არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მუსიკა ძღვენია

მუსიკა ძღვენია

მუსიკა ძღვენია

რა იქნებოდა ცხოვრება მუსიკის გარეშე? არანაირი იავნანა, არანაირი რომანტიკული სერენადები და პოპულარული სიმღერები, არანაირი სასიამოვნო სიმფონიები და არც მრავალთათვის შთაგონების წყაროდ ქცეული მელოდიები. უმრავლესობის აზრით, ცხოვრება მუსიკის გარეშე მოსაწყენი და უღიმღამო იქნებოდა.

მუსიკა მართლაც საოცრად მოქმედებს ჩვენს ემოციებზე. ის გვამშვიდებს, აღფრთოვანებაში მოვყავართ, განწყობას გვიმაღლებს და შთაგონების წყაროდ გვექცევა; ჩვენში უდიდეს აღტაცებას იწვევს და შეიძლება თვალზე ცრემლიც კი მოგვგვაროს. რაკი მუსიკა ჩვენს გულზე მოქმედებს, მას დიდი ძალა გააჩნია. რატომ ახდენს ის ჩვენზე ასე დიდ გავლენას? პასუხი საკმაოდ მარტივია: მუსიკა საოცარი ძღვენია ღვთისგან (იაკობი 1:17). და რადგან ეს ასეა, ყველას შეუძლია მუსიკით ტკბობა — ახალგაზრდასაც და ხანში შესულსაც. ყველა უნდა ვაფასებდეთ ღვთის ამ დიდებულ ძღვენს.

მუსიკას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს. არქეოლოგიური აღმოჩენები იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე საუკუნეებით ადრე აფრიკის ტომები უკრავდნენ ტამტამებზე, საყვირებზე და ზანზალაკებზე, ჩინელები კი — ტუჩის ჰარმონიკასა და ფლეიტაზე. ეგვიპტელები, ინდოელები, ებრაელები და შუამდინარეთში მცხოვრებნი ქნარზე უკრავდნენ. შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე უძველესი და კონკრეტული ცნობა მუსიკის შესახებ ჩაწერილი იყოს დაბადების 4:21-ში. ამ ბიბლიური ჩანაწერიდან ვიგებთ, რომ იუბალი იყო კაცი, ვისგანაც „წამოვიდა ყველა მექნარე და მესტვირე“. საუკუნეების შემდეგ ისრაელის მეფე სოლომონი იმდენად იყო დაინტერესებული მუსიკით, რომ საუკეთესო ხარისხის ხის მასალა შეიძინა ქნარებისა და სხვა სიმებიანი საკრავების გასაკეთებლად (1 მეფეები 10:10—12).

ძველ დროში მუსიკით რომ დამტკბარიყავი, ან თავად უნდა შეგძლებოდა რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, ან უშუალოდ მისთვის მოგესმინა, ვინც უკრავდა. დღეს კი მუსიკის მოსმენა მილიონებს ღილაკზე თითის დაჭერით ან მაუსზე ერთი დაწკაპუნებით შეუძლიათ. ნებისმიერი ფორმატით არსებული მუსიკა შეგიძლიათ გადმოტვირთოთ ან ჩაწეროთ და შემდეგ მოუსმინოთ, თუნდაც ჯიბეში ჩადებული მოწყობილობის მეშვეობით. 2009 წელს შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 8—18 წლამდე მოზარდები დღეში 2 საათზე მეტს უსმენენ მუსიკას და სხვა აუდიოჩანაწერებს.

ასეთი ტენდენცია, რაშიც უჩვეულო არაფერია, გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რატომ არის მუსიკა და მასთან დაკავშირებული ტექნიკა უდიდესი კომერციული პროდუქცია. მართლაც, მუსიკალური პროდუქცია სარფიანი შემოსავლის წყაროა. მაგრამ ვფიქრობთ, გაინტერესებთ, როგორ იქცევა მუსიკა ჰიტად.

[ჩარჩო⁄სურათი 3 გვერდზე]

ონლაინ მუსიკა

გადმოტვირთვა: მომხმარებელი ჩვეულებრივ ფულს იხდის თითოეულ გადმოტვირთულ ფაილში, რომელიც მისი საკუთრება ხდება. ზოგი ამას გამოწერის მეშვეობით აკეთებს, რაც ხშირად სატელეფონო კომპანიებთან კონტრაქტის დადებით ან რაიმეს შეძენისას ხდება. შემდეგ მომხმარებელს შეუძლია, გადმოტვირთოს ეს მუსიკალური ფაილი და უსმინოს მანამ, სანამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა არ ამოეწურება.

სტრიმინგი: ციფრული მუსიკა, რომლის მოსმენაც შეიძლება მომენტალურად, ფაილის შენახვის გარეშე. უმეტესწილად ასეთი მუსიკა უფასოა, თუმცა ზოგი მათგანის მოსმენაც მხოლოდ გამოწერის მეშვეობით არის შესაძლებელი.

[ცხრილი⁄სურათები 3 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

მუსიკალური ჩანაწერების

ისტორია

1880-იანები

გრამოფონი

1890-იანები

კოჭებიანი მაგნიტოფონი

1940-იანები

ბაბინებიანი მაგნიტოფონი

1960-იანები

კასეტიანი მაგნიტოფონი

1980-იანები

კომპაქტ-დისკი (CD)

1990-იანები

ციფრული აუდიო ფაილები (MP3, AAC, WAV და სხვა)