არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ უნდა შევაქოთ სხვები?

რატომ უნდა შევაქოთ სხვები?

ბიბლიის თვალსაზრისი

რატომ უნდა შევაქოთ სხვები?

ბევრი ფიქრობს, რომ მათი შრომა შეუმჩნეველი რჩება. მაგალითად, ხშირად მუშა-მოსამსახურეებს ისეთი გრძნობა ეუფლებათ, რომ უფროსები არ აფასებენ. ბევრი დაქორწინებული თვლის, რომ მეუღლისთვის დიდს არაფერს წარმოადგენს. ზოგი ბავშვი კი ფიქრობს, რომ მშობლების მოლოდინს ვერასდროს გაამართლებს. სიმართლე რომ ვთქვათ, ასეთი გრძნობები არავის დაეუფლება, თუ დროდადრო ერთმანეთისთვის საქებარ სიტყვებს არ დავიშურებთ.

დღევანდელ ქვეყნიერებაში იშვიათად თუ მოისმენთ გულწრფელად ნათქვამ შექების სიტყვებს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ბიბლიაში ასეთი წინასწარმეტყველებაა ჩაწერილი: „ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარუ ლები  . . .  უმადურები, ორგულები“ (2 ტიმოთე 3:1, 2).

შეუქიხართ ვინმეს გულწრფელად? მაშ, გეცოდინებათ, როგორ ახარებს შექება გულს და რამხელა სტიმულს აძლევს ადამიანს. „რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!“, — ვკითხულობთ ბიბლიაში (იგავები 15:23). წმინდა წერილებში ჩაწერილი რჩევები გვეხმარება, ერთმანეთს კეთილად მოვექცეთ.

კარგი ეძებეთ სხვებში

ღმერთი დიდად არის დაინტერესებული ჩვენით. ამიტომ ის ამჩნევს ჩვენს კარგ თვისებებსა თუ საქმეებს და აფასებს. ღვთის სიტყვა გვარწმუნებს: „იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან“ (2 მატიანე 16:9). როდესაც ვემორჩილებით ღვთის კანონებს, ვამტკიცებთ, რომ გვიყვარს ღმერთი. ამ დროს შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მისთვის შეუმჩნეველნი არ დავრჩებით.

იეჰოვა ღმერთი ჩვენში ნაკლს არ ეძებს. ასე რომ იყოს, ვერავინ გავმართლდებოდით მის თვალში (ფსალმუნი 130:3). იეჰოვა ჰგავს ძვირფასი ქვების მაძიებელს, რომელიც ქვების გროვაში მოთმინებით ეძებს ძვირფას ქვებს და როცა იპოვის, უსაზღვროდ ხარობს. ერთი შეხედვით, დაუმუშავებელი ქვა სულაც არა ჰგავს ძვირფასს, მაგრამ ქვების ექსპერტმა იცის მისი ფასი. მსგავსადვე, როცა იეჰოვა ჩვენს გულებს იკვლევს, ნაკლოვანებებს კი არა, ძვირფას თვისებებს ეძებს და როცა პოულობს, დიდად ხარობს. ღმერთმა იცის, რომ ამ თვისებების დახვეწა ნამდვილ „ბრილიანტებად“ — მის ერთგულ თაყვანისმცემლებად გვაქცევს.

ჩვენც შეგვიძლია მივბაძოთ ღმერთს. ადამიანი მიდრეკილია, ყურადღება სხვების ცუდ თვისებებზე გაამახვილოს. მაგრამ, თუ სხვებს იეჰოვას თვალით შევხედავთ, მათ კარგ თვისებებს ნამდვილად შევამჩნევთ (ფსალმუნი 103:8—11, 17, 18). ეს კი შექების შესანიშნავ შესაძლებლობას მოგვცემს. ჩვენი სიტყვები ადამიანს გულზე მალამოდ დაედება და უფრო მეტად შეეცდება, აკეთოს ის, რაც სწორია. ჩვენ კი საკუთარ თავზე გამოვცდით გაცემით მიღებულ სიამოვნებას (საქმეები 20:35).

დააფასეთ მათი კარგი საქმეები

იესო ამჩნევდა სხვების კარგ საქმეებს და საქებარ სიტყვებსაც არ იშურებდა. ერთხელ ერთი ავადმყოფი ქალი კანკალით მიუახლოვდა მას და ტანსაცმელზე ჩუმად შეეხო, რათა განკურნებულიყო. იესომ შეაქო ის: „შვილო, შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელა“ (მარკოზი 5:34).

სხვა დროს, როცა იერუსალიმის ტაძარში ასწავლიდა, იესომ დაინახა, როგორ ყრიდნენ ფულს მდიდრები ფულის ჩასაყრელში. შეამჩნია გაჭირვებული ქვრივიც, რომელმაც „ორი პატარა მონეტა ჩააგდო“. ამ ქალთან შედარებით სხვებმა გაცილებით ბევრი გაიღეს; მაგრამ იესომ ყველას წინაშე შეაქო ქვრივი: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო. ყველამ ის გაიღო ძღვნად, რაც ზედმეტი ჰქონდა, ის კი სიდუხჭირეში ცხოვრობს, მაგრამ ყველაფერი ჩაყარა, რაც კი თავის სარჩენად გააჩნდა“ (ლუკა 21:1—4).

როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს? ბიბლიაში ვკითხულობთ: „ნუ დაუკავებ სიკეთეს მას, ვინც ამას იმსახურებს, როცა შენს ხელს ამის ძალა შესწევს“ (იგავები 3:27).

დიდებული რამაა შექება!

ამ უმადურ ქვეყნიერებაში ყველას გვინდა, რომ გვაფასებდნენ და ვუყვარდეთ. როცა ვინმეს გულწრფელად ვაქებთ, ვამხნევებთ მას და აღვძრავთ, თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოს (იგავები 31:28, 29).

ბიბლია ყველა ქრისტიანს მოუწოდებს: „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის“ (ებრაელები 10:24). მსოფლიო სულ სხვანაირი იქნებოდა, ადამიანები რომ ერთმანეთის მიმართ გულწრფელ ინტერესს ავლენდნენ, მათში ძვირფას თვისებებს ეძებდნენ და აფასებდნენ მათ კარგ საქმეებს. ხომ მართლა დიდებული რამაა შექება?!

გიფიქრიათ?

● რატომ უნდა შევაქოთ სხვები კარგი საქმეებისთვის? (იგავები 15:23)

● რას ეძებს იეჰოვა ჩვენში? (2 მატიანე 16:9)

● რისთვის შეგვიძლია შევაქოთ სხვები? (იგავები 3:27)

[სურათი 29 გვერდზე]

ამჩნევთ სხვების კარგ საქმეებს და აქებთ მათ?