თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ უცხო ენა!
თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ უცხო ენა!
„ამ ცოდნას არაფერზე გავცვლიდი“, — ამბობს მაიკი. „ეს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რაც კი ოდესმე მიმიღია“, — დასძენს ფელპსი. ორივე მათგანი უცხო ენის შესწავლას გულისხმობს.
მთელ მსოფლიოში იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც უცხო ენებს სწავლობენ. ისინი ამას სხვადასხვა მიზნით აკეთებენ — იქნება ეს პირადი, ფინანსური თუ რელიგიური. „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტმა ინტერვიუ აიღო ზოგიერთი მათგანისგან, რომლებიც უცხო ენებს ეუფლებიან. კითხვებს შორის, რომლებიც მან რესპოდენტებს დაუსვა, იყო შემდეგი: რას შეადარებთ უცხო ენის შესწავლას და რა შეიძლება დაეხმაროს ადამიანს ენის დაუფლებაში? ეს სტატია აგებულია გამოკითხულთა კომენტარებზე, რომლებიც შეიძლება თქვენთვის გამამხნევებელი და პრაქტიკული აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ უცხო ენას სწავლობთ ან მომავალში აპირებთ ამის გაკეთებას. მაგალითად, განვიხილოთ, რა მნიშვნელოვან თვისებებს მიიჩნევს ზოგი რესპოდენტი ენის დაუფლების წინაპირობად.
მოთმინება, თავმდაბლობა და შემგუებლობა
მაშინ როცა პატარა ბავშვები, ხშირად მხოლოდ მოსმენით, ადვილად ითვისებენ ერთ ან ორ ენას ერთდროულად, უფროსებს, ჩვეულებრივ, უჭირთ ახალი ენის შესწავლა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ახალი ენის შესწავლას დიდი დრო სჭირდება, რაც მოთმინებას მოითხოვს. იმის გამო, რომ დღეს ადამიანები საკმაოდ
დაკავებულნი არიან, უცხო ენის შესასწავლად მათ სხვა საქმეები გვერდზე უნდა გადადონ.„თავმდაბლობა ძალიან მნიშვნელოვანია, — ამბობს ჯორჯი. — როდესაც ახალ ენას სწავლობთ, არ უნდა მოგერიდოთ ბავშვივით ლაპარაკი და არც ის, რომ ბავშვივით დაგელაპარაკებიან“. წიგნში, „როგორ შევისწავლოთ უცხო ენა“, ნათქვამია: „თუ ნამდვილად გინდათ, რომ წარმატებას მიაღწიოთ, ნაკლებად უნდა წუხდეთ იმაზე, სხვები რას იფიქრებენ თქვენს შეცდომებზე, და თამამად უნდა ილაპარაკოთ“. ზედმეტად ნუ ინერვიულებთ საუბრისას დაშვებულ შეცდომებზე. „შეცდომების გარეშე უცხო ენას ვერ ისწავლით“, — ამბობს ბენი.
გულთან ახლოს ნუ მიიტანთ, თუ სხვებს გაეცინებათ თქვენს შეცდომებზე, ნაცვლად ამისა, თქვენც გაიცინეთ მათთან ერთად! გარწმუნებთ, დადგება დღე, როდესაც თქვენს კურიოზებს, რომლებიც ენის სწავლისას გადაგხდათ, თავადვე მოუყვებით სხვებს. ნუ მოგერიდებათ კითხვების დასმა. ენის დაუფლებას ისიც გაგიადვილებთ, თუ გეცოდინებათ, რატომ გამოიყენება ესა თუ ის სიტყვა ან ფრაზა ამა თუ იმ ფორმით.
უცხო ენის შესწავლა სხვა კულტურასთან გაცნობასაც გულისხმობს, თუ იქნებით შემგუებელი და გაგებით მოეკიდოთ განსხვავებულ შეხედულებებს ეს დიდ დახმარებას გაგიწევთ ენის შესწავლაში. „ახალი ენის შესწავლა მეხმარება იმის დანახვაში, რომ არსებობს განსხვავებული შეხედულებები და სხვადასხვა მიდგომა ამა თუ იმ საკითხისადმი, — ამბობს ჯული. — აქედან არც ერთი არ უპირატესობს მეორეზე, უბრალოდ ისინი განსხვავებულია“. ჯეი გვირჩევს: „ეცადეთ, უცხო ენაზე მოლაპარაკეთა შორის შეიძინოთ მეგობრები“. ცხადია, ქრისტიანების მეგობრები ჯანსაღ საზოგადოებას წარმოადგენენ, რომლებიც სამაგალითო მეტყველებით გამოირჩევიან (1 კორინთელები 15:33; ეფესოელები 5:3, 4). ჯეი დასძენს: „სხვებს უფრო გაუჩნდებათ შენთან ურთიერთობის სურვილი, თუ დაინახავენ, რომ დაინტერესებული ხარ მათით, მათი სამზარეულოთი, მუსიკითა თუ სხვა რამით“.
რაც უფრო დიდ დროს დაუთმობთ ენის შესწავლას და ამ ენაზე ლაპარაკს, მით უფრო სწრაფად წაიწევთ წინ. „ენის სწავლა შეიძლება საკენკის კენკვას შევადაროთ, — ამბობს ჯორჯი. — წიწილა პატარა მარცვლებს კენკავს, მაგრამ ბოლოს გვარიან დედლად იქცევა“. ბილი, რომელმაც მისიონერად მსახურების დროს რამდენიმე ენა შეისწავლა, ამბობს: „ახალი სიტყვები ფურცელზე მქონდა ჩამოწერილი და სადაც უნდა წავსულიყავი, ყველგან თან დამქონდა. როგორც კი ერთი-ორი წუთი გამომიჩნდებოდა, მაშინვე სიტყვებს ვსწავლობდი“. ბევრმა დაინახა, რომ ხანმოკლე, მაგრამ რეგულარულ მეცადინეობას უფრო კარგი შედეგი მოაქვს, ვიდრე ხანგრძლივ, მაგრამ იშვიათ მეცადინეობას.
დღეს ენის შესწავლაში დამხმარე უამრავი საშუალება არსებობს — წიგნები, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, დასურათებული ანბანი თუ სხვა. ამ ყველაფრის მიუხედავად ბევრს მაინც ენის შემსწავლელ კურსებზე სიარული ურჩევნია. გამოიყენეთ ის მეთოდი, რომელიც თქვენთვის ყველაზე პრაქტიკულია. როგორც უნდა იყოს, გახსოვდეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ძალისხმევა და გულმოდგინებაა. არსებობს სხვადასხვა საშუალებები, რომლებიც ენის შესწავლას გაგიადვილებთ და ამ პროცესს უფრო სახალისოს გახდის. ერთ-ერთი საშუალება ის არის, რომ უკეთ გაეცნოთ ენასა და ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხის კულტურას.
„მას შემდეგ, რაც ელემენტარულ მასალას გაივლით და დამწყებისთვის აუცილებელ სიტყვების მარაგს შეიძენთ, — ამბობს ჯორჯი, — კარგი იქნება, თუ გარკვეული დროით იმ ქვეყანაში გაემგზავრებით, სადაც ამ ენაზე ლაპარაკობენ“. ბერბიც ამავე აზრს იზიარებს, ის ამბობს: „უცხო ქვეყანაში ჩასვლა საშუალებას გაძლევს, რომ ენა შეიგრძნო“. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალ გარემოში ყოფნა დაგეხმარებათ, ამ ენაზე დაიწყოთ ფიქრი. რა თქმა უნდა, ყველას არ შეუძლია უცხოეთში გამგზავრება, მაგრამ შეიძლება თქვენს ქვეყანაშივე არსებობდეს იმის შესაძლებლობა, რომ კარგად დაეუფლოთ ახალ ენას და გაეცნოთ უცხო კულტურას. მაგალითად, შეიძლება იმ ენაზე, რომელსაც სწავლობთ, ხელმისაწვდომი იყოს ქრისტიანისთვის მისაღები და სასარგებლო პუბლიკაციები და ტელე-რადიო გადაცემები. სამეზობლოში მოძებნეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც კარგად ლაპარაკობენ ამ ენაზე და ესაუბრეთ მათ. „საბოლოოდ, მაინც პრაქტიკა თამაშობს გადამწყვეტ როლს ენის შესწავლაში“, — ნათქვამია წიგნში „როგორ შევისწავლოთ უცხო ენა“ *.
თუ წინ ვერ მიიწევთ . . .
ენის შესწავლის პროცესში დროდადრო შეიძლება ისეთი გრძნობა დაგეუფლოთ, რომ ერთ ადგილს ტკეპნით — გადის დრო და წინ ვერ მიიწევთ. რა შეგიძლიათ გააკეთოთ? პირველი, დაფიქრდით იმაზე, თუ რა მიზნით დაიწყეთ ენის შესწავლა. იეჰოვას ბევრი მოწმე იმ განზრახვით შეუდგა უცხო ენის სწავლას, რომ სხვებს ბიბლიის შესწავლაში დახმარებოდა. იმაზე დაფიქრება, თუ რატომ დაიწყეთ ენის შესწავლა, დაგეხმარებათ, მთელი შემართებით განაგრძოთ დაწყებული საქმე.
მეორე, ზედმეტს ნუ მოსთხოვთ საკუთარ თავს. „თქვენ შეიძლება ვერასოდეს ვერ ილაპარაკოთ იმ ადამიანის მსგავსად, ვისთვისაც ეს ენა მშობლიურია, — ნათქვამია ზემოაღნიშნულ წიგნში, — მაგრამ ეს არც არის თქვენი მთავარი მიზანი. თქვენ მხოლოდ ის გინდათ, რომ ადამიანები იგებდნენ თქვენს საუბარს“. ამიტომ, ნუ დამწუხრდებით, თუ ისე თავისუფლად ვერ ლაპარაკობთ, როგორც მშობლიურ ენაზე. ნაცვლად ამისა, ეცადეთ, შეძენილი ცოდნა ისე გამოიყენოთ, რომ სხვებს გასაგებად ესაუბროთ.
მესამე, დაფიქრდით იმაზე, რასაც უკვე მიაღწიეთ. ენის სწავლა ბალახის ზრდას ჰგავს. მართალია, ბალახის ზრდას ვერ ამჩნევთ, მაგრამ ის დღითი დღე იზრდება. თუ გაიხსენებთ, საიდან დაიწყეთ ენის შესწავლა, უეჭველად დაინახავთ, რომ საკმაოდ წინ წაიწიეთ. სხვების მიღწევებს საკუთარს ნუ შეადარებთ. ამასთან დაკავშირებით ბიბლიაში, გალატელების 6:4-ში კარგი პრინციპია ჩაწერილი: „თითოეულმა თავისი საქმე გამოსცადოს და მხოლოდ მაშინ ექნება დიდი სიხარულის მიზეზი თავისით და არა საკუთარი თავის სხვასთან შედარებით“.
მეოთხე, შესწავლის პროცესს ისე უყურეთ, როგორც გრძელვადიან ინვესტიციას. დაფიქრდით, თუ როგორ ლაპარაკობს 3-4 წლის ბავშვი. იყენებს ის რთულ სიტყვებს და ლაპარაკობს გამართულად, გრამატიკული წესების ზუსტი დაცვით? რა თქმა უნდა, არა! ის მარტივი ენით ლაპარაკობს. ასე რომ, ბავშვსაც კი რამდენიმე წელი სჭირდება, რომ სრულად დაეუფლოს ენას.
მეხუთე, რაც შეიძლება ხშირად ილაპარაკეთ უცხო ენაზე. „როდესაც არ ვცდილობდი უცხო ენაზე მელაპარაკა, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ერთ ადგილზე ვიდექი“, — ამბობს ბენი. ასე რომ, ყველანაირად ეცადეთ, ილაპარაკოთ და ილაპარაკოთ! ჩვეულებრივ, ძნელია უცხო ენაზე ლაპარაკი, როცა შენი სიტყვათა მარაგი არ აღემატება პატარა ბავშვის ლექსიკას. „ჩემთვის ყველაზე რთული ის არის, რომ საჭირო დროს ვერ ვამბობ იმას, რის თქმაც მსურს“, — გვიმხელს მილევი. შესაძლოა სწორედ ამან მოგცეთ სტიმული, რომ ენას უკეთ დაეუფლოთ. „ნერვები მეშლებოდა, როცა ვინმეს მონაყოლი და ხუმრობა არ მესმოდა, — იხსენებს მაიკი. — მგონი სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ გული უფრო დამედო სწავლისთვის“.
როგორ შეუძლიათ სხვებს თქვენი დახმარება
როგორ შეუძლიათ ენის შესწავლაში დაგეხმარონ ისინი, ვინც უკვე ფლობს ამ ენას? ზემოთ მოხსენიებული ბილი ასეთ რჩევას აძლევს მათ, ვინც უცხო ენა იცის: „ილაპარაკეთ ნელა და სიტყვები სწორად, გასაგებად წარმოთქვით“. ჯული ამბობს: „იყავით მომთმენი და აცალეთ ენის შემსწავლელს, რომ წინადადება ბოლომდე დაასრულოს“. ტონი იხსენებს: „ბევრი უცხოელი ჩემს მშობლიურ ენაზე მელაპარაკებოდა, რის გამოც ძალიან ნელა მივიწევდი წინ“. ამიტომ, უცხო ენის ზოგმა შემსწავლელმა თავის მეგობრებს სთხოვა, რომ გარკვეულ დროს მათთან მხოლოდ უცხო ენაზე ელაპარაკათ და მიეთითებინათ, რაზე ჰქონდათ სამუშაო. შემსწავლელებზე დადებითად მოქმედებს, როცა გულწრფელად აქებენ იმ ძალისხმევისთვის, რასაც ისინი ენის შესწავლას ახმარენ. „ენას ვერ ვისწავლიდი, რომ არა ჩემი მეგობრების სიყვარული და გამხნევება“, — ამბობს ჯორჯი.
მაშ, ღირს ძალისხმევად უცხო ენის შესწავლა? «რა თქმა უნდა! — გვპასუხობს ბილი, რომელიც რამდენიმე ენას ფლობს. — ენების შესწავლამ ჩემი მსოფლმხედველობა უფრო გააფართოვა და დამეხმარა, რომ ბევრი რამისთვის სხვადასხვა კუთხით შემეხედა. განსაკუთრებით კი ის არის სასიხარულო, რომ უცხო ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს შეგიძლია ბიბლია შეასწავლო და დაინახო, როგორ იღებენ ისინი ჭეშმარიტებას და როგორ მიიწევენ წინ სულიერად. ეს კი ნებისმიერ ძალისხმევად ღირს! ერთხელ ერთმა ლინგვისტმა, რომელმაც 12 ენა იცის, მითხრა: „მშურს შენი. ენებს მე საკუთარი სიამოვნებისთვის ვსწავლობ, შენ კი იმიტომ, რომ ადამიანებს დაეხმარო“».
[სქოლიო]
^ აბზ. 11 იხილეთ 2000 წლის 8 იანვრის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 12, 13 (რუს.).
[ჩანართი 11 გვერდზე]
სხვების დახმარების სურვილი ძლიერი სტიმულია ახალი ენის შესასწავლად.