ორგანიზებულობა
თუ ცოტას მოინდომებ და ორგანიზებულობას ისწავლი, საერთო ჯამში ბევრი საქმე გაკეთდება — დროც მეტი დაგრჩება, ნაკლები სტრესიც გექნება და უკეთეს ნიშნებსაც მიიღებ.
ახლა, მოდი წარმოიდგინე, რომ მაღაზიაში შეხვედი რაღაცის საყიდლად. მაგრამ ხედავ, რომ მაღაზიაში ყველაფერი არეულ-დარეულია და ნივთები უწესრიგოდ ყრია. რამდენი ხანი დაგჭირდება სასურველი ნივთის საპოვნელად? მაშინ უფრო ადვილად არ იპოვი მას, თუ ყველაფერი თავ-თავის ადგილას კოხტად და ლამაზად იქნება დალაგებული? რას ვსწავლობთ ამ მაგალითიდან?
შეადგინე გეგმა.
„ერთხელ მთელი შაბათი-კვირა მეგობართან გავატარე და საერთოდ გადამავიწყდა საშინაო დავალებების მომზადება და სახლის საქმეების გაკეთება. ორშაბათს კი ძლივს დავითანხმე მასწავლებლები, რომ გაკვეთილები სხვა დროს გამოეკითხათ. ახლა უკვე გეგმას ვადგენ, რომ არ დამავიწყდეს, როდის რა მაქვს გასაკეთებელი“, — ამბობს შეერთებულ შტატებში მცხოვრები 18 წლის ზაქარი.
გეგმის ჩამოწერა დაეხმარა სელესტინსაც, პაპუა-ახალ გვინეაში მცხოვრებ ახალგაზრდა გოგონას. მან სკოლაში სწავლის პერიოდი გაიხსენა და თქვა: „ყველაფერი დაგეგმილი მქონდა, მათ შორის ის, თუ როდის მოვამზადებდი დავალებებს, როდის მოვემზადებოდი გამოცდებისთვის და როდის წავიდოდი მეგობრებთან გასართობად. ეს მეხმარებოდა პრიორიტეტების დადგენაში და იმაში, რომ ყველაფერი თავის დროზე მეკეთებინა“.
რჩევა: ჩაწერე შენი გეგმა ბლოკნოტში, მობილურში ან კომპიუტერში შეიტანე.
ნუ დაიზარებ.
იოლია თქვა: „ამას მერე გავაკეთებ“. უმჯობესია, გასაკეთებელი მალევე გააკეთო; ეს განსაკუთრებით საშინაო დავალებებს ეხება.
რჩევა: სახლში დაბრუნდები თუ არა, რაც შეიძლება მალე მიუჯექი საშინაო დავალებებს. სანამ გაკვეთილებს არ ისწავლი, ნურც ტელევიზორს ჩართავ და ნურც სხვა რამით გაერთობი.
მოაწესრიგე ნივთები.
გქონია ისეთი შემთხვევა, რომ სკოლაში მისულხარ და იქ აღმოგიჩენია, რომ რვეული, კალამი ან წიგნი სახლში დაგრჩენია? როგორ შეიძლება ამის თავიდან არიდება? „ჩანთას ყოველთვის წინასწარ ვალაგებდი“, — ამბობს მიანმაში მცხოვრები ახალგაზრდა აუნგ მიოი მიატი.
რჩევა: ჩანთა ყოველთვის სუფთა გქონდეს და ნივთები მოწესრიგებულად გეწყოს, რაც დაგჭირდება, ადვილად რომ იპოვო.
დასკვნა. თუ მოწესრიგებული იქნები, არც ნივთები დაგრჩება სახლში და არც გაკვეთილებზე დაგაგვიანდება; შესაბამისად, სტრესიც ნაკლები გექნება და დრო სხვა რამეებისთვისაც გეყოფა.
ნუ გადადებ. იფიქრე ერთ რომელიმე მხარეზე, რაშიც მეტი მოწესრიგებულობა გჭირდება. შემდეგ მშობლებთან ან მეგობრებთან ერთად იმსჯელე, როგორ გაუმჯობესდე ამ საკითხში.