ბაიკალი მსოფლიოს უდიდესი ტბა
ბაიკალი მსოფლიოს უდიდესი ტბა
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის რუსეთიდან
საუკუნეების განმავლობაში მონღოლთა ტომებს, რომლებიც დღევანდელი სამხრეთ ციმბირის სახელით ცნობილ მოშორებულ მხარეში ცხოვრობდნენ, ეს ტბა მოწიწების გრძნობას უნერგავდა. მართალია, ფართობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მასზე უფრო დიდი ტბებიც არსებობს, მაგრამ ის მსოფლიოში ყველაზე ღრმა ტბაა და მოცულობით მასში ყველაზე მეტი რაოდენობის მტკნარი წყალია. მისი ერთ-ერთი სახელი, რომლითაც ის დღემდეა ცნობილი, არის ბაიკალი — რაც ზოგის აზრით ნიშნავს „მდიდარ ტბას“ ან „ზღვას“. იმის გამო, რომ ეს ტბა „ძალიან ვრცელი და ცვალებადია“, მეზღვაურებისგან ზოგჯერ შეიძლება მოისმინოთ, რომ ისინი „ზღვაში გადიან“, როდესაც სინამდვილეში ამ ტბას გულისხმობენ.
რუსი ხალხისთვის ბაიკალის ტბა მართლაც განსაკუთრებულია. ერთმა მოსკოველმა მეცნიერმა ბაიკალს უწოდა „მშვენიერი მუსიკალური ნაწარმოები, რომელსაც ყველა ბავშვური ცნობისმოყვარეობით ეცნობა“. ამ „ნაწარმოებში“ მართლაც უამრავი „ნოტია“ — თვალწარმტაცი სანაპიროები, უჩვეულოდ კამკამა წყალი და საოცარ ქმნილებათა ნაირფეროვნება, რომელსაც სხვაგან ვერსად ნახავთ.
თუ ბაიკალს, რომლის სიგრძეც 636 კილომეტრია, ხოლო მაქსიმალური სიგანე 80 კილომეტრი, კოსმოსიდან დავხედავთ, ის ნახევრად გახელილ ცისფერ თვალს მოგვაგონებს. ეს ტბა მოიცავს მტკნარი წყლის მსოფლიო მარაგის ერთ მეხუთედს, რაც აღემატება ჩრდილოეთ ამერიკის ხუთი დიდი ტბის საერთო მარაგს! ბაიკალის სიღრმე 1 600 მეტრზე მეტია. ის რომ დამშრალიყო, მის ავსებას დასჭირდებოდა მსოფლიოს ყველა მდინარის წყალი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში იდინებდა მასში!
კონტინენტების გასაყარზე
გეოლოგები ვარაუდობენ, რომ შორეულ წარსულში სუბკონტინენტი, რომელიც ჩრდილოეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა, აზიას შეეჯახა. შეჯახების შედეგად ქვენაფენი ქანების დიდი ნაწილი ალუმინის ფოლგასავით დანაოჭდა, რამაც დედამიწის ზედაპირზე წარმოშვა ჰიმალაის მთები. ზოგის აზრით კონტინენტთა შეჯახებამ ციმბირის ტერიტორიაზე რამდენიმე რიფტი გაააქტიურა. ერთ-ერთი მათგანი ბაიკალური რიფტის სახელითაა ცნობილი. დროთა განმავლობაში გარშემო მდებარე მთებიდან ჩამორეცხილმა ქვიშამ და ლამმა ამოავსო რიფტული ველი, რამაც დაახლოებით 7 კილომეტრის სისქის დანალექი წარმოშვა; შემდეგ კი ქვაბული წყლით აივსო და წარმოიქმნა ტბა ბაიკალი. ახლა ამ ტბაში 300-ზე მეტი დიდი თუ პატარა მდინარე ჩაედინება, ხოლო მისგან მხოლოდ ერთი მდინარე, ანგარა, გამოედინება.
მსოფლიოს მრავალი ძველი ტბისგან განსხვავებით, ბაიკალი არც ნალექით ამოვსებულა და არც ჭაობად ქცეულა. მეცნიერები ამას იმით ხსნიან, რომ ტბის ქვემოთ არსებული ტექტონიკური ქანები ჯერ კიდევ მოძრაობენ და რიფტულ ველს აფართოებენ. ამის წყალობით ტბაში დანალექი არ გროვდება და ტბა ყოველწლიურად უფრო და უფრო ღრმავდება! ამ აქტიური ქანების
შედეგია ისიც, რომ ტბის ფსკერზე წარმოიქმნება ჰიდროთერმული წყაროები, საიდანაც ცხელი წყლები ამოიტყორცნება.ბაიკალი და მისი ბინადარნი
ზოგი მათგანი, ვინც შუაგულ ტბაში შეცურა, ვერ ბედავს წყალში ჩახედვას, რადგან საოცრად კამკამა წყალში თითქმის 50 მეტრის სიღრმეზე ყველაფერი ისევე ჩანს, როგორც ჰაერში. Epishura baikalensis-ის სახელით ცნობილი პაწაწინა კიბოსნაირნი ტბის წყალს ფილტრავენ და სპობენ იმ წყალმცენარეებსა და ბაქტერიებს, რომლებიც, ჩვეულებრივ, მრავალ ტბას აბინძურებს. „წყლის დასუფთავებაში“ მათ დახმარებას უწევს მდინარის კიბოს ის მრავალი სახეობა, რომელიც ტბაში ბინადრობს და იმ ორგანულ ნარჩენს „მიირთმევს“, რომელიც დააბინძურებდა წყალს. ეს ტბა იმდენად სუფთაა, რომ დაახლოებით ოცი წლის წინ, როცა აქედან ამოღებული წყალი სინჯის ასაღებად ლაბორატორიაში წაიღეს და მინის ჭურჭელში ჩაასხეს, წყალი მინამ დააბინძურა!
გარდა იმისა, რომ ტბა ბაიკალი ცნობილია თავისი გამჭვირვალე წყლით, ის ჟანგბადითაც ძალიან მდიდარია. ზოგ ღრმა ტბაში გარკვეულ სიღრმეზე უკვე აღარ არის ჟანგბადი, რის გამოც მათი ბინადარნი საცხოვრებლად შედარებით წყალმარჩხ ადგილებს არჩევენ. მაგრამ, ბაიკალის ტბაში ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად მოძრავი დინებების წყალობით ჟანგბადი ყველაზე ღრმა ადგილებამდეც კი აღწევს. შედეგად, მთელ ტბაში სიცოცხლე ჩქეფს.
ბაიკალის ცივ და კამკამა წყალში კარგად ხარობს წყალქვეშა მცენარეები. მარჯნების მსგავსად გატოტვილ მწვანე ღრუბელებში თავშესაფარს პოულობს წყლის უამრავი პატარა ბინადარი. სითბოს მოყვარული მრავალი ცოცხალი ორგანიზმი ჰიდროთერმული წყაროების გარშემო ჯგუფდება. ტბაში მობინადრე 2 000-ზე მეტი სახეობის სხვადასხვა ქმნილებიდან 1 500 სწორედ ამ ტბაშია თავმოყრილი.
ტბა ბაიკალი სახელგანთქმულია ომულით — უგემრიელესი არქტიკული თეთრი თევზით, რომელიც მეთევზეებს განსაკუთრებულად უყვართ. ამ წყლის სხვა ბინადარნი საკმაოდ უჩვეულონი, უცნაურნიც კი არიან. მაგალითად, ერთ-ერთი სახეობის ბრტყელი ჭია სიგრძეში 30 სანტიმეტრზე მეტს აღწევს და თევზებსაც კი ჭამს. აქვე შეხვდებით ერთუჯრედიან ცოცხალ ორგანიზმებს, რომლებიც ქვიშის მარცვლებს შორის ბინადრობენ! ტბა იმითაც არის ცნობილი, რომ აქ ნახავთ გოლომიანკას —
თევზს, რომელიც მხოლოდ ბაიკალში ბინადრობს და ამ ტბის თევზებს შორის ყველაზე გამორჩეულია.ეს პატარა თევზი ნახევრად გამჭვირვალეა და მის სხეულს მბზინავი ფერები აქვს. ის ტბის ფსკერთან ახლოს ბინადრობს. გოლომიანკა ცოცხლადმშობი თევზია. მისი სხეულის მესამედი შედგება ქონისგან, რაც A ვიტამინით არის მდიდარი. ეს თევზი 200—450 მეტრ სიღრმეზე უძლებს წყლის წნევას; მაგრამ, როგორც კი მზეზე ხვდება, მისი სხეული დნება — მისგან მხოლოდ ფხები და ქონი რჩება. გოლომიანკა ამ ტბის ალბათ ყველაზე ცნობილი ბინადრის, ნერპას ანუ ბაიკალის სელაპის საყვარელი ლუკმაა. ნერპა ერთადერთი სელაპია, რომელიც მხოლოდ მტკნარ წყალში ბინადრობს.
ბაიკალი წელიწადის სხვადასხვა დროს
წელიწადში ხუთი თვის განმავლობაში ტბას ყინული აკრავს. იანვრის ბოლოსთვის ყინულის სისქე ერთ მეტრზე მეტს აღწევს. ყინულს მოხატული მოზაიკის მსგავსად გასდევს ზოლები და მზეზე ის ფანჯრის მინასავით ბრწყინავს. თავისი სისქის მიუხედავად ყინული იმდენად თხელი ჩანს, რომ ვინც მასზე გაივლის, შეუძლია ტბის ფსკერზე ქვები დაინახოს. არადა ყინული სინამდვილეში უჩვეულოდ მყარია. ასი წლის წინ, რუსეთ-იაპონიის ომის დროს, ზამთარში რუსეთის ჯარმა ყინულზე სარკინიგზო ხაზი გაიყვანა და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე 65 ლოკომოტივი გაატარა თავისი ვაგონებითურთ!
აპრილის ბოლოდან დაწყებული ივნისის ჩათვლით ყინული იბზარება და ისმის ტკაცანის ხმა. ტბის ასეთი გამუდმებული ხმაური ქმნის წლის ამ დროისთვის დამახასიათებელ „ყინულის მუსიკას“, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის კარგად არის ცნობილი. ნატურალისტი ჯერალდ დარელი წერდა, რომ ყინული „პატარა წინწილასავით წკარუნობს [და] კალათში მოკალათებული კნუტებივით კრუტუნებს“. მალე, როგორც კი დათბება, ქარსა და ტალღებს სხვადასხვაფრად მოელვარე ყინული ნაპირისკენ გროვებად მიაქვს.
ტბაზე წყლის გამოჩენასთან ერთად ფრინველებიც ბრუნდებიან. ბაიკალის ტბის ზოგი ფრინველი, როგორიცაა მაგალითად, წყლის შაშვი, მთელ ზამთარს ატარებს მდინარე ანგარის სათავეში — ერთადერთ ადგილას, სადაც ტბა არასოდეს იყინება. ამ ფრინველს ზაფხულში წყლის
სხვა ფრინველებიც უერთდებიან, მაგალითად იხვები, ბატები, მყივანი გედები და რუხი ყანჩები.დამთვალიერებლებს ივნისში შეუძლიათ ტბასთან იხილონ მურა დათვები, რომლებიც წყლის ნაპირისკენ მიბაჯბაჯებენ, რათა ქვების ქვეშ მოფუთფუთე მატლებით დანაყრდნენ. „ბედნიერი“ დათვები ენით ლოკავენ მიწიდან მატლებს და ყურსაც კი არ უგდებენ მათ გარშემო მოზუზუნე მწერებს. დათვების დანახვაზე, რომლებიც მადიანად შეექცევიან საკვებს, ნაპირთან მრავალი ფრინველი და ცხოველიც გამოდის „საშოვარზე“.
ხანმოკლე დროის განმავლობაში, ადრეულ გაზაფხულზე და ზაფხულში, ტბას მომწვანო ფერი დაჰკრავს, რადგან მასში მატულობს წყალმცენარეები, რომლებითაც პატარა კიბოსნაირნი იკვებებიან. მაგრამ, ჩვეულებრივ, ნაპირთან ახლოს ტბა ლაჟვარდისფერია, ხოლო მოშორებით, ღრმა ადგილებში, ოკეანესავით მუქი ლურჯია.
სანაპირო ზოლზე ვხვდებით როგორც ქვიშის დიუნებს, ისე ციცაბო კლდეებს. წყლისა და ცის ცვალებად პანორამასთან ერთად — რომელსაც ერთმა მწერალმა „ცვალებად სივრცეში გაშლილი ნაზი მარგალიტი“ უწოდა — მრავალი თვალწარმტაცი ყურე და კონცხი ულამაზეს ხედებს ქმნის.
წლის მიწურულს ტბა ხშირად ბობოქრობს. შემოდგომის ქარი ტბას ზოგჯერ ქარიშხალივით გადაუვლის ხოლმე. ქარს შეუძლია დაწყნარებულ ტბაზე უეცრად 4—6 მეტრის სიმაღლის საშინელი ტალღები წარმოქმნას. ცნობილია, რომ ქარებს წლის სხვა დროსაც ჩაუძირავთ დიდი სამგზავრო თუ თევზსაჭერი გემები.
მრავალფეროვანი ლანდშაფტების მხარე
ციმბირის მკაცრი კლიმატის გამო ბაიკალი შეიძლება ცივ და გარე სამყაროს მოწყვეტილ ტბად წარმოიდგინოთ, მაგრამ სინამდვილეში ის გარშემორტყმულია მრავალფეროვანი ბუნებით, სადაც ბევრი ცოცხალი არსება ბინადრობს. ტბის გარშემო წამომართულია ოთხი უშველებელი მთაგრეხილი, რომლებიც ჩრდილოეთის ირმისა და გადაშენების პირას მისული ციმბირული გარეული თხის სამკვიდროა.
შედარებით დაბალ ადგილებში გაშლილია სტეპები. აბიბინებული მინდვრის ყვავილების უჩვეულო მრავალფეროვნების გამო მწვანეში ჩაფლული ამ ტრამალებიდან ზოგს სრულიად სამართლიანად შეიძლება ციმბირის ყვავილნარი ვუწოდოთ. ამ სტეპებში მობინადრე იშვიათი ჯიშის ფრინველებს შორისაა მოხდენილი წეროტურფა და აზიის ყველაზე დიდი ფრინველი — სავათი.
ბაიკალის ტბისთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტაიგა — ხშირი წიწვოვანი ტყე, რომელიც მას გარშემო აკრავს. ტაიგა ზომით ორჯერ აღემატება ამაზონის ტენიანი ტროპიკების ტყეს. ამ ტყის მსგავსად ტაიგაც გადამწყვეტ როლს ასრულებს მსოფლიოში ეკოლოგიური ბალანსისა და სათანადო კლიმატის შენარჩუნებაში. აქ სხვადასხვა სახეობის ფრინველს შეხვდებით, მათ შორის როჭოსებრთა ოჯახის ერთ-ერთ წარმომადგენელს — სოღოს, რომელიც გამოირჩევა „სატრფოსადმი“ თავისი განსაკუთრებული დამოკიდებულებითა და ლამაზი გალობით. მშვენიერი იხვინჯაც, რომლის ნახვა მე-17 გვერდზე შეგიძლიათ, ხშირად სტუმრობს ბაიკალის ტბას.
ძუძუმწოვართა შორის აქ ერთ-ერთი გამორჩეულია ბარგუზინის სიასამური. მისი ძვირფასი მბზინავი ბეწვის გამო მასზე ერთ დროს უმოწყალოდ ნადირობდნენ. ეს ცხოველი მხოლოდ ბუნების დამცველთა აქტიური ჩარევის წყალობით გადაურჩა გადაშენებას. ამ მშვენიერი ქმნილების დასაცავად გაწეული ძალისხმევის შედეგად 1916 წელს ბაიკალის სანაპიროზე დაარსდა ბარგუზინის ნაკრძალი. ამჟამად, ტბის სანაპირო ზოლზე გაშენებულია სამი ნაკრძალი. გარდა ამისა, აქვეა გახსნილი სამი ეროვნული პარკი.
ჩავუკვირდეთ შემოქმედების „სიღრმეებს“!
ბაიკალის ტბა, რომელიც ტურისტების საყვარელი ადგილია, იუნესკოს მსოფლიო საგანძურშია შესული. ყოველ წელს ის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ 300 000-ზე მეტ ტურისტს მასპინძლობს. „ნატურალისტებისთვის ბაიკალი დღეს საოცნებო ადგილია. ის დამსვენებლებსაც იდეალურ გარემოს უქმნის, — ნათქვამია ტურისტებისთვის განკუთვნილ ერთ ცნობარში. — თქვენ აქ მოგხიბლავთ ულამაზესი სანაპიროები, აღტაცებაში მოგიყვანთ ფრინველთა სილამაზე და დაუვიწყარ წუთებს გაჩუქებთ ფეხითა თუ ნავით გასეირნება. ბაიკალი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ აზიის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ დასასვენებელ ადგილად იქცეს“.
ბაიკალის ტბა მართლაც იდეალური ადგილია იმისთვის, რომ ღვთის აღმატებულ სიბრძნესა და მის შემოქმედებით სიდიადეზე დაგვაფიქროს. მხოლოდ ღმერთს შეეძლო მიეცა საწყისი ბუნებრივად მიმდინარე უნიკალური პროცესებისთვის, რომლებიც სიცოცხლეს უნარჩუნებს ამ საოცარი ტბის მრავალრიცხოვან ბინადართ. ბაიკალის პირას მდგომმა და მთელი მისი სილამაზით მოხიბლულმა მნახველმა შეიძლება თავადაც გაიმეოროს ბიბლიის ერთ-ერთი დამწერის სიტყვები, რომელმაც აღტაცებით წამოიძახა: „ო, ღვთის სიმდიდრის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე!“ (რომაელები 11:33)
[ჩარჩო/სურათი 16, 17 გვერდებზე]
სელაპი, რომელიც მხოლოდ მტკნარ წყალში ბინადრობს
ბაიკალის ტბაში ბინადრობს ათობით ათასი ნერპა, ანუ ბაიკალის სელაპი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ღრმა წყლის თევზებით იკვებება. არავინ იცის, როგორ აღმოჩნდა ნერპა შუა ციმბირში, მით უმეტეს, რომ ის სხვაგან არსად გვხვდება. მისი უახლოესი „ნათესავი“ დაახლოებით 3 220 კილომეტრის მოშორებით ბინადრობს.
ნერპას აქვს ძალიან დიდი თვალები, რომლებიც მის ბრტყელ სახეზე ერთმანეთთან საკმაოდ ახლო-ახლოა. ეს არის მსოფლიოში ყველაზე პატარა სელაპი, რომელიც ზომით 1,4 მეტრს აღწევს. თავისი „მოძმეების“ მხრებზე წამოსკუპებული ნერპა ხშირად მზეს ეფიცხება. ამ დროს ისინი სულაც არ კბენენ და ურტყამენ ერთმანეთს, რაც ასე დამახასიათებელია სელაპების უმრავლესობისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ნერპა მართლაც ყველაზე მეგობრული სელაპია მთელ მსოფლიოში.
ერთმა ბიოლოგმა, რომელიც სელაპების ცხოვრებას სწავლობს, აღნიშნა, რომ ნერპა „უფრო თვინიერია, ვიდრე მშვიდი და უწყინარი ზოლიანი სელაპი, რომელიც მაშინაც კი არ იკბინება, როცა მას სამეცნიერო გამოკვლევის მიზნით ბადით იჭერენ და ხელით ეხებიან“. ერთ ნაშრომში აღნიშნული იყო, რომ მყვინთავები პირდაპირ ჩაძინებული ნერპების გვერდით ცურავდნენ. ისინი იტყობინებოდნენ, რომ სელაპებს მაშინაც კი არ უნდოდათ გამოღვიძება, როცა მათ ეხებოდნენ ან პირქვე აყირავებდნენ.
[საავტორო უფლება]
Dr. Konstantin Mikhailov/Naturfoto-Online
[ჩარჩო/სურათი 18 გვერდზე]
გადასახლების ადგილი
1951—1965 წლებში მრავალი იეჰოვას მოწმე ბაიკალისპირეთში გადაასახლეს იმის გამო, რომ კომპრომისზე არ მიდიოდნენ და უარს არ ამბობდნენ თავიანთ რელიგიურ შეხედულებებზე. ერთ-ერთი მათგანი იყო პრასკოვია ვოლოსიანკო, რომელიც 1951 წელს ბაიკალის ყველაზე დიდ კუნძულ ოლხონზე გადაასახლეს. სხვა გადასახლებული მოწმეების მსგავსად ისიც იმით ირჩენდა თავს, რომ ბადით თევზს იჭერდა. მაგრამ ის ცდილობდა, სხვა სახის „თევზჭერითაც“ დაკავებულიყო — ბიბლიის საშუალებით ოლხონის მკვიდრთათვის ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა ეუწყებინა.
1953 წელს ქადაგების გამო პრასკოვია და ექვსი სხვა მოწმე დააპატიმრეს. პრასკოვიას 25 წელი მიუსაჯეს. გათავისუფლების შემდეგ ის სიცოცხლის ბოლომდე, 2005 წლამდე, ერთგულად მსახურობდა უსოლიე-სიბირსკოეს კრებაში (ირკუტსკის ოლქი). ბაიკალისპირეთსა და ქალაქ ირკუტსკში ახლა იეჰოვას მოწმეთა დაახლოებით 30 კრებაა.
[რუკა 15 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
რუსეთი
ბაიკალის ტბა
[სურათი 16, 17 გვერდებზე]
ბაიკალის ტბა და საიანის მთები
[საავტორო უფლება]
© Eric Baccega/age fotostock
[სურათი 17 გვერდზე]
იხვინჯა
[საავტორო უფლება]
Dr. Erhard Nerger/Naturfoto-Online
[სურათის საავტორო უფლება 15 გვერდზე]
Dr. Konstantin Mikhailov/Naturfoto-Online
[სურათის საავტორო უფლება 18 გვერდზე]
© Eric Baccega/age fotostock; Boyd Norton/Evergreen Photo Alliance