არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გალილეის ზღვაში ნაპოვნი ნავი ბიბლიური დროის განძი

გალილეის ზღვაში ნაპოვნი ნავი ბიბლიური დროის განძი

გალილეის ზღვაში ნაპოვნი ნავი ბიბლიური დროის განძი

„გამოიღვიძეთ!“–ისთვის ისრაელიდან

გალილეის ზღვა იესოს მსახურებისას მომხდარი ამაღელვებელი მოვლენების მოწმეა. სწორედ აქ გაიარა ღვთის ძემ წყალზე და დააცხრო აბობოქრებული ტალღები. ამ ზღვის მახლობლად მან სასწაულებრივად დააპურა ათასობით ადამიანი და განკურნა დემონით შეპყრობილი მამაკაცი.

1986 წელს ძველ კაპერნაუმთან ახლოს ზღვის ფსკერზე საოცარი რამ აღმოაჩინეს. ეს იყო ნავი, რომელიც გალილეის ზღვაში იესოს მსახურების დროს დაცურავდა. როგორ აღმოაჩინეს ნავი? რამდენად ფასეულია ჩვენთვის ეს აღმოჩენა?

გვალვის წვლილი აღმოჩენაში

1985 წლამდე, რამდენიმე წლის განმავლობაში ნალექების საშუალო რაოდენობა ჩვეულებრივზე ნაკლები იყო. ამას მოჰყვა გვალვიანი ზაფხული, რის შედეგადაც გალილეის ზღვაში წყლის დონემ საგრძნობლად იკლო. გარდა ამისა, მარცვლეულის მოსარწყავად მოსახლეობა ამ ზღვიდან ტუმბავდა წყალს. ზღვამ ისე დაიკლო, რომ ისეთი ადგილებიც გამოჩნდა, რომლებიც ადრე წყლით იყო დაფარული. ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იყო ახალი აღმოჩენებისთვის. სწორედ ამ მიზნით, იქვე ახლოს მომუშავე ორმა ძმამ ზღვის დამშრალი ფსკერის დათვალიერება დაიწყო. მათ თავდაპირველად ბრინჯაოს მონეტები და რამდენიმე ძველი ლურსმანი იპოვეს; მალე კი ტალახში ოვალური ფორმის დიდი საგანი შეამჩნიეს. ეს იყო ზღვაში დამარხული უძველესი ნავი. მათ მართლაც დიდ განძს მიაგნეს!

არქეოლოგები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ გალილეის ზღვაში 2000 წლის წინანდელი ნავის პოვნა იქნებოდა შესაძლებელი. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამ ხნის მანძილზე მიკროორგანიზმებს ვერც ერთი ხე ვერ გადაურჩებოდა. და მაინც, რადიოკარბონული მეთოდის მეშვეობით ხის ასაკის დადგენამ და ნაპოვნმა მონეტებმა ექსპერტები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ნავი ძველი ან ახალი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნის იყო. ის საკმაოდ კარგად იყო შენახული. რამ შეუწყო ამას ხელი?

როგორც აღმოჩნდა, ნავი საკმაოდ წყნარ ადგილას იყო ჩაძირული. ამან განაპირობა მისი ქვედა ნაწილის შლამით დაფარვა. დროთა განმავლობაში შლამი გამაგრდა. ასე შემოინახა უძველესი ნავი დაახლოებით 20 საუკუნის განმავლობაში!

როცა ნავის აღმოჩენის ამბავი გავრცელდა, ხალხმა მას იესოს ნავი უწოდა. რასაკვირველია, ზუსტად არავის შეუძლია იმის თქმა, რომ ამ ნავს იესო ან მისი მოწაფეები იყენებდნენ. და მაინც, ისტორიკოსებისა და ბიბლეისტების ყურადღება მიიპყრო ნავის ასაკმა და იმან, რომ ის ძალიან ჰგავდა სახარებებში აღწერილ ნავებს.

ნავის სიგრძე 8, 2 მეტრი იყო, ხოლო სიგანე — 2, 3 მეტრი. მისი აგებისას გამოყენებულია მეთოდი, რომლის დროსაც თამასებს შეკრულ კარკასზე კი არ ამაგრებდნენ, არამედ პირდაპირ კილზე — მთელ სიგრძეზე გადებულ ძირითად კოჭზე. მსგავს მეთოდს ფართოდ იყენებდნენ იმ ნავების კონსტრუირებისთვის, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში გადიოდნენ. თუმცა ამ ნავის აგებისას შესაძლოა გათვალისწინებული იყო გალილეის ზღვისთვის დამახასიათებელი პირობები.

როგორც ჩანს, ნავს ჰქონდა ერთი მართკუთხა ფორმის აფრა. ოთხი ნიჩაბი იმაზე მოწმობდა, რომ ნავის ეკიპაჟში, სულ მცირე, ხუთი კაცი შედიოდა — ოთხი მენიჩბე და ერთი მესაჭევრე. თუმცა ეს ნავი ორჯერ მეტ მგზავრს იტევდა. ადვილი წარმოსადგენია ამავე ზომის ნავი, რომელშიც იესოს შვიდი მოწაფე იჯდა და თევზაობდა იმ დროს, როცა მკვდრეთით აღმდგარი იესო დაინახეს (იოანე 21:2—8).

უდავოა, რომ გალილეის ზღვაში ნაპოვნ ნავს ჰქონდა კიჩო, სადაც დიდ სათევზაო ბადეებს დებდნენ. კიჩოზე გადებული ფიცრების ქვეშ იყო თავისუფალი ადგილი, სადაც დაღლილ მეთევზეს შეეძლო დაესვენა. როგორც ჩანს, სწორედ ეს ადგილი იგულისხმება ბიბლიურ მონაკვეთში, სადაც ნათქვამია, რომ ქარიშხლის დროს „იესო კიჩოზე იყო, თავი სასთუმალზე ედო და ეძინა“ (მარკოზი 4:38). „სასთუმალში“ უნდა იგულისხმებოდეს სილით სავსე ტომარა, რომელსაც ნავზე მდგრადობისთვის ათავსებდნენ *.

მეთევზეები გალილეის ზღვაზე

წარმოიდგინეთ, რომ პირველ საუკუნეში ცხოვრობთ და ასეთ ნავში ზიხართ. რას დაინახავდით გარშემო, გალილეის ზღვაზე? თქვენ დაინახავდით მეთევზეებს, რომელთაგანაც ერთნი პატარა ნავებით თევზაობენ, მეორენი კი ნაპირთან ახლოს წყალში დგანან და ბადეებს ისვრიან. ისინი ცალი ხელით მარჯვედ ისვრიან 6—8 მეტრი დიამეტრის მქონე მძიმე ბადეებს წყალში. ბადე თანაბრად იშლება წყალზე, იძირება და თევზი შიგნით ექცევა. შემდეგ მეთევზეს უკან ამოაქვს ბადე, ნაპირზე გამოათრევს ან თავად ჩაყვინთავს წყალში, რათა ერთად მოუყაროს თავი ბადეში მოქცეულ თევზებს. სიმონი და ანდრია შესაძლოა ამგვარად თევზაობდნენ, როდესაც „ბადეებს ისროდნენ ზღვაში“ (მარკოზი 1:16).

ასევე შესაძლოა შენიშნოთ ერთმანეთში მოსაუბრე მეთევზეები, რომლებიც მოსასმელ ბადეს წყალში სასროლად ამზადებენ. ასეთი ბადე შეიძლება 300 მეტრი სიგრძის ყოფილიყო. მას დაახლოებით 8 მეტრის სიღრმეზე, ვერტიკალურად უშვებენ ზღვაში. ბადეს კიდეებში ბაგირი აქვს დატანებული. ადგილის შერჩევის შემდეგ მეთევზეების ნაწილი ნაპირს მიუყვება და თან მიათრევს ბადის ერთ კიდეს. ნავი ზღვის სიღრმეში შეჰყავთ, რათა ბადე მთელ სიგრძეზე გაიშალოს, შემდეგ კი ნავს ისე ატრიალებენ, რომ ბადემ ნელ–ნელა ნახევარწრის ფორმა მიიღოს. დარჩენილი მეთევზეები ნავიდან გადმოდიან და მეორე კიდეს ექაჩებიან. მეთევზეების ეს ორი ჯგუფი თანდათანობით ერთმანეთს უახლოვდება, ბაგირებს ჭიმავენ და თევზს ერთად უყრიან თავს (მათე 13:47, 48).

თქვენგან მოშორებით ხედავთ კაცს, რომელიც ანკესით თევზაობს. ამის შემხედვარეს შეიძლება გაგახსენდეთ იესო, რომელმაც ერთხელ პეტრეს უთხრა, ზღვაში ანკესი ესროლა. რაოდენ განცვიფრებული იქნებოდა პეტრე, როდესაც დაჭერილი თევზის პირში ზუსტად იმ ღირებულების ვერცხლის მონეტა იპოვა, რამდენიც გადასახადისთვის იყო საჭირო (მათე 17:27).

ბინდის ჩამოწოლისას გალილეის ზღვაზე სიმშვიდე ისადგურებს. მოულოდნელად ამ სიმშვიდეს არღვევს ძლიერი ხმაური. მეთევზეები ნავზე ფეხებს აბრახუნებენ და ნიჩბებს მთელი ძალით აჩქაფუნებენ. რატომ იქცევიან ისინი ამგვარად? მათ ზღვაში ტომრისებური დიდი ბადე ისე აქვთ ჩაშვებული, რომ ხმაურისგან შეშინებული თევზი მასში მოექცეს. ამ მეთოდით თევზის დაჭერას აადვილებს ის, რომ წყალში ვერტიკალურად ჩაშვებული ბადე სიბნელეში არ ჩანს. ღამის განმავლობაში ბადეს რამდენჯერმე უშვებენ. დილით კი მას რეცხავენ და გასაშრობად კიდებენ. შეიძლება დაგებადოთ კითხვა: „ასეთი ბადეები ჰქონდათ იესოს მოწაფეებს, რომლებმაც, ლუკას 5:1—7–ის თანახმად, სასწაულებრივად დაიჭირეს თევზი?“

აღდგენითი სამუშაოები

დავუბრუნდეთ თანამედროვე დროს. რა ბედი ეწია გალილეის ზღვაში ნაპოვნ ნავს? მართალია ნავი ხელუხლებელი იყო, მაგრამ მისი სტრუქტურა წყლით გაჟღენთილ მუყაოზე ოდნავ მტკიცე თუ იქნებოდა. ტალახიდან ამოღების პროცესში ის შეიძლებოდა დაშლილიყო. ნამდვილად სამწუხარო იქნებოდა, თუ საუკუნეებს გადარჩენილი ნავის ისტორია ასე დასრულდებოდა! რადგან ზღვაში წყლის დონის აწევის საშიშროება არსებობდა, ნავის გარშემო ჯებირი ააგეს. ნავის კორპუსის ქვეშ გვირაბები გააკეთეს, რათა ნავი ფიბერგლასის საყრდენებზე დაედგათ. შემდეგ ტალახი საგულდაგულოდ შემოაცალეს და ნავის სტრუქტურა შიგნიდან და გარედან პოლიურეთანული ლაქით დაფარეს.

შემდგომ სირთულეს მისი ტრანსპორტირება წარმოადგენდა. ის 300 მეტრზე უნდა გადაეტანათ შემდგომი დამუშავებისთვის. პოლიურეთანული ლაქი საკმაოდ გამაგრდა, მაგრამ უცაბედ ბიძგს მაინც შეეძლო ნავის დაშლა. მსჯელობის შედეგად გამოსავალი მოიძებნა. ჯებირი მოხსნეს, რათა ნავი წყალს აეწია. პოლიურეთანული ლაქით დაფარულმა ნავმა საუკუნეების შემდეგ კვლავ დაიწყო ტივტივი გალილეის ზღვაზე.

14 დღის მანძილზე, სანამ აღდგენასთან დაკავშირებული სამუშაოები არ დასრულდა, ნავი სპეციალურად აგებულ ბეტონის წყალსატევში იყო მოთავსებული. აქ კიდევ ერთი პრობლემა წარმოიშვა. მომრავლდნენ კოღოები, რომლებიც სირთულეებს უქმნიდნენ მათ, ვინც სამუშაოებს ასრულებდა. მაგრამ ნავის აღდგენის პროცესი ვერც ამან შეაჩერა. მოფიქრებულ იქნა ორიგინალური მეთოდი, რომელსაც ჯერ კიდევ უხსოვარ დროში მიმართავდნენ. წყალში გაუშვეს „წმინდა პეტრეს თევზები“ (Sarotherodon galilaeus galilaeus), რომლებიც ჭამენ კოღოებსა და მატლებს და ასუფთავებენ წყალს.

დადგა ნავის გამოშრობის დრო. არც ეს იყო ადვილი საქმე. ბუნებრივად გამოშრობა ნავის დეფორმაციას გამოიწვევდა. წყალი, რომლითაც ხე იყო გაჟღენთილი, რაღაცით უნდა გაეჯერებინათ. ამისათვის გამოიყენეს სინთეტიკური საცხი, რომელიც წყალში იხსნებოდა. ასეთი სახით, გაშრობისას ხე ფორმას არ დაკარგავდა.

აღდგენითი სამუშაოების დასრულების შედეგად გამოვლინდა, რომ ნავი საკმაოდ მარტივი კუნსტრუქციის იყო. ის 12 ჯიშის ხისგან იყო გაკეთებული. ამის ერთ–ერთ მიზეზად ექსპერტები იმ დროს ხის დეფიციტს ასახელებენ. უფრო სავარაუდო ვერსია კი ის არის, რომ ნავის მფლობელი ღარიბი კაცი იყო. ზღვაში ჩაძირვამდე ის რამდენჯერმე იყო შეკეთებული.

გალილეის ზღვაში ნაპოვნ ნავს შესაძლოა საერთო არაფერი აქვს იესოსთან. მიუხედავად ამისა, ბევრისთვის ის დიდი განძია. ის წარმოდგენას გვიქმნის გარდასულ საუკუნეებზე და იმაზე, თუ როგორ ცხოვრობდა ხალხი გალილეის ზღვის მახლობლად იესოს დედამიწაზე ყოფნის პერიოდში.

[სქოლიოები]

^ აბზ. 12 იხილეთ 2005 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, სტატია „გალილეის ზღვაზე“, გვერდი 8. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათი 15 გვერდზე]

ნავს საგულდაგულოდ აშორებენ ტალახს.

[სურათი 15 გვერდზე]

პოლიურეთანული ლაქით დაფარული ნავი.

[სურათი 15 გვერდზე]

დაახლოებით 2000 წლის შემდეგ ნავი კვლავ წყლის ზედაპირზეა.

[სურათი 15 გვერდზე]

ნაპოვნი ნავი შესაძლოა ასე გამოიყურებოდა პირველ საუკუნეში.

[სურათი 15 გვერდზე]

გალილეის ზღვაში ნაპოვნი ნავი გამოფენაზე — აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია.

[სურათის საავტორო უფლება 15 გვერდზე]

All photos except model and sea: Israel Antiquities Authority - The Yigal Allon Center, Ginosar