პილიგრიმები და პურიტანები ვინ იყვნენ ისინი?
პილიგრიმები და პურიტანები ვინ იყვნენ ისინი?
ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროზე, ქალაქ პლიმუთთან (მასაჩუსეტსის შტატი) გრანიტის უზარმაზარ ქვას შენიშნავთ, რომელზეც ამოკვეთილია რიცხვი 1620. ამ ქვას „პლიმუთის ქვას“ უწოდებდნენ. გავრცელებული აზრის თანახმად, დაახლოებით, 400 წლის წინათ, ევროპელთა ერთი ჯგუფი ამ ადგილს მოადგა. ისინი „პილიგრიმები“ ანუ „პილიგრიმი მამები“ იყვნენ.
ბევრს სმენია სტუმართმოყვარე პილიგრიმების შესახებ, რომლებიც თავიანთ ინდიელ მეგობრებს გულუხვად უმასპინძლდებოდნენ აღებული მოსავლით. ვინ იყვნენ პილიგრიმები და რატომ ჩავიდნენ ისინი ჩრდილოეთ ამერიკაში? ამის გასაგებად მოდი იმ დროში გადავინაცვლოთ, როცა ინგლისში ჰენრი VIII მეფობდა.
რელიგიური ძვრები ინგლისში
დაახლოებით 100 წლით ადრე, სანამ პილიგრიმები ამერიკაში გადავიდოდნენ, ინგლისი რომაულ-კათოლიკური ქვეყანა იყო. ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ს რომის პაპისგან „რწმენის დამცველის“ ტიტული ჰქონდა მინიჭებული. მაგრამ მათ შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც პაპმა კლემენტ VII-მ მეფეს მეექვსე ცოლთან, არაგონელ ეკატერინესთან, ქორწინების გაუქმების შესახებ უარი განუცხადა.
იმ დროს, როცა ჰენრი ოჯახურ პრობლემებზე ფიქრობდა, ევროპის უმეტეს ქვეყნებში პროტესტანტი რეფორმატორები რომის კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. იმ მიზნით, რომ პაპისგან მიღებული ტიტული არ დაეკარგა, თავდაპირველად მეფე ყველანაირად ცდილობდა, რეფორმატორები ინგლისში არ შეეშვა. მაგრამ მოგვიანებით მან აზრი შეიცვალა. კათოლიკური ეკლესია მეფის ქორწინებას არ აუქმებდა, ამიტომ ჰენრიმ გადაწყვიტა, ეკლესია გაეუქმებინა. 1534 წელს მან გააუქმა პაპის გავლენა ინგლისელ კათოლიკეებზე და თავი ანგლიკანური ეკლესიის ერთპიროვნულ მმართველად გამოაცხადა. მალე მეფემ მონასტრების დახურვა და ეკლესიის უზარმაზარი ქონების გაყიდვა დაიწყო. 1547 წლისთვის, როცა ჰენრი VIII გარდაიცვალა, ინგლისი უკვე პროტესტანტული ქვეყანა იყო.
ჰენრის მემკვიდრემ, ედუარდ VI-მ, მამის პოლიტიკას დაუჭირა მხარი. ედუარდის სიკვდილის შემდეგ, 1553 წელს, ინგლისის ტახტი ჰენრის კათოლიკე ქალიშვილმა, მარიამმა დაიკავა, რომელიც მეფეს არაგონელი ეკატერინესგან ჰყავდა. დედოფალმა მამის აღებული კურსი შეცვალა და გადაწყვიტა ინგლისში კვლავ აღედგინა რომის პაპის უფლებამოსილება. მან ბევრი პროტესტანტი აიძულა ქვეყნიდან გაქცეულიყო; 300-ზე
მეტი კი ძელზე დაწვა. ის ისტორიაში „მარიამ სისხლიანის“ სახელით შევიდა. დიდი მცდელობის მიუხედავად, მან ვერ შეძლო პროტესტანტული მოძრაობის შეჩერება. 1558 წელს მარიამი გარდაიცვალა. ახალმა დედოფალმა, ელისაბედ I-მა, რომელიც მარიამის ნახევარდა იყო, ყველაფერი გააკეთა, რომ რომის პაპი ინგლისის რელიგიაში აღარ ჩარეულიყო.ამის მიუხედავად, ზოგ პროტესტანტს მიაჩნდა, რომ რომის ეკლესიისგან მხოლოდ გამოყოფა საქმეს ვერ წაადგებოდა. საჭირო იყო კათოლიციზმის ყოველგვარი კვალის წაშლა. პროტესტანტებმა მიზნად დაისახეს ეკლესიის გაწმენდა რომის კათოლიციზმის ნარჩენებისგან. სწორედ ამიტომ ეწოდათ მათ „პურიტანები“, რაც წარმოდგება ინგლისური სიტყვიდან Purify (გაწმენდა). ზოგიერთი პურიტანის აზრით, საჭირო არ იყო ეპისკოპოსის წოდებულება. ისინი ფიქრობდნენ, რომ თითოეულ კრებას სახელმწიფო რელიგიისგან დამოუკიდებლად უნდა ემართა საკუთარი თავი. პურიტანების ამ ჯგუფს „სეპარატისტები“ ეწოდათ.
სეპარატისტები ასპარეზზე ელისაბედის მეფობის პერიოდში გამოჩნდნენ. ზოგი სასულიერო პირის უბრალო ჩაცმულობა იმდენად აღიზიანებდა დედოფალს, რომ 1564 წელს მან კენტერბერის არქიეპისკოპოსს უბრძანა, დაედგინა, როგორი ტანსაცმელი უნდა ეტარებინათ სასულიერო პირებს. პურიტანებმა უარი განაცხადეს ისეთი ოფიციალური ტანსაცმლის ჩაცმაზე, როგორსაც კათოლიკე მღვდლები ატარებდნენ. უფრო დიდი აჟიოტაჟი საეკლესიო იერარქიამ გამოიწვია. ელისაბედმა არ გააუქმა ეპისკოპოსის წოდებულება და, რადგანაც თავს ეკლესიის მმართველად თვლიდა, მოითხოვა, ეპისკოპოსებს ერთგულების ფიცი მის წინაშე დაედოთ.
სეპარატისტობიდან პილიგრიმობამდე
1603 წელს, ელისაბედის სიკვდილის შემდეგ, ინგლისის სათავეში ჯეიმზ I მოექცა. ის ძალიან ავიწროებდა სეპარატისტებს და ცდილობდა, ისინი თავისი გავლენის ქვეშ მოექცია. 1608 წელს ქალაქ სკრუბის სეპარატისტული კრების წევრები ჰოლანდიაში გაიქცნენ, სადაც უფრო მეტი თავისუფლება ექნებოდათ. მაგრამ დროთა განმავლობაში ჰოლანდიის შემწყნარებლურმა დამოკიდებულებამ სხვადასხვა რელიგიებისადმი და ქვეყანაში არსებულმა უზნეობამ უფრო მეტად შეაშფოთა სეპარატისტები, ვიდრე რელიგიურმა დევნამ ინგლისში. მათ გადაწყვიტეს დაეტოვებინათ ევროპა და საცხოვრებლად ჩრდილოეთ ამერიკაში გადასულიყვნენ. სეპარატისტთა ის ჯგუფი, რომელიც რწმენის გულისთვის მზად იყო, შორს გადახვეწილიყო, დროთა განმავლობაში „პილიგრიმების“ სახელით გახდა ცნობილი.
პილიგრიმებმა, რომელთა ჯგუფში ბევრი სეპარატისტიც ერია, ნებართვა მიიღეს, რომ ბრიტანეთის კოლონიაში, ვირჯინიაში, დასახლებულიყვნენ. ამ მიზნით 1620 წლის სექტემბერში ისინი გემ „მეიფლაუერზე“ ავიდნენ და ჩრდილოეთ ამერიკისკენ გაცურეს. დაახლოებით 100 ქანცგაწყვეტილი მგზავრი, რომელთა შორის ბავშვებიც იყვნენ, ატლანტის ოკეანეში ორი თვის ყოფნის შემდეგ ჩრდილოეთ ვირჯინიიდან 800 კილომეტრით დაშორებულ კეიპ–კოდის სანაპიროს მიადგა. იქ მათ დადეს „მეიფლაუერის ხელშეკრულება“, რომელშიც აღნიშნული იყო მათი სურვილი, რომ დააარსებდნენ კოლონიას და თავიანთივე დადგენილ კანონებს დაემორჩილებოდნენ. 1620 წლის 21 ნოემბერს ისინი პლიმუთთან ახლოს დასახლდნენ.
პილიგრიმები ამერიკაში მკვიდრდებიან
ჩრდილოეთ ამერიკაში ჩასული ლტოლვილები ზამთარს მოუმზადებლები შეხვდნენ. რამდენიმე თვეში ნახევარი მათგანი დაიღუპა. გაზაფხულის მოსვლამ მათი მდგომარეობა საგრძნობლად შეამსუბუქა. ზამთარს გადარჩენილებმა სახლები აიშენეს და ამერიკელი ინდიელებისგან ისწავლეს, როგორ მოეყვანათ მოსავალი. 1621 წლის შემოდგომა პილიგრიმებისთვის იმდენად ნაყოფიერი აღმოჩნდა, რომ მათ ღვთისთვის მადლიერების გამოსახატავად დღე დააწესეს. იმ დროიდან დამკვიდრდა „მადლიერების დღე“, რომელსაც დღეს შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში აღნიშნავენ. ჩრდილოეთ ამერიკაში სხვა იმიგრანტებმაც იწყეს ჩასვლა და დაახლოებით 15 წელიწადში პლიმუთის მოსახლეობამ 2 000–ს გადააჭარბა.
ამასობაში ინგლისში დარჩენილი ზოგიერთი პურიტანი, სეპარატისტების მსგავსად, ფიქრობდა, რომ „აღთქმული მიწა“ ატლანტის ოკეანის მეორე ნაპირზე
მდებარეობდა. 1630 წელს ისინი პლიმუთის ჩრდილოეთ ნაწილს მიადგნენ და მასაჩუსეტს–ბეის კოლონია დააარსეს. 1640 წლისთვის ახალ ინგლისში 20 000–მდე იმიგრანტი ცხოვრობდა. 1691 წელს, მას შემდეგ, რაც მასაჩუსეტს–ბეის კოლონიამ პლიმუთის კოლონია თავის დაქვემდებარებაში მოაქცია, სეპარატისტები, როგორც ცალკეული ჯგუფი, მეტად აღარ იყვნენ გამოყოფილნი პილიგრიმებისგან. იმის გამო, რომ ახალ ინგლისში მცხოვრებთა უმეტეს ნაწილს პურიტანები შეადგენდნენ, ქალაქი ბოსტონი რელიგიურ ცენტრად იქცა. როგორ თაყვანისმცემლობას ეწეოდნენ პურიტანები?პურიტანების თაყვანისმცემლობა
ამერიკის კონტინენტზე ჩასულმა პურიტანებმა თავდაპირველად შეხვედრების ჩასატარებლად ხის შენობები ააგეს, სადაც კვირა დილით იკრიბებოდნენ. კარგ ამინდში იქ ასატანი პირობები იყო, მაგრამ ზამთრის პერიოდში ფიზიკურად ყველაზე ძლიერი პურიტანების ამტანობაც კი იცდებოდა. შენობები არ თბებოდა, ერთგული მსახურები სიცივისგან კანკალებდნენ. სიტყვით გამომსვლელები ხშირად ხელთათმანებს იცვამდნენ, რომ ხელები არ გაყინვოდათ.
პურიტანების რწმენა დაფუძნებული იყო ფრანგი პროტესტანტი რეფორმატორის ჟან კალვინის სწავლებებზე. პურიტანებმა შეითვისეს სწავლება ბედისწერის შესახებ და სწამდათ, რომ ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა, ვის გადაარჩენდა და ვის სამუდამო წამებას მიუსჯიდა ჯოჯოხეთის ცეცხლში. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ადამიანი როგორი ცხოვრებით იცხოვრებდა, რადგან მას არ შეეძლო თავიდან აეცილებინა მისთვის წინასწარ განსაზღვრული მომავალი. წინასწარ არავინ იცოდა ზეცაში ნეტარება ელოდა თუ ჯოჯოხეთში მარადიული ტანჯვა.
დროთა განმავლობაში პურიტანებმა მონანიების შესახებ დაიწყეს ქადაგება. ისინი ხალხს აფრთხილებდნენ, რომ, თუ ღვთის კანონებს არ დაიცავდნენ, მისი გულმოწყალების მიუხედავად, აუცილებლად ჯოჯოხეთში მოხვდებოდნენ. ხალხი მონანიებისკენ რომ აღეძრათ, მქადაგებლები მათ ჯოჯოხეთის ცეცხლით აშინებდნენ. მე–18 საუკუნის მქადაგებელმა ჯონათან ედუარდზმა ერთხელ თემა წარმოთქვა, სათაურით „ცოდვილები მრისხანე ღმერთის ხელში“. მან ისე აღწერა ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი, რომ შეშინებულ და შოკში ჩავარდნილ მსმენელებს ემოციური მხარდაჭერის აღმოჩენა დასჭირდათ.
მასაჩუსეტსში სხვა რელიგიური მიმდინარეობების მიმართ შეუწყნარებლობას ავლენდნენ. უფლებამოსილმა პირებმა სამჯერ გააძევეს კვაკერი მქადაგებელი მარი დიერი, მაგრამ ის უკან ბრუნდებოდა და თავის შეხედულებებს ხალხს უზიარებდა. 1660 წლის 1 ივნისს ის ბოსტონში ჩამოახრჩვეს. როგორც ჩანს, ფილიპ რატკლიფს დაავიწყდა, როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ პილიგრიმი ლიდერები მოწინააღმდეგეებს. მთავრობისა და ქალაქ სეილემის ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული გამოსვლების გამო, ის გაშოლტეს
და ჯარიმა გადაახდევინეს. ბოლოს კი, „ჭკუა რომ ესწავლებინათ“, ყურები დააჭრეს და კოლონიიდან გააძევეს. პურიტანების შეუწყნარებლობის გამო ხალხი მასაჩუსეტსს ტოვებდა. ამან კი ახალი კოლონიების დაარსებას შეუწყო ხელი.ქედმაღლობა ძალადობას აღვივებს
ბევრი პურიტანი საკუთარ თავს ღვთის „რჩეულად“ თვლიდა და ადგილობრივ ხალხს სკვოტერებად მიიჩნევდა (სკვოტერს უწოდებენ დაბალ საფეხურზე მდგომ პიროვნებას, რომელიც თვითნებურად სახლდება სხვის მიწაზე). მათმა ასეთმა თვალსაზრისმა ადგილობრივი ხალხის უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც შეტაკებები მოჰყვა. პურიტანმა წინამძღოლებმა შეარბილეს კანონები, მათ შორის კანონი შაბათის შესახებ; მამაკაცებს კრების შეხვედრებზე იარაღის ტარების უფლება მიეცათ. 1675 წელს სიტუაცია უფრო გამწვავდა.
როდესაც ამერიკელი ინდიელების ვამპანოაგების ტომის ბელადმა მეტაკომეტმა, რომელიც მეფე ფილიპის სახელითაც იყო ცნობილი, დაინახა, რომ თავისი ხალხი ტერიტორიას კარგავდა, პურიტანელთა დასახლებების დარბევა დაიწყო. ინდიელები სახლებს უწვავდნენ პურიტანებს და კლავდნენ. პურიტანებმაც საპასუხო ზომებს მიმართეს და მათ შორის ბრძოლა რამდენიმე თვე გაგრძელდა. 1676 წლის აგვისტოში პურიტანებმა ფილიპე როუდ–აილენდზე დაატყვევეს. მას თავი მოჰკვეთეს და სხეული შეურაცხყვეს. ამით დაესვა წერტილი მეფე ფილიპის ომსა და ახალი ინგლისის ადგილობრივი მოსახლეობის დამოუკიდებლობას.
მეთვრამეტე საუკუნეში პურიტანების ენთუზიაზმი სხვა მხრივაც გამოვლინდა. მასაჩუსეტსში ზოგმა პურიტანმა ინგლისის მთავრობის გაკრიტიკება დაიწყო. ისინი ხალხში დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილს აღვივებდნენ და ასეთნაირად რელიგიას პოლიტიკაში ურევდნენ.
პურიტანები შრომისმოყვარეობით, სიმამაცითა და თავიანთი რელიგიისადმი ერთგულებით გამოირჩეოდნენ. ხალხი დღესაც საუბრობს „პურიტანების ბუნებაზე“ და „პურიტანების პატიოსნებაზე“. მაგრამ მხოლოდ გულწრფელობა ვერ გაწმენდს ადამიანს ცრუ სწავლებებისგან. რელიგიისა და პოლიტიკის შერწყმა იესო ქრისტესთვის მიუღებელი იყო (იოანე 6:15; 18:36). სისასტიკის გამოვლენა ეწინააღმდეგება ბიბლიურ ჭეშმარიტებას: „ვისაც არ უყვარს, ის არ იცნობს ღმერთს, რადგან ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8).
ასწავლის თქვენი რელიგია ჯოჯოხეთის ცეცხლის, ბედისწერის ან სხვა არაბიბლიური სწავლებების შესახებ? ერევიან პოლიტიკაში თქვენი რელიგიური წინამძღოლები? ღვთის სიტყვის, ბიბლიის, გულითადი გამოკვლევა დაგეხმარებათ იპოვოთ „ჩვენი ღვთისა და მამის თვალში წმინდა და წაუბილწველი თაყვანისცემა“, რომელიც მართლაც სუფთა და ღვთისთვის მისაღებია (იაკობი 1:27).
[ჩარჩო/სურათი 13 გვერდზე]
პურიტანები და ჯოჯოხეთის ცეცხლი
ჯოჯოხეთის ცეცხლის არსებობაზე ქადაგებით პურიტანები ღვთის სიტყვას ამახინჯებდნენ. ბიბლია ამბობს, რომ მკვდრები უგრძნობ მდგომარეობაში არიან. ისინი ვერც ტკივილს გრძნობენ და ვერც სიამოვნებას (ეკლესიასტე 9:5, 10). უფრო მეტიც, ჭეშმარიტ ღმერთს ადამიანების ტანჯვა ‘გულშიც კი არ გაუვლია’ (იერემია 19:5; 1 იოანე 4:8). ის ემუდარება ადამიანებს, შეიცვალონ ცხოვრების წესი; მომნანიებელ შემცოდველებს ღმერთი თანაგრძნობით ეპყრობა (ეკლესიასტე 33:11). ამ ბიბლიური სწავლებებისგან განსხვავებით, პურიტანი მქადაგებლები ხშირად ღმერთს ულმობელ და შურისმგებელ პიროვნებად წარმოსახავდნენ. ისინი გულცივობით გამოირჩეოდნენ და მოწინააღმდეგეების გასაჩუმებლად ძალასაც კი მიმართავდნენ.
[სურათი 10 გვერდზე]
პილიგრიმები ჩრდილოეთ ამერიკის ნაპირს მიადგნენ, 1620 წელი.
[საავტორო უფლებები დაცულია]
Harper’s Encyclopædia of United States History
[სურათი 12 გვერდზე]
„მადლიერების დღის“ აღნიშვნა პირველად, 1621 წელი.
[სურათი 12 გვერდზე]
პურიტანების შესაკრებელი, მასაჩუსეტსი.
[სურათი 12 გვერდზე]
ჟან კალვინი
[სურათი 12 გვერდზე]
ჯონათან ედუარდზი
[სურათი 13 გვერდზე]
შეიარაღებული პურიტანი წყვილი კრების შეხვედრაზე მიდის.
[საავტორო უფლებები დაცულია 11 გვერდზე]
Library of Congress, Prints & Photographs Division
[საავტორო უფლებები დაცულია 12 გვერდზე]
Top left: Snark/Art Resource, NY; top right: Harper’s Encyclopædia of United States History; John Calvin: Portrait in Paul Henry’s Life of Calvin, from the book The History of Protestantism (Vol. II); Jonathan Edwards: Dictionary of American Portraits/Dover
[საავტორო უფლებები დაცულია 13 გვერდზე]
Photos: North Wind Picture Archives