გამოიყენა ღმერთმა ევოლუცია სიცოცხლის შესაქმნელად?
გამოიყენა ღმერთმა ევოლუცია სიცოცხლის შესაქმნელად?
„შენ ღირსი ხარ, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგან ყველაფერი შენ შექმენი, შენი ნებით არსებობს და შეიქმნა“ (გამოცხადება 4:11).
ჩარლზ დარვინის ევოლუციის თეორიის გამოქვეყნებიდან მალევე ბევრმა ეგრეთ წოდებულმა ქრისტიანმა ღვთისადმი რწმენა ამ თეორიას შეუთავსა.
დღეს ცნობილი ქრისტიანული რელიგიები, როგორც ჩანს, უშვებენ იმ აზრს, რომ ღმერთმა სიცოცხლის შესაქმნელად ევოლუცია გამოიყენა. ზოგი სწავლების თანახმად, ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა სამყაროს განვითარება ისე, რომ არაცოცხალი ქიმიური ელემენტებისგან თანდათანობით წარმოქმნილიყო ცოცხალი მიკროორგანიზმები, დროთა განმავლობაში კი — ადამიანი. ამ სწავლების მომხრეები, რომლებიც ცნობილნი არიან თეისტი ევოლუციონისტების სახელით, ფიქრობენ, რომ ღმერთი არ ერევა იმ პროცესებში, რომლებიც ერთ დროს დაიწყო. სხვებს მიაჩნიათ, რომ ღმერთმა ევოლუცია გამოიყენა მცენარეთა და ცხოველთა უმეტესი სახეობების შესაქმნელად, თუმცა დროდადრო ის ზრუნავს ამ პროცესების წინსვლაზე.
შესაძლებელია ამ სწავლებების შეთავსება?
შეესაბამება სინამდვილეში ევოლუციის თეორია ბიბლიის სწავლებებს? ევოლუციის თეორია სწორი რომ ყოფილიყო, ბიბლიის ჩანაწერი პირველი ადამიანის, ადამის, შექმნასთან დაკავშირებით, უკეთეს შემთხვევაში, იქნებოდა გამოგონილი ამბავი, რომელიც მორალს გვასწავლიდა (დაბადება 1:26, 27; 2:18—24). რას ფიქრობდა იესო „დაბადების“ ამ ჩანაწერთან დაკავშირებით? მან თქვა: «ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაწყისში კაცად და ქალად შექმნა ისინი და თქვა: „ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ორნი ერთი ხორცი იქნებიან“? ასე რომ, ისინი ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ» (მათე 19:4—6).
იესომ ეს სიტყვები „დაბადების“ მე–2 თავიდან მოიყვანა. თუ ის ფიქრობდა, რომ პირველი ადამიანების ქორწინება მითი იყო, მოიყვანდა ზემოხსენებულ სიტყვებს იმის მხარდასაჭერად, რომ ქორწინებაში სიწმინდის შენარჩუნება მნიშვნელოვანია? ცხადია, არა. იესო წიგნ „დაბადებიდან“ ციტირებდა, რადგან იცოდა, რომ ეს ჩანაწერი სინამდვილე იყო (იოანე 17:17).
„დაბადების“ წიგნში შემოქმედების შესახებ ჩანაწერი იესოს მოწაფეებსაც სწამდათ. მაგალითად, ლუკას სახარებაში მოცემულია იესოს დაბადების გენეალოგია ადამამდე (ლუკა 3:23—38). ადამი გამოგონილი პიროვნება რომ ყოფილიყო, რატომ შევიდოდა იესოს გენეალოგიაში? თუ ის მითოლოგიური პერსონაჟია, განა დამაჯერებელი იქნებოდა იესოს განაცხადი, რომ ის მესია იყო დავითის საგვარეულო ხაზიდან? (მათე 1:1). სახარების დამწერმა ლუკამ თქვა, რომ მან „ყველაფერი ზედმიწევნით გამოიკვლია“. ნათელია, რომ მას სწამდა „დაბადების“ წიგნში ჩაწერილი ცნობა შემოქმედების შესახებ (ლუკა 1:3).
მოციქულ პავლეს სწამდა დაბადებაში ჩაწერილი ცნობა და იესოსადმი თავის რწმენას ამაზე აფუძნებდა. მან დაწერა: „როგორც ადამიანის მეშვეობით არის სიკვდილი, ასევე ადამიანის მეშვეობით მკვდრეთით აღდგომაც. როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდება ყველა ქრისტეში“ (1 კორინთელები 15:21, 22). თუ ადამი არ იყო კაცობრიობის წინაპარი, რომლისგანაც „შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი“, რატომღა იქნებოდა საჭირო იესოს სიკვდილი ცოდვის შედეგების აღმოსაფხვრელად? (რომაელები 5:12; 6:23).
შემოქმედების შესახებ „დაბადებაში“ ჩაწერილი ცნობის უარყოფა ნიშნავს ძირითადი ქრისტიანული სწავლებების უარყოფას. ევოლუციის თეორია და ქრისტეს სწავლებები შეუთავსებელია. ამ ორი მოძღვრების შეთავსების ნებისმიერი მცდელობა მხოლოდ სუსტი რწმენის საწინდარი იქნებოდა, რომელსაც ‘შეარყევდა ტალღები და შეაქანებდა სწავლების ყოველი ქარი’ (ეფესოელები 4:14).
რწმენას მყარი საფუძველი აქვს
საუკუნეების მანძილზე ბიბლია არაერთხელ გახდა კრიტიკის საგანი, მაგრამ ბევრჯერ დამტკიცდა მისი ჭეშმარიტება. როცა საქმე ისტორიულ, მეცნიერულ და სამედიცინო საკითხებს ეხება, კვლავ მტკიცდება, რომ ბიბლია სანდო წიგნია. მასში ჩაწერილი რჩევები ურთიერთობებთან დაკავშირებით მართლაც რომ პრაქტიკული და დროულია. ადამიანთა ფილოსოფიები და თეორიები მწვანე ბალახივით არის — იზრდება და შემდეგ ჭკნება, ღვთის სიტყვა კი „მარადიულად დარჩება“ (ესაია 40:8).
ევოლუციის შესახებ სწავლება უბრალოდ მეცნიერული თეორია არ არის. ეს არის ადამიანური ფილოსოფია, რომელიც ყვაოდა ათწლეულების მანძილზე. მაგრამ ბოლო წლებში დარვინის ტრადიციულმა სწავლებებმა თავად განიცადეს ევოლუცია — შეიძლება ითქვას, მუტაცია — რადგან აუცილებელი გახდა, როგორმე ახსნილიყო ის აშკარა ფაქტები, რომლებიც სამყაროს გონივრულად შექმნაზე მიუთითებდა. გიწვევთ, უფრო ვრცლად გამოიკვლიოთ ეს საკითხი. ამაში დაგეხმარებათ ამ ჟურნალში მოცემული სხვა სტატიები. გარდა ამისა, შეგიძლიათ წაიკითხოთ ამავე გვერდზე და ასევე 32–ე გვერდზე მითითებული პუბლიკაციები.
ამ საკითხის გამოკვლევის შემდეგ, ალბათ, უფრო მეტად მიენდობით ბიბლიას, რადგან ბევრს გაიგებთ შემოქმედების შესახებ. უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ რწმენა გაგიძლიერდებათ ბიბლიის იმ დანაპირებისადმი, რომელიც მომავალს ეხება (ებრაელები 11:1). შესაძლოა თქვენც გაგიჩნდეთ სურვილი, განადიდოთ იეჰოვა, „რომელმაც შექმნა ცა და დედამიწა“ (ფსალმუნი 146:6).
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
წიგნი ყველასთვის ამ ბროშურაში მოყვანილია იმის დამამტკიცებელი მაგალითები, რომ ბიბლია სანდოა.
არსებობს მზრუნველი შემოქმედი? ამ წიგნის მეშვეობით შეგიძლიათ გამოიკვლიოთ მეცნიერული ფაქტები და გაიგოთ, რატომ უშვებს მზრუნველი ღმერთი ტანჯვა-წამებას.
რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში? ამ წიგნის მე-3 თავში განხილულია, თუ რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით.
[ჩანართი 10 გვერდზე]
იესოს სწამდა შემოქმედების შესახებ „დაბადებაში“ ჩაწერილი ცნობა. ცდებოდა იესო?
[ჩარჩო 9 გვერდზე]
რა არის ევოლუცია?
ერთ-ერთი განმარტების თანახმად „ევოლუცია“ არის „რისამე ცვლის, განვითარების პროცესი“. ეს ტერმინი სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვანაირი მნიშვნელობით გვხვდება. მაგალითად, ის გამოიყენება არაცოცხალ საგნებში მიმდინარე დიდი ცვლილებების აღსაწერად. გარდა ამისა, ამ სიტყვით ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარე პატარა ცვლილებებსაც აღწერენ, მაგალითად იმას, თუ როგორ ეგუებიან მცენარეები და ცხოველები გარემო პირობებს. მაგრამ ამ სიტყვას ძირითადად იყენებენ იმ თეორიის აღსაწერად, რომლის თანახმადაც სიცოცხლე წარმოიშვა არაცოცხალი ქიმიური ელემენტებისგან, რომლებიც გარდაიქმნა უჯრედებად, თავისთავად დაიყო და თანდათანობით წარმოქმნა უფრო და უფრო რთული აგებულების მქონე ქმნილებები. ადამიანი ამ ქმნილებათაგან ყველაზე ინტელექტუალურია. ამ სტატიაში სწორედ მესამე განმარტება იგულისხმება ტერმინში „ევოლუცია“.
[სურათის საავტორო უფლება 10 გვერდზე]
Space photo: J. Hester and P. Scowen (AZ State Univ.), NASA