თავდასხმა ბიბლიაზე
თავდასხმა ბიბლიაზე
ჩანაწერების კრებული, რომელმაც ჩვენამდე ბიბლიის სახელით მოაღწია, ანუ იგივე წმინდა წერილები, მთლიანობაში 1 600-ზე მეტი წლის განმავლობაში იწერებოდა. ამ კრებულის პირველი წიგნი მოსემ დაწერა, ხოლო ბოლო — იესო ქრისტეს მოწაფემ, ქრისტეს დაბადებიდან დაახლოებით 100 წლის შემდეგ.
კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში — ქრისტეს შობამდე, შუა საუკუნეებში თუ ჩვენს დროში, მავანი და მავანი ყოველ ღონეს ხმარობდა, ოღონდაც წმინდა წერილები ხალხის ხელში არ მოხვედრილიყო. საღვთო წერილზე იერიში ჯერ კიდევ ღვთის წინასწარმეტყველ იერემიას დროს მიიტანეს, რომელიც იესო ქრისტეს დაბადებამდე დაახლოებით 600 წლით ადრე ცხოვრობდა.
შეტევა „არასასურველ“ ცნობაზე
ღმერთმა იერემიას დაავალა, გრაგნილზე დაეწერა სიტყვები, რომლითაც განსჯიდა იმდროინდელ განდგომილ იუდეველებს. ის ამ ცნობით აფრთხილებდა მათ, რომ თუ არ მიატოვებდნენ ბოროტ გზას, ღმერთი მათ დედაქალაქს, იერუსალიმს, აღგვიდა პირისაგან მიწისა. იერემიას მდივანმა, ბარუქმა ეს ცნობა ჯერ იერუსალიმის ტაძარში წაუკითხა ხალხს ხმამაღლა, შემდეგ კი იუდას მთავრებს, რომლებმაც გრაგნილი მეფე იეჰოიაკიმს წაუღეს. მეფეს არ ესიამოვნა ღვთის სიტყვები, გრაგნილი დაჭრა და ცეცხლში შეყარა (იერემია 36:1—23).
ღმერთმა იერემიას უბრძანა: „აიღე სხვა გრაგნილი და დაწერე მასზე ყველა ის სიტყვა, რაც იმ პირველ გრაგნილზე ეწერა, იუდას მეფე იეჰოიაკიმმა რომ დაწვა“ (იერემია 36:28). დაახლოებით 17 წლის შემდეგ იერემიას პირით ნათქვამი წინასწარმეტყველება ახდა იერუსალიმზე. განადგურდა ქალაქი, ბევრი მთავარი მოკლეს და ქალაქის მკვიდრნი ტყვედ წაასხეს ბაბილონში. გრაგნილში ჩაწერილი ცნობა — ცნობა იმისა, თუ რა მდგომარეობა იქნებოდა ამ თავდასხმის დროს ქალაქ იერუსალიმში, დღემდეა შემონახული ბიბლიის წიგნ „იერემიას“ ფურცლებზე.
ცეცხლი არ ქრება
იეჰოიაკიმი არ იყო ერთადერთი, ვინც ქრისტემდე ღვთის სიტყვას ასე ხელაღებით წვავდა. საბერძნეთის იმპერიის დაშლის შემდეგ ისრაელი სელევკიდების დინასტიის მმართველობის ქვეშ მოექცა. სელევკიდების მეფეს, ანტიოქე ეპიფანეს, რომელიც
ძვ. წ. 175—164 წლებში მეფობდა, სურდა თავის იმპერიაში ბერძნული ანუ ელინისტური კულტურა გაევრცელებინა. ის იუდეველებს აძალებდა, მიეღოთ ბერძნული წეს-ჩვეულებები და რელიგია.დაახლოებით ძვ. წ. 168 წელს ანტიოქემ იერუსალიმში იეჰოვას ტაძარი გაძარცვა. იეჰოვას სამსხვერპლოზე მან ბერძნების ღმერთის, ზევსის სამსხვერპლო ააგო. ანტიოქემ აგრეთვე აკრძალა შაბათის დაცვა და იუდეველებს წინადაცვეთის ტრადიცია გაუუქმა. ვინც მის ბრძანებას გადავიდოდა, სიკვდილით დასჯა არ ასცდებოდა.
ანტიოქეს ამგვარი რელიგიური წმენდა მიზნად ისახავდა გრაგნილების სრულ მოსპობას. მართალია, მან თავისი ბრძანება მთელ ისრაელში განავრცო, მაგრამ ებრაული წერილების ყველა გრაგნილის ბოლომდე განადგურება მაინც ვერ შეძლო. ისრაელში საგულდაგულოდ დამალული ზოგი გრაგნილი ხანძარს გადაურჩა; წმინდა წერილების ზოგი გრაგნილი კი სხვა ტერიტორიაზე მცხოვრები იუდეველების წყალობით შემოგვრჩა დღემდე.
დიოკლეტიანეს ბრძანებულება
სხვა ცნობილი მმართველი, რომელიც წმინდა წერილების განადგურებას ცდილობდა, იყო რომის იმპერატორი დიოკლეტიანე. ახ. წ. 303 წელს მან ქრისტიანების საწინააღმდეგო ბრძანებულებების მთელი სერია გამოსცა. ეს პერიოდი ზოგიერთმა ისტორიკოსმა შეაფასა, როგორც „საშინელი დევნის“ პერიოდი. მისი პირველი ბრძანებულება ეხებოდა წმინდა წერილების ასლების დაწვასა და ქრისტიანთა შეხვედრების ადგილების დანგრევას. ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორი რელიგიის საკითხებში ჰარი გამბელი წერდა: „დიოკლეტიანე ფიქრობდა, რომ ქრისტიანთა საზოგადოებას, სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყველგან ჰქონდა წიგნთა კრებულები და იმპერატორმა კარგად უწყოდა, რომ ეს საზოგადოება სწორედ ამ წიგნებით სულდგმულობდა“. საეკლესიო მწერალი და ისტორიკოსი, პალესტინელი ევსები კესარიელი, რომელიც დიოკლეტიანეს პერიოდში ცხოვრობდა, ამბობს: „ჩვენ საკუთარი თვალით ვნახეთ, როგორ გაასწორეს მიწასთან სამლოცველო სახლები და როგორ მისცეს ცეცხლს ღვთისგან შთაგონებული წმინდა წერილები შუაგულ ბაზარში“.
დიოკლეტიანეს ბრძანებულებიდან სამი თვის შემდეგ ჩრდილოეთ აფრიკაში, ქალაქ ცირტას (დღევანდელი კონსტანტინი) გამგებელს უთხრეს, გამოეცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, ქრისტიანებს უნდა გადაეცათ მთავრობისთვის „კანონის წიგნები“ და „წმინდა წერილების ასლები“. იმავე პერიოდის ჩანაწერები გვიამბობენ, რომ ქრისტიანებს წამება და სიკვდილი ერჩივნათ ამ ბრძანების შესრულებას.
მიზანი
იეჰოიაკიმის, ანტიოქესა და დიოკლეტიანეს საერთო მიზანი ღვთის სიტყვის განადგურება გახლდათ. მიუხედავად ამისა, ბიბლიამ ყველა შემოტევას გაუძლო და ჩვენამდე მაინც მოაღწია. დიოკლეტიანეს შემდგომმა რომის მმართველებმა ქრისტიანობაზე მოქცევა დაიწყეს. მაგრამ ბიბლიაზე თავდასხმებს არადა არ უჩანდა ბოლო. ახლა რაღა იყო მათი მიზანი?
მმართველები და ეკლესიის წინამძღოლები აცხადებდნენ, რომ ბიბლიის დაწვით მისი განადგურება კი არ უნდოდათ, არამედ ის, რომ ეს წიგნი უბრალო ხალხის ხელში არ მოხვედრილიყო. მაგრამ რა ამოძრავებდა მათ ამ დროს და რა ხერხებით ცდილობდნენ თავიანთი მიზნების მიღწევას?