არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორია ღმერთი?

როგორია ღმერთი?

ბიბლიის თვალსაზრისი

როგორია ღმერთი?

ბიბლიაში წერია: „ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემლები მას სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს“. ეს სიტყვები ნათელს ხდის იმას, თუ როგორია ღმერთი სინამდვილეში — ის არის სული (იოანე 4:19—24). თუმცა ბიბლია ღმერთს ისე აღწერს, როგორც პიროვნებას და იმასაც გვიმხელს, რომ მას იეჰოვა ჰქვია (ფსალმუნი 83:18).

ზოგს, ვინც ბიბლიას კითხულობს, ვერ გაუგია, როგორია ღმერთი. როგორც გავიგეთ, ღმერთი უხილავი სულია და არა ხორციელი არსება, მაგრამ იბადება კითხვა: რატომ არის ბიბლიაში ნათქვამი, რომ მას აქვს თვალები, ყურები, ცხვირი, გული, მკლავები, ხელები, თითები და ფეხები? * გარდა ამისა, ბიბლიაში წერია, რომ ღმერთმა ადამიანი თავის მსგავსად შექმნა, რის საფუძველზეც ზოგი ასკვნის, რომ ღმერთს ადამიანის მსგავსი სხეული აქვს. მაგრამ თუ კარგად გამოვიკვლევთ ბიბლიას, დავინახავთ, რომ ეს ასე არ არის (დაბადება 1:26).

ადამიანის მსგავსია ღმერთი?

ადამიანისთვის ყოვლისშემძლე ღმერთი ადვილად წარმოსადგენი რომ ყოფილიყო, ღვთის სულით შთაგონებულმა ბიბლიის დამწერებმა მის აღსაწერად გამოიყენეს ადამიანისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები. მეცნიერები ასეთ ნიშან-თვისებებს ანთროპომორფულს უწოდებენ, რაც ნიშნავს ადამიანის მსგავსს. ამ ტერმინის არსებობა იმაზე მეტყველებს, რომ შეუძლებელია ადამიანური ენით აღიწეროს ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვა. აქედან გამომდინარე, ბიბლიაში ზეციერი ღმერთი ისეა აღწერილი, რომ ადამიანს მეტ-ნაკლებად შეეძლოს მისი თვისებების დანახვა. რასაკვირველია, ის, რაც ღვთის გარეგნულ აღწერილობას ეხება, არ უნდა იყოს აღქმული პირდაპირი გაგებით, ისევე როგორც ბიბლიის ის მონაკვეთები, სადაც ღმერთზე წერია, რომ ის არის „კლდე“, „მზე“ და „ფარი“ (კანონი 32:4; ფსალმუნი 84:11).

ბიბლიის იმ მუხლში, სადაც ნათქვამია, რომ ღმერთმა ადამიანი თავის მსგავსად შექმნა, ის აზრი დევს, რომ ადამიანს ისეთივე თვისებები აქვს, როგორიც ღმერთს, მაგრამ ღვთისგან განსხვავებით სრულყოფილად ვერ ავლენს ამ თვისებებს. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი სულია ანდა იმას, რომ ღმერთს ადამიანის მსგავსი აღნაგობა აქვს.

აქვს ღმერთს სქესი?

როგორც ღვთის გარეგნული აღწერილობა არ უნდა აღვიქვათ პირდაპირი გაგებით, ისე ბიბლიის ის ადგილები, სადაც ღმერთი მამრობითი სქესით არის წარმოდგენილი. ცოცხალ არსებებს აქვთ სქესი, ენის თავისებურება კი ითხოვს, რომ ყველას თავ-თავისი სქესი მიესადაგებოდეს; სწორედ ამიტომ არის ყოვლისშემძლე ღმერთი იეჰოვა მამრობითი სქესით წარმოდგენილი.

ბიბლია ღმერთს მამად მოიხსენიებს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენი შემოქმედი მოსიყვარულე, მფარველი და მზრუნველი მშობელივითაა (მათე 6:9). თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთს ან სხვა ზეციერ ქმნილებებს მამრობითი ან მდედრობითი სქესი აქვთ. ზეციერ ქმნილებებს სქესი არა აქვთ. საგულისხმოა, რომ ქრისტეს თანამემკვიდრეებს, რომლებიც ზეციერ სამეფოში მასთან ერთად იმეფებენ და ღვთის სულიერი ძეები გახდებიან, არ ექნებათ სქესი. მოციქულმა პავლემ შეახსენა მათ, რომ მას შემდეგ, რაც ღვთის განდიდებული ძეები გახდებოდნენ, არ ექნებოდათ სქესი, რადგან ზეცაში არ არის „არც კაცი და არც ქალი“. ქრისტეს თანამემკვიდრეებს აგრეთვე სიმბოლურად ეწოდებათ კრავის, იესო ქრისტეს, „პატარძალი“. ასე რომ, ის ადამიანური მახასიათებლები, რომლითაც აღწერილია ღმერთი, მისი მხოლოდშობილი ძე, იესო, და სხვა სულიერი ქმნილებები, პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა იქნას გაგებული (გალატელები 3:26, 28; გამოცხადება 21:9; 1 იოანე 3:1, 2).

ბიბლიის დამწერებს, რომლებსაც კარგად ესმოდათ მამაკაცის როლი, ღმერთთან მიმართებით მამრობითი სქესი გამოიყენეს. მამაკაცი, რომელიც ოჯახში სათანადოდ ასრულებს თავის როლს, ისეთივე მამობრივ მზრუნველობასა და სიყვარულს ავლენს, როგორსაც ღმერთი — თავისი მიწიერი შვილების მიმართ (მალაქია 3:17; მათე 5:45; ლუკა 11:11—13).

ღვთის აღმატებული თვისება

ღმერთი, უზენაესი მმართველი, სულია, მაგრამ ის არასდროს იჭერს თავს შორს ადამიანებისგან, არც მათთან ურთიერთობაზე ამბობს უარს და არც საიდუმლოებით არის მოცული. მართალია, ღმერთი სულია, მაგრამ ეს ხელს არ უშლის მართალ ადამიანებს, რომ გაიცნონ ის და გაიგონ მისი თვისებების, კერძოდ, სიყვარულის, ძალის, სიბრძნის, სამართლიანობის შესახებ, რაც ასე ნათლად ჩანს მის ქმნილებებში (რომაელები 1:19—21).

ღვთის ყველაზე აღმატებული თვისება სიყვარულია. შეიძლება ითქვას, რომ ის თავად არის სიყვარულის განსახიერება (1 იოანე 4:8). ეს თვისება აერთიანებს ღვთის ისეთ სხვა მიმზიდველ თვისებებს, როგორიცაა გულმოწყალება, მიმტევებლობა და სულგრძელობა (გამოსვლა 34:6; ფსალმუნი 103:8—14; ესაია 55:7; რომაელები 5:8). იეჰოვა მართლაც სიყვარულია და მას სურს, რომ მის მიწიერ შვილებს ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ მასთან (იოანე 4:23).

[სქოლიო]

გიფიქრიათ?

▪ რა ჰქვია ღმერთს? (ფსალმუნი 83:18).

▪ საიდან ჩანს ღვთის თვისებები? (რომაელები 1:19—21).

▪ რომელია ღვთის აღმატებული თვისება? (1 იოანე 4:8).