ბიბლია — უტყუარი წინასწარმეტყველებების წიგნი ნაწილი 4
ბიბლია — უტყუარი წინასწარმეტყველებების წიგნი ნაწილი 4
ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ქრისტეს აწამებდნენ და მოკლავდნენ
ჟურნალის „გამოიღვიძეთ!“ ამ რვანაწილიან რუბრიკაში განიხილება ბიბლიის საგულისხმო წინასწარმეტყველებები. თითოეული ნაწილიდან ვიგებთ პასუხს კითხვაზე: უბრალოდ ჭკვიანმა ადამიანებმა დაწერეს ბიბლიური წინასწარმეტყველებები თუ ღმერთი დგას ამ უდიდესი სიბრძნის მიღმა? მოდი, განვაგრძოთ და ერთად მიმოვიხილოთ ფაქტები.
ორი ათასი წლის წინათ, დედამიწაზე ყოფნისას იესო ქრისტემ იცოდა, რომ მტრების ხელით მტანჯველი სიკვდილი ელოდა. მან ეს ებრაული წერილებიდან იგივე „ძველი აღთქმიდან“ იცოდა, რომელშიც უამრავი წინასწარმეტყველება იყო ჩაწერილი მის შესახებ. ამ წინასწარმეტყველებებიდან მრავალი ესაია წინასწარმეტყველის მიერ იყო დაწერილი იესოს დაბადებამდე 700-ზე მეტი წლის წინ. რატომ შეგვიძლია დანამდვილებით იმის თქმა, რომ ესაიას სიტყვები იესოს მოსვლამდე დაიწერა?
1947 წელს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, მკვდარი ზღვის ჩრდილო-დასავლეთით, კუმრანის გამოქვაბულში ერთმა ბედუინმა მწყემსმა უძველესი ხელნაწერები იპოვა. იქვე, ახლომდებარე გამოქვაბულებში, აღმოაჩინეს სხვა ხელნაწერებიც, რომელთაც მთლიანობაში „მკვდარი ზღვის ხელნაწერები“ ეწოდა. ეს ხელნაწერები შეიცავდა ესაიას მთლიანი წიგნის ასლს. * ასლი ქრისტეს შობამდე მეორე საუკუნით თარიღდება. მაშასადამე, ის, რაც ესაიამ დაწერა, წინასწარმეტყველება იყო. რა იწინასწარმეტყველა მან ქრისტეს, ანუ მესიის, ტანჯვაზე? * განვიხილოთ მისი ორი წინასწარმეტყველება.
ნაწინასწარმეტყველები იყო ქრისტეს ტანჯვა
წინასწარმეტყველება 1: „ზურგი მივუშვირე დამრტყმელებს“ (ესაია 50:6). *
შესრულება: ახ. წ. 33 წელს იესო იუდეველმა მტრებმა გასასამართლებლად რომაელ მმართველ პონტიუს პილატეს წარუდგინეს. პილატე მიხვდა, რომ იესო უდანაშაულო იყო და მის გათავისუფლებას ცდილობდა. მაგრამ იუდეველები დაჟინებით ითხოვდნენ იესოს სიკვდილს. ამიტომ „მათი მოთხოვნის შესასრულებლად პილატემ განაჩენი გამოიტანა“ და იესო ბოძზე გასაკრავად გადასცა (ლუკა 23:13—24). მაგრამ მანამდე „პილატემ წაიყვანა იესო და გააშოლტვინა“ (იოანე 19:1). როგორც ესაიამ იწინასწარმეტყველა, იესოს წინააღმდეგობა არ გაუწევია და „ზურგი მიუშვირა დამრტყმელებს“.
რას ამბობს ისტორია
● ისტორია ადასტურებს, რომ რომაელები სასჯელის სისრულეში მოყვანამდე სიკვდილმისჯილს შოლტავდნენ. ერთი ცნობარის თანახმად „გაშოლტვა ხდებოდა მათრახით, რომელსაც რამდენიმე ტყავის წნული ჰქონდა. ამ წნულებში ტყვიისა და ბასრი ლითონის ნაჭრები იყო ჩაწნული. განსასჯელს . . . შოლტს ზურგზე ურტყამდნენ . . . სანამ ხორცი არ დაეფლითებოდა. ზოგი ადგილზევე კვდებოდა“. იესომ გაუძლო თავისი ტანჯვის ამ საშინელ დასაწყისს.
ნაწინასწარმეტყველები იყო იესოს სიკვდილი
წინასწარმეტყველება 2: „სიკვდილს გადასცა თავისი სული“ (ესაია 53:12). * ფსალმუნის 22:16-დან კიდევ უფრო მეტ რამეს ვიგებთ: „ბოროტმოქმედთა კრებული შემომერტყა გარს; ლომივით ეტანებიან ჩემს ხელ-ფეხს“.
შესრულება: „[პილატემ] იესო გააშოლტვინა და ბოძზე გასაკვრელად გადასცა“, — ნათქვამია მარკოზის 15:15-ში. იესოს სასიკვდილო განაჩენი მოიცავდა იმას, რომ ის ბოძზე ხელებით და ფეხებით უნდა მიელურსმნათ (იოანე 20:25). რამდენიმე საათის მერე ბოძზე მიკრულმა „იესომ ხმამაღლა დაიძახა და მოკვდა“ (მარკოზი 15:37).
რას ამბობს ისტორია
● მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნიური წყაროები ბევრს არაფერს ამბობენ იესოს სიკვდილზე, გამოჩენილი რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსი, რომელიც დაახლოებით ახ. წ. 55 წელს დაიბადა, წერს: „ქრისტუსი, ვისგანაც მომდინარეობს ეს სახელი [ქრისტიანი], ტიბერიუსის მმართველობის დროს სიკვდილით დასაჯა ჩვენმა ერთ-ერთმა პროკურატორმა, პონტიუს პილატემ“. * ტაციტუსის სიტყვები სრულად ეთანხმება სახარებებში ჩაწერილს, რომელიც ასევე მოიხსენიებს კეისარ ტიბერიუსს, პონტიუს პილატეს და სხვა ოფიციალურ პირებს (ლუკა 3:1; 23:1—33; იოანე 19:1—24).
ისტორია იმასაც ადასტურებს, რომ რომაელები მონებს და მათ, ვისაც ბოროტმოქმედებად თვლიდნენ, ძელზე აკრავდნენ. ზოგჯერ რომაელები განსასჯელს თოკით აბამდნენ ძელზე, ზოგჯერ კი ლურსმნებით აჭედებდნენ. ერთ-ერთი ცნობარის თანახმად, „ლურსმნებს ხელებსა და ფეხებზე აჭედებდნენ. ასეთ მდგომარეობაში ბოძზე ჩამოკიდებული ადამიანი საშინლად იტანჯებოდა. საშინელ წყურვილსა და აუტანელ ტკივილებს გრძნობდა“.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, იესომ წინასწარ იცოდა, რომ მას საშინელი წამებით მოუწევდა სიკვდილი. როცა მისი სიკვდილი მოახლოვდა, ამ მართლაც მამაცმა ადამიანმა თავის მიმდევრებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ავდივართ იერუსალიმში და კაცის ძე გადაეცემა უფროს მღვდლებსა და მწიგნობრებს. ისინი სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ მას და გადასცემენ უცხოტომელებს, რომ მასხრად აიგდონ, გაშოლტონ და ბოძზე გააკრან“ (მათე 20:18, 19). მაგრამ, რატომ უნდა მომკვდარიყო იესო? ეს საკითხი ყველა ჩვენგანს ეხება და ისეთ შესანიშნავ ცნობას უკავშირდება, რომელზე უკეთესსაც ვერასდროს მოისმენს კაცი.
„ჩვენი დანაშაულისთვის შეიმუსრა“
ჩვენ ყველანი არასრულყოფილები ვართ და ხშირად ვცდებით. ამას ბიბლია ცოდვას უწოდებს. ცოდვა შეიძლება შევადაროთ ქვიშას, რომელიც მოხვდა მანქანის ძრავაში. დროთა განმავლობაში ქვიშა ძრავას მწყობრიდან გამოიყვანს და საბოლოოდ ის შეწყვეტს მუშაობას. მსგავსადვე, ჩვენში არსებული ცოდვა იწვევს სიბერეს, ავადმყოფობას და სიკვდილს. რომაელების 6:23-ში ვკითხულობთ: „ცოდვის საზღაური სიკვდილია“. მაგრამ, ქრისტეს სიკვდილმა შესაძლებლობა მოგვცა ამ საშინელი მდგომარეობიდან დაგვეღწია თავი. როგორ? ესაიას კიდევ ერთ საოცარ წინასწარმეტყველებაში ქრისტეს სიკვდილთან დაკავშირებით წერია, რომ ის „ჩვენი ცოდვებისთვის განიგმირა“ და „ჩვენი დანაშაულისთვის შეიმუსრა“, და რომ „მისმა ჭრილობებმა განგვკურნა“ * (ესაია 53:5).
ესაიას წინასწარმეტყველება შეგვახსენებს იესოს სიტყვებს, რომელიც ჩაწერილია იოანეს 3:16-ში: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“.
როგორ შეგვიძლია იესოსადმი რწმენის განვითარება? მეტი უნდა გავიგოთ მის შესახებ. იესომ ლოცვაში თქვა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). ამ ფასდაუდებელი ცოდნის მიღება ბიბლიიდანაა შესაძლებელი (2 ტიმოთე 3:16).
ყოველივე ამის მერე ვხვდებით, რატომ სურს იესოს, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს მარადიული სიცოცხლე. მან სიკვდილამდე მნიშვნელოვანი რამ იწინასწარმეტყველა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ [ღვთის ხელისუფლების შესახებ, რომელიც რეალობად აქცევს იმ კურთხევებს, რაც ქრისტეს მსხვერპლით გახდა შესაძლებელი] იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად (მათე 24:14). ამ რუბრიკის მომდევნო ორ ნაწილში ვნახავთ, რა ზუსტად სრულდება ეს წინასწარმეტყველება.
[სქოლიოები]
^ აბზ. 5 ესაიას წიგნს თავიდან ბოლომდე მხოლოდ ერთი მთლიანი ხელნაწერი შეიცავს. დანარჩენი ხელნაწერები კი ფრაგმენტებია.
^ აბზ. 5 ბიბლიაში სხვა წინასწარმეტყველებებიც არის მოცემული, რომლებიც გვეხმარება მესიის ამოცნობაში. ამასთან დაკავშირებით იხილეთ 2012 წლის ივლისის „გამოიღვიძეთ!“.
^ აბზ. 7 კონტექსტიდან ვიგებთ, რომ აქ ქრისტეზეა საუბარი. მაგალითად, მე-8 მუხლში წერია: „ახლოსაა ის [ღმერთი], ვინც მართლად მაღიარებს [მე, იესო ქრისტეს]“. მხოლოდ იესო იყო დედამიწაზე ღვთის თვალში მართალი ანუ უცოდველი (რომაელები 3:23; 1 პეტრე 2:21, 22).
^ აბზ. 12 ესაიას 52:13—53:12 მესიასთან დაკავშირებულ მრავალ წინასწარმეტყველურ დეტალს შეიცავს. მაგალითად, ესაიას 53:7-ში წერია: „ისე წაიყვანეს, როგორც ცხვარი მიჰყავთ დასაკლავად . . . არ დაუძრავს სიტყვა“. მე-10 მუხლი ამბობს, რომ მან „გამოსასყიდ შესაწირავად“ გაიღო თავისი სული.
^ აბზ. 15 სხვა უძველესი წყაროებიც მოიხსენიებს ქრისტეს. მათ შორის ცნობილი რომაელი ისტორიკოსი სვეტონიუსი (1-ლი საუკუნე); ბითინიის გამგებელი პლინიუს უმცროსი (მე-2 საუკუნის დასაწყისი) და იუდეველი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი (1-ლი საუკუნე), რომელიც მოიხსენიებს „იაკობს, ქრისტედ წოდებულ იესოს ძმას“.
^ აბზ. 19 იესოს „ცოდვა არ ჩაუდენია“, ამიტომ ის არ უნდა მომკვდარიყო (1 პეტრე 2:22). მაგრამ ის ჩვენთვის მოკვდა, ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად და სიკვდილის მარწუხებისგან დაგვიხსნა. ამის გამო იესოს სიკვდილს „გამოსასყიდი“ მსხვერპლი ეწოდება (მათე 20:28). ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე www.isa4310.com.
[ჩარჩო⁄სურათი 20 გვერდზე]
ქრისტეს მსხვერპლი გაცილებით მეტის მომასწავებელი იყო
ძველი ისრაელისთვის მიცემულ ღვთის კანონში შედიოდა წესები, რომლებიც იყო ნიმუში ანუ წინაპირობა იმისა, თუ რას გააკეთებდა იესო მომავალში. მაგალითად, როცა ისრაელში ვინმე ცოდვას ჩაიდენდა, ანუ ღმერთს არ დაემორჩილებოდა, მას საღი ცხოველი უნდა შეეწირა ღვთისთვის მსხვერპლად (ლევიანები 17:11; 22:21). შეეძლო ცხოველურ შესაწირავს ცოდვების სრულად გამოსყიდვა? არა (ებრაელები 10:4). მაგრამ ცხოველურმა შესაწირავმა განასახიერა ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი — „ღვთის კრავი, ქვეყნიერების ცოდვის აღმომფხვრელი!“ (იოანე 1:29; ებრაელები 10:1, 5—10). ყველა, ვინც რწმენას გამოავლენს კრავის ანუ იესო ქრისტეს მიმართ, მარადიული სიცოცხლის შესანიშნავი იმედით გაიხარებს (იოანე 6:40).