არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?

ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?

ათას შვიდას ორმოცდათხუთმეტი წლის 1 ნოემბერს, დილით, პორტუგალიის ქალაქი ლისაბონი მიწისძვრამ შეაზანზარა. ამას მოჰყვა ცუნამი და ვულკანის ამოფრქვევა, რამაც ქალაქის დიდი ნაწილი მიწასთან გაასწორა და ათასობით ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე.

2010 წელს ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის შესახებ გაზეთ „ნეშნლ პოსტის“ სარედაქციო წერილში აღნიშნული იყო: „როგორც ლისაბონის შემთხვევაში, თანამედროვე დროის მიწისძვრები, მაგალითად ისეთი, როგორიც ჰაიტიზე მოხდა, უფრო მეტად ცდის ადამიანთა რწმენას, ვიდრე სხვა უბედურებები“. წერილში ასეთი დასკვნა იყო გაკეთებული: „შესაძლოა ღმერთმა დატოვა ჰაიტი“.

ყოვლისშემძლე ღმერთს, იეჰოვას აქვს შეუზღუდავი ძალა და აგრეთვე შეუძლია, ადამიანთა ტანჯვას წერტილი დაუსვას (ფსალმუნი 91:1). გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი ზრუნავს ჩვენზე. რა გვაძლევს ამის საფუძველს?

რა ვიცით ღვთის შესახებ?

ღმერთი თანაგრძნობას ავლენს მათ მიმართ, ვინც იტანჯება. როდესაც ისრაელები ეგვიპტის მონობაში იყვნენ და დამპყრობლები სასტიკად ექცეოდნენ, ღმერთმა უთხრა მოსეს: „ვიხილე ეგვიპტეში ჩემი ხალხის ჩაგვრა და მოვისმინე მათი ღაღადი, რადგან სამუშაოდ მიერეკებიან. კარგად ვიცი, რა ტკივილსაც განიცდიან“ (გამოსვლა 3:7). რაზე მიანიშნებს ეს? ღმერთი გულგრილად არ უყურებს ადამიანთა ტანჯვას. პირიქით, საუკუნეების შემდეგ წინასწარმეტყველმა ესაიამ ისრაელთა შესახებ დაწერა: „მათი გასაჭირი მისი გასაჭირი იყო“ (ესაია 63:9).

„სამართლიანია მისი ყოველი გზა“ (კანონი 32:4). ღმერთი სამართლიანი და მიუკერძოებელია ყველა თავის საქმეში. ის „თავის ერთგულთა გზას დაიფარავს“, მაგრამ გასაჭირს მიუზღავს მათ, ვინც გასაჭირში აგდებს მართლებს (იგავები 2:8; 2 თესალონიკელები 1:6, 7). ღმერთი მიუკერძოებლობას ავლენს მთავრების მიმართ და „არ განარჩევს მდიდარს და ღარიბს, რადგან ყველანი მისი ხელით არიან შექმნილნი“ (იობი 34:19, „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა“). ღმერთმა აგრეთვე საუკეთესოდ იცის, როგორ მოუშუშოს კაცობრიობას ჭრილობები. ამის საპირისპიროდ, ადამიანები ისეთ გამოსავალს ეძებენ, რომელიც შეიძლება შევადაროთ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის უბრალო სახვევით შეხვევას. სახვევი მხოლოდ ფარავს ჭრილობას, მაგრამ თითქმის ვერ აშუქებს მას და მსხვერპლს ვერ უმსუბუქებს ტკივილს.

გამოიყენებდა ექიმი მხოლოდ ასეთ სახვევს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობიდან წამოსული სისხლის შესაჩერებლად?

ღმერთი არის „გულმოწყალე და მწყალობელი. . . უხვი სიკეთესა და ჭეშმარიტებაში“ (გამოსვლა 34:6). ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა „გულმოწყალება“ გულისხმობს თანაგრძნობასა და სიბრალულს, რომელიც ადამიანს სხვის დასახმარებლად აღძრავს. „მწყალობლად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვის ფუძე ნიშნავს „გასაჭირში მყოფისთვის წრფელი გულით დახმარების გაწევას“. „ძველი აღთქმის თეოლოგიური ლექსიკონის“ თანახმად, „სიკეთედ“ ნათარგმნი სიტყვა გულისხმობს „მის სასარგებლოდ მოქმედებას, ვისაც უბედურება დაატყდა თავს“. იეჰოვა ღმერთს არა მარტო გულს სტკენს, როცა ადამიანების ტანჯვას ხედავს, არამედ გულმოწყალება, წყალობა და სიკეთე მას იმისკენაც უბიძგებს, რომ დახმარების ხელი გაუწოდოს მათ. ასე რომ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი ბოლოს მოუღებს ტანჯვას.

წინა სტატიაში შევეხეთ სამ მიზეზს, რომელთა გამოც დღეს განსაკუთრებით იტანჯებიან ადამიანები. არც ერთი მიზეზი ღვთისგან არ არის გამოწვეული. განვიხილოთ, ვინ და რა იწვევს ამ მიზეზებს.

პირადი არჩევანი

ადამი თავდაპირველად ღვთის მმართველობას ემორჩილებოდა. მაგრამ, როცა არჩევნის წინაშე დადგა, მან გადაწყვიტა, არ დამორჩილებოდა ღმერთს და გამოეცადა, როგორი იქნებოდა ღვთისგან დამოუკიდებლად ყოფნა. მან უგულებელყო იეჰოვას გაფრთხილება, რომლის შესახებაც დაბადების 2:17-ში ვკითხულობთ: „იმ დღესვე მოკვდები“. ღვთის სრულყოფილი მმართველობის უარყოფამ ადამიანები ცოდვამდე და არასრულყოფილებამდე მიიყვანა. „როგორც ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელები 5:12). მიუხედავად ამისა, ღმერთი ცოდვის ყოველგვარ კვალს წაშლის.

უბედური შემთხვევები

როგორც აღვნიშნეთ, პირველმა კაცმა, ადამმა უარყო ღვთის ხელმძღვანელობა, სწორედ ის ხელმძღვანელობა, რომელიც ადამიანთა უსაფრთხოებისთვის ასე იყო საჭირო. მისი გადაწყვეტილება შეიძლება შევადაროთ პაციენტს, რომელიც არაფრად აგდებს გამოცდილი და კვალიფიციური ექიმის რჩევას. თუ პაციენტს არ ესმის, რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს მის ჯანმრთელობას ან რა მოსალოდნელი გართულებები შეიძლება მოჰყვეს მის მდგომარეობას, და განზრახ ამბობს უარს ექიმის მითითებების დაცვაზე, რომელმაც კარგად იცის მისი მდგომარეობა, შეიძლება საკუთარ თავზე იწვნიოს მწარე შედეგები. მსგავსად ამისა, ღვთისგან დამოუკიდებელი ადამიანიც ცუდად მართავს დედამიწას, რაც გულისხმობს სეისმურად არამყარი შენობების აგებას და მოსალოდნელი კლიმატური კატაკლიზმების უგულებელყოფას, რაც ხშირად სტიქიური უბედურებების დროს ხალხის ტანჯვის ძირითადი მიზეზი ხდება. მიუხედავად ამისა, ღმერთი არ დაუშვებს, რომ ასეთმა უბედურებებმა დიდხანს გასტანოს.

„ქვეყნიერების მმართველი“

რატომ დართო ღმერთმა სატანას ნება, რომ მასთან დაპირისპირების შემდეგ მსოფლიოზე ემმართველა? ერთი წყაროს თანახმად, „ნებისმიერი ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები თავდაპირველად პრობლემებში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებენ“. თუ იეჰოვა დროზე ადრე გაანადგურებდა „ქვეყნიერების მმართველს“, სატანას შეეძლო დაედანაშაულებინა მისი წინამორბედი მმართველი, ანუ ღმერთი იმაში, რომ ის არ იყო სრულფასოვანი მმართველი (იოანე 12:31). მიუხედავად ამისა, სატანისთვის მიცემულმა დრომ, რომლის განმავლობაშიც მას სრულად უნდა გამოეყენებინა თავისი უფლებამოსილება დედამიწაზე, ცხადყო, რომ მან, როგორც მმართველმა, მარცხი იწვნია. და მაინც, ისმის კითხვა: როგორ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ტანჯვას ბოლო მოეღება?