ძალადობა მიყვარდა
ძალადობა მიყვარდა
მოგვითხრო სალვადორ გარსამ
ახალგაზრდობაში ძალიან თავშეუკავებელი ვიყავი, ზედმეტ სიტყვას არავის ვარჩენდი, სულ ვჩხუბობდი. ჩვენს მხარეში მცხოვრებმა ერთმა ცნობილმა მოკრივემ შეამჩნია ჩემში ასეთი აგრესიული თვისებები, თავისთან წამიყვანა და კრივში მავარჯიშებდა. ცოტა ხანში უკვე მთელ შეერთებულ შტატებში დავდიოდი შეჯიბრებებზე, როგორც პროფესიონალი მოკრივე. მოგვიანებით, ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების მეთაურმა პირად მცველად ამიყვანა.
გავიდა დრო, დავქორწინდი და ექვსი შვილის მამა გავხდი, თუმცა ვერც ამან შემცვალა. იმ პერიოდში ღამის კლუბის მეპატრონე ვიყავი. ისეთი ცხოვრებით ვცხოვრობდი, რომ რამდენჯერმე სცადეს ჩემი მოკვლა; თუმცა არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ, ცოტა არ იყოს, მსიამოვნებდა ასეთი ცხოვრება. ერთხელ ჩხუბის დროს ცეცხლსასროლი იარაღით ორი კაცი მძიმედ დავჭერი. რამდენიმე თანამზრახველთან ერთად ცნობილი პოლიტიკოსის გატაცებასაც ვგეგმავდი; მაგრამ საიდანღაც პოლიციამ შეიტყო ჩვენი გეგმის შესახებ და ცხელ კვალზე ამიყვანეს. მოგვიანებით, დანარჩენების აყვანისას, ჩემი ყველა მეგობარი ადგილზევე დახოცეს. მე მხოლოდ იმის წყალობით გადავრჩი, რომ იმ დროს უკვე ციხეში ვიჯექი.
წლების შემდეგ გამოვედი ციხიდან და მუშაობა დავიწყე. ერთხელ, როცა სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი, საშინელი თავის ტკივილი ვიგრძენი. ისე ცუდად გავხდი, რომ ლოცვა დავიწყე. ჩემი ცოლისგან, დოლორესისგან ვიცოდი, რომ ღმერთს იეჰოვა ერქვა (ფსალმუნი 83:18). ამიტომ ლოცვით პირდაპირ იეჰოვას მივმართე. დოლორესი იმ დროს იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობდა.
ერთხელ დოლორესმა მთხოვა, რომ იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზში კრებას მასთან ერთად დავსწრებოდი. თქვენ წარმოიდგინეთ, ამატირა იმ დიდმა სიკეთემ და გულწრფელმა ინტერესმა, რაც იქ გამოავლინა ხალხმა ჩემ მიმართ. დავიწყე ბიბლიის შესწავლა და ბევრ რამეზე შეხედულება შემეცვალა. ვსწავლობდი ბიბლიას და თან ძალიან მომწონდა ეს ყველაფერი.
ვცდილობდი ხასიათის შეცვლას, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ცოტა მიჭირდა. ერთხელ, როდესაც მე და ჩემი მეგობარი ანტონიო კარდაკარ ვქადაგებდით, ერთმა კაცმა ლანძღვა დაგვიწყო. თავი ვეღარ შევიკავე და მისკენ გავიწიე; მაგრამ ანტონიომ შემაჩერა. როცა წამოვედით, ანტონიომ რბილად გამიმახვილა ყურადღება იესოს მოთმინებაზე, მითხრა, რომ ის ბევრად უარეს დაცინვას და შეურაცხყოფას ითმენდა. მომიყვანა იესოს ახლო მეგობრის, მოციქულ პეტრეს სიტყვები, რომელიც იესოზე წერდა: „როცა ლანძღავდნენ, ლანძღვით არ პასუხობდა“ (1 პეტრე 2:23). ამ სიტყვებმა ბევრი რამ შეცვალა ჩემში.
უკან ვიხედები და ვფიქრობ იმაზე, თუ როგორი ვიყავი და როგორი გავხდი. მადლობას ვუხდი იეჰოვას, რომ მაძლევდა წმინდა სულს და მეხმარებოდა თავშეკავებისა და სიმშვიდის განვითარებაში (გალატელები 5:22, 23). ჩემს ოჯახში ერთობა და სიხარულია, მთელი ოჯახი მშვიდად და წყნარად ვცხოვრობთ. მე დღეს სრული დროით ვემსახურები იეჰოვას და სხვებს ვეხმარები, იპოვონ ღვთის მშვიდობა.
[სურათი 9 გვერდზე]
ბიბლიის შესწავლამ სალვადორის ცხოვრება მთლიანად შეცვალა