არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ იზიდავს ხალხს ოკულტიზმი?

რატომ იზიდავს ხალხს ოკულტიზმი?

რატომ იზიდავს ხალხს ოკულტიზმი?

ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ცხოვრობს ადამიანი და რომელი კულტურისა თუ რელიგიის წარმომადგენელია. რატომ იზიდავს ხალხს ოკულტიზმი თქვენს ქვეყანაში? შესაძლოა მათზე ქვემოთ მოცემული რომელიმე ფაქტორი ახდენს გავლენას.

ცნობისმოყვარეობა. ადამიანები ბუნებით ცნობისმოყვარეები არიან. ოკულტიზმი კი ყოველთვის რაღაც იდუმალს უკავშირდება. ბევრის აზრით ოკულტიზმის მიღმა რაღაც ფარული ძალა დგას. ზოგი ჰოროსკოპით, სამკითხაო დაფითა და ყავის ჭიქით ცდილობს გაიგოს, რა ელის მომავალში, ზოგი სპირიტულ სეანსებს ესწრება ან მკითხავებთან დადის.

გართობა. ბოლო წლებში მომრავლდა ოკულტური შინაარსის წიგნები, ფილმები და კომპიუტერული თამაშები, რომლებშიც ძველი წარმართული რელიგიური ცრურწმენებია ასახული. ხშირად ამ ფილმებსა თუ თამაშებში ძალადობა და სექსია წარმოდგენილი.

მომავლის შიში. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ „ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო“ დადგებოდა (2 ტიმოთე 3:1). ჩვენს დღეებს ნამდვილად შეიძლება ეწოდოს მძიმე და ძნელად ასატანი, ამიტომ ბევრი დახმარებისთვის ოკულტიზმის მიმდევრებს — ასტროლოგებს, ნათელმხილველებს, ქირომანტებსა და მკითხავებს მიმართავს. „ეს არის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო, რომელსაც საფრთხე არ ემუქრება, — ამბობს ერთი მკითხავი. — ჩვეულებრივ ხალხი მაშინ მოდის ჩვენთან, როცა რაღაც უჭირთ“. ერთმა კანადელმა ნათელმხილველმა აღნიშნა: „ზოგჯერ ზარები ბიზნესმენებისგანაც შემოდის, რომლებიც ოფისის ტელეფონით ან დერეფნიდან მობილური ტელეფონით ჩურჩულით მელაპარაკებიან. ეს ის ხალხია, რომელიც ერთ დროს სკეპტიკურად იყო განწყობილი და არ კადრულობდა მკითხავთან მისვლას“.

ავადმყოფობა. ზოგ ქვეყანაში ავადმყოფები დახმარებისთვის ექიმების ნაცვლად ადგილობრივ ექიმბაშებს მიმართავენ, რომლებიც ოკულტური მეთოდებით მკურნალობენ. ზოგან ავადმყოფობის მიზეზად ჯადოს ან წყევლას მიიჩნევენ. ჯადოს მოსახსნელად ავადმყოფის მეგობრები და ახლობლები შემლოცველებთან მიდიან, რომლებიც მომსახურებისთვის დიდ თანხას ითხოვენ.

დაცვა და იღბალი. მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ხალხი ზოგჯერ კარებზე ცხენის ნალს აჭედებს იმ იმედით, რომ ეს მათ ოჯახსა და ქონებას ბოროტი სულებისგან დაიცავს. ზოგი თან ამულეტს ან თილისმას ატარებს, რადგან სჯერათ, რომ ეს მათ ავადმყოფობისგან, „ავი თვალისგან“ ან სხვა უბედურებისგან დაიცავს და წარმატებას მოუტანს ცხოვრებაში.

ბავშვების დაცვა საფრთხისგან. პაპუა-ახალ გვინეაში დედები ჩვილ ბავშვთან ერთად ღამით გარეთ არ გადიან, რადგან ჰგონიათ, რომ ბოროტი სულები ბავშვს რამეს დაუშავებენ. უგანდაში დედები ბურთებს ან ნიჟარებს ძაფზე ასხამენ და თავიანთ ჩვილებს მაჯასა და კოჭებზე აბამენ, რომ ბავშვი ზიანისგან დაიცვან.

ახლობლის სიკვდილი. ინგლისელ მწერალს, ართურ კონან დოილს პირველი მსოფლიო ომის დროს ვაჟი, ძმა, დისშვილი და ცოლისძმა დაეღუპა. სასოწარკვეთილმა დოილმა და მისმა მეუღლემ სპირიტულ სეანსებზე დაიწყეს სიარული იმ იმედით, რომ თავიანთ დაღუპულ ვაჟთან შეძლებდნენ საუბარს. დღესაც ბევრი აკითხავს მედიუმებს იმ იმედით, რომ თავიანთ გარდაცვლილ ახლობლებს დაუკავშირდებიან. ზოგიერთ ქვეყანაში ტრადიციულ რელიგიათა ან ეგრეთ წოდებული ქრისტიანული ეკლესიების წარმომადგენლები ხალხს ასწავლიან, რომ სიკვდილს განრისხებული სულები იწვევენ. ამიტომ ხალხი იძულებულია ფული გადაიხადოს საკმაოდ ძვირადღირებულ რიტუალებში, რათა სიკვდილს სიკვდილი არ მოჰყვეს.

მიცვალებულთა შიში. სიკვდილთან და მიცვალებულებთან დაკავშირებული სხვადასხვა რელიგიური შეხედულებები დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე. მრავალ ქვეყანაში ხალხი ათასნაირ რიტუალს ასრულებს, ზოგი თავსაც კი ისახიჩრებს მიცვალებულთა სულების დასამშვიდებლად და მათთვის თავიანთი სიყვარულის დასამტკიცებლად. წყნარი ოკეანის კუნძულელთა შორის გავრცელებული ტრადიციისამებრ, ქვრივმა ქალმა ან კაცმა შავი ტანსაცმელი უნდა ატაროს და თვეობით იგლოვოს მეუღლე, თან სახლში უნდა იყოს გამოკეტილი და მოერიდოს იმ საჭმელს, რომელიც მის მეუღლეს უყვარდა. ამ წესის შესრულების გამო ზოგი შეიძლება დეპრესიაში ჩავარდეს, შიმშილისგან დაუძლურდეს ან დაიღუპოს კიდეც.

ფაქტია, რომ ადამიანებს ოკულტიზმი ბევრი რამის გამო იზიდავს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა დგას ოკულტიზმის მიღმა. მოდი ვნახოთ, რას ამბობს ბიბლია, ერთადერთი წიგნი, რომელიც ამ საკითხზე ყველაზე ზუსტ ინფორმაციას გვაწვდის.