დიდ ტალღებზე უკეთესი
დიდ ტალღებზე უკეთესი
მოგვითხრო კარლ ჰაინც შვერერმა
დავიბადე 1952 წელს პიტსბურგში (პენსილვანია, აშშ), მაგრამ გავიზარდე ნიუ-სმირნა-ბიჩში (ფლორიდა). მოზარდობის წლებში ძალიან გამიტაცა სერფინგმა და მალე მან ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.
ათას ცხრაას სამოცდაათ წელს სწავლა დავიწყე დეიტონა-ბიჩში (ფლორიდა) არსებულ ემბრი-რიდლის აერონავტიკის უნივერსიტეტში. მინდოდა მფრინავი გავმხდარიყავი. მაგრამ თანდათანობით გული ამიცრუვდა მთავრობაზე, რომელიც იმ დროს ვიეტნამთან ომს აწარმოებდა. ამ ომს უსამართლობად ვთვლიდი. სხვა ახალგაზრდების მსგავსად მეც ზიზღი გამიჩნდა არსებული წყობისადმი, რის გამოც სასწავლებელი მივატოვე და ჰიპი გავხდი. თმები გავიზარდე და ნარკოტიკების გამოყენება დავიწყე.
მალე შევხვდი სიუზანს, ენერგიულ გოგონას, რომელსაც ხატვისა და ფოტოგრაფირების გამორჩეული ნიჭი ჰქონდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უბრალო ცხოვრებით გვეცხოვრა. 6—8 თვის განმავლობაში მე ფლორიდაში მშენებლობაზე ვიმუშავებდი, დანარჩენ დროს კი მექსიკისა და ცენტრალური ამერიკის სანაპიროებზე კარვებში გავატარებდით.
ვგრძნობ სულიერ შიმშილს
ჩვენ უზრუნველად ვცხოვრობდით ლამაზ ტროპიკულ სანაპიროებზე. სიუ ხატავდა და სურათებს იღებდა, მე კი სერფინგით გულს ვიჯერებდი. ასეთი ცხოვრება ნამდვილად სასიამოვნო იყო. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედით, რომ ჩვენს ცხოვრებას რაღაც აკლდა. ამიტომ 1975 წლის ზაფხულში, როცა კოსტა-რიკის სანაპიროზე ვცხოვრობდით, სულიერი საზრდოს ძებნა დავიწყე. წავიკითხე რამდენიმე წიგნი აღმოსავლური რელიგიებისა და ფილოსოფიის შესახებ, რაც იმ დროს ძალიან პოპულარული იყო.
რადგან ამ წიგნებში ჩაწერილი სწავლებების მხარდასაჭერად ხშირად იყო მოყვანილი ბიბლიური მუხლები, დავასკვენი, რომ ჭეშმარიტების გაგება ბიბლიიდან იქნებოდა შესაძლებელი. ასე რომ, რამდენიმე ჰალუცინოგენური სოკო გადავცვალე ბიბლიაზე, მეფე ჯეიმზის ძველ თარგმანზე. ყოველდღე როცა ტალღებზე სრიალით გულს ვიჯერებდი, ვჯდებოდი და ბიბლიას ვკითხულობდი. ჩემი გულმოდგინე მცდელობის მიუხედავად ბევრს ვერაფერს ვიგებდი ბიბლიიდან.
„გაქვთ რაიმე კითხვა ბიბლიიდან“?
1975 წლის აგვისტოში, როცა კოსტა-რიკიდან შეერთებულ შტატებში მივდიოდით, მე და სიუმ ელ-სალვადორში აფთიაქში შევიარეთ წამლების საყიდლად. რამდენადაც ენა არ ვიცოდით, გაგვიჭირდა ფარმაცევტისთვის იმის ახსნა, თუ რისი ყიდვა გვინდოდა, ამიტომ ერთმა კლიენტმა, ამერიკელმა გოგონამ, სახელად ჯენიმ დახმარება შემოგვთავაზა. ის 16 წლის იყო და ესპანურად თავისუფლად ლაპარაკობდა. მან თქვა, რომ ის და მისი მშობლები იეჰოვას მოწმეები იყვნენ და ელ-სალვადორში იმიტომ გადმოვიდნენ საცხოვრებლად, რათა ხალხისთვის ბიბლია ესწავლებინათ.
ჯენიმ მკითხა: „გაქვთ რაიმე კითხვა ბიბლიიდან“?
„დიახ, მაქვს“, — ვუპასუხე მე. ჩვენი გარეგნობის მიუხედავად ჯენიმ დაგვპატიჟა სახლში თავისი მშობლების,
ჯო და ნენსი ტრემბლების გასაცნობად. ჩვენ დავთანხმდით. მთელი შუადღის განმავლობაში ბიბლიურ კითხვებს ვუსვამდით მათ. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ გვპასუხობდნენ ჯო და ნენსი. ისინი ყოველთვის გვეუბნებოდნენ: „ნახეთ ეს მუხლი თქვენს ბიბლიაში და წაიკითხეთ“.ამ საუბარში შემოგვაღამდა, ამიტომ ჯომ და ნენსიმ შემოგვთავაზეს, რომ ღამე მათთან დავრჩენილიყავით. თუმცა, მათ ნება არ მოგვცეს, რომ ერთ საძინებელში გაგვეთია ღამე, რადგან დაქორწინებულები არ ვიყავით. მთელი ღამის განმავლობაში სიუ და ჯენი ბიბლიურ საკითხებზე მსჯელობდნენ — დაწყებული ადამით და დამთავრებული არმაგედონით.
მწვანე ბიბლია
მომდევნო დღეს, სანამ ქალაქს დავტოვებდით, ჯომ და ნენსიმ მოგვცეს ჟურნალების „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის სხვადასხვა ნომერი, რამდენიმე წიგნი და ბიბლია. ეს იყო ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, რომელიც იმ დროს მწვანე მაგარი ყდით გამოდიოდა. ჯომ სამეფო დარბაზის დასათვალიერებლადაც წაგვიყვანა. ეს იყო უბრალო შენობა, სადაც იეჰოვას მოწმეები ბიბლიის შესასწავლად იკრიბებოდნენ. ჩემთვის გავიფიქრე: „როგორ განსხვავდება ეს შენობა ზედმეტად მორთული ეკლესიებისგან, სადაც ხალხი ბევრს არაფერს სწავლობს ბიბლიიდან!“
იმავე დღეს, მოგვიანებით, როდესაც გვატემალის საზღვრის გადაკვეთამდე საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან გავჩერდით, ჩვენი მწვანე ბიბლიის დანახვაზე საბაჟოს თანამშრომლები გაოცდნენ. ისინი გაკვირვებულები იყვნენ, რადგან იცოდნენ, რომ ასეთ ბიბლიას, ჩვეულებრივ, იეჰოვას მოწმეები იყენებდნენ, ჩვენ კი ნამდვილად არ ვგავდით მოწმეებს. ჩვენი გარეგნობის მიუხედავად საბაჟოს თანამშრომლებმა რამდენიმე წუთში გაგვიშვეს. ძალიან გაგვიკვირდა, რადგან ჩვეულებრივ, მანქანას და ნივთებს ყოველთვის გვიმოწმებდნენ იმის გასარკვევად, ხომ არ გადაგვქონდა ნარკოტიკები ან კონტრაბანდა. ამიტომ, ჩავთვალეთ, რომ მწვანე ბიბლია ჩვენი თილისმა, ანუ ავგაროზი იყო.
რაც მეტად ვკითხულობდით ბიბლიასა და ბიბლიურ პუბლიკაციებს, მით უფრო ვრწმუნდებოდით იმაში, რომ ღვთის შესახებ ჭეშმარიტება ვიპოვეთ. მექსიკაში მოგზაურობისას ერთი სული მქონდა, როდის ჩავიდოდი პუერტო-ესკონდიდოში, ჩემს უსაყვარლეს ადგილზე, სადაც ორი კვირის განმავლობაში ტალღებზე ვისრიალებდი. მას შემდეგ, რაც გული ვიჯერე დიდ ტალღებზე სრიალით, გადავწყვიტე, ფლორიდაში დავბრუნებულიყავი და იეჰოვას მსახური გავმხდარიყავი.
მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ყოველ დილით ზვირთებზე ვსრიალებდი, შუადღისით კი ბიბლიასა და ბიბლიურ პუბლიკაციებს ვკითხულობდი. ერთხელ ერთმა რვა წლის გოგონამ ჩვენი მწვანე ბიბლია შეამჩნია და ძალიან გვთხოვა, რომ საღამოს სადღაც გავყოლოდით. ჩვენ ვერ გავიგეთ, სად გვიპირებდა გოგონა წაყვანას, მაგრამ მივხვდით, რომ ეს მწვანე ბიბლიასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. თავიდან უარი ვუთხარით, მაგრამ გოგონა არ მოგვეშვა. ბოლოს, რამდენიმე დღის შემდეგ გადავწყვიტეთ, გავყოლოდით. მან მიგვიყვანა იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზში. ეს იყო ჩალით გადახურული ბამბუკის პატარა ნაგებობა. ყველა ხელის ჩამორთმევით გვხვდებოდა და გულში გვიკრავდა, თითქოს მათი ძველი მეგობრები ვყოფილიყავით.
ჩვენზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შეხვედრაზე დამსწრეთა ქცევამ. ზოგიერთი ბავშვი შეხვედრის დროს თვალს არ გვაშორებდა — როგორც ჩანს, მათ არასოდეს ენახათ ასეთი გრძელი ქერა თმის მქონე ადამიანები. მშობლები მათ მუდმივად შეახსენებდნენ, რომ შეხვედრაზე ყურადღებით ყოფილიყვნენ. საინტერესოა, რომ იეჰოვამ სწორედ მათნაირი პატარა ბავშვი გამოიყენა იმისთვის, რომ კრებას პირველად დავსწრებოდით.
გადავწყვიტეთ იეჰოვასადმი მსახურება
ორი კვირის განმავლობაში დიდ ტალღებზე სრიალის შემდეგ გავყიდე ჩემი სერფბორდები და ფლორიდაში გადავედით საცხოვრებლად. იქ ჩვენ დავიწყეთ ბიბლიის შესწავლა იეჰოვას მოწმეებთან და კრების ყველა შეხვედრას ვესწრებოდით. ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა, იეჰოვას მსახურები გავმხდარიყავით, ამიტომ შევწყვიტეთ ერთად ცხოვრება და ყოველგვარი კავშირი გავწყვიტეთ ძველ მეგობრებთან. მე წვერი გავიპარსე და თმა შევიჭერი, სიუმ კი რამდენიმე კაბა შეიძინა. ოთხი თვის შემდეგ ჩვენ დავქორწინდით, ხოლო 1976 წლის აპრილში იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად მოვინათლეთ.
ახლა ჩვენმა ცხოვრებამ აზრი შეიძინა. ჩვენ ძალიან მადლიერი ვიყავით იეჰოვასი მისი კურთხევებისთვის და გვინდოდა, წავსულიყავით რომელიმე ესპანურენოვან ქვეყანაში, რათა იქ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა გვექადაგა. მაგრამ ჩვენი კრების უხუცესებმა გვირჩიეს, რომ არ ავჩქარებულიყავით და სულიერად მოვძლიერებულიყავით, რათა შეგვძლებოდა სხვების დახმარება. ჩვენ გავითვალისწინეთ მათი რჩევა და მიზნად დავისახეთ, გავმხდარიყავით პიონერები (ასე ეწოდებათ იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც სრული დროით მსახურობენ).
სიუმ 1978 წლის იანვარში დაიწყო პიონერული მსახურება. პიონერად მსახურება მეც მინდოდა, მაგრამ არ შემეძლო, რადგან უნივერსიტეტში სწავლის საფასური მქონდა გადასახდელი. ჩემი ჭკუით მარტივი გამოსავალი მოვძებნე. ვიფიქრე, თავს გაკოტრებულად გამოვაცხადებ-მეთქი და თავისუფლად შევუდგები პიონერულ მსახურებას.
მაგრამ უხუცესებმა ბრძნული რჩევა მომცეს და დამანახვეს, რომ ასე მოქცევით დავარღვევდი ბიბლიის პრინციპს, რომელიც მოითხოვს, ‘ყველაფერში პატიოსნები’ ვიყოთ (ებრაელები 13:18). ამიტომ, ჩემი ვალის გადასახდელად მუშაობა განვაგრძე. 1979 წლის სექტემბერში, როგორც იქნა, მივაღწიე საწადელს და სიუს პიონერულ მსახურებაში შევუერთდი. ამის შემდეგ ჩვენ გავიმარტივეთ ცხოვრება და თავი რომ გვერჩინა, კვირაში მხოლოდ ორ-სამ დღეს ვმუშაობდი.
ვმსახურობთ ბრუკლინის ბეთელში
პიონერებად ერთ წელზე ნაკლები მსახურების შემდეგ წინ დიდი სიურპრიზი გველოდა. მანამდე ჩვენ უკვე შევსებული გვქონდა განცხადება, რომ გვემსახურა ბეთელში, რადგან მოთხოვნილება იყო სამშენებლო გამოცდილების მქონე პირებზე. 1980 წლის აპრილში ჩვენ მივიღეთ მოწვევა ბეთელიდან, იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარ სამმართველოდან (ბრუკლინი, ნიუ-იორკი). 30 დღეში ბრუკლინში უნდა ჩავსულიყავით. პიონერული მსახურება ძალიან გვიყვარდა, ამიტომ გაორებული გრძნობები გვქონდა. არ ვიცოდით, როგორ მოვქცეულიყავით, ამიტომ დახმარებისთვის ორ უხუცესს მივმართეთ. მათ დაგვანახვეს, რომ ბეთელში მსახურება დიდი პატივი იყო და გვირჩიეს, ჯერ ერთი წლით მოგვესინჯა იქ მსახურება. ასე რომ, ჩვენ გავყიდეთ ყველაფერი და ბრუკლინში გავემგზავრეთ.
მშენებლობაზე მუშაობიდან ორი წლის შემდეგ საინჟინრო განყოფილებაში მიმიწვიეს, სადაც სამშენებლო დაპროექტებას დავეუფლე. სიუმ ერთი წელი საამკინძაოში იმუშავა, შემდეგ კი გრაფიკულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ყოველ წელს, ჩვენი ქორწინების წლისთავზე, ვფიქრობდით განვლილ წელზე, ვაანალიზებდით ჩვენს მდგომარეობას და შემდეგ გადაწყვეტილებას ვიღებდით, რომ ბეთელში მსახურება კვლავ გაგვეგრძელებინა.
დროთა განმავლობაში ჩვენ შესანიშნავი მეგობრები შევიძინეთ. ვინაიდან ბეთელში შესაძლებლობა გვქონდა მნიშვნელოვანი საქმე გვეკეთებინა, რათა გვემსახურა იეჰოვასთვის და მსოფლიო საძმოსთვის, ამიტომ დარჩენა გადავწყვიტეთ. 1989 წელს ესპანური ენის შესწავლა დავიწყეთ და ბრუკლინში ესპანურენოვან კრებაში დაგვნიშნეს. შედეგად შესანიშნავი შესაძლებლობა მოგვეცა, რომ ბეთელშიც გვემსახურა და უცხოენოვან კრებაშიც.
ერთხელ ჯენიმ, რომელიც ზემოთ მოვიხსენიე, ბრუკლინის ბეთელში მოგვინახულა. ძალიან საინტერესო იყო, რაც მან ელ-სალვადორში ჩვენი შეხვედრის
შესახებ მოყვა. ის ბიბლიის შესწავლაზე ყოფილა, როცა მოულოდნელად ცუდად გახდა; სახლში მისვლამდე აფთიაქში შესვლა გადაწყვიტა. გარკვეული მიზეზების გამო ის იმ აფთიაქში არ შესულა, სადაც ჩვეულებრივ დადიოდა, არამედ იქ, სადაც ჩვენ შევხვდით.სხვა ქვეყნებში მსახურება
1999 წლის ერთ დღეს ჩემი ზედამხედველი მოვიდა და მკითხა: „შეგიძლია სამი თვით ავსტრალიის ფილიალის რეგიონალურ საინჟინრო ოფისში იმსახურო?“
„დიახ“, — უყოყმანოდ ვუპასუხე მე. მალევე გავემგზავრეთ ავსტრალიაში, სადაც სამი წელი ვიმსახურეთ. სიამოვნებით ვეხმარებოდი ძმებს წყნარი ოკეანის აღმოსავლეთით და სამხრეთით მდებარე რამდენიმე ქვეყნის ფილიალის პროექტების შედგენაში. 2003 წელს ბრუკლინში დავბრუნდით, სადაც კიდევ ერთი სიურპრიზი გველოდა. ჩვენ მიგვიწვიეს სამეფო დარბაზების რეგიონალურ ოფისში სამუშაოდ ბრაზილიის ფილიალში, რომელიც ქალაქ სან-პაულუდან გარკვეული მანძილის დაშორებით მდებარეობს.
ჩვენ ახლაც იქ ვმსახურობთ. ჩვენი ოფისი ზედამხედველობას უწევს სამხრეთ ამერიკის მრავალ ქვეყანაში სამეფო დარბაზების მშენებლობას. ჩემს მოვალეობაში შედის სამშენებლო ტერიტორიებზე ჩასვლა, ასევე მათი გამხნევება, ვინც სამშენებლო პროექტებში მონაწილეობს. სიუც ყოველთვის თან მახლავს.
ვინარჩუნებთ სწორ პრიორიტეტებს
სერფინგი დღემდე მიყვარს, მაგრამ ცხოვრებაში დიდ ტალღებზე უკეთესი რამ ვიპოვე. მართალია სერფინგზე არც ახლა ვამბობ უარს, მაგრამ მას ჩემს ცხოვრებაში თავისი ადგილი უკავია. სიუს მხარდაჭერით ყურადღება მაქვს გადატანილი უფრო მნიშვნელოვან საქმეზე — ჩვენი მოსიყვარულე ღმერთის, იეჰოვას მსახურებაზე.
ჩვენი მთავარი მიზანია, რომ უნარი და შესაძლებლობები გამოვიყენოთ სამეფოს ინტერესების წინ წასაწევად და იეჰოვა ღმერთის წმინდა თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად. ჩვენ ვისწავლეთ, რომ მთავარი ის კი არ არის, სად ვემსახურებით იეჰოვას, არამედ ის, რომ სადაც არ უნდა ვიყოთ, ვემსახუროთ მას მთელი სულითა და გულით (კოლოსელები 3:23).
[ჩანართი 25 გვერდზე]
„სერფინგი დღემდე მიყვარს, მაგრამ ცხოვრებაში დიდ ტალღებზე უკეთესი რამ ვიპოვე“
[სურათი 22, 23 გვერდებზე]
ტალღებზე სერფბორდით სრიალის დროს; ეს ფოტო დაბეჭდილი იყო საზაფხულო სერფინგის აფიშაზე
[სურათი 23 გვერდზე]
13 წლის ასაკში
[სურათი 23 გვერდზე]
მივხვდი, რომ ჰიპური ცხოვრება არ მაკმაყოფილებდა
[სურათი 25 გვერდზე]
ზემოთ: ვეხმარები სამეფო დარბაზის მშენებლობაში; ქვემოთ: მე და სიუ დღეს