დედამიწის „ჯავშანი“
დედამიწის „ჯავშანი“
კოსმოსში არსებული მომაკვდინებელი რადიაცია და მეტეოროიდები დიდ საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს. მაგრამ ჩვენი ცისფერი პლანეტა ხიფათით სავსე გალაქტიკაში შედარებით უსაფრთხოდ მანევრირებს. ეს იმიტომ, რომ დედამიწა კარგი თავდაცვითი სისტემით — მძლავრი მაგნიტური ველითა და ატმოსფეროთი არის აღჭურვილი.
მაგნიტური ველი დედამიწის გარშემო კილომეტრებზე ვრცელდება და უხილავ საფარს, მაგნიტოსფეროს ქმნის (იხილეთ მარჯვნივ). ის გვიცავს მძლავრი კოსმოსური და მზის მიერ გამოსხივებული რადიაციისგან. მზის გამოსხივებას იწვევს მზის ქარი, ანუ მაღალი ენერგიის მქონე ნაწილაკების მძლავრი გამოფრქვევა, და მზის აფეთქებები, რომელთა შედეგადაც ერთ წუთში გამოთავისუფლებული ენერგია მილიარდობით წყალბადის ბომბის მიერ გამოყოფილ ენერგიას უტოლდება. აგრეთვე მზის გვირგვინიდან პლაზმის გამოფრქვევა, რის შედეგადაც კოსმოსში მილიარდობით ტონა მატერიის ნაწილაკი გამოიტყორცნება. მზის აფეთქებებისა და პლაზმის გამოფრქვევის შედეგად წარმოიშობა პოლარული ციალი (ნაჩვენებია ქვევით მარჯვენა მხარეს) — ზედა ატმოსფეროს ნაირფეროვანი ნათება, რომელიც მაგნიტურ პოლუსებთან ახლოს ჩნდება.
ატმოსფერო დედამიწის კიდევ ერთი დამცავი სისტემაა. მის ზედა ფენაში, სტრატოსფეროში გვხვდება ჟანგბადის ნაირსახეობა — ოზონი, რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივების 99 პროცენტს შთანთქავს. ამგვარად, ოზონის ფენა მავნე გამოსხივებისგან იცავს ცოცხალ არსებებს, მათ შორის ადამიანებსა და პლანქტონებს. აღსანიშნავია, რომ სტრატოსფეროში ოზონის შემცველობა ერთნაირი არ არის. მისი რაოდენობა დამოკიდებულია ულტრაიისფერი გამოსხივების სიმძლავრეზე. ოზონი დედამიწისთვის მართლაც კარგი ჯავშანია.
ატმოსფერო იგერიებს მილიონობით მეტეოროიდსაც, რომელთა ზომა შეიძლება უმცირესი ნაწილაკიდან უშველებელი ლოდის ზომამდე მერყეობდეს. საბედნიეროდ, მათი უმეტესობა ატმოსფეროში მოხვედრისას წვას იწყებს და ცაზე ნათელ კვალს ტოვებს, რასაც მეტეორები ეწოდება.
დედამიწის ჯავშანი მთლიანად არ აკავებს სიცოცხლის არსებობისთვის საჭირო იმ რადიაციას, რომელიც სითბოსა და სინათლის სახით აღწევს ჩვენს პლანეტამდე. ატმოსფერო ხელს უწყობს დედამიწის ზედაპირზე სითბოს გადანაწილებას, ღამით კი მას სითბოს უნარჩუნებს.
დედამიწის ატმოსფერო და მაგნიტური ველი ბოლომდე გამოუკვლეველი საოცრებაა. ჩვენი პლანეტის კიდევ ერთი საოცრებაა წყალი, რომელიც უხვად არის დედამიწაზე.