არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სისხლის გადასხმის ალტერნატიული მეთოდები

სისხლის გადასხმის ალტერნატიული მეთოდები

ორი ათას თერთმეტი წლის 20—22 მაისს მოსკოვში 40 ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები შეიკრიბნენ ევროპის ქვეყნების კარდიოვასკულარული და ენდოვასკულარული ქირურგიის მე-60 საერთაშორისო იუბილეზე. „ექიმებისთვის მსგავსი შეხვედრები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ათლეტებისთვის ოლიმპიური თამაშები“, — აღნიშნა რუსეთის ერთმა ტელეჟურნალისტმა.

კონგრესის სამივე დღეს ექიმების დიდი ყურადღება მიიპყრო საგულდაგულოდ მოწყობილმა ერთმა საინფორმაციო სტენდმა, რომელზეც განთავსებული იყო სისხლის გადასხმის ალტერნატიულ მეთოდებთან დაკავშირებული პუბლიკაციები. ეს სტენდი მოწყობილი იყო იეჰოვას მოწმეების „სამედიცინო მომსახურების საინფორმაციო ცენტრის“ მიერ. ექიმები სიხარულით იღებდნენ ბროშურებს, წიგნებს DVD-მასალებს და სამედიცინო შინაარსის სხვა პუბლიკაციებს. განსაკუთრებული მოთხოვნა იყო DVD-ფილმზე სახელწოდებით „სისხლის გადასხმის ალტერნატიული საშუალებები — მარტივი, უსაფრთხო, ეფექტური“. *

იეჰოვას მოწმეების „სამედიცინო მომსახურების საინფორმაციო ცენტრის“ მიერ მოწყობილი სტენდი, საიდანაც ექიმებმა ასობით ბროშურა, წიგნი, DVD-მასალა და სხვა სამედიცინო პუბლიკაცია აიღეს

 მრავალი ექიმი, რომელიც მოწმეებს გაესაუბრა, ეთანხმებოდა იმ აზრს, რომ ქირურგიული ოპერაციების დროს აუცილებელია სისხლის დაზოგვა. ერთმა იტალიელმა კარდიოქირურგმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ კარგად იცნობდა იეჰოვას მოწმეებს და, რომ დაახლოებით 70 მოწმეს უსისხლოდ გაუკეთა გულის ოპერაცია, თანაც საკმაოდ წარმატებით. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ თავის კლინიკაში უსისხლო ქირურგია სავსებით მიღებული მეთოდი იყო. „ბერლინის გულის ინსტიტუტის“ (Deutsches Herzzentrum Berlin) პროფესორმა DVD-ის ერთი ეგზემპლარი თავისთვის აიღო, ერთი კი თავისი კოლეგისთვის. მან აუდიტორიას უთხრა, რომ არც ისე დიდი ხნის წინ უსისხლო ოპერაცია გაუკეთა ჩვილ ბავშვს, რომელიც 2,5 კილოგრამს იწონიდა და, რომ მის კლინიკაში გულის ამგვარი ოპერაციები უფრო პატარა ბავშვებზეც კეთდება.

ეფექტური სამედიცინო და ქირურგიული მეთოდების, აპარატურისა და პრეპარატების გამოყენებით წარმატებით ტარდება უსისხლო ოპერაციები

მოსკოვში ჩატარებული კონგრესიდან ერთ თვეში სხვადასხვა ქვეყნის ექიმები შეიკრიბნენ „ჩრდილო-დასავლეთის რეგიონის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგების ბელომორსკის მეოთხე სიმპოზიუმზე“, რომელიც ქალაქ არხანგელსკში ჩატარდა. იეჰოვას მოწმეების სტენდმა აქაც დიდი ყურადღება მიიპყრო. მათ მიერ წარმოდგენილი მასალების გაცნობის შემდეგ ერთმა ექიმმა სანკტ-პეტერბურგიდან აღნიშნა: „ეს სწორედ ის არის, რაც გვჭირდება!“ მან სინანული გამოთქვა იმის თაობაზე, რომ მის კლინიკაში ზოგიერთი მისი კოლეგა კვლავაც მიჰყვება ძველებურ ტრადიციას და სისხლს უსხამს პაციენტებს, რომლებიც დამწვრობაზე მკურნალობენ. „თქვენ მიერ წარმოდგენილი მასალა უაღრესად სასარგებლო იქნება სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილ იმ კონფერენციაზე დამსწრეთათვის, რომელიც ეძღვნება დამწვრობამიღებულ პაციენტთა მკურნალობას“, — აღფრთოვანებით დასძინა მან.

მსოფლიოში უფრო და უფრო მეტი ექიმი მიესალმება უსისხლო ქირურგიას და ზოგადად უსისხლო მკურნალობას. დრო აჩვენებს, იქცევა თუ არა მკურნალობის ეს მეთოდი უნივერსალურ სტანდარტად მედიცინაში.

^ აბზ. 3 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.