არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ამბობენ მშობლები

რას ამბობენ მშობლები

რას ამბობენ მშობლები

ბევრი მშობელი მრავალ სირთულეს აწყდება იმ პერიოდში, როდესაც მათი შვილები მოზარდები არიან. როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს, წარმატებით გაიარონ ეს პერიოდი — პერიოდი, რომელიც თქვენთვისაც და მათთვისაც საკმაოდ რთული და საინტერესოა? მოდი, მოვუსმინოთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ მშობლებს და გავიგოთ მათი აზრი.

ცვლილებები

„როცა ჩემი ბიჭი პატარა იყო, უსიტყვოდ მიჯერებდა ხოლმე. რომ წამოიზარდა, თითქოს ჩემმა სიტყვამ ფასი დაკარგა მის თვალში“ (ფრანკი, კანადა).

„ჩემი ბიჭი იმდენს აღარ მელაპარაკება, რამდენსაც ადრე. მე თუ არ შევეკითხე, რას ფიქრობს, რა უდევს გონებაში, თვითონ არაფერს მეუბნება. რომ ვეკითხები, მაშინაც ძნელად მპასუხობს; მაშინვე არ მცემს პასუხს“ (ფრანსისი, ავსტრალია).

„მოთმინება აუცილებელია. ზოგჯერ გიჩნდება სურვილი, რომ ერთი გვარიანად დაუცაცხანო ბავშვებს, მაგრამ ამ დროს ყველაფერს ის ჯობია, რომ დამშვიდდე და წყნარად ესაუბრო პრობლემაზე“ (ფელიშა, შეერთებული შტატები).

ურთიერთობა

„ზოგჯერ ჩემი გოგონა ეგრევე თავდაცვაზე გადადის, ჰგონია, რომ უსამართლოდ ვაძლევ შენიშვნებს. ამიტომ მიწევს ხოლმე იმის შეხსენება, რომ ძალიან მიყვარს, მის მხარეზე ვარ და მისთვის კარგი მინდა“ (ლისა, შეერთებული შტატები).

„როცა ჩემი შვილები პატარები იყვნენ, ყველაფერს გულახდილად მიყვებოდნენ. ადვილად ვხვდებოდი, რას ფიქრობდნენ. ახლა კი სულ იმას ვცდილობ, გავუგო და დავანახვო, რომ პატივს ვცემ და ვაფასებ. სხვაგვარად, ისინი გულს არ გახსნიან ჩემთან“ (ნან-ჰი, კორეა).

„საკმარისი არ არის ბავშვს მხოლოდ აუკრძალო რაღაც-რაღაცები. ჩვენ ვმსჯელობთ მათთან ერთად და აზრიანი საუბრებით მათ გულებს ვეხებით. თუ გვინდა, რომ თავისუფლად თქვან, რას ფიქრობენ სინამდვილეში, მზად უნდა ვიყოთ მოსასმენად მაშინაც კი, თუ ისეთ რამეს ამბობენ, რაც ცოტა არ იყოს, არ მოგვწონს“ (დალილა, ბრაზილია).

„ჩემს გოგონას სხვების წინაშე არ ვაძლევ შენიშვნას. ცალკე ვეუბნები რისი თქმაც მინდა“ (ედნა, ნიგერია).

„ზოგჯერ ისე ხდება, რომ თან ჩემს ბიჭს ველაპარაკები და თან საქმეს ვაკეთებ. ამ დროს მას სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევ. ის ამას ხვდება და ვიცი, რომ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მესაუბრება ხოლმე დიდხანს. მეტი ყურადღების გამოვლენა მჭირდება, სხვანაირად ის გულახდილი არ იქნება ჩემთან“ (მირიამი, მექსიკა).

თავისუფლება

„ყოველთვის მეშინოდა იმის, რომ შვილებისთვის თავისუფლება მიმეცა; ეს ხშირად გამხდარა ჩვენი კამათის მიზეზი. ერთ მშვენიერ დღესაც ამ საკითხზე გულახდილად ვისაუბრეთ. მე ვუთხარი, რისი მეშინოდა, მათ კი მითხრეს, რატომ უნდოდათ უფრო მეტი თავისუფლება. ჩვენ შევთანხმდით, რომ მიიღებდნენ გარკვეულ თავისუფლებას, ოღონდ ჩემ მიერ დადგენილ საზღვრებში“ (ედვინი, განა).

„ჩემს ბიჭს მოტოციკლეტი უნდოდა. მე ამის წინააღმდეგი ვიყავი, ამიტომ სულ ვსაყვედურობდი და ათასნაირი მიზეზი მომყავდა, ოღონდაც მოტოციკლი არ მეყიდა. მას აზრის გამოთქმის საშუალებას არ ვაძლევდი. ეს ძალიან აღიზიანებდა და უფრო მეტად ცდილობდა თავისის გატანას. ბოლოს სხვანაირად მივუდექი. ვთხოვე, რომ ამ საკითხისთვის სხვადასხვა მხრიდან შეეხედა; დაფიქრებულიყო იმ საშიშროებებზე, ხარჯებზე და იმ ათასნაირ მოთხოვნაზე, რაც მოტოციკლეტის ტარებისთვის იყო საჭირო. ისიც ვუთხარი, რომ რჩევა კრებაში მოწიფული ქრისტიანებისთვის ეკითხა. ერთ რამეს მივხვდი: ზედმეტ სიმკაცრეს ჯობია, შვილს თავისუფლად გამოათქმევინო აზრი და გაიგო, რა სურს. დღეს მე და ჩემი ბიჭი კარგი მეგობრები ვართ“ (ჰეი-იანგი, კორეა).

«მართალია, შვილებისთვის რაღაც შეზღუდვები გვქონდა დადგენილი, მაგრამ ასაკის ზრდასთან ერთად გარკვეულ თავისუფლებასაც ვაძლევდით. თუ ჩვენს ნდობას გაამართლებდნენ და „თავისუფლების საზღვრებს“ არ გასცდებოდნენ, შემდგომში უფრო მეტ თავისუფლებას ვაძლევდით. მათ უნდა მოეპოვებინათ თავისუფლება. ისინი ხედავდნენ, რომ ჩვენც გვინდოდა მათთვის თავისუფლების მიცემა, მაგრამ როცა იმედებს არ გვიმართლებდნენ, შესაბამისადაც ისჯებოდნენ» (დოროთი, საფრანგეთი).

„დადგენილ სტანდარტებს არასოდეს ვაუფასურებდი. მაგრამ როცა ვხედავდი, რომ შვილები მემორჩილებოდნენ, გარკვეულ დათმობაზე მივდიოდი. დროდადრო გვიანობამდე გარეთ ყოფნის უფლებასაც ვაძლევდი. მაგრამ თუ ისინი ამას ჩემი ნებართვის გარეშე რამდენჯერმე გააკეთებდნენ, აუცილებლად ვსჯიდი“ (ილ-ჰანი, კორეა).

„სამუშაოზე რაც უფრო მორჩილი ხარ და მეტი პასუხისმგებლობით ეკიდები საქმეს, მით მეტ პატივისცემას იმსახურებ უფროსისგან. ჩვენი შვილიც ხვდება, რომ რაც მეტად ემორჩილება ოჯახში დადგენილ წესებს, მით მეტ თავისუფლებას იღებს. მან ისიც იცის, რომ თუ უპასუხისმგებლოდ მოიქცევა, დაისჯება და დაკარგავს მოპოვებულ თავისუფლებას, ზუსტად ისე, როგორც ის მუშა დაისჯება, რომელიც არ ასრულებს მინდობილ საქმეს“ (რამონი, მექსიკა).

[ჩანართი 22 გვერდზე]

„ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს; ის სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას“ (იგავები 22:6).

[ჩარჩო⁄სურათები 23 გვერდზე]

ორი ოჯახის მაგალითი

„საოცარი რამეა მოზარდის მშობლობა“

ჯოზეფი: ორი მოზარდი გოგონა მყავს და მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი ყურადღებით მოსმენა და მათი აზრების გაგება. შეცდომების გულწრფელად აღიარება და პატივისცემით საუბარი ხელს უწყობს ჩვენს შორის ღია ურთიერთობებს. საბოლოო ჯამში, ვგრძნობ, რომ მართლაც საოცარი რამეა მოზარდის მშობლობა. მადლიერი ვარ იმ ხელმძღვანელობისთვის, რასაც ბიბლიიდან ვიღებთ.

ლისა: შევამჩნიე, რომ ჩვენს უფროს გოგონას მოზარდობის წლებში უფრო მეტი ყურადღება სჭირდებოდა, ვიდრე მანამდე. მახსოვს, როგორ ვუსმენდი ხოლმე საათობით, როგორ ვსაუბრობდით დიდხანს და როგორ ვამშვიდებდი და ვაწყნარებდი. გოგონებმა დაინახეს, რომ ჩვენთან ნებისმიერ საკითხზე შეეძლოთ გულახდილი საუბარი. ყოველთვის ვაფასებდით მათ გრძნობებს და აზრებს. ვცდილობ, ყოველთვის მივყვე იაკობის 1:19-ში ჩაწერილ მითითებას და ვიყო „სწრაფი მოსმენაში და ნელი — სიტყვაში“.

ვიქტორია: დედა ჩემი საუკეთესო მეგობარია. არ მეგულება ქვეყნად მასზე ტკბილი და მზრუნველი ადამიანი. ის მარტო ჩემთან კი არა, ყველასთან ასეთია. სიტყვებით ვერც კი გადმოგცემთ, იმდენად გულწრფელი და უანგაროა როცა სხვებზე ზრუნავს. დედას ვერავინ შემიცვლის.

ოლივია: მამა ძალიან ყურადღებიანი და კეთილია. ის ეხმარება სხვებს ფინანსურად მაშინაც კი, როცა ჩვენს ოჯახს არცთუ ისე ულხინს. როცა საჭიროა, სერიოზულია და როცა საჭიროა, გართობაც იცის და მხიარულებაც. ის განსაკუთრებულია და ბედნიერი ვარ, ასეთი მამა რომ მყავს.

„მოსაწყენად დრო ნამდვილად არა გვაქვს“

სანი: თუ გოგონებს რაიმე პრობლემა გაუჩნდებათ, მთელი ოჯახი ვსხდებით და ვსაუბრობთ ამ საკითხზე. ყოველთვის გულახდილები ვართ ერთმანეთის წინაშე და გადაწყვეტილებებს ბიბლიურ პრინციპებზე დაფუძნებით ვიღებთ. მე და ინესი თვალყურს ვადევნებთ, რომ გოგონებს სულიერად მოწიფულ ადამიანებთან ჰქონდეთ ურთიერთობა. ჩვენი მეგობრები მათი მეგობრები არიან, მათი მეგობრები კი — ჩვენი.

ინესი: ყოველთვის რაღაცით ვართ დაკავებულები და ბევრ რამეს მთელი ოჯახი ერთად ვაკეთებთ. ჩვენ იეჰოვას მოწმეები ვართ და ვქადაგებთ, გვაქვს ბიბლიის პირადი და ოჯახური შესწავლა. ასევე ვმონაწილეობთ სტიქიით დაზარალებულთა დახმარებისა და სამეფო დარბაზების მშენებლობის პროექტებში. ამ ყველაფერს შესანიშნავად ვუთავსებთ კარგ დასვენებას. მოსაწყენად დრო ნამდვილად არა გვაქვს.

კელსი: მამა ყოველთვის ყურადღებით გვისმენს და სანამ რაიმე სერიოზულ გადაწყვეტილებას მიიღებს, ოჯახთან ათანხმებს. დედაზეც იმავეს თქმა შემიძლია — დახმარება მინდა თუ უბრალოდ საუბარი, ის ყოველთვის მზად არის, გვერდში ამომიდგეს.

სამანტა: ზოგჯერ დედა ვერც კი ხვდება, თავისი მოპყრობით როგორ მაგრძნობინებს, რომ მისთვის განსაკუთრებული და ძვირფასი ვარ. ის ზის და მისმენს ხოლმე. ძალიან მზრუნველი დედა მყავს. მასთან ურთიერთობას არაფერზე გავცვლიდი.

[სურათები]

ქამეირების ოჯახი: ჯოზეფი, ლისა, ვიქტორია, ოლივია და იზაბელა

საპატაების ოჯახი: კელსი, ინესი, სანი და სამანტა

[სურათი 22 გვერდზე]

მშობლებმა შვილებს გარკვეული თავისუფლება უნდა მისცენ, მაგრამ, ამავე დროს, საზღვრებიც უნდა დაუდგინონ