არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია მსოფლიო ომი

შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია მსოფლიო ომი

შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია მსოფლიო ომი

შეიძლება, მესამე მსოფლიო ომი შემთხვევით დაიწყოს? შეიძლება, სახელმწიფო მოღვაწეებისა და სამხედრო პირების წინდაუხედაობის გამო მილიონობით ადამიანი დაიღუპოს?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ძნელია, მაგრამ ერთი რამ ცხადია — ისტორიას ახსოვს ამის პრეცედენტი. გასული საუკუნის დასაწყისში ევროპის პოლიტიკურმა ლიდერებმა თავიანთი ქვეყნები ჩააბეს მასშტაბურ ომში, რომელსაც მოგვიანებით პირველი მსოფლიო ომი ეწოდა. ისინი მაშინ ვერც კი ხვდებოდნენ, რა დამანგრეველი შედეგები მოჰყვებოდა ამ ომს. „ჩვენ ომის წუმპეში ჩავეფალით“, — აღიარა ბრიტანეთის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა, დეივიდ ლოიდ ჯორჯმა (1916—1922). განვიხილოთ, რა მოვლენები უსწრებდა წინ ამ შემზარავ ხოცვა-ჟლეტას.

„არც ერთ პოლიტიკოსს არ სურდა ასეთი მასშტაბური ომის წამოწყება. მათ მხოლოდ მოწინააღმდეგეების შეშინება და გამარჯვების მოპოვება სურდათ“, — წერდა ისტორიკოსი ა. ტეილორი. რუსეთის მეფე თვლიდა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო მშვიდობის შესანარჩუნებლად. მისივე თქმით, ის პასუხს არ აგებდა საშინელ სისხლის ღვრაზე. მაგრამ 1914 წლის 28 ივნისს დაახლოებით 11 საათსა და 15 წუთზე ორმა საბედისწერო გასროლამ მოვლენები უმართავი გახადა.

ორი გასროლა, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ევროპის ძლიერი ქვეყნების ხანგრძლივმა დაპირისპირებამ 1914 წლისთვის ორი მეტოქე ალიანსის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ერთ მხარეს იყო სამთა კავშირი — ავსტრია-უნგრეთი, იტალია და გერმანია, მეორე მხარეს კი წარმოადგენდა ანტანტის ქვეყნები — დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და რუსეთი. გარდა ამისა, ეს სახელმწიფოები პოლიტიკურად თუ ეკონომიკურად სხვა ქვეყნებთან იყვნენ დაკავშირებული, მათ შორის ბალკანეთის ქვეყნებთან.

იმდროინდელი ბალკანეთი პოლიტიკურად არასტაბილური იყო და ძლიერი ქვეყნების ჩაგვრისგან გათავისუფლებას ლამობდა. ამის გამო ამ ტერიტორიაზე დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მრავალი საიდუმლო ორგანიზაცია შეიქმნა. ახალგაზრდებისგან შემდგარმა ერთმა ასეთმა ჯგუფმა განიზრახა, მოეკლათ ავსტრიის ერცჰერცოგი, ფრანც ფერდინანდი, რომელიც 28 ივნისს ბოსნიის დედაქალაქ სარაევოს უნდა სწვეოდა. * ერცჰერცოგს მცირერიცხოვანი დაცვა ახლდა თან, რამაც თავდამსხმელებს საქმე გაუადვილა. მაგრამ, როგორც ჩანს, თავდასხმის ორგანიზატორებს გამოცდილება აკლდათ. ერთმა ახალგაზრდამ პატარა ყუმბარა ისროლა, მაგრამ მიზანს ააცილა. მისი თანამზრახველები კი დაიბნენ და დათქმულ დროს სათანადოდ ვერ იმოქმედეს. შეთქმულთაგან ერთ-ერთმა, გავრილო პრინციპმა მხოლოდ შემთხვევის წყალობით შეძლო მიზნის მიღწევა.

პრინციპმა დაინახა, რომ ერცჰერცოგმა უვნებლად განაგრძო თავისი ავტომობილით სვლა. მან ავტომობილთან მისვლა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. იმედგაცრუებულმა გზა განაგრძო და იქვე კაფეში შევიდა. თავდასხმით აღშფოთებულმა ერცჰერცოგმა მარშრუტის შეცვლა განიზრახა. მაგრამ მისმა მძღოლმა, რომელმაც არაფერი იცოდა ამ ცვლილების შესახებ, გეზი სხვა მიმართულებით აიღო, რის გამოც მას მანქანის მობრუნება მოუწია. სწორედ ამ დროს კაფედან პრინციპი გამოვიდა და დაინახა, რომ მისგან 3 მეტრის მოშორებით კაბრიოლეტში ნანატრი სამიზნე იჯდა. ორი გასროლით პრინციპმა ერცჰერცოგი და მისი მეუღლე სიცოცხლეს გამოასალმა. * ამ გულუბრყვილო სერბ ნაციონალისტს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა კატასტროფული შედეგები მოჰყვებოდა ამ მკვლელობას. თუმცა მხოლოდ მას არ მიუძღვის ბრალი იმ საშინელებაში, რაც ამ გასროლას მოჰყვა.

ომისთვის მზადება

1914 წლამდე ევროპელთა უმეტესობას ომი გაიდიალებული ჰქონდა. მათი აზრით, ომი დიდებული და ღირსეული მიზნების მიღწევას უნდა მომსახურებოდა. პარადოქსია, მაგრამ ეს იდეა ეკუთვნოდა ხალხს, რომლებიც თავს ქრისტიანებად თვლიდნენ. ზოგი პოლიტიკოსი იმასაც ფიქრობდა, რომ ომი ხელს შეუწყობდა ეროვნულ ერთიანობას და აამაღლებდა ხალხის ნაციონალურ სულისკვეთებას. უფრო მეტიც, ზოგი გენერალი ქვეყნის ლიდერებს იმაში არწმუნებდა, რომ ომს ელვისებური სისწრაფით მოიგებდნენ. „ორ კვირაში საფრანგეთს დავამარცხებთ“, — იკვეხნიდა გერმანელი გენერალი. არავის ეგონა, რომ მილიონობით ჯარისკაცს წლების განმავლობაში მოუწევდა ტალახიან სანგრებში ჯდომა.

ომამდელ წლებში „ევროპას ნაციონალიზმის ძლიერმა ტალღამ გადაუარა. სკოლები, უნივერსიტეტები, პრესა და პოლიტიკური წრეები ეროვნული თვითგანდიდების მანიამ მოიცვა“, — აღნიშნულია ერთ წიგნში (Cooperation Under Anarchy).

რელიგიურ წინამძღოლებს თითქმის არაფერი გაუკეთებიათ ამ დამღუპველი სულისკვეთების შესაჩერებლად. ისტორიკოსი პოლ ჯონსონი ამბობს: „ერთ მხარეს იდგა პროტესტანტული გერმანია, კათოლიკური ავსტრია, მართლმადიდებლური ბულგარეთი და მუსლიმანური თურქეთი. მეორე მხარეს კი იდგა პროტესტანტული ბრიტანეთი, კათოლიკური საფრანგეთი და იტალია და მართლმადიდებლური რუსეთი“. ჯონსონი დასძენს, რომ რელიგიურ მსახურთა უმეტესობა „ქრისტიანობას პატრიოტიზმთან აიგივებდა. სხვადასხვა ქრისტიანული მიმდინარეობის ჯარისკაცებს მოუწოდებდნენ, თავიანთი მხსნელის სახელით ერთმანეთი დაეხოცათ“. მობილიზაცია მღვდლებსა და მონაზვნებსაც შეეხო. ათასობით მათგანი საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა.

ევროპულმა ალიანსებმა, რომლებიც მასშტაბური ომის თავიდან არიდების მიზნით შეიქმნა, სინამდვილეში ხელი შეუწყო მსოფლიო ომის დაწყებას. რა გაგებით? „ევროპის სახელმწიფოები ერთმანეთზე გახდნენ დამოკიდებულნი. თითოეული სახელმწიფო თვლიდა, რომ მისი უსაფრთხოება მოკავშირეთა უსაფრთხოებაზე იყო დამოკიდებული. ამიტომ იძულებულები იყვნენ, მაშინვე გამოსარჩლებოდნენ თავიანთ მოკავშირეებს, რომლებიც ზოგჯერ თავად იყვნენ თავდასხმის ინიციატორები“ (Cooperation Under Anarchy).

მდგომარეობის გამწვავებაში დიდი როლი ითამაშა გერმანელების მიერ შემუშავებულმა „შლიფენის“ გეგმამ, რომელსაც ეს სახელი გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ ალფრედ ფონ შლიფენის პატივსაცემად უწოდეს. გერმანელების გეგმა ითვალისწინებდა საფრანგეთსა და რუსეთზე სწრაფ თავდასხმას. გეგმის მიზანი ასეთი იყო: გერმანიას სწრაფად უნდა დაეპყრო საფრანგეთი, სანამ რუსეთი ძალების მობილიზებას მოასწრებდა, შემდეგ კი იერიში თავად რუსეთზე მიეტანა. „[შლიფენის] გეგმის ამოქმედებამ სამხედრო ალიანსებად დაყოფილ ევროპაში გარდაუვალი გახადა ფართომასშტაბიანი ომი“ (World Book Encyclopedia).

ზვავი დაიძრა

მიუხედავად იმისა, რომ სერბიის მთავრობა ოფიციალური გამოძიებით უდანაშაულოდ ცნეს ერცჰერცოგის მკვლელობაში, ავსტრიას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაედუმებინა სლავი ხალხები. როგორც ისტორიკოსი ჯ. რობერტსი აღნიშნავს, ავსტრიას უნდოდა, რომ „ჭკუა ესწავლებინა სერბიისთვის“.

დაძაბულობის განსამუხტავად რუსეთის ელჩი სერბიაში, ნიკოლას ჰარტვიგი, ეძებდა გზებს, რომ მხარეები კომპრომისზე წასულიყვნენ. მაგრამ, ვიდრე ავსტრიის წარმომადგენლებს შეხვდებოდა, ის გულის შეტევით გარდაიცვალა. 23 ივლისს ავსტრიამ სერბიას ისეთი ულტიმატუმი წაუყენა, რომლის შესრულებაც თითქმის შეუძლებელი იყო. სერბიამ ვერ შეძლო ამ მოთხოვნების შესრულება, რის გამოც ავსტრიამ მაშინვე გაწყვიტა მასთან დიპლომატიური ურთიერთობა. ამ გადამწყვეტ მომენტში დიპლომატია უძლური აღმოჩნდა.

თუმცა ომის შესაჩერებლად გარკვეული მცდელობები მაინც იყო. მაგალითად, დიდმა ბრიტანეთმა წამოაყენა იდეა საერთაშორისო კონფერენციის მოწვევის შესახებ, გერმანიის კაიზერი კი რუსეთის მეფეს მობილიზაციის შეწყვეტას სთხოვდა. მაგრამ მოვლენების გაკონტროლება უკვე შეუძლებელი იყო. „პოლიტიკოსები, გენერლები და უბრალო ადამიანები გააოგნა იმის გაცნობიერებამ, თუ რა მასშტაბებს მიაღწევდა ის მოვლენები, რომლებიც უნდა განვითარებულიყო“ (The Enterprise of War).

გერმანიის მხარდაჭერაში დარწმუნებულმა ავსტრიის იმპერატორმა, 28 ივლისს სერბიას ომი გამოუცხადა. რუსეთმა სერბიას დაუჭირა მხარი და ავსტრიის შესაჩერებლად დაახლოებით ერთმილიონიანი ჯარის მობილიზებას შეუდგა ავსტრიის საზღვრებთან. იმის გამო, რომ რუსეთს გერმანიასთან საზღვარი დაუცველი რჩებოდა, რუსეთის მეფე იძულებული იყო, საყოველთაო მობილიზაცია გამოეცხადებინა.

რუსეთის მეფე კაიზერს არწმუნებდა, რომ მას გერმანიაზე თავდასხმა არ ჰქონდა განზრახული. მიუხედავად ამისა, რუსეთის მობილიზაციამ გერმანიას თავისი გეგმის განხორციელება დააჩქარებინა; 31 ივლისს გერმანიამ „შლიფენის“ საბრძოლო გეგმით დაიწყო მოქმედება და 1 აგვისტოს რუსეთს ომი გამოუცხადა, ორი დღის შემდეგ კი — საფრანგეთს. გერმანელთა გეგმით მათ ჯარებს ბელგიაზე უნდა გაევლოთ. ამიტომ ბრიტანეთმა გააფრთხილა გერმანია, რომ თუ ბელგიის ნეიტრალიტეტს დაარღვევდა, ბრიტანეთი მას დაუპირისპირდებოდა. გერმანელთა ჯარებმა ბელგიის საზღვარი 4 აგვისტოს გადაკვეთეს. ომის მანქანას უკვე ვეღარაფერი შეაჩერებდა.

„თანამედროვე დიპლომატიის უდიდესი მარცხი“

„ბრიტანეთის ომში ჩაბმა უკანასკნელი აკორდი იყო, რამაც თანამედროვე დიპლომატიას უდიდესი მარცხი განაცდევინა“, — წერდა ისტორიკოსი ნორმან დეივისი. მისი თანამედროვე, ისტორიკოსი ედმონდ ტეილორი წერდა, რომ 28 ივლისს ავსტრიის მიერ ომის გამოცხადების შემდეგ „საომარი მოქმედებები ერთ დიდ უწესრიგობად იქცა. ძალიან ბევრი რამ ხდებოდა, თანაც მრავალ ადგილზე და დიდი სისწრაფით . . . ყველაზე მოაზროვნე ადამიანებიც კი ვეღარ ასწრებდნენ ომის შედეგების გაანალიზებას“.

ეს გამანადგურებელი ორომტრიალი 13 მილიონზე მეტი ჯარისკაცისა და მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლის ფასად დაჯდა. ამ ომმა დიდი დარტყმა მიაყენა მომავალთან დაკავშირებულ ოპტიმისტურ შეხედულებებს, რადგან ეგრეთ წოდებულმა ცივილიზებულმა ადამიანებმა მძლავრი, ახალგამოგონილი მასობრივი წარმოების იარაღით უმოწყალოდ ამოხოცეს ერთმანეთი არნახული მასშტაბით. მას შემდეგ მსოფლიომ ვეღარ დაიბრუნა პირვანდელი სახე (იხილეთ ჩარჩო  „მსოფლიო ომი — დროის ნიშანი?“).

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 ბოსნია ამჟამად ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაწილია.

^ აბზ. 8 პრინციპმა შეცდომით ესროლა ერცჰერცოგის მეუღლეს. მას განზრახული ჰქონდა ბოსნიის მმართველის, გენერალ პოტიორეკის მოკვლა, რომელიც მათთან ერთად იჯდა ავტომობილში. მაგრამ, როგორც ჩანს, პრინციპს რაღაცამ შეუშალა ხელი.

[ჩარჩო⁄სურათი 20 გვერდზე]

 მსოფლიო ომი — დროის ნიშანი?

ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ომები დამახასიათებელი იქნებოდა ბოროტი ქვეყნიერების ბოლო დღეებისთვის (მათე 24:3, 7; გამოცხადება 6:4). დღეს ამ წინასწარმეტყველების შესრულება იმაზე მიანიშნებს, რომ სწრაფად გვიახლოვდება დრო, როცა ღვთის სამეფო მთელ დედამიწაზე გააკონტროლებს მდგომარეობას (დანიელი 2:44; მათე 6:9, 10).

უფრო მეტიც, ღვთის სამეფო მოსპობს უხილავ ძალებს, რომლებიც დღეს მთელ მსოფლიოზე ახდენენ გავლენას. ამ ბოროტ სულებს სატანა ეშმაკი მართავს. „მთელი ქვეყნიერება კი ბოროტის ხელშია“, — ნათქვამია 1 იოანეს 5:19-ში. სატანას მიუძღვის ლომის წილი კაცობრიობის მრავალ უბედურებაში, მათ შორის იმ მოვლენების განვითარებაში, რამაც პირველი მსოფლიო ომი გამოიწვია (გამოცხადება 12:9—12). *

[სქოლიო]

^ აბზ. 30 მეტი ინფორმაცია ბოლო დღეებსა და ბოროტ სულებზე შეგიძლიათ იხილოთ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[საავტორო უფლება]

U.S. National Archives photo

[სურათი 19 გვერდზე]

ერცჰერცოგ ფერდინანდის მკვლელობა

[საავტორო უფლება]

© Mary Evans Picture Library