ნუ მოაკლებთ შვილებს ყურადღებას
ნუ მოაკლებთ შვილებს ყურადღებას
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის კანადიდან
▪ „ტელევიზორიდან შეიძლება ბევრი კარგი რამ ისწავლო, [მაგრამ] საათობით ტელევიზორის წინ პასიურად ჯდომა ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს“, — ნათქვამია გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმზში“. ის ბავშვებს ხელს უშლის შემოქმედებითი, სწავლისა და ადამიანებთან ურთიერთობის უნარის განვითარებაში.
2 500 ბავშვზე დაკვირვების შემდეგ სიეტლის (ვაშინგტონი) ბავშვთა საავადმყოფოს მკვლევარებმა „დაადგინეს, რომ რაც უფრო დიდხანს სხედან ერთიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვები ტელევიზორთან, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ შვიდი წლის ასაკში ყურადღების კონცენტრირება გაუჭირდებათ“, — ნათქვამია გაზეთში. ასეთი ბავშვები უფრო აგრესიულები და მოუთმენლები არიან და აღენიშნებათ ხანგრძლივი დროით ყურადღების კონცენტრირების დაქვეითება. პედაგოგიური ფსიქოლოგიის დარგის სპეციალისტი დოქტორი ჯეინ ჰელი აღნიშნავს: „მშობლებმა, რომელთა შვილებსაც ყურადღების გაფანტვის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს, შენიშნეს, რომ ბავშვების მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესდა, როცა მათ ტელევიზორის ყურების დრო შეუზღუდეს“.
რა უნდა გააკეთონ მშობლებმა, რომ შეუზღუდონ ბავშვს ტელევიზორთან ყოფნის დრო? ზემოხსენებულ გაზეთში შემდეგი რჩევები იყო მოცემული: დაადგინეთ, დღის განმავლობაში როდის და რამდენ ხანს უყურებს ბავშვი ტელევიზორს. ნუ აქცევთ ტელევიზორს თქვენი შვილის ძიძად. დაიხმარეთ ბავშვი საოჯახო საქმეების გაკეთების დროს. შეარჩიეთ, რომელ გადაცემებს აყურებინებთ ბავშვს და დამთავრებისთანავე გამორთეთ ტელევიზორი. როცა შესაძლებელია, ბავშვთან ერთად უყურეთ ტელევიზორს და შემდეგ ერთად ისაუბრეთ ნანახის შესახებ. და კიდევ ერთი, თავადაც შეამცირეთ ტელევიზორის ყურების დრო.
ბავშვის შემოქმედებითი უნარისა და ურთიერთობის უნარ-ჩვევების განვითარება დროს, შეუპოვრობას და თვითდისციპლინას მოითხოვს. ეს ღირს ძალისხმევად. ამას ამტკიცებს უძველესი იგავი: „ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს; ის სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას“ (იგავი 22:6). აღზრდაში შედის ბავშვისთვის ზნეობრივი ღირებულებების ჩანერგვა, რაც ასე მნიშვნელოვანია.
იეჰოვას მოწმეები ეფექტურად იყენებენ წიგნს „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“, რათა ბავშვებს ასწავლონ, სწორად მოიქცნენ. თუ მშობლებს შვილებთან ადრეულ ასაკშივე ექნებათ ახლო ურთიერთობა და ყურადღებას არ მოაკლებენ, კარგ შედეგებს მოიმკიან. მშობელს ყველაზე მეტად ის გაახარებს, თუ მისი შვილები ღირსეულ და პასუხისმგებელ პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან.