არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

ტანზანიაში ერთ ექიმზე საშუალოდ 64 000 პაციენტი მოდის (THE CITIZEN, ტანზანია).

„დღესდღეობით სულ მცირე 1 მილიარდი ადამიანი იტანჯება არასრულფასოვანი კვების გამო. გაეროს . . . ათასწლეულის განვითარების მიზანი, რომელიც 2015 წლისთვის რამდენიმე ქვეყანაში შიმშილის აღმოფხვრას ითვალისწინებს, განუხორციელებელი დარჩება“ („საიენსი“, აშშ).

„მსოფლიოს 100 უმსხვილესი იარაღის მწარმოებელი კომპანიის“ მონაცემების თანახმად, მათმა შემოსავალმა 2008 წელს 385 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2007 წლის შემოსავალს 39 მილიარდი დოლარით აღემატებოდა (სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტი, შვედეთი).

მიკრობების ნაკლებობა?

„ჩვენი გამოკვლევები ადასტურებს, რომ მეტისმეტად სუფთა და ჰიგიენურ გარემოში გაზრდილი ბავშვების შემთხვევაში დიდია იმის ალბათობა, რომ ზრდასრულ ასაკში ანთებითი პროცესები განუვითარდეთ, რაც თავის მხრივ ზრდის მთელი რიგი დაავადებებით დასნეულების რისკს“, — აცხადებს ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის (ილინოისი, აშშ) ასოცირებული პროფესორი ტომას მაკდეიდი. ფილიპინელი და ამერიკელი ბავშვების გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ფილიპინელ ბავშვებს გაცილებით მეტი ინფექციური დაავადება ჰქონდათ გადატანილი, ვიდრე ამერიკელებს. მაგრამ მკვლევარების გასაოცრად, უკვე ზრდასრული ფილიპინელების სისხლში C-რეაქტიული ცილის შემცველობა გაცილებით დაბალი იყო. ჩვეულებრივ ამ ცილის დონე სისხლში ანთებითი პროცესის დროს მატულობს. რა დასკვნის გაკეთება შეიძლება აქედან? თუ ადამიანი ბავშვობაში მეტისმეტად არ არის დაცული ჩვეულებრივი ბაქტერიებისგან, ზრდასრულ ასაკში ეს მას მომაკვდინებელი დაავადებებისგან დაიცავს.

დაკნინებული სამუშაო ეთიკა

ფინელი დამსაქმებლები შეშფოთებულები არიან იმით, რომ დასაქმების მსურველ ახალ თაობას არ გააჩნია საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარი, რაც ასე მნიშვნელოვანია სამუშაოს შესანარჩუნებლად. „ახალი თანამშრომლები დაუდევრად ეკიდებიან სამუშაო დროს და ფიქრობენ, რომ შეუძლიათ, როცა მოესურვებათ, მაშინ დაიწყონ ან დაასრულონ მუშაობა“, — განაცხადა რესტორნის მეპატრონე ანე მიკოლამ ფინეთის საზოგადოებრივი ტელერადიო კორპორაციისთვის მიცემულ ინტერვიუში. სირთულეებს მათი ქცევა და ჩაცმულობაც ქმნის. მომსახურების სფეროში მომუშავეთათვის დამსაქმებლებს ხშირად უწევთ იმაზე მითითება, ჩაცმულობის რომელი სტილია მიუღებელი. ის, რომ სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ზღვარი თითქმის წაიშალა იქიდანაც ჩანს, რომ ახალ თანამშრომლებს მეგობრები სამუშაო ადგილზე ნებისმიერ დროს აკითხავენ.

ტერიტორიის გამო ატეხილი დავა „მოგვარდა“

ბენგალის ყურეში მდებარე პატარა კუნძულის გამო ბანგლადეშსა და ინდოეთს შორის ატეხილი ხანგრძლივი დავა ზღვის დონის მომატებით მოგვარდა. უკაცრიელი კუნძული, რომელსაც ინდოელები ნიუ-მურის, ხოლო ბანგლადეშელები სამხრეთ ტალპატის კუნძულს უწოდებენ, ზღვის დონიდან 1,9 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობდა. მაგრამ ბოლო დროს სატელიტიდან მიღებული ფოტოებიდან გამოჩნდა, რომ ეს კუნძული მთლიანად წყალმა დაფარა. „გლობალურმა დათბობამ შეძლო ის, რაც ორმა ქვეყანამ წლების განმავლობაში მოლაპარაკებების გზით ვერ მოაგვარა“, — აღნიშნავს კალკუტის ჯადავპურის უნივერსიტეტის ოკეანოგრაფიის ფაკულტეტის პროფესორი შუგატა ჰაზრა.