არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, თუ ადრე მხოლოდ „ვარაუდობდნენ, რომ სოლარიუმის ულტრაიისფერი გამოსხივება კიბოს გამომწვევი იყო, დღეს ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ასეთი გამოსხივება ნამდვილად იწვევს კიბოს“ (THE LANCET ONCOLOGY, ბრიტანეთი).

არგენტინაში ორსულ ქალთა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მათგან ათიდან ცხრას არ სურდა დაფეხმძიმება (CLARÍN, არგენტინა).

„მეცნიერების მიერ ცხოველებისა და ფრინველების ახალი ჯიშების აღმოჩენა ჩვეულ მოვლენად იქცა. მათთვის სიახლეს აღარ წარმოადგენს ყოველდღიურად 50-მდე ახალი ჯიშის აღმოჩენა. მხოლოდ 2006 წელს ცხოველებისა და ფრინველების 17 000 ჯიში აღმოაჩინეს, რაც დაახლოებით ერთ პროცენტია იმ მილიონ რვაასი ათასი სახეობიდან, რომელთაც უკვე დარქმეული აქვთ სახელი“ (TIME, შეერთებული შტატები).

უსაფრთხოა იარაღის ტარება?

დაცულია თავდასხმისას ის, ვინც იარაღს ატარებს? როგორც პენსილვანიის უნივერსიტეტის სამედიცინო ინსტიტუტის გამოკვლევამ აჩვენა, ასეთი ადამიანები სულაც არ არიან დაცული. მკვლევარების აზრით, „დაახლოებით 5-ჯერ მეტია იმის ალბათობა, რომ ვისაც იარაღი აქვს, ტყვიის მსხვერპლი გახდეს“ იმ გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როცა პოლიცია სპეც-ოპერაციებს ატარებს, ვინმე წინასწარგანზრახვით იკლავს თავს ან სასხლეტს უნებურად გამოჰკრავს ხელს. გამოკვლევამ ისიც აჩვენა, რომ ზოგი ახერხებს საკუთარი იარაღით თავის დაცვას, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია. „ჯერ კიდევ საკითხავია, რამდენად იცავს იარაღი ადამიანს თავდასხმისას“, — ნათქვამია პენსილვანიის უნივერსიტეტის ნაშრომში.

ბერები ტუჩის საცხზეც არ ამბობენ უარს

ტაილანდში ახლად აღკვეცილი ბერები „ჩირქს სცხებენ ტრადიციულ ბუდისტურ მრწამსს“, რადგან ხმარობენ პომადას, ატარებენ ხელჩანთებს, ისე ივიწროებენ სამოსს, რომ ტანზე ჰქონდეთ მოტმასნილი და „თეძოებს გამომწვევად ამოძრავებენ“, — ნათქვამი იყო ბანგკოკის ახალ ამბებში. მათი ქცევით შეშფოთებულმა რელიგიურმა წინამძღოლებმა გააფრთხილეს ჰომოსექსუალისტი ბერები, აღარ გამოეყენებინათ მაკიაჟი. როგორც ერთმა ცნობილმა ბუდისტმა მქადაგებელმა აღნიშნა, ჰომოსექსუალიზმი ბერებს შორის აკრძალული რომ იყოს, „ნახევარზე მეტს ბერობიდან მოჰკვეთდნენ“.

მატარებლები მხოლოდ ქალებისთვის

ინდოეთში წლების მანძილზე ქალები გადატვირთული მატარებლებით სარგებლობდნენ. ქალები ჩიოდნენ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მამაკაცები მათ შეურაცხყოფდნენ — დაჟინებით უმზერდნენ, ხელებს უფათურებდნენ და ჩქმეტდნენ. კალკუტაში გამომავალი გაზეთი „ტელეგრაფი“ იუწყებოდა, რომ მთავრობამ დააკმაყოფილა ქალთა მოთხოვნა და გამოუყო მატარებელი, რომლითაც მხოლოდ ქალები ისარგებლებდნენ. ინდოეთის მთავრობამ მატარებლები „მხოლოდ ქალებისთვის“ ქვეყნის ოთხ დიდ ქალაქში, ნიუ დელში, მუმბაიში, ჩენაისა და კალკუტაში გამოყო. ქალები ძალიან მადლიერები არიან.