რჩევები ოჯახებს | ქორწინება
როგორ ავარიდოთ თავი კამათს
პრობლემა
გიჭირთ თქვენ და თქვენს მეუღლეს საკითხების მშვიდად მოგვარება? თქვენი ურთიერთობა დანაღმულ ველს ხომ არ ჰგავს, სადაც ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქება მოხდეს?
თუ ასეა, ნუ ინერვიულებთ, საქმე მთლად საგანგაშოდ არ არის. პირველ რიგში, იმის გარკვევაა საჭირო, თუ რატომ მოგდით უთანხმოება ასე ხშირად.
მიზეზები
გაუგებრობები.
ჯულიანა * ამბობს: „ზოგჯერ, როცა ჩემს ქმარს რაღაცას ვეუბნები, სათქმელს ისე ვერ ვამბობ, როგორც მინდა; ან ზოგჯერ მგონია, რომ რაღაც ვუთხარი, სინამდვილეში კი არაფერი მითქვამს, უბრალოდ, გავიფიქრე, რომ უნდა მეთქვა“.
განსხვავებულობა.
რამდენადაც არ უნდა ეწყობოდეთ მეუღლეები ერთმანეთს, რაღაც საკითხებზე განსხვავებული შეხედულებები მაინც გექნებათ. ეს იმიტომ, რომ ორი აბსოლუტურად იდენტური ადამიანი არ არსებობს. სწორედ ეს განსხვავებულობა ხდის ქორწინებას ზოგჯერ სასიამოვნოს და საინტერესოს და ზოგჯერ პირიქით, უკიდურესად დაძაბულს. სამწუხაროდ, ბევრი წყვილის შემთხვევაში განსხვავებულობა პრობლემების მიზეზი ხდება.
ცუდი მაგალითი.
რეიჩელი ამბობს: „ჩემი მშობლები ხშირად კამათობდნენ და ერთმანეთს უშვერი სიტყვებით მიმართავდნენ. როცა დავქორწინდი, მეც ისე უპატივცემულოდ ველაპარაკებოდი ჩემს ქმარს, როგორც დედაჩემი ელაპარაკებოდა მამაჩემს. სხვების პატივისცემა არასდროს მისწავლია“.
რეალური მიზეზები.
ხშირ შემთხვევაში ცხარე კამათის მიზეზი უბრალო რამ ხდება და არა ის, რაც სინამდვილეშია. მაგალითად, როცა ერთი მეუღლე ეუბნება მეორეს: „შენ ყოველთვის იგვიანებ!“ და ეს ჩხუბში გადადის, შესაძლოა ამით მას იმის თქმა კი არ უნდა, რომ მისი მეუღლე მართლა ყოველთვის იგვიანებს, უბრალოდ ის გულისხმობს, რომ მეუღლე მას სათანადო ყურადღებას არ აქცევს.
რაც არ უნდა იყოს მიზეზი, ხშირი კამათი უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე და შეიძლება საქმე განქორწინებამდეც კი მივიდეს. როგორ ავარიდოთ თავი კამათს?
რის გაკეთება შეგიძლიათ
კამათს რომ თავი ავარიდოთ, ჯერ კამათის გამომწვევი მიზეზები უნდა დავადგინოთ. როცა სიტუაცია განიმუხტება, თქვენ და თქვენმა მეუღლემ შემდეგი რამ გააკეთეთ:
1. ორივემ ცალ-ცალკე ფურცელზე დაწერეთ კამათის გამომწვევი მიზეზები. მაგალითად, ქმარმა შეიძლება ცოლზე დაწეროს: „მთელი დღე მეგობრებთან გაატარე და არც კი გამაგებინე, სად იყავი“. თავის მხრივ, ცოლმა შეიძლება ქმარზე დაწეროს: „იმაზე გაბრაზდი, რომ მეგობრებთან ვიყავი“.
2. დამშვიდებულ გულზე იმსჯელეთ: მართლა საკამათო იყო ეს საკითხი? შეიძლებოდა ამაზე თვალის დახუჭვა? ზოგჯერ შეიძლება მშვიდობის შენარჩუნების მიზნით უკეთესი იყოს, განსხვავებული აზრის მიღება და პრობლემის სიყვარულით გადაჭრა (ბიბლიური პრინციპი: იგავები 17:9).
თუ ორივე ფიქრობთ, რომ საკითხი უმნიშვნელო იყო, მოუბოდიშეთ ერთმანეთს და ნუღარ გააგრძელებთ ამაზე დავასა და ფიქრს (ბიბლიური პრინციპი: კოლოსელები 3:13, 14).
თუ რომელიმე ან ორივე ფიქრობთ, რომ საკითხი უფრო სერიოზულია, მაშინ შემდეგი რამ გააკეთეთ:
3. ორივემ დაწერეთ, რა გრძნობა დაგეუფლათ კამათის დროს. მაგალითად, ქმარმა შეიძლება დაწეროს: „ასე მგონია, შენს მეგობრებთან ყოფნა უფრო გსიამოვნებს, ვიდრე ჩემთან“. ცოლმა შეიძლება დაწეროს: „თავი პატარა ბავშვი მგონია, რომელმაც ანგარიში უნდა ჩააბაროს მამას“.
4. გაცვალეთ ფურცლები და ერთმანეთის ჩანაწერები წაიკითხეთ. რა აღმოჩნდა თქვენი მეუღლის გაღიზიანების მიზეზი? იმსჯელეთ, კონკრეტულ სიტუაციაში რა შეიძლებოდა ორივეს გაგეკეთებინათ, რომ თავიდან აგერიდებინათ კამათი (ბიბლიური პრინციპი: იგავები 29:11).
5. იმსჯელეთ, რა ისწავლეთ ამ სავარჯიშოდან. როგორ შეგიძლიათ მომავალში მოაგვაროთ უთანხმოებები ან თავიდან აირიდოთ კამათი?
^ აბზ. 7 სახელები შეცვლილია.