უპატიოსნობის წნეხი
უპატიოსნობის წნეხი
„პატიოსნება ბიზნესში წარსულის რელიკვიად რჩება. პატიოსნებას ჩაჭიდებული ადამიანი განწირულია“ (სტივენი, აშშ).
ეთანხმებით ამ სიტყვებს? მოდი ვაღიაროთ, რომ ადამიანი ხშირად უპატიოსნო საქციელით ხეირს ნახულობს, ყოველ შემთხვევაში, მცირე ხნით მაინც. შესაბამისად, პატიოსანი კაცი გამუდმებული წნეხის ქვეშაა.
ცდუნება. ვინ არ ისურვებდა უფრო მეტ ფულსა და ფუფუნებაში ცხოვრებას? როცა შანსი გეძლევა, ძნელია, უარი თქვა უპატიოსნო შემოსავალზე.
● „ჩემი საქმე ფირმებთან კონტრაქტების გაფორმებაა. ამ დროს ქრთამის შემოთავაზება ჩვეულებრივი რამაა. უშრომელი ფულის აღების ცდუნება ძალიან დიდია“ (ფრენცი, ახლო აღმოსავლეთი).
მაქსიმალური მოგების დაუცხრომელი სურვილი. ბოლო წლებში ბიზნესის სამყარო ცდილობს, როგორმე დააღწიოს თავი ეკონომიკურ კრიზისს. ისინი ასევე უნდა მოერგონ სწრაფად ცვალებად ტექნოლოგიებს და გაუმკლავდნენ მზარდ რეგიონალურ და გლობალურ კონკურენციას. მუშა-მოსამსახურეები შეიძლება ფიქრობენ, რომ უპატიოსნობა ერთადერთი გამოსავალია დამსაქმებლებისა და მენეჯერების მიერ დასახული მიზნების განსახორციელებლად.
● „ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს ასე უნდა გაგვეკეთებინა . . . სხვა შემთხვევაში კომპანიას გავაკოტრებდით“ (რაინჰარტ სიკაჩეკი, დაპატიმრებული ქრთამის აღების გამო, „ნიუ-იორკ ტაიმზი“).
სხვების მხრიდან ზეწოლა. თანამშრომლებმა ან მომხმარებლებმა შეიძლება ზოგჯერ შემოგთავაზონ ან მოგთხოვონ, რომ მათ უპატიოსნო საქციელში შეუერთდე.
● «მთავარი დამკვეთი ფირმის მენეჯერი მოვიდა და მითხრა, რომ შეწყვეტდა ჩვენს ფირმასთან ურთიერთობას, თუ „წილს“ ანუ ქრთამს არ მივცემდი» (იოჰანი, სამხრეთი აფრიკა).
კულტურა. ზოგ ქვეყანაში საქმიანი ოპერაციების დროს წესად ითვლება საჩუქრების გაცვლა. საჩუქრის ღირებულებიდან და სიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, ეს პატიოსანი ბიზნეს-გარიგება იყო თუ მოქრთამვა. ბევრგან კორუმპირებული სახელმწიფო მოხელეები ისე არაფერს გაგიკეთებენ, თუ ფული არ მიეცი, თანაც წინასწარ, და თუ განსაკუთრებულად მოგემსახურნენ, ამაშიც დამატებით გასამრჯელოს ელიან.
● „რთულია იმის გარჩევა, ეს ქრთამია თუ ხელის ქირა“ (უილიამი, კოლუმბია).
გარემო. ისინი, ვინც უკიდურეს სიღარიბეში ან ისეთ ქვეყნებში ცხოვრობენ, სადაც არანაირი საზოგადოებრივი წესრიგი არ არსებობს, დიდი ზეწოლის ქვეშ არიან. მათ, ვინც არ იპარავს და არ თაღლითობს, ისე უყურებენ, თითქოს არ ადარდებთ თავიანთი ოჯახები.
● „უპატიოსნობა ნორმალურად, აუცილებლად და მისაღებადაც კი ითვლება მანამ, სანამ ხელს არ ჩაგავლებენ“ (ტომასი, კონგო კინშასა).
სად გაქრა პატიოსნება?
უპატიოსნობის წნეხი ძალიან ძლიერია. ავსტრალიაში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ათიდან ცხრა ბიზნეს-მენეჯერი ქრთამსა და კორუფციას „არასწორად, მაგრამ გარდაუვლად“ მიიჩნევს. გამოკითხვის შედეგად გამოჩნდა, რომ კონტრაქტების გასაფორმებლად ან კომპანიის საკეთილდღეოდ მენეჯერები მზად არიან, უარი თქვან თავიანთ მორალურ შეხედულებებზე.
ხშირად, ვინც უპატიოსნოდ იქცევა, თავი მაინც პატიოსანი ჰგონია. მაგრამ როგორ ახერხებენ ისინი
იმას, რომ უპატიოსნოდაც იქცევიან და საკუთარი თავის პატიოსნებაშიც დარწმუნებულნი რჩებიან? ერთ-ერთ ჟურნალში, რომელიც მარკეტინგულ კვლევებს ეძღვნება, აღნიშნული იყო: „მრავალი ადამიანი გამორჩენის მიზნით უპატიოსნობას მიმართავს, მაგრამ, ამავე დროს, პატიოსანი ადამიანის სახესაც ინარჩუნებს და ასე იტყუებს თავს“ (Journal of Marketing Research). შინაგანი დისკომფორტის შესამსუბუქებლად ყველანაირად ცდილობენ, გაამართლონ ან გააუბრალოონ თავიანთი უპატიოსნო საქციელი.მაგალითად, უპატიოსნობა შეიძლება მოვიხსენიოთ ისეთი სიტყვებით, რომლებიც ნაკლებად შეურაცხმყოფლად ჟღერს. ვინმემ შეიძლება მოტყუებას ან აფერისტობას „საქმიდან გამოძრომა“ ან „კონკურენტუნარიანად ყოფნა“ დაარქვას. ქრთამს უბრალოდ „პატივისცემას“ ან „ფეხის ქირას“ უწოდებენ.
სხვების თვალში პატიოსნებამ წონა დაკარგა და სწორედ ამის გამო ადვილად ამართლებენ უპატიოსნო საქციელს. ტონი, რომელიც საფინანსო ორგანიზაციაში მუშაობს, აღნიშნავს: «პატიოსნებაზე ხალხის შეხედულებას განსაზღვრავს ის, თუ რამდენად შეუძლიათ კანონის ფარგლებში საქმიდან „გამოძრომა“ და არა ის, ჯდება თუ არა მათი საქციელი სიმართლის ნორმებში». ყოფილი ბიზნესის მწარმოებელი დეივიდი ამბობს: «თუ სიტუაციიდან გამოძვრები, უპატიოსნობა მისაღებია, ხოლო თუ ხელს ჩაგავლებენ, მაშინ ის შეუფერებელ საქციელად ითვლება. მათ, ვისაც ეხერხება საქმიდან სუფთად გამოსვლა, „მოხერხებულ და შანსიან“ ადამიანებს უწოდებენ».
ბევრი საერთოდ იმას ამტკიცებს, რომ უპატიოსნობა აუცილებელია წარმატების მისაღწევად. ერთი გამოცდილი ბიზნესმენი ამბობს: „ყველგან ისეთი კონკურენციაა, რომ ადამიანი იძულებულია, ყველაფერზე წავიდეს, ოღონდაც სამუშაო იშოვოს“. მაგრამ მართლა ასეა? თუ ისინი, ვინც უპატიოსნობას ამართლებენ, სინამდვილეში, თავს „იტყუებენ მცდარი აზროვნებით“? (იაკობი 1:22). შემდეგ სტატიაში განხილული იქნება ის, თუ რას არგებს ადამიანს პატიოსნება.
[ჩანართი 5 გვერდზე]
«პატიოსნებაზე ხალხის შეხედულებას განსაზღვრავს ის, თუ რამდენად შეუძლიათ კანონის ფარგლებში საქმიდან „გამოძრომა“ და არა ის, ჯდება თუ არა მათი საქციელი სიმართლის ნორმებში»
[სურათი 5 გვერდზე]
ბევრის აზრით, უპატიოსნობა აუცილებელია წარმატებისთვის