ღმერთთან დამეგობრება არასოდესაა გვიან
ღმერთთან დამეგობრება არასოდესაა გვიან
მოგვითხრო ოლავი მატილამ
„გიფიქრიათ იმაზე, შეიძლება თუ არა ღვთის გაცნობა?“, — ეს კითხვა დამისვა ერთხელ ერთმა იეჰოვას მოწმემ. ცოტა არ იყოს, ჩავფიქრდი. იმ დროს 80 წელს ვიყავი გადაცილებული; საკმაოდ ბევრ გამოჩენილ ადამიანს ვიცნობდი, მათ შორის ბევრ პოლიტიკურ ლიდერს. მაგრამ შემეძლო კი ცხოვრების ასეთ ასაკში გამეცნო ღმერთი და გავმხდარიყავი ღვთის მეგობარი?
დავიბადე 1918 წლის ოქტომბერში ფინეთში, ჰიუვინკაში. ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, რომ ფერმაში ათასნაირ საქმეს ვაკეთებდი. გვყავდა საქონელი, ცხენები, წიწილები და ბატები. პატარაობიდანვე ვისწავლე შრომა და გარჯა და მეამაყებოდა კიდეც, რასაც ვაკეთებდი.
მშობლები სულ იმას ჩამაგონებდნენ, რომ განათლებისთვის დიდი ყურადღება დამეთმო და ბევრი მესწავლა. მეც, როცა გავიზარდე, დავტოვე სახლი და კოლეჯს მივაშურე. სწავლასთან ერთად სპორტსაც მივდევდი. იმ პერიოდში გავიცანი ფინეთის ათლეტიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ურჰო კეკონენი. ნამდვილად არ ვიცოდი, თუ ის ფინეთის პრემიერ-მინისტრი და მოგვიანებით ქვეყნის პრეზიდენტი გახდებოდა. კეკონენი 30 წლის განმავლობაში მართავდა ფინეთს. ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ ის საკმაოდ დიდ როლს ითამაშებდა ჩემს ცხოვრებაში.
სახელი და ძალაუფლება
1939 წელს ფინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის საომარი მოქმედებები გაჩაღდა. ამავე წლის ნოემბერში ჯარში გამიწვიეს. თავიდან სამხედრო მწვრთნელად ვმუშაობდი, მერე ტყვიამფრქვევის ოცეულის მეთაურად დამნიშნეს. ბრძოლა კარელიის რეგიონში მიმდინარეობდა, რომელიც ფინეთისა და საბჭოთა კავშირის საზღვარზე მდებარეობს. 1941 წლის ზაფხულში ქალაქ ვიბორგთან ახლოს დავიჭერი საარტილერიო ჭურვის აფეთქების დროს და სამხედრო ჰოსპიტალში გადამიყვანეს. საკმაოდ მძიმედ ვიყავი დაჭრილი და ბრძოლა ვეღარ გავაგრძელე.
1944 წლის სექტემბერში დავასრულე ჯარში მსახურება და კოლეჯში დავბრუნდი. სწავლასთან ერთად სპორტული ცხოვრებაც გავაგრძელე. 3-ჯერ გავხდი ეროვნული ჩემპიონი, 2-ჯერ სირბილში და ერთხელ ხტომაში. დიპლომები მაქვს აღებული ტექნოლოგიისა და ეკონომიკის დარგში.
ამასობაში ურჰო კეკონენი პოლიტიკაში საკმაოდ გავლენიანი ფიგურა გახდა. 1952 წელს მისი პრემიერ-მინისტრად ყოფნის დროს ჩინეთში ფინეთის დიპლომატიური წარმომადგენლის თანამდებობა შემომთავაზა. იქ შეხვედრები მქონდა მთავრობის წარმომადგენლებთან, მათ შორის ჩინეთის ლიდერთან, მაო ძედუნთან. თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება, ვისაც ჩინეთში შევხვდი, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდა თანამშრომელი ქალი ანიკი აღმოჩნდა. 1956 წლის ნოემბერში მე და ანიკი დავქორწინდით.
მომდევნო წელს არგენტინაში ფინეთის საელჩოში გადამიყვანეს. არგენტინაში ორი ვაჟი შეგვეძინა. 1960 წლის იანვარში დავბრუნდით ფინეთში. მალე კიდევ ერთი გოგონა გვეყოლა.
მაღალ თანამდებობებზე
მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვიყავი, 1963 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა კეკონენმა საგარეო ვაჭრობის მინისტრის პოსტი შემომთავაზა. შემდეგი 12 წლის განმავლობაში ექვს მინისტრთა კაბინეტში ვმუშაობდი; ორჯერ ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი. მთელი გულით მჯეროდა, რომ მსოფლიო პრობლემების მოგვარება შესაძლებელი იყო ადამიანთა ძალითა და მონდომებით. მაგრამ ძალიან მალე მივხვდი, რომ ადამიანი ძალაუფლების უდიდესი მოყვარული ყოფილა. თავად გავხდი შურისა და უნდობლობის შედეგების მოწმე (ეკლესიასტე 8:9).
ბევრი იყო ისეთიც, რომელთაც მართლა მთელი გულით უნდოდათ ყველაფრის კარგისკენ შეცვლა. თუმცა, საბოლოოდ, საუკეთესო მოტივების მქონე ადამიანებიც კი ვერ აღწევდნენ სრულად თავიანთ მიზნებს.
1975 წლის ზაფხულში ჰელსინკი მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. ქალაქს 35 ქვეყნის პირველი პირი ეწვია ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციაზე დასასწრებად. იმ პერიოდში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და კეკონენის პირველი მრჩეველი ვიყავი. ამ კონფერენციის ორგანიზება მე დამევალა და, შესაბამისად, ქვეყნის ყველა პირთან შეხვედრებიც მომიწია.
ის რამდენიმე დღე ჩემი დიპლომატიური უნარის დიდი გამოცდა იყო. დამსწრეები ისეთ ელემენტარულ საკითხშიც კი ვერ თანხმდებოდნენ, თუ ვინ ვისთან დამჯდარიყო, სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამ ყველაფრის მიუხედავად, ვფიქრობდი, რომ კონფერენცია, რომლის განრიგშიც შეხვედრების მთელი სერია იყო გათვალისწინებული, გარკვეულ წვლილს შეიტანდა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში; მჯეროდა ისიც, რომ ამ კონფერენციის შემდეგ მმართველ ძალებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დათბებოდა.
სულიერი შიმშილის შეგრძნება
1983 წელს პენსიაზე გავედი და საცხოვრებლად საფრანგეთში გადავედი. იმ დროს ჩემი გოგონაც იქ ცხოვრობდა. 1994 წლის ნოემბერში ანიკის მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. იმავე წელს საინვესტიციო გეგმაში ყალბი საბუთების გამო დამაკავეს. მთელი ჩემი ცხოვრება სულ იმას ვწვალობდი და სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ როგორმე კარგი სახელი შემენარჩუნებინა. მაგრამ ერთმა შეცდომამ დიდი ლაქა დააჩნია ჩემს წვალებით ნაშენ რეპუტაციას.
არაერთხელ შევხვედრივარ იეჰოვას მოწმეებს მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე. კი მსიამოვნებდა მათი სტუმრობა და ჟურნალებსაც კი ვიღებდი, მაგრამ ძალიან დაკავებული ვიყავი და დრო არ მქონდა სულიერი საკითხებისთვის. 2000 წლისთვის ჯერ ისევ ჩემს მეუღლეს ვუვლიდი, რომელიც ასეთ მძიმე დაავადებას ებრძოდა. 2002 წელს, სექტემბრის ერთ მშვენიერ დღეს, ჩემს კარზე ერთმა იეჰოვას მოწმემ დააკაკუნა. მან ის კითხვა დამისვა, სტატიის დასაწყისში რომ გითხარით. გამიკვირდა: „შეიძლება ადამიანმა მართლა გაიგოს ჭეშმარიტება ღმერთზე?“ „რამდენად რეალურია ღმერთთან მეგობრობა?“. სადღაც ამოვქექე ჩემი კარგა ხნის მივიწყებული
ბიბლია და იეჰოვას მოწმეებთან სისტემატურად დავიწყე მსჯელობა ბიბლიურ თემებზე.2004 წლის ივნისში ჩემი უძვირფასესი მეუღლე დაიღუპა და დავრჩი მარტო. ამ მძიმე წუთებში შვილები გვერდში მედგნენ და მაქსიმალურად მეხმარებოდნენ ტკივილის ატანაში. ჯერ კიდევ მაწუხებდა კითხვა გარდაცვლილებთან დაკავშირებით; მაინტერესებდა, რა ემართებოდა ადამიანს სიკვდილის შემდეგ. ორ ლუთერან მღვდელს ვესაუბრე ამაზე და მარტივი პასუხიც მივიღე: „ოო, ეგ ძალიან რთული შეკითხვებია“. ეს პასუხი არ იყო ჩემთვის დამაკმაყოფილებელი. აი, მაშინ ვიგრძენი ყველაზე მეტად სულიერი შიმშილი.
იეჰოვას მოწმეების დახმარებით უფრო და უფრო მეტ ცოდნას ვიძენდი ღვთის შესახებ. ასეთი ცოდნა მართლა ძალიან მწყუროდა. გავიგე, რომ მკვდრები უგრძნობ და უგონო მდგომარეობაში არიან. ისიც გავიგე, რომ ჩვენი გარდაცვლილი ახლობლები ისევ ჩვეულებრივ ადამიანებად დაბრუნდებიან დედამიწაზე და გააგრძელებენ სიცოცხლეს (იოანე 11:25). ეს იმედი უდიდესი ნუგეში აღმოჩნდა ჩემთვის.
მალე ბიბლია თავიდან ბოლომდე წავიკითხე. ერთმა ბიბლიურმა მუხლმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე; ეს მუხლი იყო მიქას 6:8: „რას ითხოვს იეჰოვა შენგან, თუ არა სამართლის ქმნას, სიკეთის სიყვარულსა და მოკრძალებულად სიარულს შენს ღმერთთან ერთად?!“. მიმიზიდა ამხელა სიბრძნემ და ასეთმა სიმარტივემ. დავინახე, თუ რამხელა სიყვარული და სამართლიანობის გრძნობა ჰქონია ღმერთს.
მომავლის იმედი
სწავლასთან ერთად ღვთის მიმართ ნდობა და რწმენა მიძლიერდებოდა. ვგრძნობდი, რომ უკვე ნამდვილი მეგობრული ურთიერთობა მივითარდებოდა ჩემს შემოქმედთან. წარუშლელი კვალი დატოვა ჩემზე ესაიას 55:11-ში ჩაწერილმა სიტყვებმაც: „ასევე იქნება ჩემი პირიდან გამოსული სიტყვაც. უშედეგოდ არ დამიბრუნდება, შეასრულებს იმას, რაც მსურს, და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე“. ნამდვილად, ღმერთი რასაც დღემდე ასრულებს, იმის გარანტიაა, რომ მომავალშიც ყველაფერს უკლებლივ შეასრულებს. ის სისრულეში მოიყვანს იმას, რაც ვერც ერთმა მთავრობამ და ვერც ერთმა კონფერენციამ ვერ შეძლო. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო 46-ე ფსალმუნის მე-9 მუხლის სიტყვები: „ის წყვეტს ომებს დედამიწის კიდეებამდე“.
იეჰოვას მოწმეების შეხვედრებზე დასწრებაც ბევრ რამეში დამეხმარა. პირველ რიგში, რაც იქ ვნახე, მათი გულწრფელი სიყვარული იყო. ეს იესოს მოწაფეებს ნამდვილად გამოარჩევს სხვებისგან (იოანე 13:35). ამ სიყვარულს ვერას აკლებს ნაციონალიზმის სული და მას ვერ ნახავთ ვერც პოლიტიკურ და ვერც კომერციულ სამყაროში.
ყველაზე დიდი უპირატესობა
ახლა უკვე ოთხმოცდაათსა ვარ გადაცილებული და ჩემს ყველაზე დიდ მიღწევად ცხოვრებაში მიმაჩნია ის, რომ იეჰოვას მოწმე გავხდი. ჩემი სულიერი სიცარიელე ნამდვილად შეივსო. გავიგე, რა არის ცხოვრებაში მთავარი და გავიგე ჭეშმარიტება ღვთის შესახებ.
მიხარია ისიც, რომ მიუხედავად ასაკისა, აქტიურად ვარ ჩაბმული კრების საქმეებში და ვქადაგებ. ბევრი გავლენიანი ადამიანი შემხვედრია ცხოვრების გზაზე და ბევრ თანამდებობაზეც მიმუშავია, მაგრამ ვერაფერი შეედრება იმ სიხარულს, რაც შემოქმედის გაცნობას და მასთან მეგობრობას მოაქვს. ძალიან მადლიერი ვარ იეჰოვასი და მინდა, რომ სულ ვაქო და ვადიდო, მის თანამშრომლად ყოფნის ღირსი რომ გამხადა (1 კორინთელები 3:9). შემოქმედთან, იეჰოვა ღმერთთან, დამეგობრება არასოდესაა გვიან!
[სურათი 25 გვერდზე]
კეკონენთან და პრეზიდენტ ფორდთან ერთად ჰელსინკიში 1975 წელს გამართული კონფერენციის დროს
[სურათი 25 გვერდზე]
კეკონენთან და საბჭოთა ლიდერთან, ბრეჟნევთან ერთად
[სურათი 26 გვერდზე]
აქტიურად ვმონაწილეობ ქადაგების საქმეში
[სურათის საავტორო უფლებები 25 გვერდზე]
Lower left: Ensio Ilmonen/Lehtikuva; lower right: Esa Pyysalo/Lehtikuva