არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

რატომ გამოდის ზოგი იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ?

ბევრმა არ იცის, რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს, სხვებს კი, როგორც ჩანს, არ მოსწონთ მათი სამქადაგებლო საქმიანობა. მოწმეები ამ საქმეს იმიტომ აკეთებენ, რომ უყვართ მოყვასი; მათ იციან, რომ „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“ (რომაელები 10:13).

არიან იეჰოვას მოწმეები პროტესტანტები, ფუნდამენტალისტები ან რომელიმე სექტის წარმომადგენლები?

იეჰოვას მოწმეები არიან ქრისტიანები. ისინი არ არიან პროტესტანტები და კათოლიკეები, რადგან ამ რელიგიების სწავლებები არაბიბლიურია. მაგალითად, ბიბლია არ ასწავლის, რომ ღმერთი — სიყვარულის განსახიერება — მარადიულად აწამებს ხალხს ცეცხლოვან ჯოჯოხეთში; ის არც იმას ასწავლის, რომ სული უკვდავია და ქრისტიანები უნდა ერეოდნენ პოლიტიკაში (ეზეკიელი 18:4; იოანე 15:19; 17:14; რომაელები 6:23). *

„ფუნდამენტალიზმი პროტესტანტული მიმდინარეობაა, რომელიც ფართოდ გავრცელდა შეერთებულ შტატებში“, — ნათქვამია ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“. ზოგი ფუნდამენტალისტური ორგანიზაციის წევრი „ბიბლიურ ტექსტებს სიტყვასიტყვით ხსნის და ამის საფუძველზე იკავებს სხვადასხვა სოციალურ თუ პოლიტიკურ მდგომარეობას“. ამას ვერ ვიტყვით იეჰოვას მოწმეებზე. როგორც მოვიხსენიეთ, ისინი არ მონაწილეობენ პოლიტიკაში და არც ხალხის მისაზიდად იყენებენ პოლიტიკურ თუ სხვა სისტემებს. ნაცვლად ამისა, ისინი ჰბაძავენ პირველი საუკუნის ქრისტიანებს და პირადად ესაუბრებიან ადამიანებს; მათი ქადაგება გასაგები და დამაჯერებელია (საქმეები 19:8).

სექტა არის ჯგუფი, რომელიც განსხვავებული შეხედულებების ან იმის გამო გამოეყო რელიგიას, რომ ახალ რელიგიად ჩამოყალიბებულიყო. იეჰოვას მოწმეები არც ერთ ეკლესიას არ არიან გამოყოფილნი და, შესაბამისად, არც სექტას წარმოადგენენ.

როგორ ტარდება მოწმეების შეხვედრები?

იეჰოვას მოწმეების კრების შეხვედრებზე, რომელზე დასწრებაც ყველას შეუძლია, უმთავრესად ბიბლიას სწავლობენ. ისინი ხშირად დამსწრეებსაც აძლევენ აზრის გამოთქმის საშუალებას. მათი ერთ-ერთი ყოველკვირეული შეხვედრა, თეოკრატიული მსახურების სკოლა, ეხმარება კრების წევრებს, დახვეწონ სწავლებისა და კითხვის უნარი და ისწავლონ საკითხების ღრმად კვლევა. კიდევ ერთი 30-წუთიანი შეხვედრა, საჯარო მოხსენება, განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის, ვინც არ არის იეჰოვას მოწმე. ამ შეხვედრას, ჩვეულებრივ, „საგუშაგო კოშკის“ განხილვა მოჰყვება. შეხვედრები იწყება და მთავრდება სიმღერითა და ლოცვით. იქ არ ხდება თანხის აკრეფა და შესაწირავის თეფშის ჩამოტარება (2 კორინთელები 8:12).

როგორ ფინანსდება იეჰოვას მოწმეების საქმიანობა?

მოწმეების საქმიანობა ფინანსდება ნებაყოფლობითი შესაწირავებით. ისინი ფულს არ იღებენ ნათლობის, ქორწილის, დაკრძალვისა თუ სხვა ცერემონიალის დროს. მოწმეებისთვის არანაირი გადასახადი არ არის დაწესებული. ნებისმიერს, ვისაც სურს შესაწირავის გაღება, შეუძლია თანხა ჩააგდოს სპეციალურ ყუთებში, რომლებიც სამეფო დარბაზში არ დგას თვალში საცემ ადგილას. იეჰოვას მოწმეები გამოსცემენ ბიბლიურ ლიტერატურას და აშენებენ მოკრძალებულ სამეფო დარბაზებსა თუ ფილიალის შენობებს, რაც მოხალისეთა შრომის წყალობით არც ისე ძვირი ჯდება.

იღებენ იეჰოვას მოწმეები სამედიცინო დახმარებას?

რასაკვირველია. მათ საუკეთესო სამედიცინო მომსახურების მიღება სურთ თავიანთთვის და თავიანთი ახლობლებისთვის. ბევრი მოწმე თავად არის ექიმი, ექთანი ან ქირურგი; ბევრი სასწრაფო დახმარების სამსახურშიც მუშაობს. მიუხედავად ამისა, იეჰოვას მოწმეები უარს ამბობენ სისხლის გადასხმაზე. ბიბლიაში ნათქვამია: ‘მოერიდეთ სისხლს’ (საქმეები 15:28, 29). აღსანიშნავია, რომ იზრდება იმ ექიმების რიცხვი, რომლებიც უსისხლო ქირურგიას მკურნალობის „ოქროს სტანდარტს“ უწოდებენ; ისინი უარს ამბობენ სისხლის შემცველი პრეპარატების გამოყენებაზე და ამგვარად თავს იზღვევენ სისხლის გადასხმით გამოწვეული არაერთი გართულებისგან.

[სქოლიო]

^ აბზ. 5 ამ და ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხზე ბიბლიურ თვალსაზრისს შეგიძლიათ გაეცნოთ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).

[ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]

რელიგიური შემწყნარებლობა

სამხრეთ მექსიკის ქალაქი ბეხუკალ-დე-ოკამპო სხვა ქალაქებისგან იმით გამოირჩევა, რომ „მოსახლეობის უმეტესობა იეჰოვას მოწმეები არიან. ქალაქში რელიგიური და პოლიტიკური შემწყნარებლობაა . . . იქ არც უზომოდ სვამენ და არც სიგარეტს ეწევიან. ხალხი ბიბლიას კითხულობს და საგალობლებს მღერის. ისინი აგრეთვე პატივს სცემენ მთავრობის წარმომადგენლებს“, — ნათქვამია ერთ გაზეთში (Excélsior).

რელიგიური სხვადასხვაობის მიუხედავად, ქალაქში „რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტები და შეხლა-შემოხლა არ ხდება. ხალხი ერთმანეთის მიმართ არ არის მტრულად განწყობილი და ერთმანეთს გულთბილად ესალმებიან . . . ყველას შეუძლია თავისუფლად შეასრულოს თავისი რელიგიური მსახურება და ამის გამო საზოგადოებისგან არ იყოს გარიყული. ბეხუკალ-დე-ოკამპოში არავის უკვირს, რომ იქ ბევრი მოწმეა“, — ნათქვამია ზემოხსენებულ გაზეთში. აღსანიშნავია, რომ იეჰოვას მოწმეების შვილები „მოკრძალებულად იცვამენ, კარგად სწავლობენ და სანიმუშო ყოფაქცევით გამოირჩევიან სკოლაში“, — თქვა სკოლის მასწავლებელმა, რომელიც არ არის იეჰოვას მოწმე.