არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჯერ რა დროს ჯანმრთელობაზე ზრუნვაა?!

ჯერ რა დროს ჯანმრთელობაზე ზრუნვაა?!

ახალგაზრდების შეკითხვები

ჯერ რა დროს ჯანმრთელობაზე ზრუნვაა?!

აღნიშნე, რაში გინდა გაუმჯობესება

წონაში დაკლება

სახის კანზე ზრუნვა

ენერგიის მომატება

მეტი კონცენტრირება

დაძაბულობის შემცირება

ემოციების გაკონტროლება

მეტი დაჯერებულობის შეძენა

არის ცხოვრებაში ისეთი რამ, რისი არჩევაც შენზე არ არის დამოკიდებული. შენ ვერ აირჩევ მშობლებს, და-ძმებსა და საცხოვრებელ ადგილს. მაგრამ, როცა საქმე შენს ჯანმრთელობას ეხება, რაღაცის გაკეთება უთუოდ შეგიძლია. შენი ჯანმრთელობა დამოკიდებულია გენეტიკასა და ცხოვრების წესზე. *

მაგრამ შეიძლება იკითხო: მე ხომ ახალგაზრდა ვარ, ჯერ რა დროს ჯანმრთელობაზე ზრუნვაა?! დააკვირდი ზემოთ მოყვანილ სიას. ჩამონათვალიდან რამდენი მონიშნე? რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამ მიზნების მისაღწევად ნამდვილად გჭირდება კარგი ჯანმრთელობა.

შეიძლება იმასვე გრძნობდე, რასაც 17 წლის ამბერი *, რომელიც ამბობს: „ყელში ამომივიდა ოცდაოთხი საათი დიეტური პურის, დაბალცხიმიანი და უშაქრო საჭმლის ჭამა!“ თუ შენც ასე გრძნობ თავს, ზედმეტად ნუ ინერვიულებ; სულ იმაზე ნუ იფიქრებ, რომ ფორმაში არა ხარ. ნუ აუკრძალავ შენს თავს ტკბილეულს და ნურც თავს მოიკლავ ყოველკვირა სირბილით. შეიძლება სულ ცოტა იყოს იმისთვის საჭირო, რომ კარგად გრძნობდე თავს, უკეთესად გამოიყურებოდე და ჯანმრთელობაც მწყობრში გქონდეს. ნახე, რას ამბობენ შენი თანატოლები.

თუ გინდა, რომ კარგად გამოიყურებოდე, სწორად იკვებე!

ბიბლია გვირჩევს, რომ ყველაფერში ზომიერები ვიყოთ: „ნუ იქნები მათ შორის, ვინც . . . ხორცით ვერ ძღება“ (იგავები 23:20). ამ რჩევის გათვალისწინება ყოველთვის არ არის ადვილი.

„ბევრი ჩემი თანატოლის მსგავსად, სულ მშია. ჩემი მშობლები მეუბნებიან, კუჭი ხომ არ გაქვს გახვრეტილიო!“ (ენდრიუ, 15 წლის).

„ჭამის დროს არაფერი გვემართება და ამიტომ საკვები არც ისე მავნე გვგონია“ (დანიელა, 19 წლის).

მეტი ნებისყოფა ხომ არ გმართებს, როცა საქმე ჯანსაღ კვებას ეხება? ნახე, რას ამბობენ შენი თანატოლები.

ნუ შეჭამ უზომოდ. „თავიდან კალორიებს ვითვლიდი, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ გაძღომამდე არ უნდა ვჭამო“, — ამბობს 19 წლის ჯულია.

მოერიდე არაჯანსაღ საკვებს. „ერთ თვეში ხუთი კილო დავიკელი მხოლოდ იმიტომ, რომ გაზიან სასმელებს აღარ ვსვამდი“, — ამბობს 21 წლის პიტერი.

ყველაფერს ერთ ჯერზე ნუ შეჭამ. „ვცდილობ, მხოლოდ ერთი ულუფით დავკმაყოფილდე“, — ამბობს 19 წლის ერინი.

რა დაგეხმარება? თავის დროზე ჭამე საუზმე, სადილი და ვახშამი! თუ ასე მოიქცევი, არც მოგშივდება და არც ზედმეტი მოგივა.

თუ ივარჯიშებ, კარგად იგრძნობ თავს!

ბიბლიაში ვკითხულობთ: „ფიზიკური ვარჯიში . . . სასარგებლოა“ (1 ტიმოთე 4:8). მაგრამ ბევრ ახალგაზრდას არ უყვარს ვარჯიში.

„სკოლაში ძალიან ბევრი აცდენდა ფიზკულტურას. ეს ყველაზე სახალისო გაკვეთილი იყო, თანაც სადილის მერე გვქონდა“ (რიჩარდი, 21 წლის).

„ზოგი ფიქრობს: რა ძალა მადგას, მზის გულზე ვირბინო და გავოფლიანდე მაშინ, როცა შემიძლია სახლში კომფორტულად მოვკალათდე, ვიდეო-თამაშებით გავერთო და პულტით სხვა ვარბენინო?“ (რუთი, 22 წლის).

ვარჯიშზე გაფიქრებაც ხომ არ გზარავს? თუ ჩვევად გაიხდი ვარჯიშს, სამ რამეში წაგადგება.

№1. ვარჯიში იმუნურ სისტემას გაგიძლიერებს. 19 წლის რეიჩელი ამბობს: „მამაჩემი ყოველთვის მეუბნება, თუ ვარჯიშისთვის ვერ მოიცლი, ავადმყოფობა მოიცლის შენთვისო“.

№2. ვარჯიშის დროს ტვინი გამოყოფს ქიმიურ ნივთიერებებს, რაც ნერვებს დაგიმშვიდებს. „სირბილი დაძაბულობას მიხსნის. ვარჯიშის შემდეგ თავს ყოველმხრივ კარგად ვგრძნობ“, — გვიზიარებს 16 წლის ემილი.

№3. ვარჯიში კარგ ხასიათზე დაგაყენებს. „ძალიან მიყვარს აქტიური დასვენება. ხშირად დავდივარ ლაშქრობებზე, ვცურავ, სნოუბორდით ვსრიალებ და ველოსიპედით ვსეირნობ“.

რა დაგეხმარება? კვირაში სამჯერ, სულ ცოტა, 20 წუთი მაინც დაიტვირთე თავი ფიზიკურად ისეთი რამით, რაც სიამოვნებას განიჭებს.

თუ კარგად გამოიძინებ, ჯანმრთელი იქნები!

ბიბლიაში ნათქვამია: „ერთი მუჭა დასვენება სჯობია ორ მუჭა გარჯასა და ქარის დევნას“ (ეკლესიასტე 4:6). თუ კარგად არ გამოიძინებ, ეს შენს ჯანმრთელობაზე აისახება.

„თუ ძილი დამაკლდა, აღარ ვარგივარ. ვერაფერზე ვახერხებ კონცენტრირებას“ (რეიჩელი, 19 წლის).

„შუადღისთვის ისეთი დაღლილი ვარ, რომ ლაპარაკის დროს ლამის ჩამეძინოს“ (კრისტინა, 19 წლის).

ძილი ხომ არ გაკლია? ნახე, რას ამბობენ შენი თანატოლები.

ნუ დაწვები გვიან. „ვცდილობ, ყოველთვის დროულად დავიძინო“, — ამბობს 18 წლის კატრინი.

მოერიდე გვიანობამდე მეგობრებთან ლაპარაკს. „ზოგჯერ მეგობრები საკმაოდ გვიან მირეკავენ ან მიმესიჯებენ, მაგრამ ამ ბოლო დროს ჭკუა ვისწავლე და თავის დროზე ვიძინებ“, — გვიზიარებს 21 წლის რიჩარდი.

შეეცადე ჩადგე რეჟიმში. 20 წლის ჯენიფერი ამბობს: „ვცდილობ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დავწვე და ავდგე“.

რა დაგეხმარება? შეეცადე, ღამეში 8—10 საათი იძინო.

აქ განხილულიდან ყველაზე მეტად რაში გჭირდება გაუმჯობესება?

კვება ვარჯიში ძილი

ქვემოთ დაწერე, როგორ აპირებ გაუმჯობესებას.

․․․․․

საკუთარ ჯანმრთელობაზე რომ იზრუნო, მხოლოდ რამდენიმე რჩევის გათვალისწინებაა საჭირო. გახსოვდეს: თუ გინდა, კარგად გამოიყურებოდე, თავს უკეთ გრძნობდე და შინაგანი ორგანოებიც მწყობრში გქონდეს, პირველ რიგში, ჯანმრთელი უნდა იყო. არის ცხოვრებაში ისეთი რამ, რისი გაკონტროლებაც შეუძლებელია, მაგრამ როცა საქმე შენს ჯანმრთელობას ეხება, მეტ-ნაკლებად რაღაცის გაკეთება შეგიძლია. 19 წლის ერინი ამბობს: „შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია“.

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილეთ ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype

[სქოლიოები]

^ აბზ. 11 ბევრს ისეთი დაავადება აქვს, რომლის განკურნებაც შეუძლებელია. ეს სტატია დაეხმარება მათ, რომ შეძლებისდაგვარად ხელი შეუწყონ თავიანთ ჯანმრთელობას.

^ აბზ. 13 ზოგი სახელი შეცვლილია.

დაფიქრდი

● როგორ შეგმატებს დაჯერებულობას ჯანმრთელობაზე ზრუნვა?

● როგორ შეგიძლია გამოავლინო კეთილგონიერება, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება? (ფილიპელები 4:5)

[ჩარჩო⁄სურათები 13 გვერდზე]

რას ამბობენ შენი თანატოლები?

„ადამიანის სხეული ჰგავს მანქანას, რომელსაც კარგად თუ არ მოუვლი, გაფუჭდება. სწორედ ამიტომ ვვარჯიშობ“.

„კარგია, როცა სხვასთან ერთად ვარჯიშობ. კიდეც რომ დაგეზაროს ვარჯიში, სხვას ხათრს ვერ გაუტეხ“.

„ვარჯიშის მერე თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ვარჯიშის წყალობით უკეთეს ფორმაში ვარ, რაც დაჯერებულობას მმატებს“.

[სურათები]

ეთანი

ბრიანა

ემილი

[ჩარჩო 14 გვერდზე]

„ჯანსაღი ცხოვრება დავიწყე“

„ექვსი წლის ასაკში პუტკუნა ვიყავი. სულ სასუსნავს ვეძებდი და პირს არ ვაჩერებდი. განძრევა მეზარებოდა. ჰოდა კარგი ჩიტიც დავიჭირე — როცა წამოვიზარდე, წონა საკმაოდ მქონდა აკრეფილი. საშინლად არ მომწონდა საკუთარი თავი. დროდადრო დიეტას ვიცავდი, მაგრამ მალევე ვიმატებდი. 15 წლის რომ გავხდი, საკუთარი თავი ხელში ავიყვანე. გადავწყვიტე, დაუყოვნებლივ დამეკლო წონაში და ერთი კილოც აღარ მომემატა. შევიძინე სპეციალური სახელმძღვანელო, სადაც მოცემული იყო რჩევები სწორ კვებასა და ვარჯიშზე. მაშინაც კი, თუ დიეტას დავარღვევდი ან რაღაც მიზეზის გამო ვერ ვივარჯიშებდი, გულს არ ვიტეხდი. ჩემს მონდომებას უკვალოდ არ ჩაუვლია: ერთ წელიწადში 25 კილო დავიკელი. სასურველი წონა ორი წელი შევინარჩუნე. ადრე ეს წარმოუდგენლად მიმაჩნდა. წონაში დაკლების მიზეზი მარტო დიეტა არ იყო — მე ჯანსაღი ცხოვრება დავიწყე. როგორც კი ვთქვი, ერთხელ და სამუდამოდ შევიცვლი-მეთქი ცხოვრების წესს, შევასრულე კიდეც (კატრინი, 18 წლის).

[სურათი 14 გვერდზე]

ჯანმრთელობა შეიძლება შევადაროთ მანქანას, რომელსაც თავის დროზე თუ არ შეაკეთებ, მწყობრიდან გამოვა