროს,] ის, რაც თითოეულ ჩვენგანში არის, პირადი მე და რასაც ჩვენ უკვდავ სულს ვუწოდებთ, მიემართება სხვა ღმერთებთან, სადაც . . . ანგარიშს ვაბარებთ; კარგები მამაცურად წარსდგებიან მათ წინაშე, ბოროტები კი — შიშითა და კანკალით“ (პლატონი, „კანონები“, წიგნი XII).

ბიბლია ამბობს: სული თვითონ პიროვნებაა ანუ ეს არის სიცოცხლე, რითაც ის ტკბება. ცხოველებიც სულები არიან. სიკვდილის დროს სული წყვეტს არსებობას. * დაფიქრდით შემდეგ ბიბლიურ მუხლებზე:

▪ „პირველი კაცი ადამი გახდა ცოცხალი სული“ (1 კორინთელები 15:45).

▪ «თქვა ღმერთმა: „წარმოშვას მიწამ ცოცხალი სულები

მათი გვარისდა მიხედვით, შინაური ცხოველები, ქვეწარმავლები და გარეული ცხოველები“ » (დაბადება 1:24).

▪ „მოკვდეს სული ჩემი“ (რიცხვები 23:10, ბიბლიური საზოგადოების გამოცემა).

▪ „სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება“ (ეზეკიელი 18:4).

ბიბლია ნამდვილად არ ასწავლის იმას, რომ სხეულის სიკვდილის შემდეგ სული განაგრძობს არსებობას. ამიტომ ჰკითხეთ საკუთარ თავს: რას ეფუძნება ჩემი რწმენა, ბიბლიას თუ პლატონის ფილოსოფიას?

[სქოლიო]

^ აბზ. 7 მართალია, პლატონმა დიდად შეუწყო ხელი უკვდავი სულის არსებობის იდეის გავრცელებას, მაგრამ ის არ იყო პირველი, ვინც ამ მოძღვრებას ქადაგებდა. სულის უკვდავების სხვადასხვა ვერსია უკავშირდება წარმართულ თაყვანისმცემლობას, მათ შორის ეგვიპტურ და ბაბილონურ რელიგიებს.

^ აბზ. 12 ბიბლია ასწავლის, რომ მკვდრებს, ასე ვთქვათ, სძინავთ და აღდგომას ელიან (ეკლესიასტე 9:5; იოანე 11:11—14; საქმეები 24:15). ამის საპირისპიროდ, გავრცელებული შეხედულება ასწავლის, რომ ეგრეთ წოდებული უკვდავი სული არ კვდება და შესაბამისად არ საჭიროებს აღდგომას.

[სურათი 12 გვერდზე]

[ჩანართი 13 გვერდზე]

„სულის უკვდავება პლატონის ერთ-ერთი საყვარელი თემა იყო“ — „სხეული და სული უძველეს ფილოსოფიაში“

[ჩარჩო 13 გვერდზე]

„ბიბლიაში ვერსად შეხვდებით იმ აზრს, რომ სიკვდილის შემდეგ სული სადმე განაგრძობს სიცოცხლეს“ — (ახალი კათოლიკური ენციკლოპედია).

„სულის უკვდავების შესახებ სწავლება აშკარად გამოიკვეთა ბიბლიის დაწერის შემდეგ  . . . და იუდაიზმისა და ქრისტიანული მრწამსის ქვაკუთხედად იქცა“ (კურსივი ჩვენია) — (იუდაური ენციკლოპედია).

„მოძღვრება იმის შესახებ, რომ სული სხეულის სიკვდილის შემდეგ არსებობას განაგრძობს ფილოსოფიური ან თეოლოგიური შეხედულებაა . . . და შესაბამისად, ამ იდეას წმინდა წერილები არ ასწავლის“ — (იუდაური ენციკლოპედია).

[სურათი]

[ჩარჩო 12 გვერდზე]

ისტორიული ცნობები

▶ პლატონს დასავლეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოაზროვნედ მიიჩნევენ.

▶ ახალგაზრდობაში ის პოლიტიკაში იყო ჩაბმული, მაგრამ მალე დაემსხვრა ილუზიები და იმედგაცრუებული დარჩა.

▶ მოგვიანებით ნაშრომები დაწერა ისეთ თემებზე, როგორიცაა: ეთიკა, სამართალი, ცოდნა, ზომიერება, ღვთისმოსაობა, სული და სიმამაცე.

▶ პლატონის ყველაზე გამორჩეული მოწაფე არისტოტელე გახლდათ, რომელიც მოგვიანებით განმანათლებელი, ფილოსოფოსი და სწავლული გახდა.