გასაღები 4 პატივისცემა
გასაღები 4 პატივისცემა
„მოიშორეთ ყოველგვარი . . . ყვირილი და ლანძღვა“ (ეფესოელები 4:31)
რას ნიშნავს? უთანხმოება ყველა ოჯახშია, მაგრამ ბედნიერ ოჯახში პრობლემებს სარკაზმის, ლანძღვისა თუ სხვა სახის სიტყვიერი შეურაცხყოფის გარეშე აგვარებენ. ოჯახის წევრები ერთმანეთს ისე ექცევიან, როგორც უნდათ, რომ თავად მოექცნენ (მათე 7:12).
რატომ არის მნიშვნელოვანი? სიტყვებით ადამიანის განადგურება შეიძლება. ერთი ბიბლიური იგავი ამბობს: „უდაბნოში ცხოვრება სჯობია ანჩხლ ცოლთან სიმწარეში ცხოვრებას“ (იგავები 21:19). ცხადია, ანჩხლი კაციც შეიძლება იყოს. მშობლების საყურადღებოდ ბიბლიაში წერია: „მამებო, ნუ გააღიზიანებთ შვილებს, რათა არ დანაღვლიანდნენ“ (კოლოსელები 3:21). ბავშვები, რომლებსაც მშობლები მუდმივად კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ, იფიქრებენ, რომ მშობლებს ვერაფრით ასიამოვნებენ, ამიტომ შეიძლება არც კი ეცადონ, მათ მოსაწონად მოიქცნენ.
სცადეთ. ქვემომოყვანილი კითხვების დახმარებით გაარკვიეთ, ავლენთ თუ არა ოჯახის წევრების მიმართ პატივისცემას:
▪ ოჯახში უთანხმოება იმით ხომ არ მთავრდება, რომ ერთ-ერთი გაბრაზებული გადის ოთახიდან?
▪ მეუღლეს ან შვილებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით ხომ არ მივმართავ, მაგალითად, „შე დებილო!“, „შე იდიოტო!“?
▪ ჩვეულებრივი მოვლენა იყო შეურაცხმყოფელი სიტყვებით საუბარი იმ ოჯახში, რომელშიც აღვიზარდე?
მიზნად დაისახეთ. დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ თქვენი სიტყვებით პატივისცემის გამოვლენა (რჩევა: ილაპარაკეთ პირველ პირში. მაგალითად, „ძალიან მწყინს, როცა შენ . . .“ და არა, „შენ ყოველთვის . . .“).
უთხარით თქვენს მეუღლეს, რა გაქვთ გადაწყვეტილი. სამი თვის შემდეგ ჰკითხეთ მეუღლეს, თუ ამჩნევს თქვენში ცვლილებას.
დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ შვილებთან ურთიერთობისას ერიდოთ შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებას.
თუ შვილებს უხეშად ან დამამცირებელი სიტყვებით მიმართეთ, ნუ დაგავიწყდებათ ბოდიშის მოხდა.
[სურათი 6 გვერდზე]
როგორც ზღვის ტალღები შლის კლდოვან ნაპირს, ისე გულსატკენი სიტყვები არყევს ოჯახის სიმტკიცეს