არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

კანადელმა მკვლევარებმა გადაწყვიტეს, ჩაეტარებინათ გამოკვლევა იმის დასადგენად, თუ რა გავლენას ახდენს პორნოგრაფია მამაკაცებზე. ერთ-ერთმა მკვლევარმა თქვა: „თავდაპირველად გვინდოდა გაგვერკვია, მოიძებნებოდა თუ არა 20—30 წლამდე მამაკაცებს შორის ვინმე, ვისაც არასდროს ჰქონდა ნაყურები პორნოგრაფია“. მან დასძინა: „ასეთი ერთიც კი არ აღმოჩნდა“ (მონრეალის უნივერსიტეტი, კანადა).

მსოფლიოს უმაღლესი ცათამბჯენი, ბურჯ ხალიფა 2010 წლის იანვარში გაიხსნა. ეს 160-სართულიანი კოშკისმაგვარი შენობა 828 მეტრი სიმაღლისაა და მისი დანახვა 95 კილომეტრიდანაც კია შესაძლებელი (GULF NEWS, არაბთა გაერთიანებული საამიროები).

„რეფორმისტული იუდაიზმი მხოლოდ იმით გამოირჩევა, რომ ფეხს უწყობს დროს. მაგალითად, ახლახან სინაგოგაში აღევლინა სპეციალური ლოცვა მათთვის, ვინც სქესის შესაცვლელად ოპერაციას იკეთებს („ნიუ-იორკ ტაიმზი“, აშშ).

ბავშვებს უჭირთ საკუთარი აზრის გამოთქმა

დღეს მშობლები წინა თაობის მშობლებთან შედარებით ნაკლებ დროს უთმობენ სადილობისას შვილებთან საუბარს ან ძილის წინ მათთან ერთად რაიმეს წაკითხვას. „როცა ბავშვები სკოლაში შედიან, ისინი წლინახევრის ბავშვივით ლაპარაკობენ და მარტივი წინადადებების ჩამოყალიბებაც კი უჭირთ“, — იუწყება ლონდონში გამომავალი გაზეთი „ტაიმზი“. სტატისტიკის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში „ხუთი წლის ბავშვების 18 პროცენტი (100 000-ზე მეტი ბავშვი) ვერ მეტყველებს ისე, როგორც მათი ასაკისთვისაა შესაფერისი“. ბავშვები, რომლებიც მასწავლებლის მარტივ მითითებებსაც კი ვერ იგებენ და ვერც საკუთარ სურვილებს გამოთქვამენ, კლასში „დამსწრეებივით“ სხედან და ბაიბურში არ არიან, რა ხდება მათ გარშემო.

ირლანდიაში მღვდლები სანთლით საძებნი ხდებიან

„ჩვენ იმის მოწმენი ვხდებით, რომ კათოლიკური ეკლესიის მღვდლები კარგავენ გავლენას“, — იუწყება ირლანდიაში გამომავალი ერთ-ერთი გაზეთი (The Irish Times). 50 წლის წინ ირლანდია მღვდლების სიმრავლით პირველი ქვეყანა იყო. მაგრამ დღეს ბევრს არ სურს მღვდლობა. გამომდინარე იქიდან, რომ მღვდლების უმეტესობა უკვე ხანდაზმულია და 75 წლის ასაკში პენსიაზე გავლენ, ზოგი ეკლესია მღვდლის გარეშე დარჩება. არსებობს მოსაზრება, რომ მღვდლობის მსურველთა რიცხვმა განსაკუთრებით მას შემდეგ იკლო, რაც 1968 წელს პაპის მიერ გამოცემულმა ენციკლიკამ (Humanae Vitae) დაგმო კონტრაცეფცია. ზემოხსენებული გაზეთი დასძენს, რომ „პირველად სწორედ ამ ენციკლიკამ დააეჭვა ხალხი, თუ რამდენად სარწმუნო იყო საეკლესიო სწავლებები, და საბოლოოდ ხალხს სასულიერო პირებისადმი ნდობა დაუკარგა“.

ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსი გამუდმებით იცვლის ადგილს

1831 წელს, როცა პირველად აღმოაჩინეს ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსი, იგი კანადის ჩრდილოეთ ნაწილში, დედამიწის გეოგრაფიული პოლუსიდან 2 750 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა“, — იუწყება საფრანგეთში გამომავალი გაზეთი „ფიგარო“. 1989 წლამდე ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსი ყოველწლიურად გეოგრაფიულ პოლუსს 5—15 კილომეტრით უახლოვდებოდა. პარიზის ფიზიკის ინსტიტუტის მონაცემებით, ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსი დღესდღეობით წელიწადში დაახლოებით 55 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს. 2007 წელს ის მხოლოდ 550 კილომეტრით იყო დაშორებული გეოგრაფიული პოლუსიდან. თუ მსგავსი სიჩქარითა და კურსით განაგრძობს სვლას, 2020 წლისთვის პოლარული ნათება ანუ ჩრდილოეთის ციალი, რომელიც ჩრდილოეთ მაგნიტური პოლუსთან ახლოს წარმოიქმნება, უფრო მკვეთრად გამოჩნდება ციმბირის თავზე, ვიდრე კანადაში.