არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბატაკები მთის ხალხი

ბატაკები მთის ხალხი

ბატაკები მთის ხალხი

XIII საუკუნის იტალიელი მოგზაური მარკო პოლო ინდონეზიაში სუმატრას კუნძულს ეწვია. მან ადგილობრივ მთის ხალხზე თქვა, რომ ველური მხეცებივით იყვნენ და ადამიანის ხორცს ჭამდნენ. როგორც ჩანს, მას ბატაკები ჰყავდა მხედველობაში. მე და ჩემს ცოლს სულ სხვა წარმოდგენა შეგვექმნა ამ ხალხზე. ახლა გიამბობთ ბატაკებზე, რომლებიც ძალიან შეგვიყვარდნენ.

„ჰორას!“ გულთბილად მოგვესალმნენ ჩვენი ახალი მეგობრები, როცა ჩრდილოეთ სუმატრაში ჩავედით. ჩვენ მისიონერებად დაგვნიშნეს ინდონეზიაში, სუმატრას ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას, ტბა ტობასთან ახლოს. ეს ტბა მსოფლიოში ყველაზე დიდი ვულკანური წარმოშობის ტბაა. ეს ადგილი ბატაკებისთვის განსაკუთრებულია (იხილეთ  ჩარჩო ქვემოთ).

ბატაკები ინდონეზიაში მცხოვრები მრავალრიცხოვანი ხალხია. მათი რიცხვი დაახლოებით რვა მილიონს აღწევს; ისინი ექვს ეთნიკურ ჯგუფად იყოფიან: ტობა, სიმალუნგუნი, კარო, დაირი, ანგკოლა და მანდაილინგი. ეს ჯგუფები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ცხოვრობენ, მაგრამ, ამავე დროს, მჭიდრო ურთიერთობა აქვთ. ყველა ჯგუფი დაყოფილია საგვარეულოებად. როცა ორი ბატაკი ერთმანეთს ხვდება, პირველად ასეთ კითხვას სვამენ: „რომელი საგვარეულოდან ხარ?“ ისინი ამით ხვდებიან, ერთმანეთის ახლო ნათესავები არიან თუ შორეული.

ტრადიციული ქორწინება

ტრადიციული ბატაკური ქორწილი, ჩვეულებრივ, მხოლოდ ორ ადამიანს კი არ აერთიანებს, არამედ ორ საგვარეულოს. დედის ნათესავები იდეალურ სასიძოდ ან საპატარძლოდ ითვლებიან, მაგრამ მამის ნათესავებზე დაქორწინება სასტიკად აკრძალულია. ტრადიციული ქორწინების დროს დაუშვებელია ერთი და იგივე საგვარეულოს წარმომადგენლების დაქორწინება. მაგალითად, ერთი საგვარეულოს წარმომადგენელი უნდა დაქორწინდეს მეორეზე, მეორე — მესამეზე, მესამე კი — პირველზე. ასეთი ქორწინების წყალობით ნათესაური კვანძები მტკიცდება და ახალშეუღლებულ წყვილს უამრავი კეთილის მსურველი ნათესავი ევლება თავს.

ბატაკი წყვილი კანონიერადაც რომ იყოს დაქორწინებული და ბავშვებიც ჰყავდეს, საგვარეულო მათ ქორწინებას არ აღიარებს, თუ ისინი ტრადიციულ ქორწილს არ გადაიხდიან. ქორწილში ასობით ნათესავს ელიან; წვეულება საათობით გრძელდება.

მაგალითად, როცა კაროს ხალხიდან თხოვდება ვინმე, ქალის მხარე ითვლის პატარძლის საფასურს, ხოლო ვაჟის მხარე საგულდაგულოდ აღრიცხავს პატარძლის მზითევს. ბოლოს, შემოსავალი საგვარეულოებს შორის ნაწილდება. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება საქორწილო ცერემონიალი. საგვარეულოს წარმომადგენლები ქორწილში სიტყვით გამოდიან. სიძე-პატარძალი პატივისცემით უსმენს მათ. შემდეგ იწყება ლხინი და ცეკვა-თამაში.

ნაყოფიერი მიწები

ძველად ბევრი ბატაკის ოჯახი ცხოვრობდა დიდ და გრძელ საერთო საცხოვრებელში, რომლის სახურავიც ორივე მხარეს კამეჩის რქებივით იყო წაწვეტებული. ზოგ ასეთ შენობას აგებდნენ ხისგან, ბამბუკისა და შაქრის პალმისგან. ეს სახლები ხის ბოძებზე იყო დაყრდნობილი. ზოგ სახლში 12 ოჯახიც კი თავისუფლად მოთავსდებოდა. შენობას ისე აგებდნენ, რომ ლურსმანს საერთოდ არ იყენებდნენ. 300 წლის წინათ აგებული ზოგი ასეთი სახლი დღემდეა შემორჩენილი. იატაკის ქვეშ ძროხებისთვის, ქათმებისთვის, ძაღლებისთვის, ღორებისა და კამეჩებისთვის სპეციალური სადგომები ჰქონდათ.

დღეს ბატაკების შემოსავლის ძირითადი წყარო მიწათმოქმედება, თევზჭერა, მესაქონლეობა და ტურიზმია. ტბა ტობას გარშემო ტერიტორია ისე გამოიყურება, რომ უზარმაზარ ამფითეატრს მოგაგონებთ. ეს საუკეთესო ადგილია მიწათმოქმედებისთვის. ტბის ზემოთ მოსჩანს ზურმუხტისფრად აბიბინებული ბრინჯის ველები. ნოყიერ, ვულკანური წარმოშობის ნიადაგზე გაშენებულ ბაღებში უხვადაა ყავის ხეები, სხვადასხვა ხილი თუ მწვანილეული. მეთევზეები თავიანთი ხის კანოეებით ტბის სუფთა წყალში უამრავ თევზს იჭერენ.

დღის ბოლოს ბავშვები ჟრიამულით იკლებენ იქაურობას და ტბაში ჭყუმპალაობენ, მამაკაცები კი კაფეებში სხდებიან და მუსაიფობენ. ღამის სიგრილეში მუსიკის ჰანგები მთელ ტერიტორიაზე ისმის. ბატაკები განთქმულნი არიან სიმღერით; ისინი მთელი ემოციით მღერიან. ბატაკებს აგრეთვე ძალიან უყვართ ცეკვა — კაცები და ქალები ცალ-ცალკე დგებიან და ხელის გრაციოზული მოძრაობით გარშემომყოფთ ატყვევებენ.

არასასიამოვნო წარსული

ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ მარკო პოლოს დროს და მის შემდგომ პერიოდში, XIX საუკუნემდე, ბატაკები კანიბალები იყვნენ. ისინი აწყობდნენ რიტუალს, რომლის დროსაც ჭამდნენ მტრის ჯარის მეომრებისა და ბოროტმოქმედების ხორცს. „მიიჩნევენ, რომ ასეთი ამაზრზენი რიტუალი თავად ბატაკებმა მოიგონეს, რათა მტრის შემოსევებისგან დაეცვათ თავიანთი ტერიტორია“, — ამბობს ისტორიკოსი ლეონარდ ანდაია. „მას შემდეგ, რაც ეს ტერიტორია ჰოლანდიის კოლონია გახდა, ჰოლანდიის მთავრობამ ყველგან აკრძალა კანიბალიზმი“, — ნათქვამია ერთ წიგნში (The Batak — Peoples of the Island of Sumatra).

ბატაკები ანიმისტები იყვნენ და მიცვალებულთა სულებსა და არაერთ ღვთაებას სცემდნენ თაყვანს. გარდა ამისა, ისინი ატარებდნენ მსხვერპლშეწირვის რიტუალებს, იძახებდნენ მკვდართა სულებს, მკითხაობდნენ და ჯადოქრობდნენ; 15 მეტრი სიგრძის ხის რბილ ქერქზე ტვიფრავდნენ სამკითხაო ცხრილებს, რიცხვებსა და შელოცვებს, რის შემდეგაც რბილ ქერქს გარმონის საბერველივით კეცავდნენ და სახელმძღვანელოდ იყენებდნენ. ისინი ქსოვდნენ სხვადასხვაგვარი ორნამენტით გაფორმებულ ტანსაცმელს, რომელსაც წმინდა სამოსად მიიჩნევდნენ. ამ სამოსში თავს ბოროტი სულებისგან დაცულად გრძნობდნენ და მომავალსაც წინასწარმეტყველებდნენ.

ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ ბატაკებს პირველად დასავლეთიდან 1824 წელს ესტუმრნენ ბაპტისტი მისიონერები რიჩარდ ბარტონი და ნათანაელ ვორდი. ათი წლის შემდეგ, როცა ჰოლანდია მათი ტერიტორიის ოკუპაციას ცდილობდა, იქ ორი ამერიკელი მისიონერი, ჰენრი ლაიმენი და სამუელ მანსონი ჩავიდა. ორივე ჩასვლისთანავე მოკლეს. ამ ტერიტორიას აგრეთვე ეწვია ორი კათოლიკე მისიონერი, რომლებმაც ყურად არ იღეს გაფრთხილება, არ შესულიყვნენ სახიფათო ზონაში. როგორც ამბობენ, მათაც ამერიკელი მისიონერების ბედი ეწიათ.

1862 წელს იქ სამუშაოდ გერმანელი მისიონერი ლუდვიგ ნომენზენი ჩავიდა, რომელიც არათუ სიკვდილს გადაურჩა, არამედ სახელიც გაითქვა. ადგილობრივი ხალხი დღემდე თბილად იხსენებს მას. დღეს ბატაკების უმრავლესობა თავს ქრისტიანად თვლის. სხვები კი, ძირითადად, მუსლიმანები ან ანიმისტები არიან. მიუხედავად ამისა, ბევრი მათგანი ჯერ კიდევ იცავს ძველ წეს-ჩვეულებებს.

სასიხარულო ცნობა ბატაკებშიც ვრცელდება

დაახლოებით 1936 წელს ბატაკების სამშობლოში იეჰოვას მოწმეები ჩავიდნენ. მათ ბატაკებს უქადაგეს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა, რომელიც იესოს წინასწარმეტყველების თანახმად, „მთელ მსოფლიოში ყველა ხალხს“ ექადაგებოდა (მათე 24:14). ბევრმა ბატაკმა მოისმინა ბიბლიური ცნობა და მიატოვა ძველი წეს-ჩვეულებები. ამჟამად ამ ტერიტორიაზე იეჰოვას მოწმეთა 30-მდე კრებაა (იხილეთ  თანდართული ჩარჩო).

დღეს მე და ჩემი მეუღლე ვქადაგებთ ბატაკებთან. იქ ხშირად ვხვდებით ტურისტებს, რომელთაც ძალიან ხიბლავთ ტბა ტობას შთამბეჭდავი ხედები და იქაური კლიმატი. ჩვენც მათსავით გვატყვევებს ბატაკების ლამაზი მხარე. მაგრამ ყველაზე განსაკუთრებულები ჩვენთვის თავად ხალხია, რომლებმაც თავიანთი სითბოთი და ყურადღებით შეგვაყვარეს თავი.

[ჩარჩო 17 გვერდზე]

 ცივი ტბის ცეცხლოვანი წარსული

მსოფლიოში ყველაზე დიდი ვულკანური წარმოშობის ტბა ტობა სიგრძით 87 კილომეტრია, ხოლო სიგანით 17 კილომეტრი. ამ ტბის წყალი იმდენად დიდი მოცულობისაა, რომ დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლეზე თავისუფლად დაფარავდა დიდი ბრიტანეთის მთელ ტერიტორიას. ტბა ტობა ისე ლამაზად მოჩანს ვულკანური წარმოშობის ბარისანის მთის მწვანე მწვერვალებს შორის, რომ არც ერთი ფოტოგრაფი არ იტყოდა უარს, ნებისმიერი რაკურსით აღებეჭდა ფირზე ეს საოცარი სანახაობა.

ეს ტბა წარმოიშვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვულკანური ამოფრქვევის შედეგად. მეცნიერების აზრით, მსგავსი ამოფრქვევა ისტორიას არ ახსოვს. დროთა განმავლობაში ვულკანური წარმოშობის ღრმული ამოივსო წყლით და იქცა ტბად, რომელიც დღეს ტობას სახელითაა ცნობილი. ვულკანური ამოფრქვევით გამოწვეულ ქანთა მასების გადაადგილების შედეგად ტბის ფსკერიდან წამოიმართა კუნძული, რომელსაც სამოსირს უწოდებენ. კუნძულ სამოსირის ფართობი 647 კვადრატული კილომეტრია და სიდიდით სინგაპურის ფართობს უტოლდება.

[ჩარჩო 18 გვერდზე]

სამოთხისებური ადგილი

ტბა ტობა, სულ რაღაც, 300 კილომეტრითაა ეკვატორიდან დაშორებული, მაგრამ იქ საკმაოდ გრილა. ამის მიზეზი ისაა, რომ ეს ტბა ზღვის დონიდან 900 მეტრზე მდებარეობს. ამ სამოთხისებურ ადგილას ბევრგან ხარობს შაქრის პალმა და სუმატრის ფიჭვი.

ტბა ტობა ბუნებრივი გამყოფი საზღვარია სხვადასხვა ჯიშის ცხოველებისთვის. მაგალითად, ორანგუტანი, თეთრხელა გიბონი და ჩრდილოეთ სუმატრის მაიმუნი ტბის ჩრდილოეთით ბინადრობს, ხოლო მალაიური ტაპირი, დასავლური გრძელტერფა და დასავლეთ ბორნეოს მაიმუნი — სამხრეთით.

[ჩარჩო⁄სურათი 19 გვერდზე]

 მედიუმი ჭეშმარიტი ქრისტიანი გახდა

ბატაკი ნურსია მედიუმი იყო. ის ხალხის განსაკურნავად მაგიას მიმართავდა, დევნიდა ბოროტ სულებს და მკვდრებს იძახებდა. * ის ამ საქმით კარგ ფულს შოულობდა. მიუხედავად იმისა, რომ ის მედიუმი იყო, ადგილობრივი პროტესტანტული ეკლესიის პატივდებულ მრევლად ითვლებოდა.

როდესაც ნურსია იეჰოვას მოწმეებს შეხვდა, ის გააოცა იმის გაგებამ, რომ ღმერთს იეჰოვა ჰქვია (ფსალმუნი 83:18). მოგვიანებით მან ბიბლიაში წაიკითხა, რომ პირველ საუკუნეში ბევრმა, ვისაც ღვთის ნების შესრულება სურდა, მიატოვა ჯადოქრობა და დაწვა სპირიტული წიგნები (საქმეები 19:18, 19). ნურსია დარწმუნდა, რომ იესოს სიტყვების თანახმად, ჭეშმარიტება მართლაც ათავისუფლებს ადამიანს. ამიტომ, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ის პირველი საუკუნის მორწმუნეების მსგავსად მოიქცა და გაანადგურა სპირიტული ლიტერატურა (იოანე 8:32).

დღეს ნურსია და მისი ვაჟი ბესლი მონათლული იეჰოვას მოწმეები არიან, მისი ქმარი ნენგკუ კი რეგულარულად ესწრება ქრისტიანულ შეხვედრებს. ნურსია ამბობს: „ამჟამად იეჰოვას ვემსახურები და ჩემმა ცხოვრებამ აზრი შეიძინა. როცა მედიუმი ვიყავი, სულიერ შიმშილს ვგრძნობდი, ახლა კი დანაყრებული ვარ“.

[სქოლიო]

[სურათი]

ნურსია ქმარ-შვილთან ერთად

[რუკები 16 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

სუმატრა

ტბა ტობა

[საავტორო უფლება]

Based on NASA/Visible Earth imagery

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

ტბა ტობას ხედი პუსუკ-ბუჰიტის მთის ფერდობიდან

[სურათი 18 გვერდზე]

ტბა ტობას ჩრდილოეთით მდებარე სიპისო-პისოს ჩანჩქერი, რომელიც 110 მეტრის სიმაღლიდან ეშვება