როდესაც თევზი თქვენი დაავადების მიზეზი ხდება
როდესაც თევზი თქვენი დაავადების მიზეზი ხდება
„გამოიღვიძეთ!“–ისთვის ფიჯიდან
ვჭამო თუ არ ვჭამო, — ყოყმანობდა არებონტო. მან იცოდა, რომ ეს რისკთან იყო დაკავშირებული, მაგრამ შიოდა. შემწვარი თევზიც მადის აღმძვრელ სურნელებას აფრქვევდა. ბოლოს არებონტოს სულმა წასძლია. მაგრამ მალე გულის რევის საშინელი შეგრძნება გაუჩნდა, რასაც მუცლის არეში ტკივილი და ღებინება მოჰყვა; შემდეგ დიარეა დაეწყო; არებონტო უკვე ნანობდა, რომ თევზი ჭამა.
იმ დროისთვის როდესაც მეგობრებმა არებონტო წყნარი ოკეანის პატარა კუნძულზე საავადმყოფოში გააქანეს, ის ნახევრად გრძნობადაკარგული იყო, სხეული გაუწყლოებული ჰქონდა, გულმკერდის არეში ტკივილს გრძნობდა, არტერიული წნევა ძალიან დაბალი ჰქონდა, ხოლო პულსი — შენელებული. რამდენიმე დღეში თავის ტკივილს, თავბრუხვევასა და სისუსტეს დაემატა ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, მტკივნეული შარდვა და გრძნობათა გაუკუღმართება — ის ცივს ცხლად აღიქვამდა და პირიქით. რვა დღეში მისი პულსი ნორმალური გახდა, მაგრამ კიდურების დაბუჟება და საერთო სისუსტე რამდენიმე კვირის განმავლობაში გაჰყვა.
არებონტო გახდა იმ ძლიერი ბუნებრივი ტოქსინის მსხვერპლი, რომელიც ტროპიკული ზონის რიფებში მობინადრე თევზებს საკვებად უვარგისს ხდის. ეს მდგომარეობა ცნობილია როგორც ტროპიკული თევზებით მოწამვლა და „სიგვატერა“ ეწოდება; იგი გვხვდება ინდოეთისა და წყნარი ოკეანის სანაპირო ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონებში; აგრეთვე კარიბის კუნძულებზე. ამ რეგიონებში ადგილობრივად დაჭერილი თევზი საკვების ძირითადი წყაროა.
სიგვატერა ახალი დაავადება არ არის. მან მრავალი ევროპელი ზღვაოსანი იმსხვერპლა. მსგავსად ამისა, დღეს ბევრ ტურისტს საკუთარ თავზე გამოუცდია ასეთი მოწამვლის შედეგები. ცხადია, რომ ამ დაავადების გამო მრავალ კუნძულზე თევზაობა და ტურიზმი იზღუდება. გარდა ამისა, რიფების ახალი და გაყინული თევზების საერთაშორისო ბაზარზე გამოტანის შედეგად სიგვატერას გავრცელების არეალი ტროპიკებს სცილდება და იმ ქვეყნებშიც ვრცელდება, სადაც მის დიაგნოზს ადვილად ვერ სვამენ *.
რა ხდის რიფის თევზებს ტოქსიკურს? შეიძლება თუ არა ტოქსიკური თევზის ამოცნობა? განვიხილოთ, თუ რა გამოვლინდა ათეულობით წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგად.
„დამნაშავის“ გამოაშკარავება
ჩვეულებრივ, სიგვატერას გამომწვევი ტოქსინი არის მიკროორგანიზმში, რომელსაც დინოფლაგელიტი *. მიკრობი მკვდარ მარჯანზე ბინადრობს და წყალმცენარეზეა მიკრული. პატარა თევზი ჭამს ამ წყალმცენარეს და ყლაპავს დინოფლაგელიტების მიერ წარმოქმნილ ტოქსინს, რომელსაც სიგვატოქსინი ეწოდება. ამ თევზებს უფრო დიდი თევზები ჭამენ, მათ კი — სხვები, და ამგვარად კვების ყოველ შემდგომ ჯაჭვში ტოქსინის შემცველობა უფრო და უფრო მატულობს. მაგრამ თევზს გარეგნულად არაფერი ეტყობა.
ეწოდებასიგვატოქსინი ერთ–ერთია იმ ცნობილ ბიოლოგიურ ტოქსინთა შორის, რომლებიც ყველაზე მეტად იწვევს სიკვდილს. საბედნიეროდ, „მხოლოდ რამდენიმე სახეობის თევზს მიიჩნევენ სიგვატერას გამომწვევად“, — აღნიშნულია ავსტრალიის სახელმწიფო გაზეთში. სიგვატოქსინი თევზს არ უცვლის ფერს, სუნს ან გემოს; მისი განეიტრალება შეუძლებელია მოხარშვითა თუ შეწვით, გაშრობით, დამარილებით, შებოლვით ან მარინადში ჩადებით. არებონტოს, სანამ საშინელი გასტროენტერალური, კარდიოვასკულარული და ნევროლოგიური სიმპტომები არ გამოუვლინდა, არაფერი მიანიშნებდა იმ ფარულ საშიშროებაზე, რაც თევზის ჭამას მოჰყვებოდა.
დიაგნოზი და მკურნალობა
დღესდღეობით ანალიზების საშუალებით ვერ დგინდება ადამიანში სიგვატერას არსებობა. დიაგნოზს სხვადასხვა სიმპტომის საფუძველზე სვამენ; ეს სიმპტომები, ჩვეულებრივ, თევზის ჭამიდან რამდენიმე საათში ვლინდება და დიაგნოზს ადასტურებს მორჩენილ თევზში ტოქსინის არსებობა (იხილეთ ჩარჩო მომდევნო გვერდზე). ადამიანმა ექიმს უნდა მიმართოს, თუ ეჭვი ეპარება, რომ სიგვატერათია დაავადებული. არ არსებობს ამ ტოქსინის ანტიდოტი, მაგრამ შეიძლება სიმპტომების მკურნალობა, რომლებიც, ჩვეულებრივ, რამდენიმე დღეში ქრება. მაგრამ სიგვატერამ შეიძლება ორგანიზმი გამოფიტოს; თუ ადამიანი დროულად იმკურნალებს, შეუძლია თავიდან აირიდოს ამ დაავადების ქრონიკულ ფორმაში გადასვლა.
სიმპტომები სხვადასხვა სიმძიმით ვლინდება და მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ეს ფაქტორებია: თევზში ტოქსინის კონცენტრაცია; რა რაოდენობით თევზი და მისი რა ნაწილები იქნა შეჭმული; პაციენტის სხეულში რა რაოდენობის სიგვატოქსინია უკვე და რომელ რეგიონშია დაჭერილი თევზი, ვინაიდან სხვადასხვა რეგიონში დაჭერილ თევზებში არსებული ტოქსინები ოდნავ განსხვავდება ერთმანეთისგან. ადამიანს ამ ტოქსინის მიმართ იმუნიტეტი კი არ უვითარდება, არამედ მის მიმართ უფრო მგრძნობიარე ხდება, რაც შემდგომ შემთხვევებს უფრო მძიმეს ხდის! ალკოჰოლის მიღება მდგომარეობას უფრო ამწვავებს. მსოფლიოში გავრცელებული ამ ავადმყოფობის შესახებ აღნიშნულია, რომ ხელახლა დაავადების თავიდან ასარიდებლად, პაციენტმა სამიდან ექვს თვემდე თავი უნდა შეიკავოს თევზის ჭამისგან.
მძიმე შემთხვევების დროს დაავადება დაახლოებით კვირების ან თვეების და ზოგჯერ წლების განმავალობაშიც გრძელდება და მისი სიმპტომები ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მსგავსია. იშვიათ შემთხვევებში ადამიანი კვდება შოკში ჩავარდნის, სუნთქვის ან გულის უკმარისობის, ან გაუწყლოების შედეგად. მაგრამ ეს, ჩვეულებრივ, მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი ჭამს ისეთ ნაწილებს, სადაც ტოქსინების კონცენტრაცია უფრო მაღალია, მაგალითად, თევზის თავს ან შიგნეულობას.
ამოუხსნელი საიდუმლო
ფაქტობრივად, მარჯნის რიფებში მობინადრე თითქმის ყველა თევზი თუ მათი მტაცებლები შეიცავს სიგვატოქსინს. სწორედ ამაშია საიდუმლო. მარჯნის რომელიმე რიფში მობინადრე თევზები შეიძლება ძალიან ტოქსიკურები
იყვნენ მაშინ, როდესაც ახლომდებარე რიფებში იმავე სახეობის თევზი შეიძლება სრულიად უვნებელი იყოს. სახეობები, რომლებიც მსოფლიოს ერთ ნაწილში იწვევს სიგვატერას, მეორე ნაწილში შეიძლება უვნებელი იყოს. დინოფლაგელიტები ტოქსინებს სხვადსხვა ადგილას სხვადასხვა რაოდენობით შეიცავს, ამიტომ თევზში ტოქსინის შემცველობის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ თევზის ტოქსიკურობის შემოწმება კვლავაც არარენტაბელური და არასაიმედოა. საუკეთესო გამოსავალი, რომელსაც ჯანდაცვის მუშაკები გვთავაზობენ, ის არის, რომ ხალხს მიაწოდონ ინფორმაცია, თუ რომელი და სად დაჭერილი თევზის ჭამას მოერიდონ; ეს ინფორმაცია დაფუძნებულია სიგვატერას შესახებ მონაცემებზე. ყველაზე მეტად საეჭვო სახეობებში შედის: დიდი ბარაკუდა, გრუპერი, სამეფო სციენა, მარჯნის ორაგული, ლუციანი და მურენა. რაც უფრო დიდი და ბებერია თევზი, ჩვეულებრივ, მით უფრო საშიშია იგი. ზოგ ქვეყანაში კანონით აკრძალულია პოტენციურად საშიში თევზების გაყიდვა. მაგრამ ოკეანეში მობინადრე თევზები, რომლებიც რიფების თევზებით არ იკვებებიან და თევზები, რომლებიც თბილ წყლებში არ ბინადრობენ, ჩვეულებრივ, უვნებლად ითვლება.
ვარაუდობენ, რომ სიგვატერათი დაავადების შემთხვევები მოიმატებს. ნაწილობრივ, ამის მიზეზი ის არის, რომ მკვდარი მარჯანი ქმნის ტოქსიკური დინოფლაგელიტების გამრავლებისთვის ხელსაყრელ გარემოს და მიღებული ცნობების თანახმად, იზრდება იმ მარჯნის რიფების რიცხვი, რომლებიც დაავადებულნი არიან ან კვდებიან.
სიგვატერას ბუნების განსაზღვრის სირთულის მიუხედავად, თქვენ შეგიძლიათ შეიმციროთ ამ დაავადებით ავად გახდომის რისკი იმით, რომ დაიცავთ ზოგ ძირითად პრინციპს (იხილეთ ზემოთ მოცემული ჩარჩო). არებონტო კინაღამ მოკვდა იმის გამო, რომ ეს მითითებები არ დაიცვა. მან ჭამა იმ ადგილობრივი თევზის, მენტიცირუსის, თავი და ხორცი, რომელიც ტოქსინების მაღალი შემცველობით არის ცნობილი. მას ადრეც ჰქონდა ნაჭამი ამ სახეობის თევზი, მაგრამ არაფერი მოსვლია და იმ კუნძულის მრავალ მობინადრეთა მსგავსად, თვითონაც მეტისმეტად გულდაჯერებული გახდა.
ნიშნავს აქ მოყვანილი ინფორმაცია იმას, რომ არ უნდა ჭამოთ ზღვის პროდუქტები მაშინ, როდესაც ტროპიკებში ისვენებთ? სულაც არა. გონივრულია ყურად იღოთ გაფრთხილებები და გულდასმით შეარჩიოთ თევზი.
[სქოლიოები]
^ აბზ. 6 დიაგნოზის დაუსმელობისა და მრავალ შემთხვევათა დაუფიქსირებლობის გამო, მსოფლიო მასშტაბით სიგვატერას შემთხვევათა ზუსტი მონაცემები უცნობია. სხვადასხვა კომპეტენტური გამოთვლების თანახმად, ყოველწლიურად მსოფლიოში ამ დაავადების დაახლოებით 50 000 შემთხვევა ფიქსირდება.
^ აბზ. 9 დინოფლაგელიტი მიეკუთვნება Gambierdiscus toxicus–ს.
[ჩარჩო⁄სურათი 21 გვერდზე]
სიმპტომები
▪ დიარეა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ძლიერი ტკივილები.
▪ კანკალი, ოფლიანობა, თავბრუხვევა, თავის ტკივილი, ქავილი.
▪ ტუჩის, ხელების ან ფეხების დაბუჟება ან კანკალი.
▪ შეგრძნების გაუკუღმართება — ცივს ცხლად აღიქვამს ადამიანი და პირიქით.
▪ ტკივილები კუნთებსა და სახსრებში; აგრეთვე მტკივნეული შარდვა.
▪ შესუსტებული მაჯისცემა, სისხლის დაბალი წნევა, დაღლილობა.
[ჩარჩო⁄სურათი 21 გვერდზე]
რისკის შემცირება
▪ ჰკითხეთ მეთევზეთა საზოგადოების წარმომადგენლებს ან გამოცდილ მეთევზეებს, თუ რომელი თევზი არ უნდა ჭამოთ და სად იჭერენ ტოქსინის შემცველ თევზს.
▪ ნუ შეჭამთ თევზს, რომელიც იმ ადგილას არის დაჭერილი, სადაც სიგვატერა აღინიშნა.
▪ მოერიდეთ მარჯნის დიდ, დაბერებულ, თევზს.
▪ არ ჭამოთ თავი, ღვიძლი ან სხვა შინაგანი ორგანოები.
▪ თუ მარჯნის თევზს დაიჭერთ, ამოაცალეთ შიგნეულობა.
[სურათები 20, 21 გვერდებზე]
საეჭვო თევზების სახეობები
(სახელები შეიძლება სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა იყოს)
მარჯნის ორაგული
გრუპერი
დიდი ბარაკუდა
ლუციანი
სამეფო სციენა
მურენა
[სურათი 20 გვერდზე]
დინოფლაგელიტები, ტოქსინების წყარო.
[სურათის საავტორო უფლებები 20 გვერდზე]
All fish except eel: Illustrated by Diane Rome Peebles - Provided by the Florida Fish and Wildlife Conservation Commission, Division of Marine Fisheries Management; eel: Photo by John E. Randall; dinoflagellate: Image by D. Patterson and R. Andersen, provided courtesy of micro*scope (http://microscope.mbl.edu)
[სურათის საავტორო უფლება 21 გვერდზე]
Fish backgrounds: Illustrated by Diane Rome Peebles - Provided by the Florida Fish and Wildlife Conservation Commission, Division of Marine Fisheries Management