არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დადგება დრო, როცა „ირემივით ვიხტუნებ“

დადგება დრო, როცა „ირემივით ვიხტუნებ“

დადგება დრო, როცა „ირემივით ვიხტუნებ“

მოგვითხრო ფრანჩესკო აბატემარკომ

„რატომ დაუშვა ეს ღმერთმა? რაღა მაინცდამაინც მე?“ არაერთხელ დამისვამს ეს კითხვები. მიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ, როგორც პარალიზებულს, მთელი სიცოცხლე ინვალიდის სავარძელში უნდა გამეტარებინა.

დავიბადე 1962 წელს ბაზილიკატას ოლქში (იტალია) მდებარე ერთ პატარა ქალაქში. დედაჩემს რთული მშობიარობა ჰქონდა, ამიტომ ექიმმა მას მიაღებინა მედიკამენტები, რასაც სერიოზული გვერდითი მოვლენები მოჰყვა. დაბადებიდან სამი დღის შემდეგ კრუნჩხვებში ჩავვარდი. შედეგად, ხელ–ფეხი წამერთვა და მბგერი იოგები დამიზიანდა.

რაც უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო მიპყრობდა იმედგაცრუება ჩემი მდგომარეობის გამო. მალე ვღიზიანდებოდი და გარშემომყოფებს ხშირად სიტყვიერ შეურაცხყოფას ვაყენებდი. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ყველასგან გარიყული ვიყავი. სიცოცხლის აზრს ვერ ვხედავდი. 25 წლის ასაკში ემოციურად უკვე გამოფიტული ვიყავი. არ მესმოდა, რატომ უშვებდა ღმერთი ჩემს ასეთ ტანჯვას. იმ დასკვნამდე მივედი, რომ ღმერთი არ არსებობდა.

აზრს ვიცვლი

ერთ დილას, 1987 წლის მიწურულს, როდესაც სახლთან ინვალიდის სავარძელში ვიჯექი, ორი კარგად ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი მომიახლოვდა. მეგონა, რომ ჩემს ძმას მოაკითხეს და ძლივძლივობით ვუთხარი, რომ ის სახლში არ იყო. „ჩვენ შენთან გვსურს საუბარი“, — მომიგეს მათ. ჩემ მიმართ იშვიათად თუ ავლენდა ვინმე ინტერესს. ამიტომ გამიკვირდა, რომ მათ ჩემთან საუბარი მოისურვეს.

„გწამთ ღმერთი?“ — მკითხეს მათ. „განა ასეთ მდგომარეობაში შეიძლება მწამდეს ღმერთი?!“ — მკვახედ მივუგე. საუბრის დროს გაირკვა, რომ ისინი იეჰოვას მოწმეები იყვნენ. მათ შემომთავაზეს წიგნი „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“ * წიგნი უხალისოდ გამოვართვი. ისინი დამპირდნენ, რომ კვლავ მომინახულებდნენ, რაშიც ეჭვი მეპარებოდა.

დაპირებისამებრ, ისინი მოვიდნენ და კვლავ განვაგრძეთ საუბარი. მახსოვს, წამიკითხეს ესაიას 35:5, 6–ში ჩაწერილი სიტყვები: „მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუთა ყურები გაიხსნება. მაშინ ირემივით იხტუნებს ხეიბარი და მუნჯის ენა ამღერდება“. ეს სიტყვები სასიამოვნო მოსასმენი იყო, მაგრამ არარეალურად მომეჩვენა. ფეხზე დგომა არ შემეძლო და ირემივით ხტუნვაზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი. მაინც დავთანხმდი ბიბლიის შესწავლაზე, თუმცა არ მჯეროდა, რომ ბიბლია დამეხმარებოდა პრობლემის გადაჭრაში. მომავალში განკურნების იმედი ჩემთვის დაუჯერებელი იყო.

ცოტა ხანში მოწმეებმა სამეფო დარბაზში კრების შეხვედრაზე მიმიწვიეს. მართალია, არ მახსოვს, რის შესახებ იყო ბიბლიური მოხსენება, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება სითბო და სიყვარული, რომელიც მოწმეებმა ჩემ მიმართ გამოავლინეს. მათგან არ მიგრძნია, რომ სიბრალულით მეპყრობოდნენ. ნაცვლად ამისა, მოწმეებმა მთელი გულით მიმიღეს. იმ დღეს სამეფო დარბაზში თავი ისე ვიგრძენი, როგორც საკუთარ სახლში და გადავწყვიტე, რეგულარულად დავსწრებოდი შეხვედრებს.

ვლახავ დაბრკოლებას

ღვთის სიტყვა ძლიერ შეეხო ჩემს გულს. თითქოს გამხმარმა ხემ კვლავ დაიწყო გამოცოცხლება. მანამდე ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სრულიად გამოუსადეგარი ვიყავი. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ შინაგანად გამოვცოცხლდი! ძლიერი სურვილი გამიჩნდა, სხვებთან მესაუბრა სასწაულებრივი იმედის შესახებ, რომელმაც ძალები შემმატა (მათე 24:14). მაგრამ, როგორ შევძლებდი ქადაგებას? მთელი გულით ვთხოვდი ლოცვაში იეჰოვას, ჩემთვის გამოსავალი დაენახვებინა.

1991 წლის სექტემბერში ერთმა ძმამ ჩვენს კრებაში პიონერად (სრული დროით მსახურად) დაიწყო მსახურება. ერთხელ, როცა მის სახლში ვიყავი, ჩემი სურვილი გავანდე. რადგან ლაპარაკი მიჭირდა, მან მირჩია, საბეჭდი მანქანა გამომეყენებინა და წერილების საშუალებით მექადაგა. თუმცა პრობლემას ისიც ქმნიდა, რომ ხელებს ვერ ვამოძრავებდი. ამიტომ ამ ძმის დახმარებით არაერთი მეთოდი მოვსინჯე. მაგალითად, ფანქარს კბილებით ვიჭერდი და საბეჭდი მანქანის კლავიშებს ვურტყამდი. ასევე დასაბეჭდად ვიყენებდი ჯოხს, რომელიც ქუდზე იყო მიმაგრებული; თავს კლავიშებისკენ ვხრიდი და ისე ვბეჭდავდი. მაგრამ ამ მეთოდების გამოყენება უშედეგო აღმოჩნდა.

მოგვიანებით, როდესაც მე და ეს ძმა ვმსჯელობდით ჩემი პრობლემის შესახებ, მან ხუმრობით მითხრა: „მშვენიერი ცხვირი გაქვს“. მაშინვე მოვსინჯე ცხვირით ბეჭდვა; ამ მეთოდმა გაამართლა. წარმოიდგინეთ, რა ფასად მიჯდებოდა დაშვებული შეცდომების ცხვირით გასწორება! მალე იმ დასკვნამდე მივედით, რომ კომპიუტერი გაცილებით გააადვილებდა საქმეს. მაგრამ, სად უნდა მეშოვნა კომპიუტერის შესაძენად საჭირო თანხა? ხელსაყრელ მომენტს ვეძებდი, რომ მშობლებს დავლაპარაკებოდი. ცოტა ხანში კომპიუტერი შევიძინე და წერილების წერა მისი საშუალებით დავიწყე.

სურვილი მისრულდება

თავიდან წერილებს მეგობრებსა და ნათესავებს ვწერდი; მოგვიანებით კი მათ, რომლებიც ჩემს ქალაქში და ახლომდებარე ქალაქებში ცხოვრობდნენ. ცოტა ხანში მთელ იტალიაში მქონდა მიმოწერა. სიტყვებით მიჭირს გადმოვცე, რამხელა სიხარულს განვიცდიდი ყოველი საპასუხო წერილის მიღების შემდეგ. 1991 წლის დეკემბერში სასიხარულო ცნობის მოუნათლავი მაუწყებელი გავხდი. ასევე ჩავეწერე თეოკრატიული სამსახურის სკოლაში, რომელიც ყოველკვირეულად ტარდება იეჰოვას მოწმეთა კრებებში. როდესაც დავალება მომცეს, სახლში კომპიუტერის საშუალებით საგულდაგულოდ მოვემზადე. შეხვედრაზე ჩემმა მეგობარმა წაიკითხა სცენიდან ჩემ მიერ მომზადებული მასალა.

იეჰოვას მხრიდან გამოვლენილი სიყვარულისთვის უზომოდ მადლიერი ვიყავი. მესმოდა, რომ სულიერი წინსვლისთვის საჭირო იყო, თავი მიმეძღვნა ღვთისთვის და მოვნათლულიყავი. გამბედაობა მოვიკრიბე და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მშობლებს ვაცნობე. მათ არ ესიამოვნათ ამის გაგება. მაგრამ მონათვლის ძლიერმა სურვილმა ყოველგვარი შიში დამაძლევინა. იეჰოვასა და თანამორწმუნეების დახმარებით 1992 წლის აგვისტოში მოვინათლე. რა ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემს ნათლობას ჩემი ძმა და რძალი დაესწრნენ!

ვიცვლი ხასიათს

ღვთის სიტყვაში მოცემული პრინციპები თანდათანობით უფრო გასაგები გახდა ჩემთვის, რის შედეგადაც საკუთარ თავში ცვლილებების მოხდენის აუცილებლობა დავინახე. მესმოდა, რომ ფიზიკური მდგომარეობის გამო ეგოისტი და თავკერძა გავხდი. ყველაფერი უნდა გამეკეთებინა იმისათვის, რომ თავიდან მომეცილებინა ეს მანკიერი თვისებები. მჭირდებოდა თავმდაბლობის განვითარება და იმედგაცრუების დაძლევა, რაც ხშირად მეუფლებოდა იმის გამო, რომ სხვებზე ვიყავი დამოკიდებული.

აგრეთვე ვხედავდი აუცილებლობას, გადამელახა საკუთარი თავისადმი სიბრალულის გრძნობა და აღარ მეფიქრა იმაზე, რომ უმწეო მსხვერპლი ვიყავი. ვცდილობდი, იუმორით შემეხედა ამა თუ იმ სიტუაციისთვის. ერთხელ კარდაკარ მსახურებისას პატარა გოგონამ გაგვიღო კარები. ერთ–ერთმა მათგანმა, რომელიც მე მახლდა, ჰკითხა მას, სახლში იყვნენ თუ არა მშობლები. გოგონამ დედას გასძახა: „დედი, ორი კაცი და ერთი ავადმყოფი მოვიდა“. როდესაც ქალმა შემომხედა, იმდენად უხერხულად იგრძნო თავი, რომ არ იცოდა, რა ეთქვა. ჩემმა მეგობარმა უთხრა მათ: „სინამდვილეში ჩვენ შორის ორია ავადმყოფი და ერთი ჯანმრთელი“. ყველას გაგვეცინა, რასაც სასიამოვნო საუბარი მოჰყვა.

უფრო მეტის გაკეთების სურვილი

მონათვლის შემდეგ ცხრა თვის მანძილზე დამხმარე პიონერად ვმსახურობდი — ყოველთვიურად 60 საათს ვუთმობდი ქადაგებას. მაგრამ უფრო მეტის გაკეთება მსურდა. ცოტა ხანში სრული დროით მსახურება დავიწყე და უფრო მეტ დროს ვუთმობდი ქადაგებას. პირველი რამდენიმე თვე ადვილი არ იყო პიონერად მსახურება. კარდაკარ ქადაგებისას ბევრი მობინადრე ფიქრობდა, რომ მათთან ფულის სათხოვნელად ვიყავი მისული, რაც უხერხულობაში გვაგდებდა მე და ჩემს მეგობრებს.

კრებაში ბევრს უჭირდა ჩემი ლაპარაკის გაგება და არ იცოდნენ, რით დამხმარებოდნენ. მაგრამ იეჰოვას დახმარებითა და სულიერი და–ძმების მხარდაჭერით დროთა განმავლობაში მდგომარეობა გაუმჯობესდა. ახლა ხალხი მხოლოდ ინვალიდად კი არ მცნობს, არამედ იეჰოვას ერთ–ერთ მოწმედ, რომელიც სხვებს ღვთის განზრახვების შესახებ ესაუბრება.

1994 წლის ივლისში პიონერებისთვის განკუთვნილ ორკვირიან კურსზე შევძელი დასწრება. ამ კურსის დროს ჩვენ განვიხილეთ ბიბლიური პრინციპები, რომლებიც ქადაგებასა და მოწაფეების მომზადებაში გვეხმარება. აგრეთვე პრაქტიკული გამოცდილება შევიძინეთ. ამ კურსს რომ დავსწრებოდი, დაბრკოლებები უნდა გადამელახა. ეს კურსი ჩემი სახლიდან დაახლოებით 60 კილომეტრში ტარდებოდა. სხვაგან არ შემეძლო ღამით დარჩენა, ამიტომ მოწმეებს მორიგეობით ყოველ დილით მივყავდი და საღამოს უკან მოვყავდი. სადილის დროს ერთ–ერთ მოწმეს მეორე სართულზე ავყავდი, სადაც ყველა ერთად ვსადილობდით.

სერიოზული პასუხისმგებლობა

2003 წლის მარტში კრებაში უხუცესად დავინიშნე. ეს პასუხისმგებლობა სხვების საკეთილდღეოდ თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს. ახლა უფრო კარგად მესმის იესოს სიტყვების მნიშვნელობა: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). მე ვთანამშრომლობ კრების უხუცესთა საბჭოსთან, რომლის წევრებიც მეხმარებიან ჩემი პასუხისმგებლობის შესრულებაში. კრებაში ყველა პატივს მცემს, ამას განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან ვგრძნობ. ისინი ხშირად თანამშრომლობენ ჩემთან. კრების წევრები ხედავენ, როგორ ვუმკლავდები დაბრკოლებებს, რათა იეჰოვას ვემსახურო, და ბევრი მათგანი მთხოვს, დავეხმარო პრობლემების გადალახვაში.

საკუთარმა გამოცდილებამ დამანახვა, რომ ფიზიკურ მდგომარეობაზე არ არის დამოკიდებული ადამიანის ბედნიერება. ამისათვის უმთავრესია იეჰოვას კეთილგანწყობილებით სარგებლობა და მისი ნების შესრულება. უსაზღვროდ მადლიერი ვარ იეჰოვასი შესანიშნავი იმედის გამო — მე ხომ მალე სამუდამოდ დავემშვიდობები ინვალიდის სავარძელს. დიახ, მოუთმენლად ველი დროს, როცა ‘ირემივით ვიხტუნებ’, და მარადიულად ვემსახურები ჭეშმარიტ ღმერთს (ესაია 35:5, 6).

[სქოლიოები]

^ აბზ. 8 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ მრავალ ენაზე.

[ჩანართი 22 გვერდზე]

ახლა ხალხი მხოლოდ ინვალიდად კი არ მცნობს, არამედ იეჰოვას ერთ-ერთ მოწმედ, რომელიც სხვებს ღვთის განზრახვების შესახებ ესაუბრება.

[სურათი 21 გვერდზე]

კრების შეხვედრისთვის ვემზადები და ცხვირის საშუალებით ვბეჭდავ.