არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ ჯობია დახარჯვას გადანახვა?

რატომ ჯობია დახარჯვას გადანახვა?

რატომ ჯობია დახარჯვას გადანახვა?

„ფულის შენახვა არ არის ადვილი საქმე. გიხარია, როცა ტანსაცმელს, ტექნიკას და ასეთ რაღაცებს ყიდულობ“, — ასე ფიქრობს დღეს ბევრი.

მიუხედავად იმისა, გარკვეულწილად, თქვენზეც მოახდინა თუ არა გავლენა ეკონომიკის მსოფლიო კრიზისმა, უდავოდ დაგეხმარებათ იმაზე დაფიქრება, თუ როგორ გადაინახოთ თანხა და ამასთანავე, როგორ ხარჯოთ ფული გონივრულად. ახლა მიმოვიხილავთ იმ სანდო წყაროს მიერ მოცემულ რჩევებს, რომლის წყალობითაც საუკუნეების მანძილზე მილიონები ბრძნულად განკარგავდნენ თავიანთ შემოსავლებს.

სამი უძველესი გამონათქვამი

იესო ნაზარეთელმა ერთ-ერთი თავისი იგავით მნიშვნელოვანი რჩევა მოგვცა ფინანსურ საკითხებზე. ამ მონათხრობში ბატონი ტუქსავს თავის მონას. როგორც ბიბლიის ერთ თანამედროვე თარგმანში წერია, მას ასეთ რამეს ეუბნება: „ჩემი ფული ბანკში უნდა შეგეტანა და როცა დავბრუნდებოდი, ჩემსას სარგებლით მივიღებდი“ (მათე 25:27 [New American Standard Bible]). ამ სიტყვებს განსაკუთრებით დღეს აქვს დიდი მნიშვნელობა. რატომ?

ბოლო წლებში ზოგიერთ ქვეყანაში ბანკის მიერ გაცემულმა საპროცენტო სარგებელმა ათ წელიწადში გადააჭარბა ბანკში ჩადებულ საწყის თანხას. თუმცა ბევრი ბანკი ვეღარ სთავაზობს კლიენტებს ასეთ მიმზიდველ საპროცენტო მოგებას და აღარც საინვესტიციო მოგებაა ყოველთვის ისეთი მაღალი, როგორსაც ინვესტორები ელიან. ნამდვილად ბრძნული ნაბიჯი იქნება თქვენი მხრიდან, თუ ფულს შავი დღისთვის გადაინახავთ.

ბიბლია სწორედ ამ აზრს უსვამს ხაზს და ამბობს: „სიბრძნეც იცავს კაცს და ფულიც“ (ეკლესიასტე 7:12). მაგრამ ფული ვერ დაგიცავს, თუ არა გაქვს გადანახული. ბიბლია მოგვიწოდებს: „თითოეულმა თქვენგანმა თავის სახლში გადადოს და გადაინახოს, ვისაც რისი საშუალება აქვს“ (1 კორინთელები 16:2).

როგორ გადაინახოთ?

პირველი. სანამ რაიმე ძვირადღირებულ ნივთს იყიდით, დაფიქრდით, მართლა აუცილებელია მისი ყიდვა?

მეორე. თუ რაიმეს შეძენას აპირებთ, ან ფასდაკლებით იყიდეთ ან კიდევ მეორადი მოხმარების, ოღონდ კარგ მდგომარეობაში. ერთ ნორვეგიელ ცოლ-ქმარს, ესპენსა და იანას, საბავშვო ეტლის ყიდვა უნდოდათ თავიანთი პატარა დანიელისთვის. მათ მეორადებში ნახევარ ფასში შეიძინეს თითქმის ახალი საბავშვო ეტლი. ესპენი ამბობს: „როცა დანიელი წამოიზრდება, ამას კარგ ფასში გავყიდი“. თუმცა ის ასეთ გაფრთხილებასაც იძლევა: „ხარისხიანი ნივთების მოძებნას ბევრი დრო მიაქვს“.  *

მესამე. არ აჩქარდეთ, კარგად მოიფიქრეთ. და თუ მაინც ჩათვლით, რომ ამ რაღაცის ყიდვა აუცილებელია, შეგიძლიათ სხვა ნივთებიც შეათვალიეროთ მისი მსგავსი და შეიძინოთ ის ფასდაკლებით ან მეორადში. თანხას იმითაც დაზოგავთ, თუ ყოველთვის ცნობილი ბრენდების საქონელს არ შეიძენთ. ნაცვლად იმისა, რომ შვილებისთვის ბოლო მოდის ძვირიანი ტანსაცმელი გეყიდათ, სხვების ნაქონი ხომ არ გამოგადგებოდათ?

ახალბედა დედას შეუძლია გამოიყენოს ბავშვის ისეთი ნაჭრის საფენები, რომელიც ირეცხება. დენიზ ჩამბერსი თავის წიგნში ასეთ რამეს აღნიშნავს: „ორი წლის განმავლობაში ერთჯერადი საფენების შეძენა სულ მცირე 2 000 დოლარი დაგიჯდებათ, ნაჭრის საფენებისა კი . . . იმავე ორი წლის განმავლობაში — 300-დან 500 დოლარამდე“. წიგნში აგრეთვე ნათქვამია: „თანამედროვე ნაჭრის საფენები საკმაოდ ადვილი გამოსაყენებელია და ამავე დროს გარემოსაც არ აბინძურებს“ (Budgeting — Personal Spending and Money Management a Key to Weathering the Storm).

მეოთხე. ჩვეულებრივ, საჭმლის სახლში მომზადება უფრო იაფი ჯდება, ვიდრე გარეთ ჭამა. თუ სკოლის ასაკის ბავშვები გყავთ, ჯობია მათ ბუტერბროდების მომზადება ასწავლოთ, ვიდრე ფული მისცეთ და საჭმელი იყიდონ, რომელიც უფრო ძვირი ჯდება. ძვირიანი სასმელების მაგიერ წყურვილი შეგიძლიათ წყლით მოიკლათ. ეს უფრო მეტად მოუხდება თქვენს ჯანმრთელობას და ცოტათი თქვენს ჯიბესაც წაადგება.

არცთუ ისე დიდი ხნის წინ ბევრ ოჯახს საკუთარი ბოსტანი ჰქონდა. თქვენც ხომ არ გიფიქრიათ, სახლის პირობებში მოგეყვანათ ბოსტნეული ან სხვა რამ? ბევრს, მათ შორის, ვინც ბინებში ან პატარა სახლებში ცხოვრობს, აქვს პატარა მიწის ნაკვეთი და ბოსტნად იყენებს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენი რამის მოყვანა შეიძლება თუნდაც ერთი ციცქნა მიწის ნაკვეთზე!

თუ გაქვთ მობილური ტელეფონი, შეგიძლიათ მისით მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში ისარგებლოთ და კარგი იქნება, თუ წინასწარ ჩარიცხავთ განსაზღვრული სალაპარაკო დროის საფასურს. თუ გაქვთ ტანსაცმლის საშრობი მანქანა, იმის მაგივრად, რომ ყოველთვის მასში გააშროთ სარეცხი, შეგიძლიათ ხანდახან ნაწილი ტანსაცმელი ან თუნდაც მთლიანი სარეცხი თოკებზე გაფინოთ. არ არის საჭირო, 24 საათი ჩართული გქონდეთ კონდიციონერი და გამათბობელი. სანამ ჩართავთ, დააკვირდით ამინდს, მართლა ძალიან ცხელა? ან მართლა ძალიან ცივა? ურიგო არ იქნება, თუ სხვებსაც შეეკითხებით, როგორ ზოგავენ ელექტროენერგიას.

როგორ შეგიძლიათ თავი დააღწიოთ ვალებს?

პირველი. ნუ გადაიხდით ზუსტად იმდენს, რამდენის გადახდაც ყოველთვიურად გიწევთ; ეცადეთ, ცოტა მეტი გადაიხადოთ — იქნება ეს საკრედიტო ბარათებისა თუ სხვა სესხების შემთხვევაში.

მეორე. ძირითადი ყურადღება გაამახვილეთ იმ სესხებზე, რომლებზეც მეტ პროცენტს იხდით.

მესამე. გახსენით შემნახველი ანაბარი. სამხრეთ აფრიკაში მომუშავე ერთი მოხალისე, სახელად ჰილტონი გვირჩევს: „ყველაფერს, რაც გაქვს, ერთ ადგილას ნუ დააგროვებ. დროდადრო ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები კოტრდებიან; ჩვენ ამის საკმარისი გამოცდილება გვაქვს“. ასე რომ, წინასწარ გაარკვიეთ, აგინაზღაურებთ თუ არა მთავრობა თანხას ბანკის გაკოტრების შემთხვევაში.

მეოთხე. თუ ფულის ხარჯვა გიყვართ, აკონტროლეთ საკუთარი თავი. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

მაცდურმა რეკლამებმა შეცდომაში ხომ არ შეგიყვანათ? შვედეთში მცხოვრები დანი ამბობს, რომ ის ერთ დროს რეკლამების მსხვერპლი გახდა. მას კრედიტის დასაფარავად კარგად აწყობილი ბიზნესის გაყიდვა მოუწია. ეს დანისთვის კარგი გაკვეთილი იყო და დღეს უკვე მკაცრად აკონტროლებს, რაში ხარჯავს ფულს. ის გვირჩევს: „ნუ დახარბდებით. იმყოფინეთ, რაც გაქვთ“.

სესხები

ბევრს არა აქვს საშუალება, რომ იყიდოს სახლი და ერთიანად გადაიხადოს მისი საფასური. ამიტომ ზოგიერთი ამას კრედიტის მეშვეობით აკეთებს. და იმ თანხას, რომელსაც ყოველთვე ბანკში იხდის, შეიძლება შევხედოთ ისე, თითქოს ბინის ქირას იხდიდეს. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ თანხის სრულად დაფარვის შემთხვევაში, სახლი უკვე მის საკუთრებაში გადადის.

ბევრი ისეთ მანქანას ყიდულობს კრედიტით, რომელიც შედარებით ნაკლებ საწვავს წვავს. სესხის რაც შეიძლება სწრაფად დაფარვის შემთხვევაში, შესაძლებელია ამ მანქანის ისევ ფულად ქცევა. ანუ ეს არის ფულის შენახვის კიდევ ერთი ფორმა. * ზოგი მიხვდა, რომ გონივრულია ისეთი მანქანის ყიდვა, რომელიც კარგ მდგომარეობაშია და რომელსაც შედარებით ნაკლები მანძილი აქვს გავლილი. სხვები კი ფულს იმით ზოგავენ, რომ ავტომობილის მაგივრად საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ველოსიპედით დადიან.

ნებისმიერ შემთხვევაში, რაიმეს ყიდვისას ზედმეტს ნუ მოინდომებთ, რეალურად შეაფასეთ სიტუაცია და დაუფიქრებლად არაფერი იყიდოთ. ფულის ფლანგვა შეიძლება ჩვევად გექცეთ; ამან კი შეიძლება სულის სიმშვიდე წაგართვათ. თუ გნებავთ მშვიდი და წყნარი ცხოვრება, იმუშავეთ საკუთარ თავზე, რომ ფული ყაირათიანად ხარჯოთ.

თუ გსურთ, ფულიც დაზოგოთ და აუცილებელიც არ მოიკლოთ, ანუ არც მწვადი დაწვათ და არც შამფური, უნდა იცოდეთ, რაში დახარჯოთ ფული და რაში — არა. ამ საკითხს შევეხებით შემდეგ სტატიაში.

[სქოლიოები]

^ აბზ. 10 თუ გნებავთ დარწმუნდეთ იმაში, რომ მოპარულ ნივთს არ ყიდულობთ, ვისგანაც შეიძენთ ამ ნივთს, გამოართვით პირადობის მოწმობის ასლი ან ქვითარი.

^ აბზ. 24 გახსოვდეთ, რომ თუ შემოსავლის წყაროს დაკარგავთ და ვეღარ შეძლებთ სესხის გადახდას, შეიძლება დაკარგოთ სახლი ან მანქანა და უკვე გადახდილი თანხაც.

[სურათები 5 გვერდზე]

ფულის დაზოგვის გზები

მოძებნეთ, სად არის ფასდაკლება

იყიდეთ ტანსაცმელი ფასდაკლებით ან მეორადების მაღაზიაში

ასწავლეთ ბავშვებს ბუტერბროდების მომზადება

[სურათი 6 გვერდზე]

ხარჯებს შეამცირებთ, თუ სახლში მოიყვანთ ბოსტნეულს და სარეცხს თოკებზე გააშრობთ