არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ურთულესი კითხვა

ურთულესი კითხვა

ურთულესი კითხვა

„რატომ?“ რამდენ მწუხარებასა და ტკივილს გამოვხატავთ ამ ერთი სიტყვით. ამ კითხვას ხშირად ვსვამთ, როცა თავს გვატყდება სტიქიური უბედურება ან რაიმე ტრაგედია: ქარიშხალმა რეგიონს გადაუარა და თან სიკვდილი და ნგრევა მოიტანა; მიწისძვრამ დაანგრია ქალაქი; ტერორისტულმა აქტმა მშვიდი და ნათელი დღე ღამის კოშმარად აქცია; ჩვენთვის საყვარელი ადამიანი უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა.

სამწუხაროა, რომ დაზარალებულთა შორის ხშირად არიან ყველაზე უდანაშაულოები და დაუცველები. ბოლო დროს მომხდარი უბედური შემთხვევების გამო მრავალს სიმწრით აღმოხდა: „რატომ, ღმერთო?“ განვიხილოთ რამდენიმე შემთხვევა.

▪ „ღმერთო, რატომ დაუშვი ეს? რა დაგიშავეთ?“ საინფორმაციო სააგენტო „რეიტერის“ ცნობით ასეთი სიტყვები აღმოხდა ინდოეთში მცხოვრებ ერთ მოხუცებულ ქალს, როცა ცუნამმა მისი სოფელი დაანგრია.

▪ „სად იყო ღმერთი? თუ ღვთის ხელშია ყველაფერი, რატომ მოხდა ეს?“ ასეთი კითხვები იყო დასმული ტეხასში (აშშ) გამომავალ ერთ გაზეთში. სტატიაში ეწერა, რომ ეკლესიას ცეცხლი გაუხსნა შეიარაღებულმა პირმა, რომელმაც დაჭრა და მოკლა რამდენიმე მორწმუნე.

▪ „რატომ დაუშვა ღმერთმა მისი სიკვდილი?“ ეს კითხვა დასვა ერთმა ქალმა, რომლის მეგობარიც კიბოთი დაიღუპა; დაღუპულის ქმარი მარტო დარჩა ხუთ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად.

თავიანთ უბედურებაში მხოლოდ ეს ადამიანები არ ადანაშაულებენ ღმერთს. ინტერნეტის საშუალებით ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ თითქმის ყოველი მეორე ადამიანი სტიქიური უბედურების, მაგალითად ქარიშხლის, მიზეზად ღმერთს მიიჩნევს. რატომ ფიქრობენ ისინი ასე?

რელიგიები აბნევენ ხალხს

რელიგიური წინამძღოლები ამომწურავი პასუხის გაცემის ნაცვლად ხშირად დაბნეულობას იწვევენ ხალხში. განვიხილოთ ის ძირითადი სამი პასუხი, რასაც ისინი ხალხს ეუბნებიან.

პირველი, მრავალი რელიგია ქადაგებს, რომ ღმერთი სხვადასხვა უბედურებით სჯის ურჩ ადამიანებს. მაგალითად, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალმა კატრინამ ახალ ორლეანს (ლუიზიანა) არნახული უბედურება მოუტანა, ზოგიერთი სასულიერო პირი ამტკიცებდა, რომ ღმერთმა ამგვარად დასაჯა ქალაქი. მათი აზრით, ეს მოხდა გავრცელებული კორუფციის, აზარტული თამაშებისა და უზნეობის გამო. ამის დასამტკიცებლად ზოგს მოჰყავდა ბიბლიური მუხლები, რომლებშიც მოხსენიებულია, თუ როგორ გაანადგურა ერთ დროს ღმერთმა ბოროტები ცეცხლითა და წყლით. მაგრამ ასეთი განაცხადი ბიბლიას ჩრდილს აყენებს (იხილეთ ჩარჩო „ღვთის სასჯელია?“).

მეორე, ზოგი სასულიერო პირი ირწმუნება, რომ ღმერთი გარკვეული მიზეზების გამო ატეხს ადამიანებს თავს უბედურებებს, მაგრამ ამ მიზეზების გაგება ადამიანს არ შეუძლია. ცხადია, ბევრს ასეთი ახსნა არ აკმაყოფილებს. ისინი ფიქრობენ: ‘განა მოსიყვარულე ღმერთს შეუძლია იყოს ამდენი ბოროტების მიზეზი და თანაც გაურკვევლობაში დატოვოს ადამიანები, რომლებიც ნუგეშს ეძებენ და აინტერესებთ, რატომ ხდება ეს ყოველივე?’ სინამდვილეში, ბიბლია ამბობს, რომ „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8).

მესამე, ზოგი რელიგიური წინამძღოლი აცხადებს, რომ ღმერთი არც ყოვლისშემძლეა და არც მოსიყვარულე. მაგრამ ასეთი შეხედულება სერიოზულ კითხვებს წამოჭრის. განა ყველაფრის, მათ შორის უზარმაზარი სამყაროს, შემოქმედს არ შესწევს ძალა, აღმოფხვრას ტანჯვა-წამება დედამიწაზე? (გამოცხადება 4:11). როგორ შეუძლია მას, ვინც სიყვარულის უნარით შეგვქმნა და ვისზეც ბიბლია ამბობს, რომ ის სიყვარულია, გულგრილად უყუროს ადამიანების ტანჯვას? (დაბადება 1:27; 1 იოანე 4:8).

ზემოთ მოვიხსენიეთ მხოლოდ სამი პასუხი, რითაც ადამიანები ცდილობენ ახსნან, თუ რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას. ეს კითხვა საუკუნეების განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდა ადამიანებს. შემდეგ სტატიაში განვიხილავთ, თუ რას ამბობს ბიბლია ამ მეტად აქტუალურ საკითხზე. თქვენ დაინახავთ, რომ ბიბლია ლოგიკურ და დამაკმაყოფილებელ პასუხს სცემს ამ კითხვას. გარდა ამისა, ბიბლია ანუგეშებს ყველას, ვინც ცხოვრებაში რაიმე ტრაგედია გადაიტანა.

[ჩარჩო⁄სურათი 4 გვერდზე]

ღვთის სასჯელია?

ამბობს ბიბლია, რომ სტიქიური უბედურების მიზეზი ღმერთია? არა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღვთის მიერ ადამიანებისთვის დატეხილი სასჯელი სრულიად განსხვავდება სტიქიური უბედურებისგან. ღმერთი განურჩევლად არ სჯის ყველას. ის ხედავს ადამიანთა გულებს და მხოლოდ ბოროტებს ანადგურებს (დაბადება 18:23—32). გარდა ამისა, ღმერთი წინასწარ აფრთხილებს ადამიანებს და ამით მართლებს გადარჩენის საშუალებას აძლევს.

ამის საპირისპიროდ, სტიქიური უბედურება, უმეტესწილად, გაუფრთხილებლად ატყდება თავს ადამიანებს და განურჩევლად კლავს და ასახიჩრებს ყველას. გარკვეულწილად, სტიქიურ უბედურებას ხელს უწყობს ისიც, რომ ადამიანები აზიანებენ გარემოს და ისეთ ტერიტორიებზე სახლდებიან, სადაც მიწისძვრის, წყალდიდობის და სხვა სტიქიების ალბათობა დიდია.

[საავტორო უფლება]

SENA VIDANAGAMA/AFP/Getty Images

[სურათი 4 გვერდზე]

რელიგიური წინამძღოლები არ იძლევიან დამაკმაყოფილებელ პასუხებს.