არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ ვარ ყოველთვის გარიყული?

რატომ ვარ ყოველთვის გარიყული?

ახალგაზრდების შეკითხვები

რატომ ვარ ყოველთვის გარიყული?

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ შაბათ-კვირას ჩემ გარდა ყველა ერთობა მთელ მსოფლიოში“ (რენესი).

„ბავშვები სულ ერთად იკრიბებიან და ერთობიან, მე კი არავინ მეძახის“ (ჯერემი).

საუცხოო ამინდია, შენ კი არ იცი, რა გააკეთო. ამ დროს გართობას აპირებენ სხვები, მათ შორის ყველა შენი მეგობარი. შენ ისევ გარიყული რჩები!

ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ამაზე უარესი შენი საპასუხო რეაქციაა. „იქნებ, მე ვარ ცუდი, — შეიძლება ეუბნები საკუთარ თავს. — რატომ არავის უნდა ჩემთან ყოფნა?“

რატომ არის ეს გულსატკენი

არაფერია გასაკვირი იმაში, რომ გინდოდეს, შენი წრე გყავდეს და მეგობრები პატივს გვცემდნენ. ადამიანები ისე ვართ შექმნილი, რომ სხვებთან ურთიერთობა გვჭირდება. ევას შექმნამდე იეჰოვამ ადამის შესახებ თქვა: „არ არის კარგი კაცის მარტო ყოფნა“ (დაბადება 2:18). რა თქმა უნდა, ადამიანებს ერთმანეთი სჭირდებათ; ღმერთმა ეს მოთხოვნილება ჩადო ჩვენში. ამიტომაც გვტკენს გულს ის ფაქტი, რომ გვრიყავენ.

განსაკუთრებით გულსატკენია, როდესაც არაერთხელ გკრავენ ხელს ან თავს ისე გაგრძნობინებენ, რომ სხვების სიმპათიას არ იმსახურებ. „ვიცი ახალგაზრდების წრე, რომელიც კარგად ატარებს დროს, — ყვება ახალგაზრდა მარი, — მაგრამ ისინი აშკარად გაგრძნობინებენ, რომ ისეთი კარგი არა ხარ, თავიანთ წრეში რომ მიგიღონ“. როდესაც სხვები ხელს გკრავენ, თავს გარიყულად და ეულად გრძნობ.

ზოგჯერ ხალხმრავალ კომპანიაშიც კი მარტო გრძნობ თავს. ნიკოლი ყვება: „რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, მახსოვს, თუ რა ეულად ვგრძნობდი თავს წვეულებაზე. ვიცი, ამ შეგრძნების მიზეზი ის იყო, რომ ამდენ ხალხში არავისთან მქონდა ახლო ურთიერთობა“. ზოგი მარტოობას ქრისტიანულ კონგრესებზეც კი გრძნობს. „ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩემ გარდა, ყველა იცნობს ერთმანეთს“, — ამბობს მეგენი. იმავეს გრძნობს მარიაც: „ჩემ ირგვლივ თითქოს მეგობრები არიან, მაგრამ მე არ მყავს მეგობარი“.

არავინ არის დაზღვეული მარტოობის გრძნობისგან, ისინიც კი, ვინც, ერთი შეხედვით, პოპულარული და ბედნიერია. ბიბლიაში ნათქვამია: „კაცს სიცილის დროსაც კი შეიძლება სტკიოდეს გული“ (იგავები 14:13). კაცს ძალას აცლის საშინელი მარტოობის გრძნობა და ის, რომ თავს ვერ აღწევს მას. ბიბლიაში ნათქვამია: „გულისტკივილი . . . სულს ამწუხრებს“. სხვა თარგმანის თანახმად: „გულის დარდისას სული შემუსრვილია“ (იგავები 15:13, ბიბლიური საზოგადოების გამოცემა). რა უნდა ქნა, თუ გარიყვის გამო სული გაქვს შემუსრული?

ებრძოლე მარტოობის გრძნობას

მარტოობის გრძნობის დასაძლევად ეცადე გააკეთო შემდეგი რამ:

ყურადღება გაამახვილე შენს დადებით თვისებებზე (2 კორინთელები 11:6). ჰკითხე საკუთარ თავს: „რა არის ჩემში დადებითი?“ დაფიქრდი, რისი ნიჭი გაქვს და ხასიათის რა დადებითი მხარეები; ქვემოთ ჩამოწერე ისინი.

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

როდესაც ისევ გკრავენ ხელს, საკუთარ თავს შეახსენე შენ მიერ ზემოთ ჩამოწერილი დადებითი თვისებები. მართალია, შენ სისუსტეებიც გაქვს, რომლებზეც უნდა იმუშაო, მაგრამ, ეცადე, არ გშთანთქოს შენს სისუსტეებზე ფიქრმა. ნაცვლად ამისა, საკუთარ თავში ის დაინახე, ვინც საკუთარი პიროვნების დახვეწაზე მუშაობს. ყველაფერში დახვეწილი ვერ იქნები, მაგრამ რაღაც დადებითი აუცილებლად გექნება. ამ დადებითზე იფიქრე!

გაფართოვდი (2 კორინთელები 6:11—13). თავად გამოიჩინე ინიციატივა სხვებთან ურთიერთობისას. ეს შეიძლება ადვილი არ იყოს. „როდესაც ხედავ ადამიანთა ჯგუფს, შეიძლება თავიდან შეშინდე, მაგრამ, როგორც კი ერთ-ერთ მათგანთან მიხვალ და გამარჯობას ეტყვი, შენც უმალვე ამ ჯგუფის წევრად იგრძნობ თავს“, — ყვება 19 წლის ლიზი (იხილე ჩარჩო „როგორ შეგიძლია სხვებთან ურთიერთობის დაწყება“). როდესაც საქმე გარიყვას ეხება, დაუკვირდი, შენ თვითონ ხომ არ კრავ ვინმეს ხელს, მაგალითად, ასაკით შენზე უფროსებს. მოზარდი, სახელად კორი, იხსენებს: „10—11 წლის რომ ვიყავი, ბევრად უფროსი მეგობარი მყავდა. ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან“.

შენი კრებიდან რომელი ორი უფროსი ასაკის ქრისტიანის უკეთ გაცნობას ისურვებდი?

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

კრების მომდევნო შეხვედრაზე გამოელაპარაკე ერთ-ერთ მათგანს. ჰკითხე, როგორ დაინტერესდა ბიბლიით. რაც უფრო მეტად გაეცნობი „მთელ საძმოს“, მით უფრო ნაკლებად იგრძნობ თავს გარიყულად და ეულად (1 პეტრე 2:17).

ენდე უფროსებს (იგავები 17:17). თუ მშობლებს ან სხვა უფროსებს შენს სადარდებელს გაუზიარებ, ნაკლებად იგრძნობ თავს მარტოდ. ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში დარწმუნდა ერთი 16 წლის გოგონა. თავიდან ის ძალიან ნერვიულობდა, როდესაც თავს გარიყულად გრძნობდა. ეს გოგონა ყვება: „ვფიქრობდი, რა მოხდა ისეთი, რამაც თავი გარიყულად მაგრძნობინა; და ეს სულ გონებაში მიტრიალებდა. მაგრამ მერე დედას ყველაფერს ვუყვებოდი. ის მირჩევდა, როგორ გავმკლავებოდი სიტუაციას. სხვასთან ლაპარაკი, მართლაც, დამხმარეა!“

თუ ვინმესთან მოგინდებოდა იმაზე ლაპარაკი, რომ დიდი ხანია თავს მარტო გრძნობ, ვის დაელაპარაკებოდი?

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

იფიქრე სხვებზე (1 კორინთელები 10:24). ბიბლიაში ნათქვამია, რომ ‘მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი არ უნდა ვიზრუნოთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც’ (ფილიპელები 2:4). ცხადია, როდესაც თავს გარიყულად გრძნობ, შეიძლება ადვილად დაითრგუნო. მაგრამ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის ნაცვლად, კარგი იქნებოდა მასზე გეზრუნა, ვისაც დახმარება სჭირდება. ამგვარად შეიძლება ახალი მეგობარიც კი შეგეძინა!

იფიქრე ვინმეზე, მაგალითად, შენი ოჯახის ან კრების წევრზე, ვისაც შენთან ურთიერთობა ან რაღაცაში შენი დახმარება სჭირდება. ქვემოთ დაწერე მისი სახელი და ის, თუ რით შეგიძლია დაეხმარო.

․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․․

როდესაც საკუთარ თავზე მეტად სხვებზე იფიქრებ და ის აგაღელვებს, რით დაეხმარო მათ, ნაკლები დრო დაგრჩება მარტოობისთვის. სხვა დროს უფრო დადებითად შეხედავ სიტუაციას და შესაბამისადაც მოიქცევი, რაც სხვებს შენთან დამეგობრების სურვილს გაუჩენს. იგავების 11:25-ში ნათქვამია: „ვინც სხვას უხვად ასმევს წყალს, თვითონაც უხვად ექნება წყალი დასალევად“.

დაუკვირდი, ვის ირჩევ მეგობრად (იგავები 13:20). უკეთესია, გყავდეს რამდენიმე ნამდვილი მეგობარი, რომლებიც ზრუნავენ შენზე, ვიდრე ბევრი ეგრეთ წოდებული მეგობარი, რომლებიც განსაცდელში ჩაგაგდებენ (1 კორინთელები 15:33). განვიხილოთ ახალგაზრდა სამუელის შემთხვევა. კარავში ის, ალბათ, თავს მარტოდ გრძნობდა. იქ მსახურობდნენ ხოფნი და ფინხასიც, რომლებიც მართალია მღვდელმთავრის შვილები იყვნენ, მაგრამ მათი ცუდი საქციელის გამო მათთან ურთიერთობა სამუელისთვის საზიანო იყო. სამუელი მათ რომ მორგებოდა, ეს სულიერი თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა მისთვის. მაგრამ აშკარაა, რომ სამუელს ეს არ უნდოდა! ბიბლიაში ნათქვამია: „იზრდებოდა სამუელი და უფრო და უფრო მოსაწონი ხდებოდა იეჰოვასთვისაც და ხალხისთვისაც“ (1 სამუელი 2:26). რომელ ხალხზეა აქ ლაპარაკი? ცხადია, არა ხოფნისა და ფინხასზე, რომლებიც შეიძლება თავსაც კი არიდებდნენ სამუელთან ურთიერთობას, რადგან ის ღვთისმოსაწონად იქცეოდა. სამუელის დადებითი თვისებები მათ მოსწონდა, ვინც ღვთის ნორმების თანახმად ცხოვრობდა. შენ გჭირდება მეგობრები, რომლებსაც იეჰოვა უყვართ!

გქონდეს დადებითი განწყობა (იგავები 15:15). დროდადრო ყველამ შეიძლება გარკვეულწილად თავი გარიყულად იგრძნოს. რა დაეხმარება ასეთ შემთხვევაში ქრისტიანს? უარყოფითზე ფიქრის ნაცვლად, უნდა ეცადო, ცხოვრებაზე დადებითი თვალსაზრისი განივითარო. გახსოვდეს, რომ, რაც შენს ცხოვრებაში ხდება, ყველაფერი შენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ის, თუ როგორ რეაგირებ შექმნილ სიტუაციაზე, სწორედ შენზეა დამოკიდებული.

როდესაც თავს გარიყულად გრძნობ, შეეცადე, შეცვალო მდგომარეობა ან შენი დამოკიდებულება ამ მდგომარეობისადმი. ყოველთვის გახსოვდეს, რომ იეჰოვამ იცის, როგორ ხარ შექმნილი; ასე რომ, მან იცის შენი მოთხოვნილებები და ისიც, საუკეთესოდ როგორ შეიძლება მათი დაკმაყოფილება. თუ მარტოობის გრძნობას ვერ ერევი, იეჰოვას გაუზიარე შენი საწუხარი. დარწმუნებული იყავი, რომ „ის ამოგიდგება მხარში“ (ფსალმუნი 55:22).

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ შეგიძლია ნახო შემდეგ ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype

დაფიქრდი:

▪ რა ნაბიჯების გადადგმა დამეხმარება, როცა თავს გარიყულად ვგრძნობ?

▪ რომელი ბიბლიური მუხლები დამეხმარება, გაწონასწორებული თვალსაზრისი მქონდეს საკუთარ თავზე და უარყოფითმა ფიქრებმა არ მშთანთქოს?

[ჩარჩო/სურათი 12 გვერდზე]

როგორ შეგიძლია სხვებთან ურთიერთობის დაწყება

გაიღიმე. თქვენ მიერ გამოვლენილი სითბო სხვებს იზიდავს.

გააცანი შენი თავი. უთხარი სხვებს, რა გქვია და საიდან ხარ.

დასვი კითხვები. დაინტერესდი ადამიანით, ოღონდ მისი პირადი ცხოვრებით მეტისმეტად ნუ დაინტერესდები.

მოუსმინე. ნუ იფიქრებ, რას ეტყვი ადამიანს შესავალი სიტყვების შემდეგ. ძირითადად, უსმინე. თუ ასე მოიქცევი, შემდგომი კითხვა თუ სათქმელი ბუნებრივად გაჩნდება.

თავისუფლად იგრძენი თავი! საუბარმა შეიძლება ახალ მეგობრობას ჩაუყაროს საფუძველი. ასე რომ, ისიამოვნე ამ ურთიერთობით!