არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლია — უტყუარი წინასწარმეტყველებების წიგნი — ნაწილი 6

„ბოლო დღეები“

ბიბლია — უტყუარი წინასწარმეტყველებების წიგნი — ნაწილი 6

ჟურნალის „გამოიღვიძეთ!“ ამ რვანაწილიან რუბრიკაში განიხილება ბიბლიის საგულისხმო წინასწარმეტყველებები. თითოეული ნაწილიდან გავიგებთ პასუხს კითხვაზე: უბრალოდ ჭკვიანმა ადამიანებმა მოიფიქრეს და დაწერეს ბიბლიური წინასწარმეტყველებები თუ ღმერთი დგას ამ უდიდესი სიბრძნის მიღმა? მოდი, განვაგრძოთ და ერთად მიმოვიხილოთ ფაქტები.

ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ. გამუდმებით ვისმენთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მომხდარი უბედურებებისა და არეულობების შესახებ. მიანიშნებს რაიმე განსაკუთრებულზე ასეთი მსოფლიო მდგომარეობა?

2000 წლის წინათ ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, რომ დადგებოდა დრო, როცა მსოფლიოში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბებოდა, რასაც „ქვეყნიერების აღსასრული“ მოჰყვებოდა (მათე 24:3). აქ არ იგულისხმება ქვეყნიერების ისეთი აღსასრული, როგორიც ხალხს წარმოუდგენია. ბიბლია აღწერს ბოლო დღეებში მცხოვრები ხალხის თვისებებს და ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ მოვლენებს ანუ ნიშანს (2 ტიმოთე 3:1). იესომ უთხრა თავის მიმდევრებს, რომ როდესაც ამ ყველაფრის ახდენას დაინახავდნენ, უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ხსნა ახლოს იყო (ლუკა 21:31). მიმოვიხილოთ ის რამდენიმე წინასწარმეტყველება, რომლებიც ჩვენი დროის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს.

წინასწარმეტყველება 1:

„ერის ერის წინააღმდეგ აღსდგება“ (მათე 24:7).

შესრულება: მე-20 საუკუნის დასაწყისში მრავალი ფიქრობდა, რომ მსოფლიოში არსებულ მშვიდობას ვერაფერი დაარღვევდა. პირველი მსოფლიო ომის დაწყება ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. ფაქტობრივად, ამით დაიწყო უპრეცედენტო ომებისა და არეულობების ერა. ბიბლიის წიგნ „გამოცხადებაში“ ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მშვიდობა წაღებულ იქნებოდა „დედამიწიდან, რათა ადამიანებს ერთმანეთი დაეხოცათ“ (გამოცხადება 6:4).

რას ცხადყოფს ფაქტები:

  • „1914 წელს კაცობრიობის ისტორიაში პირველი მსოფლიო ომით დასრულდა ძველი ეპოქა და დაიწყო ახალი“ (The Origins of the First World War, გამოცემულია 1992 წელს).
  • პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ერთი ენციკლოპედიის თანახმად, მარტო დაღუპული ჯარისკაცებისა და სამხედრო პირთა რიცხვი 8 500 000-ს შეადგენდა.
  • კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში. დაღუპული ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი 35-დან 60 მილიონამდე მერყეობს.
  •   მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ 2010 წლამდე 246 შეიარაღებული კონფლიქტი მოხდა მსოფლიოს 151 რეგიონში.

წინასწარმეტყველება 2:

„იქნება საკვების უკმარისობა“ (მათე 24:7).

შესრულება: მე-20 საუკუნეში შიმშილობამ 70 მილიონზე მეტ ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე და ის დღემდე რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად.

რას ცხადყოფს ფაქტები:

  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით შიმშილობა მსოფლიო მოსახლეობის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს; 7-დან 1 ადამიანს არ აქვს საკმარისი საკვები.
  • „დღეს არსებული საკვების უკმარისობა არ არის გამოწვეული მხოლოდ უამინდობითა და ცუდი კლიმატით; ეს გამოწვეულია ოთხი სერიოზული პრობლემით: მოსახლეობის ზრდით, ნიადაგის გამოფიტვით, წყლის უკმარისობითა და ტემპერატურის მატებით“ (Scientific American).

წინასწარმეტყველება 3:

„იქნება დიდი მიწისძვრები“ (ლუკა 21:11).

შესრულება: ვინაიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი მიწისძვრის ზონაში ცხოვრობს, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა რიცხვი კატასტროფულად მატულობს.

რას ცხადყოფს ფაქტები:

  • სტიქიურ უბედურებებთან დაკავშირებულ 2010 წლის მსოფლიო ანგარიშში ნათქვამი იყო: „ბოლო წლებში მომხდარ უდიდეს სტიქიურ უბედურებათა შორის სეისმურმა მოვლენებმა ყველაზე მეტი ადამიანი შეიწირა“.
  • 1970—2001 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 19 დამანგრეველი მიწისძვრა * ხდებოდა, დაღუპულთა საშუალო წლიური რაოდენობა 19 547-ს შეადგენდა. მომდევნო ათი წლის განმავლობაში დამანგრეველ მიწისძვრათა საშუალო წლიური რაოდენობა 28-მდე გაიზარდა, დაღუპულთა საშუალო რიცხვმა კი წელიწადში 67 954-ს მიაღწია.

წინასწარმეტყველება 4:

„იქნება . . . ეპიდემიები . . . ხან ერთ და ხან მეორე ადგილას“ (ლუკა 21:11).

შესრულება: მიუხედავად მედიცინის წინსვლისა, მილიონები დღემდე იღუპებიან ინფექციური დაავადებებით. საერთაშორისო მიმოსვლამ და მსოფლიოში მზარდმა ურბანიზაციამ ხელი შეუწყო დაავადებების სწრაფ გავრცელებას.

რას ცხადყოფს ფაქტები:

  • მე-20 საუკუნეში ყვავილმა 300-დან 500 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
  • ერთ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში „ოცდაათზე მეტი მანამდე უცნობი დაავადება მოევლინა ქვეყანას. ამ დაავადებათა რიცხვში შედის ებოლას ცხელება, აივ ვირუსი, ჰანტავირუსი და მწვავე რესპირატორული დაავადების სინდრომი“ (The Worldwatch Institute).
  • მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მედიკამენტებისადმი რეზისტენტული ბაქტერიებისა და მიკრობების ზრდასთან დაკავშირებით გვაფრთხილებს: „მსოფლიო მიემართება პოსტანტიბიოტიკური ეპოქისკენ — ეპოქისკენ, რომელშიც ჩვეულებრივი ინფექციური დაავადებები აღარ დაექვემდებარება მკურნალობას და კვლავ დაბრუნდება დრო, როდესაც ასეთი სნეულებები მრავალს უსწრაფებდა სიცოცხლეს“.

წინასწარმეტყველება 5:

ადამიანები „ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ . . . მრავალს სიყვარული გაუნელდება“ (მათე 24:10, 12).

შესრულება: სიძულვილით ნაკარნახევმა არაერთმა გენოციდმა მილიონები შეიწირა. უამრავ ქვეყანაში მიმდინარე შეირაღებული კონფლიქტებისა და დამნაშავეობის გამო მოსახლეობა სულ უფრო მეტ შიშში ცხოვრობს და იზრდება ძალადობრივი ქმედებების რიცხვიც.

რას ცხადყოფს ფაქტები:

  • ნაცისტურმა რეჟიმმა ექვსი მილიონი ებრაელისა და მილიონობით სხვა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რიგითი მოსახლეობის რეაქციებზე დაკვირვებით, ზიგმუნტ ბაუმანი აღნიშნავს: „მასების განადგურებას არანაირი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია. პირიქით, ამას ბევრი საკმაოდ მშვიდად და წყნარად შეხვდა“.
  • „ბი-ბი-სის“ საინფორმაციო გამოშვებაში ნათქვამი იყო, რომ სულ რამდენიმე თვეში ტუტსისა და თანამედროვე ხუტუს ხალხთაგან დაახლოებით 800 000 ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. ერთი  ექსპერტის თქმით, ამ მასობრივ ხოცვა-ჟლეტაში თითქმის 200 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას.
  • ყოველწლიურად 740 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება დანაშაულებრივი ქმედებებისა და შეიარაღებული კონფლიქტების დროს.

წინასწარმეტყველება 6:

„ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები . . . თბილ გრძნობებს მოკლებულები“ (2 ტიმოთე 3:2, 3).

შესრულება: ჩვენი ეპოქა ხასიათდება სიხარბითა და ზნეობრივი ნორმების გაუფასურებით. შედეგად საზოგადოებაში უამრავმა სოციალურმა პრობლემამ იჩინა თავი.

რას ცხადყოფს ფაქტები:

  • გაერთიანებული სამეფოს გაეროს ბავშვთა დახმარების ფონდის ანგარიშში ნათქვამია, რომ „გაერთიანებულ სამეფოში მშობლებიც და შვილებიც გამუდმებით ყიდულობენ სხვადასხვა ნივთებს იმ მიზნით, რომ მოაგვარონ ურთიერთობაში წამოჭრილი გაუგებრობები და ღირსების გრძნობა აიმაღლონ“.
  • მსოფლიოში დაახლოებით 275 მილიონი ბავშვი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხდება.
  • „მიიჩნევენ, რომ მარტო შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 500 000-ზე მეტ ხანდაზმულს აყენებენ შეურაცხყოფას ან უპატრონოდ ტოვებენ“ (დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი).

წინასწარმეტყველება 7:

„სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში“ (მათე 24:14).

შესრულება: ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღვთის სამეფო არის რეალური მთავრობა, რომელიც ზეციდან მმართველობს და რომელსაც მეფე ქრისტე უდგას სათავეში. ეს ზეციერი სამეფო „ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს [ადამიანთა მმართველობებს], თავად კი მარადიულად იდგება“ (დანიელი 2:44).

ის, თუ რას წარმოადგენს და რას გააკეთებს მომავალში ღვთის სამეფო, იმ ცნობის მთავარ თემას წარმოადგენს, რასაც იეჰოვას მოწმეები ქადაგებენ მთელ მსოფლიოში.

იეჰოვას მოწმეები ქადაგებენ სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ, რითაც სრულდება მათეს 24:14-ში ჩაწერილი სიტყვები

რას ცხადყოფს ფაქტები:

  • მთელ მსოფლიოში 7 მილიონზე მეტი იეჰოვას მოწმე 230-ზე მეტ ქვეყანაში ასწავლის სხვებს ღვთის სამეფოს შესახებ.
  • იეჰოვას მოწმეთა ლიტერატურა, რომელიც დაფუძნებულია ბიბლიაზე, ხელმისაწვდომია 500-ზე მეტ ენაზე, როგორც ბეჭდვითი, ისე ელექტრონული სახით.

ბოლო დღეების ნიშანი და თქვენი მომავალი

ფაქტების გულდასმით გამოკვლევის შემდეგ მილიონობით ადამიანმა დაასკვნა, რომ ბიბლიაში ჩაწერილი ბოლო დღეების ნიშანი ჩვენს დღეებში სრულდება. როგორც ამ რუბრიკის წინა ექვს სტატიაში იყო ნაჩვენები, ისტორია ნამდვილად ადასტურებს ბიბლიური წინასწარმეტყველებების უტყუარობას.

თქვენ ამასთანავე შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ მომავალი ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულებაში. ეს წინასწარმეტყველებები პირადად თქვენც შეგეხებათ, რადგან ღვთის დაპირებისამებრ, ერთ დღესაც „ბოლო დღეები“ უცილობლად დასრულდება. მომდევნო ორ სტატიაში განხილული იქნება, როგორ დასრულდება ბოლო დღეები და ის, თუ რა შესანიშნავი მომავალი ელის დედამიწას და მთელ კაცობრიობას.

^ აბზ. 22 ეპიდემიებისა და სტიქიურ უბედურებათა კვლევითი ცენტრის განმარტებით, დამანგრეველი მიწისძვრა არის სეისმური მოვლენა, რომელსაც თან ახლავს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მაინც: 10 ან მეტი დაღუპული, 100 ან მეტი დაზარალებული, რეგიონი გადადის საგანგებო რეჟიმზე, საჭირო ხდება საერთაშორისო დახმარება.