არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩვენ ერთი ოჯახი ვართ

ჩვენ ერთი ოჯახი ვართ

ჩვენ ერთი ოჯახი ვართ

რა თვალსაზრისი გაქვთ განსხვავებული კანის ფერისა და ეთნიკური ჯგუფის ადამიანებზე? მიიჩნევთ მათ თქვენ თანასწორად? სამწუხაროდ, ამა თუ იმ რასის ადამიანს მრავალი ზემოდან დაჰყურებს. ერთი ლექსიკონის თანახმად, „რასიზმი არის ანტიმეცნიერული თეორია, თითქოს არსებობდეს მაღალი და დაბალი, სრულფასოვანი და არასრულფასოვანი რასები“.

ასეთმა შეხედულებამ არასასურველი შედეგები გამოიღო. „მან გაამართლა კოლონისტების მიერ ამა თუ იმ ხალხის ჩაგვრა და დამონება“, — წერს ვენ შინგ ცენი (Handbook of Cultural Psychiatry). ცენი დასძენს, რომ სწორედ რასა „განსაზღვრავს ადამიანის სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ თანასწორობას“. რასიზმი დღესაც კი არსებობს მრავალ ქვეყანაში. მაგრამ, რამდენად ეთანხმება ეს დამღუპველი ტენდენცია ჭეშმარიტებას? რას ამბობს მეცნიერება და ბიბლია ამ საკითხზე?

მეცნიერული თვალსაზრისი

ადამიანთა გენეტიკის გამოკვლევამ ცხადყო, რომ რასიზმის თეორია მცდარია. მკვლევარებმა სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრები ხალხის დნმ შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ნებისმიერი ორი ადამიანის დნმ ერთმანეთისგან სულ რაღაც 0,5 პროცენტით განსხვავდება. * ასეთი მაჩვენებელი ნებისმიერი რასის წარმომადგენლების 86—90 პროცენტში შეიმჩნევა. აქედან გამომდინარე, რასებს შორის ეს სხვაობა სულ რაღაც 14 პროცენტი ან უფრო ნაკლებია.

რამდენადაც „ადამიანები გენეტიკურად ერთნაირები არიან, გენეტიკის შესწავლას შეუძლია ნათელი მოჰფინოს რასიზმთან დაკავშირებულ საკითხებს და გადაჭრას რასობრივი პრობლემები“, — ნათქვამია ერთ-ერთ ჟურნალში (Nature).

ჯერ კიდევ 1950 წლის დასაწყისში იუნესკომ რასიზმის წინააღმდეგ ანთროპოლოგების, გენეტიკოსებისა და სოციოლოგების მიერ დაწერილი არაერთი სტატია გამოსცა. მიუხედავად ამისა, რასობრივი სიძულვილი მაინც პრობლემად რჩება. ცხადია, მხოლოდ ფაქტების ცოდნა საკმარისი არ არის. აუცილებელია, რომ ეს ფაქტები ადამიანის გულს შეეხოს. „გულიდან გამოდის ბოროტი აზრები“, — თქვა იესო ქრისტემ (მათე 15:19, 20).

ბიბლიის თვალსაზრისი

ბიბლია ისეა დაწერილი, რომ ადამიანის გულს ეხება. ის მხარს უჭერს მეცნიერულ თვალსაზრისს, რომ „[ღმერთმა] ერთი ადამიანიდან შექმნა ყველა ხალხი, რათა მთელი დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ“. მასში ისიცაა ნათქვამი, რომ „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35; 17:26). განა გული სიხარულით არ გევსებათ, რომ ასეთ სამართლიან ღმერთს ემსახურებით? (კანონი 32:4).

იეჰოვა ღმერთს სურს, მისდამი სიყვარული იმით გამოვავლინოთ, რომ მას მივბაძოთ. „მიჰბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა, და იარეთ სიყვარულში“, — ნათქვამია ეფესოელების 5:1, 2-ში. ფრაზა „იარეთ სიყვარულში“ იმასაც ნიშნავს, რომ ღვთის მსგავსად გვიყვარდეს ხალხი განურჩევლად მათი კანის ფერისა თუ წარმოშობისა (მარკოზი 12:31).

ღმერთი თავის მსახურად არ მიიღებს მას, ვისაც გული ბოროტებით აქვს სავსე და სძულს რომელიმე რასის ადამიანი (1 იოანე 3:15). სწრაფად გვიახლოვდება ის დღე, როცა ღმერთი ბოროტებს მოსპობს. გადარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც ღვთის თვისებებს ავლენენ. იმ დროს მთელი კაცობრიობა მართლაც ერთი ოჯახი იქნება და გაერთიანებულად სცემს თაყვანს ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს (ფსალმუნი 37:29, 34, 38).

[სქოლიო]

^ აბზ. 5 შესაძლოა, სხვაობა შედარებით მეტი იყოს, თუ საქმე გვაქვს რაიმე მემკვიდრეობით დაავადებასთან.

[ჩანართი 23 გვერდზე]

„ადამიანები გენეტიკურად ერთნაირები არიან“