ოქროს ძიებაში მათ სახლს მიაგნეს
ოქროს ძიებაში მათ სახლს მიაგნეს
ჩინური კვარტალი მსოფლიოს მრავალ ქალაქში ჩინურ მაღაზიებთან, რესტორნებთან, დღესასწაულებთან და დრაკონის ცეკვებთან ასოცირდება. ყველა ჩინურ კვარტალს თავისი ისტორია აქვს. მაგალითად, ჩინური კვარტლები ავსტრალიაში თავის არსებობას იმ უშიშარ ჩინელ იმიგრანტებს უნდა უმადლოდნენ, რომლებმაც ერთ დროს ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროებს მიაღწიეს იმ იმედით, რომ იქ ახლად აღმოჩენილი ოქროს საბადოების წყალობით გამდიდრდებოდნენ.
ახალი ოქროს მთა
თუკი მანამდე ავსტრალიისკენ გული მხოლოდ თითო-ოროლა ჩინელს მიუწევდა, 1851 წელს ოქროს აღმოჩენის შემდეგ მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. გუანდუნის პროვინციაში, მდინარე ჯუძიანის დელტაში მცხოვრებმა ათასობით ჩინელმა მამაკაცმა მიატოვა თავისი საცხოვრებელი და სამხრეთისკენ მიმავალ დამღლელ საზღვაო გზას დაადგა. იმ დროისთვის ოქროს საბადოები უკვე აღმოჩენილი იყო კალიფორნიაში (აშშ). ამ საბადოებს კანტონურ დიალექტზე მოლაპარაკე ჩინელები ოქროს მთას უწოდებდნენ. ასე რომ, ავსტრალიაში აღმოჩენილი საბადოები მათთვის ახალი ოქროს მთები გახდა.
მათ სამშობლო მხოლოდ ოქროს ძიების სურვილმა არ დაატოვებინა. სამოქალაქო ომის, სტიქიური უბედურებებისა და სიღარიბის გამო ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
სამწუხაროდ, ავსტრალიისკენ მიმავალი იმიგრანტების პირველმა ნაკადმა დანიშნულების ადგილამდე ვერ ჩააღწია. ისინი იმ დაავადებებმა იმსხვერპლა, რომლებმაც ხანგრძლივი მგზავრობის დროს ხალხით გადატვირთულ გემებზე იჩინა თავი. მათთვის, ვინც დანიშნულების ადგილამდე ცოცხლად მიაღწია, ცხოვრება იმაზე გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინათ.
ოქროს საბადოებში დაღვრილი ოფლი
მარტოობა იმიგრანტების მუდმივი თანამგზავრი გახდა, რადგან ტრადიცია მოითხოვდა, რომ საგვარეულო ინტერესებიდან გამომდინარე ცოლ-შვილი ჩინეთში დაეტოვებინათ. 1861 წელს ავსტრალიაში 38 000-ზე მეტი ჩინელი მამაკაცი და მხოლოდ
11 ჩინელი ქალი ცხოვრობდა. უმეტესობას იქ დასახლების სურვილი არ ჰქონია. მათ სურდათ, ოჯახებს გამდიდრებულები და სახელმოხვეჭილები დაბრუნებოდნენ.სწორედ ამ სურვილმა წაიყვანა ისინი ოქროს საძიებლად. მემაღაროეები კარვებში ცხოვრობდნენ და მცხუნვარე მზის ქვეშ საათობით მუშაობდნენ. თავიდან ცრურწმენის გამო ზოგიერთები მიწისქვეშა სამუშაოებზე უარს ამბობდნენ. ამიტომ ისინი მიწის ზემოთ მუშაობდნენ და ამოთხრილ მიწას ოქროსთვის განკუთვნილ ხის ღარებში რეცხავდნენ, შემდეგ კი ნარჩენებს ამუშავებდნენ. მათ შრომას უშედეგოდ არ ჩაუვლია. იმდროინდელი ცნობების თანახმად 1854—1862 წლებში ვიქტორიის შტატში მოპოვებული 18 662 კილოგრამი ოქრო გადაიგზავნა ჩინეთში.
სამწუხაროდ ბევრმა ახალშეძენილი ქონება აზარტულ თამაშებსა და ოპიუმს შეალია. ამ მანკიერებებმა ადვილად მოიკიდა ფეხი მარტოობით დატანჯულ მაღაროელთა შორის. ამის გამო ბევრს ჯანმრთელობა შეერყა და სახლში დასაბრუნებელი ფულიც შემოეფლანგა. ზოგს დახმარება ჩინურმა ორგანიზაციებმა და ქველმოქმედმა პირებმა აღმოუჩინეს, ზოგს კი ნაადრევად, სიმარტოვესა და სიღარიბეში აღმოხდა სული.
სხვა მემაღაროეებს ჩინელი მემაღაროეების მიმართ შური და ეჭვი გაუჩნდათ, რადგან ისინი ერთ
მუშტად იყვნენ შეკრულნი და მათ ძლიერ კონკურენციას უწევდნენ. ამან არეულობები და ჩინელებზე თავდასხმები გამოიწვია. მოპოვებულ ოქროს ართმევდნენ და კარვებსა და მთელ სარჩო-საბადებელს უწვავდნენ. საბოლოოდ სიტუაცია განიმუხტა. მიუხედავად ამისა, ოქროს აღმოჩენიდან 50 წლის შემდეგ, 1901 წელს გამოცემული იმიგრაციის შემზღუდველი აქტის გამო აზიელი იმიგრანტებისთვის ავსტრალიის კარი 1973 წლამდე დახშული იყო.როცა ოქრო გამოილია
როდესაც ოქროს მოპოვება შეწყდა, ზოგიერთმა ჩინელმა ავსტრალიაში დარჩენა გადაწყვიტა. ოქროს ციებ-ცხელების წყალობით გაჩენილ ქალაქებში სოკოებივით წამოყვეს თავი ჩინურმა სამრეცხაოებმა, რესტორნებმა და ხილ-ბოსტნეულის ბაზრებმა. ჩინელებმა ავეჯის კეთებითა და ხილ-ბოსტნეულის გაყიდვით გაითქვეს სახელი. შედეგად მე-19 საუკუნის ბოლოსთვის ჩინელთა დასახლებები ანუ კვარტლები ავსტრალიის მრავალ ქალაქში გაჩნდა, მათ შორის ათერტონში, ბრიზბენში, ბრუმში, დარვინში, კერნზში, მელბურნში, სიდნეისა და ტაუნზვილში.
ავსტრალიაში ჩინელი ქალები ძალიან ცოტანი იყვნენ, რის გამოც მრავალი ჩინელი მამაკაცი უცოლოდ დარჩა. ზოგი მათგანი ავსტრალიელებზე დაქორწინდა მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ასეთ კავშირებს არ მიესალმებოდა. დროთა განმავლობაში ამ შერეული ქორწინებების შედეგად დაბადებულები ადგილობრივებს შეერწყნენ.
ავსტრალიაში არასდროს ყოფილა იმდენი ჩინელი იმიგრანტი, რამდენიც დღეს არის. უმრავლესობა იქ განათლების მისაღებად ან საქმიანი მიზნით ჩადის. მაგრამ დღესდღეობით იმიგრანტებს შორის მრავალი ქალია. ცვალებადმა მსოფლიო ეკონომიკურმა სიტუაციამ ყველაფერი შეცვალა. ის მამაკაცები, რომლებიც ერთ დროს ავსტრალიაში ოჯახთან ერთად დასახლდნენ, ოჯახის სარჩენად ახლა ისევ აზიაში — ჩინეთში, ჰონკონგში, სინგაპურსა და ტაივანში ბრუნდებიან.
დრო მართლაც შეიცვალა, მაგრამ იმიგრანტების მიზნები თითქმის არ შეცვლილა. უცხო ქვეყნისკენ მათ კვლავაც უსაფრთხო გარემო და წარმატების პერსპექტივა იზიდავთ.
[ჩარჩო⁄სურათი 20 გვერდზე]
უფრო შორს, ვიდრე ეგონათ
სულადობრივი გადასახადისთვის თავი რომ აერიდებინათ, ჩინელი მგზავრები ავსტრალიის მთავარი პორტებიდან და ოქროს საბადოებიდან ასობით კილომეტრის მოშორებით გადმოდიოდნენ ნაპირზე. ერთ-ერთი ასეთი ნავსაყუდელი იყო რობი, რომელიც სამხრეთ ავსტრალიის შტატში მდებარეობდა. იქ 1857 წელს 100 — 200 კაცი ცხოვრობდა, მაგრამ ხუთი თვის განმავლობაში მის სანაპიროზე მინიმუმ 12 000 ჩინელი გადმოვიდა.
ეს იყო მოთმინებისა და თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი. ასობით კაცი აქა-იქ დასახლებულ ტერიტორიაზე გზას ოქროს საბადოებისკენ მიიკვლევდა, რომელიც იმაზე შორს აღმოჩნდა, ვიდრე ეგონათ. ისინი გზის გავლას ხუთ კვირა უნდებოდნენ. იმიგრანტები გზაში წყალმცენარეებით, კენგურუებითა და ვომბატებით იკვებებოდნენ. ისინი ასევე თხრიდნენ ჭებს და უკან მომავალთ გზას უკვალავდნენ.
ისინი მოკლე ნაწნავსა და ტრადიციულ ჩალის ქუდს ატარებდნენ, ერთ მწკრივად მიაბიჯებდნენ და თან მიიმღეროდნენ. ამ გზაზე აღმოაჩინეს ჩინური მონეტები, რომლებიც ერთ დროს ახალჩამოსულმა ჩინელებმა გადაყარეს მას შემდეგ, რაც მიხვდნენ, რომ მათ ფულს ავსტრალიაში ფასი არ ჰქონდა.
[საავტორო უფლება]
Image H17071, State Library of Victoria
[ჩარჩო⁄სურათი 21 გვერდზე]
ოქროზე ძვირფასი
ეკოლოგი ვონ ხუ ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიაში მუშაობდა. 90-იან წლებში ის და მისი მეუღლე სუ, კარიერის შესაქმნელად ევროპაში გადავიდნენ. ვონს გადაწყვეტილი ჰქონდა კვალიფიკაცია აემაღლებინა. იქ ისინი იეჰოვას მოწმეებს შეხვდნენ და მათთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. 2000 წელს ვონი და სუ ავსტრალიაში გადავიდნენ, სადაც პროფესიული მოღვაწეობა გააგრძელეს (სუმ მოლეკულურ ბიოლოგიაში). მათ ბიბლიის შესწავლა იქაც განაგრძეს.
აი რას ამბობს ვონი: «ათობით წელი შევალიეთ კვალიფიკაციის ამაღლებას. ზოგჯერ ვფიქრობდი: ბოლოს ხომ მაინც ყველა ავად ვხდებით, ვბერდებით და ვკვდებით. რა აზრი აქვს სიცოცხლეს? ყველაფერი უაზროდ მეჩვენებოდა. მაგრამ მე და სუმ ბიბლიიდან უმნიშვნელოვანეს კითხვებზე ლოგიკური და დამაკმაყოფილებელი პასუხები მივიღეთ.
ბიბლიამ ისეთ რამეზე დაგვაფიქრა, რაზეც მანამდე არასოდეს გვიფიქრია, კერძოდ შემოქმედის არსებობაზე. წავიკითხე მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“ და ევოლუციის შესახებ დაწერილი ჩარლზ დარვინის ნაშრომიც. წაკითხულმა და ჩემმა მეცნიერულმა კვლევებმა შემოქმედის არსებობაში დამარწმუნა. სუც მსგავს დასკვნამდე მივიდა.
კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც ღვთის არსებობაში დაგვარწმუნა, ის იყო, რომ ბიბლიას ადამიანის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია. ამ საოცარმა წიგნმა არა მარტო მომავლის იმედი მოგვცა, არამედ ნამდვილი მეგობრებიც გვაპოვნინა და ჩვენი ქორწინებაც განამტკიცა. მე და სუ 2005 წელს მოვინათლეთ და გვიხარია, რომ ვიპოვეთ უმაღლეს განათლებასა და ოქროზე ბევრად ძვირფასი რამ» (1 პეტრე 1:7).
[სურათი 19 გვერდზე]
ჩინელი ოქროს მაძიებელი, 1860-იანი წლები
[სურათის საავტორო უფლებები 19 გვერდზე]
Sydney Chinatown: © ARCO/G Müller/age fotostock; gold miner: John Oxley Library, Image 60526, State Library of Queensland