არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წარმატებული ოჯახები

წარმატებული ოჯახები

წარმატებული ოჯახები

აღარა ვართ უცხოებივით

ფილიპის 20 წლის ქალიშვილს, ელიზს, ძალიან უყვარდა სახლის საქმეების კეთება. მაგრამ რა მოხდა მას შემდეგ, რაც მამამისმა ლუიზა შეირთო ცოლად?

ლუიზა: თავიდან ძალიან გვიჭირდა საერთო ენის გამონახვა. სახლში ყოფნა და საოჯახო საქმეების გაკეთება მეც ძალიან მიყვარს. მინდოდა, მისთვის დამემტკიცებინა, რომ დიასახლისი მე ვიყავი ოჯახში.

ელიზი: ლუიზამ სახლში ყველაფერი შეცვალა და ბევრი ნივთი გადაყარა. ერთხელაც სახლი დავალაგე, მაგრამ ზოგი ნივთი არასწორ ადგილას დავდე, იმიტომ რომ უკვე აღარ ვიცოდი, სად რა დამედო. ამან ლუიზა ჭკუიდან გადაიყვანა, ერთმანეთი კარგად გამოვლანძღეთ და ერთი კვირა ხმას აღარ ვცემდი.

ლუიზა: ელიზს ვუთხარი: „არ ვიცი, ხვალ რა იქნება, მაგრამ ასეთ დაძაბულ გარემოში ცხოვრება არ შემიძლია“. საღამოს ელიზი ჩემთან შემოვიდა და ბოდიში მომიხადა. გადავეხვიე და ორივენი ავტირდით.

ელიზი: ლუიზამ ზოგი ჩემი სურათი არ ჩამოხსნა კედლიდან. არც მამას გაუტანია ჩემი დადგმული ლამპები მისაღები ოთახიდან. შეიძლება ეს წვრილმანებია, მაგრამ ასეთმა საქციელმა მაგრძნობინა, რომ ეს ისევ ჩემი სახლი იყო. ლუიზას მადლობელი კიდევ იმიტომ ვარ, რომ კარგად უვლის ჩემს პატარა ძმას, როცა ის ჩვენთან რჩება. ორი წელი გავიდა, რაც ლუიზა ჩვენთან ცხოვრობს და ახლა მას უკვე ისე ვუყურებ, როგორც ოჯახის სრულუფლებიან წევრს.

ლუიზა: მე და ელიზი აღარ ვართ უცხოებივით. რასაც ჰქვია, კარგი დაქალები გავხდით.

„ერთიანობა უფრო მნიშვნელოვანია“

ანტონი და მერილიზი ექვსი წლის წინ დაქორწინდნენ. იმ დროს ორივეს სამ-სამი შვილი ჰყავდა.

ანტონი: ხშირად გავდივართ ხოლმე ერთად ბუნებაში. ბავშვებისთვის დროს ინდივიდუალურად გამოვყოფთ. რამდენიმე წელი დაგვჭირდა, რომ თავი ისე გვეგრძნო, როგორც ნამდვილ ოჯახში. ბევრ საკითხზე დღემდე ვმუშაობთ.

მერილიზი: ჩვენ გვესმის, რომ არ იქნებოდა კარგი, თუ ასე დავიწყებდით ლაპარაკს: „ჩემი შვილები“ ან „შენი შვილები“. ისინი ხომ „ჩვენი შვილები“ არიან. ერთხელ მომეჩვენა, რომ ანტონმა ჩემი ბიჭი უსამართლოდ დასაჯა, თავისი გოგო კი მანქანაში წინა ადგილზე გამოჭიმა. ამაზე ძალიან გავბრაზდი. მაგრამ მივხვდი, რომ ოჯახის ერთიანობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წინა ადგილზე ჯდომა. ვცდილობთ, სამართლიანები ვიყოთ, თუმცა შეუძლებელია, ყველა ბავშვს ყოველთვის ერთნაირად მოექცე.

თავს ვარიდებ იმ სასიამოვნო წუთებზე ლაპარაკს, რომელიც ჩემს შვილებთან და ყოფილ მეუღლესთან მაქვს გატარებული, რათა ოჯახის დანარჩენმა წევრებმა არ იფიქრონ, წარსულს მისტირისო. ხშირად ვამბობ, რომ ახალ ოჯახში ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ.

„ჯერ ვაქებთ“

ფრანსისი და სესილი 4 წლის წინ შეუღლდნენ. ფრანსისს ერთი მოზარდი ბიჭი ჰყავს, სესილის კი სამი სრულწლოვანი შვილი — ერთი ბიჭი და ორი გოგო.

ფრანსისი: მინდა, რომ ბავშვებმა ჩემთან თავი თავისუფლად იგრძნონ და ადვილად არ ვბრაზდები. ერთად ვჭამთ, თან ვსაუბრობთ. სახლის საქმეებსაც ვინაწილებთ. ეს მთელ ოჯახს გვაერთიანებს.

სესილი: დროს ყველა შვილისთვის ვნახულობ და ვეკითხები, რაიმე პრობლემები ხომ არა აქვთ. თუ შევამჩნიე, რომ მოწყენილები არიან, ჩამოვუჯდები ხოლმე და ველაპარაკები. მე და ჩემი მეუღლე ჯერ ვაქებთ შვილებს და მერე ვაძლევთ მითითებებს. მეც, როცა შეცდომას ვუშვებ, გულწრფელად ვაღიარებ მათ წინაშე და ბოდიშს ვიხდი.

არც ერთი იყო მამა და არც მეორე დედა

იუკის, რომელიც დღეს 20 წლისაა, მამა 5 წლის მერე აღარ უნახავს. მოგვიანებით დედამისი ტომონორიზე დაქორწინდა. სამწუხაროდ, როცა იუკი 10 წლისა იყო, დედა მოუკვდა. მისმა მამინაცვალმა ხუთი წლის შემდეგ მიჰოკო მოიყვანა ცოლად. საბრალო იუკი მამინაცვლისა და დედინაცვლის ამარა დარჩა.

იუკი: როცა მამინაცვალმა ცოლის მოყვანა გადაწყვიტა, ვთქვი, რომ დედინაცვალი არ მჭირდებოდა. ისედაც ბევრ რამესთან მომიწია შეგუება და სიახლეები აღარ მინდოდა. ამიტომ დედინაცვალი დედად არ მივიღე და ცივად ვექცეოდი.

მიჰოკო: ჩემს ქმარს უყვარდა თავისი გერი, მაგრამ მე ამას არ მაიძულებდა. მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე, იუკისთან კარგი ურთიერთობა მქონოდა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით, რომ მისი დღის რეჟიმი არ დაგვერღვია, იქნებოდა ეს სულიერი საქმეები, დასვენება თუ ყოველ საღამოს ერთად ვახშმობა, რომელსაც სასიამოვნო საუბრებიც მოჰყვებოდა ხოლმე. ერთხელ ბევრი ვისაუბრეთ დედამისზე და შევატყვე, რომ ამ საუბრის მერე უფრო კარგად ვუგებდი იუკის.

როცა დავორსულდი, იუკის მაინც დიდ ყურადღებას ვაქცევდით. არ გვინდოდა, მომავლის შიში ჰქონოდა და თავი გარიყულად ეგრძნო. ბავშვი რომ შეგვეძინა, იუკის ვთხოვდით ხოლმე, რომ პატარა ძამიკოსთვის ეჭმია, დაებანა და საფენები გამოეცვალა, მერე კი სხვების თანდასწრებით ვაქებდით. პატარა იცუკი ძალიან მიეჩვია იუკის. სანამ „მამას“ ან „დედას“ იტყოდა, „ნინის“ ამბობდა, რაც „დიდ ძმას“ ნიშნავს.

იუკი: ბუნებრივია, რომ გერმა თავი მიტოვებულად და გარიყულად იგრძნოს. შეიძლება ესაუბრო სხვებს შენი მდგომარეობის შესახებ, მაგრამ ვერ გაგიგონ. მინდა გითხრათ, რომ თანაქრისტიანებმა დიდი დახმარება გამიწიეს. უარყოფითი გრძნობები, რაც წარსულში დედინაცვლის მიმართ მქონდა, უკვე გამიქრა. ხშირად ვსაუბრობთ და კარგ რჩევებსაც მაძლევს. შემიძლია თამამად ვესაუბრო ბევრ რამეზე.

[ჩანართი 9 გვერდზე]

მოითმინეთ! მამინაცვალთანაც და დედინაცვალთანაც შეიძლება ბედნიერად ცხოვრება