არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

განკითხვის დღე — შესაძლოა ის არ აღმოჩნდეს, რაც თქვენ გგონიათ

განკითხვის დღე — შესაძლოა ის არ აღმოჩნდეს, რაც თქვენ გგონიათ

გარდა იმისა, რომ განკითხვის დღესთან დაკავშირებული ყველა თეორია და მოსაზრება პესიმიზმითაა გაჟღენთილი, მათ კიდევ სხვა სამი რამ აერთიანებთ: 1) ყველა მათგანი ადამიანთა ვარაუდებს ეფუძნება, ადამიანს კი ვიცით, რომ არ ძალუძს მომავლის ზუსტად განჭვრეტა. 2) ამ თეორიების თანახმად, ადამიანის გადარჩენა, თუკი ეს საერთოდ იქნება შესაძლებელი, შემთხვევითობაზე იქნება დამოკიდებული. 3) გადარჩენილებს დიდი ბრძოლა მოუწევთ არსებობისთვის.

ამის საპირისპიროდ, ბიბლია მომავალთან დაკავშირებით გაცილებით გონივრულ და სრულ სურათს გვისახავს. ბიბლიიდან ვიგებთ იმას, რომ წინ უდიდესი ცვლილებებია მოსალოდნელი. გადარჩენით კი გადარჩება ყველა, ვინც ღვთის ნებას შეასრულებს. ბიბლია არ წინასწარმეტყველებს იმას, რომ დედამიწაზე მოხდება დიდი აფეთქება და გადაიბუგება მთელი პლანეტა. არც იმას ამბობს, რომ დედამიწა გაიყინება და ყინულის ერთ დიდ ბურთად იქცევა. სინამდვილეში, ჩვენი პლანეტა უზარმაზარ სამოთხის ბაღად უნდა გადაიქცეს.

სამწუხაროდ, ბევრს უჭირს ამ ბიბლიური წინასწარმეტყველების დაჯერება. სკეპტიკოსები თვლიან, რომ ბიბლიური სწავლებები დიდ გასაჭირთან, არმაგედონთან, ქრისტეს ათასწლიან მმართველობასთან და სამოთხესთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ფანტაზიაა და მეტი არაფერი. ამ თემებზე თეოლოგებს შორის გაუთავებელი დისკუსია და დებატები მიმდინარეობს. ხშირ შემთხვევაში მათი მოსაზრებები არ ემთხვევა ერთმანეთს. ქვეყნიერების აღსასრულის დროებსა და ვადებზე საუბრისას სწავლული ბრიუს რობინსონი ამბობს: „ქრისტიანულ რელიგიებში არც ერთ სხვა სწავლებასთან დაკავშირებით არ დაწერილა იმდენი ბუნდოვანი და გაუგებარი ნაშრომი, რამდენიც ამ თემაზე“. შედეგიც ლოგიკურია — ხალხი დაბნეულობაშია.

 თუმცა წმინდა წერილებში ყველაფერი გასაგებად და მარტივადაა გადმოცემული. ბიბლია ღვთის ცნობაა და ღმერთს არ სურს, რომ მომავალი დაბნეულობას იწვევდეს ჩვენში. მოდი, დავსვათ საზოგადოებისთვის აქტუალური კითხვები და პასუხები ბიბლიიდან გავცეთ. თუ გსურთ, მეტი გაიგოთ ამ საკითხზე, შეუკვეთეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“.

განადგურდება დედამიწა და საერთოდ კაცობრიობა?

„მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29).

დაიღუპება ვინმე?

„მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და უმწიკვლოები დარჩებიან მასზე, ხოლო ბოროტები მოისპობიან დედამიწიდან და ვერაგები აღმოიფხვრებიან მისგან“ (იგავები 2:21, 22).

წარსულში თუ გამოუტანია ღმერთს განაჩენი უღვთო ადამიანებისთვის?

ღმერთმა „არ დაინდო ძველი ქვეყნიერება, სიმართლის მქადაგებელი ნოე და კიდევ შვიდი კაცი გადაარჩინა, როცა უღვთოთა ქვეყნიერებას წარღვნა დაატეხა თავს, მსჯავრი დასდო სოდომსა და გომორას, ფერფლად აქცია და ამით აჩვენა უღვთოებს, რა მოუვათ მომავალში“ (2 პეტრე 2:5, 6).

შეგვიძლია ზუსტად გავიგოთ დღე და საათი, როდის დადგება ღვთის სასამართლო დღე?

„იმ დღესა და საათზე მამის გარდა არავინ იცის: არც ზეციერმა ანგელოზებმა და არც ძემ. როგორც ნოეს დროს იყო, ისევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება. როგორც წარღვნის წინა პერიოდში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა და არაფერი ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა, ასევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება“ (მათე 24:36—39).

არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ აღსასრული ახლოსაა?

„იცოდე, რომ ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები, მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება, იქნებიან ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა. ისინი გარეგნულად ღვთის ერთგულები არიან, მაგრამ ღვთისადმი ერთგულება გავლენას არ ახდენს მათზე“ (2 ტიმოთე 3:1—5).

რა მომავალი ელის კაცობრიობას?

ღმერთი „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:4).

მართალია, ბიბლია ყველაფერს დაწვრილებით არ გვიმხელს მომავალთან დაკავშირებით, მაგრამ იმაში ნამდვილად გვარწმუნებს, რომ კაცობრიობა არ არის უიმედო მდგომარეობაში. წინ იმდენად დიდებული მომავალი გველის, რომ წარმოდგენაც კი შეუძლებელია. ეჭვი ნუ შეგეპარებათ ამაში და გჯეროდეთ, რომ ღმერთს შესწევს ძალა, შეასრულოს თავისი დანაპირები.

ღმერთი „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან“