რა გაუძლებს ამდენ სტრესს სკოლაში?
ახალგაზრდების შეკითხვები
რა გაუძლებს ამდენ სტრესს სკოლაში?
„სკოლაში სტრესი მაშინაც არ მცირდება, როცა წლები გემატება, უბრალოდ სხვა ხასიათს იძენს“ (ჯეიმსი, ახალი ზელანდია) *.
„სკოლაში იმხელა სტრესი მქონდა, რომ ხშირად მინდოდა, მეტირა და მეყვირა კიდეც“ (შერონი, შეერთებული შტატები).
ზოგჯერ ხომ არ გგონია, რომ მშობლებს არ ესმით, რამხელა სტრესი გაქვს სკოლაში? შეიძლება გეუბნებიან: „ვალი შენ არა გაქვს გასასტუმრებელი, ოჯახი შენ არა გყავს სარჩენი და არც იმაზე ფიქრობ, რით ასიამოვნო უფროსს სამსახურში“. მაგრამ შეიძლება სულაც არ გქონდეს მშობლებზე ნაკლები სტრესი, თუ მეტი არა.
სკოლაში წასვლა და სახლში დაბრუნებაც კი შეიძლება სტრესი იყოს. „სკოლის ავტობუსში ხშირად ჩხუბობენ, — ამბობს სარა, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. — ამ დროს მძღოლი აჩერებს ავტობუსს და ყველას გვყრის იქიდან. ამის გამო სკოლაში ნახევარ საათს ან უფრო მეტს ვაგვიანებთ“.
ალბათ არც სკოლაში გაქვს ნაკლები სტრესი. ვნახოთ, რას ყვებიან მოზარდები. შესაძლოა შენც იმავეს გრძნობდე.
▪ სტრესულ გარემოს მასწავლებლებიც ქმნიან
„მასწავლებლები ჩემგან მოითხოვენ, რომ მაღალ ნიშნებზე ვისწავლო. ეს ჩემთვის დიდი სტრესია“ (სანდრა, ფიჯი).
„მასწავლებლები განსაკუთრებით უნარიან ბავშვებს სულ იმას ჩასჩიჩინებენ, რომ კარგად ისწავლონ, რაც ბავშვებისთვის დიდი სტრესია“ (ეიპრილი, შეერთებული შტატები).
„ღირებული მიზნებიც რომ გქონდეს, ზოგიერთი მასწავლებელი არაფრად გაგდებს, თუ არა გაქვს ისეთი აკადემიური მოსწრება, როგორსაც მოელიან“ (ნაომი, შეერთებული შტატები).
როგორ მოქმედებს შენზე ასეთი სტრესი?
․․․․․
▪ სტრესულ გარემოს თანაკლასელებიც ქმნიან
«მაღალ კლასებში ბავშვებს მეტი თავისუფლება აქვთ და რასაც უნდათ, იმას აკეთებენ. თუ მათ წრეში არა ხარ, შეიძლება „გოიმად“ ჩაგთვალონ» (კევინი, შეერთებული შტატები).
„სასმელს და სექსს ყოველდღე მთავაზობენ. ზოგჯერ მიჭირს, გავუძლო ცდუნებას“ (აარონი, ახალი ზელანდია).
„ჯერ 12 წლის ვარ და ყველა იმას მოელის, რომ შეყვარებული მყავდეს. მეკითხებიან, კიდევ არა გყავს შეყვარებულიო“ (ალექსანდრა, შეერთებული შტატები).
„სულ იმას მეკითხებოდნენ, შეყვარებული რატომ არ გყავსო. მათ ჭკუაზე რომ არ გავიარე, ლესბოსელს მეძახდნენ. მაშინ სულ რაღაც ათი წლის ვიყავი“ (კრისტა, ავსტრალია).
როგორ მოქმედებს შენზე ასეთი სტრესი?
․․․․․
▪ სტრესი, რომელსაც იწვევს თანაკლასელების რეაქცია შენს რელიგიურ შეხედულებებზე
„ადვილი არ არის, თანაკლასელებს აუხსნა შენი მრწამსი, რადგან არ იცი, რა რეაქცია ექნებათ. შიშობ, რომ ალმაცერად დაგიწყებენ ყურებას“ (კარელი, ჰავაი).
„სკოლაში ხშირია შემთხვევები, როცა ბავშვები ნარკოტიკებს იღებენ, სვამენ ან სექსი აქვთ. არ გინდა, ვინმემ დაგცინოს იმის გამო, რომ ბიბლიური პრინციპებით ცხოვრობ“ (სუზანი, შეერთებული შტატები).
როგორ მოქმედებს შენზე ასეთი სტრესი?
․․․․․
▪ სტრესის გამომწვევი სხვა მიზეზები. აღნიშნე, ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან შენს შემთხვევაში ყველაზე მეტად რომელი მათგანი იწვევს სტრესს. თუ არ არის ასეთი, თავად დაამატე.
□ მოახლოებული გამოცდები
□ საშინაო დავალება
□ როდესაც მშობლები შენგან ბევრს მოელიან
□ როდესაც საკუთარ თავს მეტისმეტს სთხოვ
□ როდესაც გჩაგრავენ ან სექსუალურ შეურაცხყოფას გაყენებენ
□ სხვა მიზეზი ․․․․․
ხუთი ნაბიჯი სტრესთან გასამკლავებლად
გამორიცხულია, ისე დაამთავრო სკოლა, რომ არანაირი სტრესი არ გქონდეს. თუმცა მეტისმეტი სტრესის ატანა ადვილი არ არის. ბრძენმა მეფე სოლომონმა დაწერა: „ჩაგვრისგან ბრძენიც კი შეიძლება გიჟივით მოიქცეს“ (ეკლესიასტე 7:7). მაგრამ სტრესმა მდგომარეობიდან არ უნდა გამოგიყვანოს. მთავარია, ისწავლო სტრესთან გამკლავება.
ეს შეიძლება შტანგის აწევას შევადაროთ. ძალოსანი შტანგის აწევამდე ჯერ კარგად ემზადება, შემდეგ შტანგის აწევის წესებს იცავს და ერთბაშად ძალიან მძიმეს არ სწევს. ამის შედეგად მას უძლიერდება კუნთები და სხეულის დაზიანებას არ იღებს. მაგრამ თუ წესებს არ დაიცავს, შეიძლება ძვალი გადაუტყდეს ან კუნთი გაუწყდეს.
თუ გაითვალისწინებ ქვემოთ მოცემულ რჩევებს, შენც გაუმკლავდები სტრესს ისე, რომ არც შენ დაზარალდე და არც საქმე.
1. ჯერ გაარკვიე, რა იწვევს სტრესს. „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება“, — ნათქვამია ერთ ბრძნულ იგავში (იგავები 22:3). სტრესს ვერ გაუმკლავდები, თუ ჯერ მის გამომწვევ მიზეზს არ დაადგენ. გადახედე შენ მიერ ზემოთ გაცემულ პასუხებს. რა არის შენთვის ყველაზე დიდი სტრესი?
2. მოძებნე შესაფერისი სტატიები. მაგალითად, თუ საშინაო დავალებას დიდი დრო სჭირდება და ეს არის შენთვის სტრესი, მოძებნე რჩევები
სტატიაში „როგორ გამოვნახო დრო საშინაო დავალებებისთვის?“, რომელიც დაბეჭდილია 2004 წლის 8 თებერვლის „გამოიღვიძეთ!“-ის რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები“. თუ სკოლაში ხშირად გთავაზობენ სექსს, რაც აგრეთვე სტრესია შენთვის, მოძებნე რჩევები სტატიაში „როგორ მოვიქცე, თუ ვინმემ სექსი შემომთავაზა?“, რომელიც 2007 წლის მარტის „გამოიღვიძეთ!“-ის ამავე რუბრიკაშია დაბეჭდილი.3. წინასწარ იფიქრე, როგორ უპასუხო თანაკლასელებს. შეიძლება განიცდი იმას, თუ რა რეაქცია ექნებათ თანაკლასელებს, როდესაც შეიტყობენ შენი მრწამსის შესახებ. ამიტომ წინასწარ იფიქრე იმაზე, თუ როგორ დაიჭერ თავს და რას უპასუხებ (იგავები 29:25). „წინასწარ ვიყავი მომზადებული. მოფიქრებული მქონდა, როგორ ავუხსნიდი ჩემს მრწამსს თანაკლასელებს“, — ამბობს 18 წლის კელსი. მისი თანატოლი აარონი, რომელიც ბელგიიდან არის, აღნიშნავს: „ვფიქრობდი, რა შეკითხვები შეიძლებოდა დაესვათ ჩემთვის და შესაბამისი პასუხებიც მომზადებული მქონდა. წინასწარი მომზადების გარეშე ვერასდროს გავბედავდი ჩემი მრწამსის შესახებ ლაპარაკს“.
4. ნუ გადადებ. თუ პრობლემას უყურადღებოდ დატოვებ, თავისთავად არ მოგვარდება. პირიქით, უფრო გამწვავდება და, შესაბამისად, სტრესიც უფრო მეტი გექნება. თუ იეჰოვას მოწმე ხარ, ამის შესახებ რაც შეიძლება მალე უთხარი თანაკლასელებს. ეს შენთვის კარგი დაცვა იქნება. 20 წლის მარშა ამბობს: „ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ისეთ საკითხებს წამოვჭრიდი ხოლმე, რომ ჩემს მრწამსზე მესაუბრა. მანამდე, რაც უფრო ვაყოვნებდი, მით უფრო მიძნელდებოდა იმის თქმა, რომ იეჰოვას მოწმე ვიყავი. გარშემო ყველამ იცოდა ჩემი მრწამსის შესახებ და იმასაც ხედავდნენ, რომ ამ მრწამსის თანახმად ვცხოვრობდი. ამიტომ თავს უფრო მშვიდად ვგრძნობდი“.
5. ითხოვე დახმარება. უძლიერეს ძალოსანსაც კი არა აქვს უსაზღვრო შესაძლებლობები. იგივე შეიძლება ითქვას შენზეც. მაგრამ შენ მარტო არა ხარ (გალატელები 6:2). დაელაპარაკე მშობლებს ან სხვა მოწიფულ ქრისტიანებს. აჩვენე მათ შენ მიერ ზემოთ გაცემული პასუხები და სთხოვე, სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარონ. ირლანდიელ ლიზას, რომელმაც მამას თავისი განცდები გაუზიარა, ეშინოდა, რომ თანაკლასელები დასცინებდნენ, როდესაც გაიგებდნენ მისი მრწამსის შესახებ. ლიზა იხსენებს: „ყოველდღე, როდესაც მამას სკოლაში მივყავდი, სანამ მანქანიდან გადმოვიდოდი, მამა ჩემთვის ლოცულობდა. ლოცვის შემდეგ თავს ყოველთვის მშვიდად ვგრძნობდი“.
სტრესს თავისი დადებითი მხარეც აქვს
რაც არ უნდა ძნელი დასაჯერებელი იყოს, სტრესს თავისი დადებითი მხარეც აქვს. ზოგჯერ სტრესი იმაზე მეტყველებს, რომ სინდისის ხმას უსმენ და არა ხარ ზარმაცი. ბიბლია იმ ადამიანს, ვისაც არაფერი აღელვებს, შემდეგნაირად აღწერს: „როდემდე უნდა იწვე, ზარმაცო? როდემდე უნდა გეძინოს? ცოტა ხანს კიდევ იძინებ, ცოტა ხანს კიდევ ჩათვლემ, ცოტა ხანს კიდევ იწვები გულხელდაკრეფილი და სიღარიბე ყაჩაღივით მოგადგება“ (იგავები 6:9—11).
16 წლის ჰაიდი ამბობს: „შეიძლება გეჩვენება, რომ სკოლა საშინელი ადგილია, მაგრამ არანაკლები სტრესი გექნება სამსახურშიც“. სტრესთან გამკლავება მართლაც არ არის იოლი, მაგრამ თუ გაითვალისწინებ ამ სტატიაში მოცემულ რჩევებს, სტრესი უარყოფითად კი არ იმოქმედებს, გაგაძლიერებს.
სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე: www.watchtower.org/ype
[სქოლიო]
^ აბზ. 3 ზოგი სახელი შეცვლილია.
დაფიქრდი
▪ რა სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ სტრესი გაქვს?
▪ რატომ გექნება უფრო მეტი სტრესი, თუ საკუთარ თავს მეტისმეტს მოსთხოვ?
▪ სტრესს რომ გაუმკლავდე, ვის შეგიძლია მიმართო დახმარებისთვის?
[სურათი 27 გვერდზე]
სტრესთან გამკლავება შეიძლება შტანგის აწევას შევადაროთ. თუ წესების დაცვით ივარჯიშებ, ფიზიკურად ძლიერი იქნები